ქართული გვარები

ბურჯანაძეთა გვარი

“ბურჯანაძე” ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში, ისევე როგორც ქართულ გვარსახელთა უმრავლესობაში, ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი.

KARIBCHE

როგორც ჩანს, სიტყვა ბურჯიდან, რაც, სულხან-საბას განმარტებით, “ზღუდეთა ციხისათა სიზრქედ სიმაგრისათვის მგრგვლად შედგმულ საყრდენს” ნიშნავს, არის ნაწარმოები ქართული საკუთარი სახელები: ბურჯა, ბურჯალა, ბურჯანა.

გვარის სახელით “ბურჯ”-ფუძისანი არიან: ბურჯულები, ბურჯანიანები, ბურჯალიანები, ბურჯაძეები და ბურჯანაძეები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი. ბურჯანაძეთა გვარი ერთძირიანია. მისი ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ბაღდათის მხარეში ჩანს.

სოციალური მდგომარეობით, ბურჯანაძეები გლეხკაცთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბურჯანაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1557-1578 წლების ბიჭვინთის იადგარში იხსენიება იმერეთში სოფელ ოფჩას მცხოვრები 8 კომლი ბურჯანაძე. ისინი საეკლესიო გლეხები იყვნენ.

XVII-XVIII საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში ბურჯანაძეები იხსენიებიან თავად აგიაშვილთა მამულებში. ცნობილია, რომ სხვა სამსახურთან ერტად აგიაშვილებს იმერეთში ცუცხვატის ციხისთავობა მოუდიოდათ. XVIII საუკუნის ცუცხვატის წმინდა გიორგის ხატის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება დეკანოზი ზოსიმე ბურჯანაძე: “…მოიჭედა დეკანოზობასა შინა ზოსიმესსა ბურჯანაზისასა”.

1750-იანი წლების იმერთა მეფის სოლომონ I-ის ერთ ბრძანებაში ვკითხულობთ: “მეფე სოლომონ გიბრძანებ… ეს ბურჯანაძე შემომეხვეწა: თეთრი გისესხებია ამისგან და უთხოვნია და არ მიგიცია. ახლავე მიეცი ამისი თეთრი, მთავნი და სარგებელი, თვარემ ბოქაულს გამოგიგზავნი…”

როგორც ჩანს, ვინმე ბურჯანაძეს ფული სარგებლით გაუსესხებია, თუმცა ასეთ რამეს ქართველები უკადრებელ საქმედ მიიჩნევდნენ და ერიდებოდნენ. ასეთი რამ ჩვენს ებრაელებში იყო დაშვებული დ ამიტომაც არსებობდა გამოთქმა “ურიის ვალი”. ქართველი გლეხის ეს მევახშეობა უცნაური გამონაკლისია.

1889 წლის მაცაბერიძეთა და ჩხეიძეთა პირობის ხელწერილი დაუმოწმებია სოფელ დიმის საზოგადოების მამასახლისს დიმიტრი ბურჯანაძეს. ზეპირი გადმოცემით, იმერეთის სოფელ ობჩაში ხობის წმინდა გიორგის ეკლესიის სამწირველო მიუშენებია ადგილობრივ მღვდელს ბურჯანაძეს XIX საუკუნეში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბურჯანაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ბურჯანაძეთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი შოთა ბურჯანაძე, აღმოსავლეთმცოდნე გია ბურჯანაძე, რეჟისორი მორის ბურჯანაძე, მსახიობი გია ბურჯანაძე. ამჟამად ბურჯანაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში.

საქართველოში ბურჯანაძეთა საერთო რაოდენობა 2300 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბურჯანაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button