განხილვაესე

ავთანდილის ანდერძი – რაინდობის მორალური კოდექსი

ვეფხისტყაოსნისერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ავთანდილი. იგი ყველასაგან გამოირჩევა თავისი სიბრძნით, თავისუფლებისმოყვარეობით (შემთხვევით არ იყენებს მის მიმართ რუსთაველი მუდმივად ეპითეტს „ლაღი“!), აქტიური, მებრძოლი, ოპტიმისტური ხასიათით. თუკი რომელიმე გმირის შესახებ შეიძლება ვთქვათ, რომ ის ყველაზე უფრო სრულად გამოხატავს ავტორის მსოფლმხედველობას, მის იდეალებსა და მისწრაფებებს, ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ეს ავთანდილია.  ტარიელის დასახმარებლად წასვლის წინ ავთანდილი როსტევან მეფეს უტოვებს ანდერძს. რა თქმა უნდა, რუსთაველი აქაც არ ღალატობს გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის პრინციპს და მისთვის ჩვეული დიდოსტატობით სულ რაღაც ოცდასამ სტროფში, ლაკონიურად აყალიბებს ადამიანურად ცხოვრებისა და კაცურად სიკვდილის ხელოვნების ანაბანას. დიახ, ხელოვნების, რადგან იოლი არაა, ისე განვლო ერთდროულად მოკლე, მაგრამ მაინც ასე ხანგრძლივი წუთისოფელი, რომ ბოლომდე ადამიანად ანუ ღვთის ხატად და სახედ დარჩე.  ავთანდილი უმაღლესი არისტოკრატიული წრის, რაინდების წარმომადგენელია, შესაბამისად, მის მიერ ჩამოყალიბებული წეს-კანონებიც რაინდობის მორალურ კოდექსად შეიძლება მივიღოთ. ისე კი ეს ადამიანის ცხოვრების ფილოსოფიაა.  უპირველესად, ავთანდილი უხსნის როსტევან მეფეს, რამ გადააწყვეტინა წასვლა. მიზეზი მარტივია: უმაღლესმა ადამიანურმა ღირებულებამ, რასაც სიყვარული ჰქვია: „სიყვარული აგვამაღლებს“ – აი, ასე, ორიოდე სიტყვით აყალიბებს ის კაცურად ცხოვრების უპირველეს კანონს. სიყვარული მრავალგვარია. მისი ერთ-ერთი სახე მოყვრობაა-მეგობრობაა. სწორედ ამ გრძნობითაა შეპყრობილი არაბი სპასპეტი. მას სწამს: „კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.“ მოყვარის მოტყუება, მისი ღალატი არ შეშვენის ჭკვიან ადამიანს, ეს საკუთარი თავის ღალატის ტოლფასია; სიცრუე ხომ თანაბრად მავნებელია როგორც ხორცისთვის, ისე – სულისთვის, ისაა ყოველგვარი უბედურების სათავე: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“ ამ სიტყვებს ავთანდილი ფილოსოფოს პლატონს მიაწერს, რათა მეტი წონა და დამაჯერებლობა შესძინოს თავის მოსაზრებას და აუხსნას არაბეთის მეფეს, რომელიც მეგობრის დასახმარებლად მის წასვლას ეწინააღმდეგება, რომ თუნდაც საუკეთესო განათლების მიღება, ფილოსოფოსთა სიბრძნის დაუფლება და ამით თავის მოწონება არაფერია; თუკი ამ ცოდნას ცხოვრებაში, პრაქტიკაში არ გამოიყენებ, ის მკვდარი, უქმი, არაფრისმაქნისი ცოდნაა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ თუკი ამ სიბრძნეს ყოველმხრივ განსწავლული როსტევანი არ გაიგებს და გაიზიარებს, მაშინ გაუნათლებელ ადამიანებს რაღა უნდა მოსთხოვო, ისინი როგორ უნდა დაარწმუნო ჭეშმარიტებაში: „შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!“ დიახ, რაც უფრო განათლებულია ადამიანი, რაც უფრო მაღლა დგას საზოგადოებრივი კიბის საფეხურზე, მით მეტი პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს ამ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე და მით მეტი მოეთხოვება მას – ამასაც გვახსენებს ბრძენი ავთანდილი.  