პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე უკანასკნელი დღე
ალერსიანი შემოდგომის
დღე მევლება გარს,
ნიავი მითხრობს უცვლელ ზღაპარს,
სიკვდილის ზღაპარს.
და ყვავილები თანაგრძნობით
მეხვევიან გარს
და ფიქრი მიაქვს შორს ნიავქარს,
სევდის ნიავქარს!
ხვალ არ ვიქნები ქვეყანაზე
და იმიტომ მსურს,
ვიპოვო რამე, რომ წავუღო
ზეცას მედიდურს.
მართმევს მე ამ დღეს უკანასკნელს
სამარის მტვერი,
მართმევს იმგვარად, ვით წამართვა
მან ყველაფერი!
ოჰ, არ წამართვათ, არ წამართვათ
დღე ეს ნათელი,
დღე სევდიანი, დღე დაღლილი,
უკანასკნელი!