რუსთაველი ამ ანდერძით საოცრად ხატოვნად, შთამბეჭდავად, დამაჯერებელი არგუმენტებით გვესაუბრება ცხოვრების აზრზე, ადამიანური არსებობის სხვადახვა მხარეზე. რა თქმა უნდა, ავთანდილს სწამს, რომ არსებობს უკვდავი ღმერთი, ვინც ყველაფერს დაუდებს საზღვარს, ერთს ასად გახდის და – პირიქით, რომ ის ადამიანის უხილავი დამხმარეა, ის იძლევა ძალას, რომ შეებრძოლო მტერს, მის გარეშე არაფერი არ ხდება: „ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად; ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.“ დიახ, ავთანდილს სჯერა, რომ, „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მხოლოდ პასიურად, ღვთის მოწყალების იმედად ყოფნა ადამიანისთვის დამამცირებელია, შეურაცხმყოფელია, სილაჩრეა. მშიშარა ადამიანი კი, რომელიც წინააღმდეგობებს უშინდება, ბრძოლას თავს არიდებს, მხოლოდ ზიზღს იწვევს მასში: „კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა.“ უმთავრესია შიში სიკვდილის წინაშე, მაგრამ ავთანდილს მიაჩნია, რომ ადამიანს მისი არ უნდა ეშინოდეს, რადგან ის მაინც გარდაუვალია: „სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.“ მას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს, ის თანაბრად მიდის სუსტთან და ძლიერთან, ახალგაზრდასა და მოხუცთან, ამიტომ სიკვდილის შიშით ლაჩრულად სიცოცხლეს, ანუ ცოცხალ მკვდრად ყოფნას, ნამდვილად სჯობს ამქვეყნად ღირსეული სახელის დატოვებისთვის ბრძოლა. მისი აზრით,ღმერთი, განგება, ბედი იმის მხარესაა, ვინც გულხელდაკრეფილი კი არ ელობა მის განაჩენს, არამედ იბრძვის. სწორედ ამიტომ რუსთველისეული აფორეიზმები მხოლოდ ლამაზ ფრაზებად არ რჩებიან, ისინი ცხოვრებისეულნი არიან და პოემის გმირთა თავგადასავალიც ამის მაჩვენებელია: „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!“  „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ კიდევ და კიდევ გვიმტკიცებს ავთანდილი, რომ ტყუილუბრალოდ წუხილი, ბედისწერის მორჩილება, დაბრკოლებების წინაშე პასიურობა, გასაჭირის ვერატანა მიუღებელია. მას მტკიცედ სჯერა: ადამიანის ბედი მის ხელშია და მხოლოდ მოქმედებითა და ბრძოლით შეიძლება მიზნის მიღწევა: „არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა, წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.“ საოცარია, ავთანდილის რწმენა განგების გარდაუვალობისა და, იმავდროულად, აქტიური მოქმედებისა და ბრძოლის ეს დაუძლეველი ჟინი. კეთილშობილი მიზნისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს, მეგობრის დახმარება კი ღირსეული ვაჟკაცის უპირველესი მოვალეობაა:  „არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა, ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!“ და კიდევ ერთი ავთანდილისეული მცნება ამ ანდერძიდან: ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროს, უნდა ახსოვდეს, რომ ქვეყნად არიან ქვრივ-ობლები, შეჭირვებული ადამიანები:  „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები.“ არაბი ჭაბუკი თვლის, რომ ქველმოქმედება რაინდობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ისევე როგორც სიყვარულის//მოყვრობის დიდი ნიჭი, ვაჟკაცობა, სამართლიანობა, ერთგულება, სიმამაცე, გაჭირვების ატანა და დაბრკოლებების გადალახვა. ავთანდილი მხოლოდ თეორეტიკოსი არაა, ის ცხოვრებში თვითონ ახორციელებს ამ მორალურ კოდექსს: ის მზადაა, ძმადნაფიცის ბედნიერებისათვის თავი გასწიროს: ტოვებს სამშობლოს, გამზრდელ მეფეს, სატრფოს. რომ არა მისი თავდადება, გონებამახვილობა, დაუძლეველი ოპტიმიზმი სიკეთე//სიყვარული ვერ იზეიმებდა გამარჯვებას.  “ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button