ეკონომიკა

ჰანს-ჰერმან ჰოპე – “მონარქიისა და დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ”

ჰანს-ჰერმან ჰოპე – “მონარქიისა და დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ”

თარგმნა ლელა ვადაჭკორიამ

I. თეორია: კერძო და საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების ეკონომიკური საფუძვლების შედარებითი ანალიზი

ხელისუფლება იძულების უფლების ტერიტორიალური მონოპოლისტია – ერთგვარი დაწესებულება, რომელსაც შეუძლია ჩაბმული იყოს კერძო მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების მუდმივ, ინსტიტუციონალიზებულ ხელყოფასა და ექსპლუატაციაში – კონფისკაციის, დაბეგვრის და რეგულირების გზით. ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის ქედმაღლობისა და პირადი ანგარების გათვალისწინებით, ყოველი ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ, რომ ის ამ მონოპოლიას გამოიყენებს და ამიტომ, ექსპლუატაციის მატებისკენ მიდრეკილებას გამოავლენს.(1)

თუმცა, მოსალოდნელი არაა, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლების ყოველი სახესხვაობა თანაბრად წარმატებული აღმოჩნდეს ან თუნდაც ერთიდაიმავე გზით მოქმედებდეს. ელემენტარული ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ხელისუფლების ქცევა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი პოლიტიკის გავლენა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გასხვავდებოდეს, იმისდა მიხედვით, სახელისუფლებო აპარატი კერძო თუ საზოგადოებრივი კუთვნილებაა.(2)

ხელისუფლების კერძო მფლობელობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ექსპროპრირებული რესურსები და სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია პირად საკუთრებაშია. სათანადო რესურსები მმართველის პირად ქონებას ერთვის და ისე განიხილება, თითქოს მისი ნაწილი იყოს. სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია ამ ქონებაზეა მიბმული, როგორც უფლება და მისი მიმდინარე ღირებულების დაუყოვნებლივ მატებას განაპირობებს (მონოპოლიური მოგების კაპიტალიზაცია). მეტად მნიშვნელოვანია, რომ მმართველი, როგორც სახელისუფლებო ქონების კერძო მესაკუთრე, უფლებამოსილია თავისი სამფლობელო მის პირად მემკვიდრეს გადასცეს; მას შეუძლია პრივილეგირებული ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდოს, იჯარით გასცეს ან გააჩუქოს, ხოლო მიღებული შემოსავლები ჩაიჯიბოს. აგრეთვე, შეუძლია ამ ქონების მართვისა და მოვლისთვის საჭირო ნებისმიერი პირი საკუთარი შეხედულებისამებრ დაიქირაოს ან გაათავისუფლოს.

ამისგან განსხვავებით, ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობის პირობებში, სახელისუფლებო აპარატზე ზედამხედველობა ნდობით აღჭურვილი პირის, ანუ მეურვის ხელში იქცევა. მეურვეს შეუძლია სახელისუფლებო აპარატი პირადი გამორჩენისთვის გამოიყენოს, მაგრამ ის მას არ ფლობს. მას არ ძალუძს, რომ სახელმწიფო რესურსები გაყიდოს და მონაგარი ჩაიჯიბოს. აგრეთვე, მას არ შეუძლია, რომ მმართველობა პირად მემკვიდრეს გადასცეს. ის მიმოქცევაში არსებულ სახელისუფლებო რესურსებს განაგებს, მაგრამ მათ კაპიტალურ ღირებულებას – არა. გარდა ამისა, კერძო მფლობელობის ხელისუფლება შეზღუდულია მემკვიდრეობის წესით, მაშინ როდესაც მეურვე-მმართველის ადგილის დასაკავებლად გზა ყველასთვის ხსნილია. ასე რომ პრინციპში, ნებისმიერს შეუძლია სახელისუფლებო მეურვე გახდეს.

ამ დაშვებებიდან შეიძლება ორი ძირითადი, ურთიერთდაკავშირებული ვარაუდი გამომდინარეობდეს:

(1) ხელისუფლების კერძო მფლობელი გამოავლენს მიდრეკილებას, რომ მუდმივად შორს გამიზნული გეგმები იქონიოს, ანუ მის მიერ დროში უპირატესობის მინიჭების ხარისხი და შესაბამისად, ეკონომიკური ექსპლუატაციის ხარისხი შედარებით დაბალი იქნება, ვიდრე სახელისუფლებო მეურვის შემთხვევაში.

(2) არასამთავრობო საზოგადოებრიობა, რომელიც მაღალი ხარისხის ექსპლუატაციას განიცდის, ხელისუფლების საზოგადო მფლობელობის შემთხვევაში მედროვეობისკენ უფრო იქნება მიდრეკილი, ვიდრე ხელისუფლების კერძო მფლობელობის პირობებში.

(1) ცხადია, ხელისუფლების კერძო მფლობელი ყველანაირად შეეცდება, რომ მთელი თავისი სიმდიდრის, ანუ ქონებისა და მიმდინარე შემოსავლების ღირებულება მაქსიმალურად გაზარდოს, ხოლო რადგან მიმდინარე შემოსავლების გაფართოების ღონისძიებები არსებული აქტივების ღირებულებაზე უსათუოდ აისახება (წარმოაჩენს რა ყველა სამომავლოდ მოსალოდნელი შემოსავლის ღირებულებას, რომელიც დროითი უპირატესობის განაკვეთით იქნება დისკონტირებული), თავის მხრივ, კერძო მფლობელობა თავისთავად ეკონომიკური ანგარიშიანობისკენ უბიძგებს და წინდახედულებას ანვითარებს. ხელისუფლების კერძო მფლობელობის შემთხვევაში, ეს მმართველის მიერ ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგიის გამოყენების მკვეთრ შეზღუდვას გულისხმობს, რადგან არასამთავრობო საზოგადოებრიობის მიერ შექმნილი დოვლათის ექსპროპრიაცია თავისი ბუნებით პარაზიტული ქმედებაა. იქ სადაც ჯერ არაფერი არ შექმნილა, არც რაიმეს ექსპროპრიაციაა შესაძლებელი; ხოლო როდესაც ყველაფერი ექსპროპრირებულია, მთელი სამომავლო წარმოება ჭრიალით ჩერდება. შესაბამისად, ხელისუფლების კერძო მფლობელი საკუთარი ქვეშევრდომების ძლიერ ექსპლუატაციას თავს ისევე აარიდებს, როგორც მაგალითად, სამომავლო შემოსავლების პოტენციალის იმ ზომამდე შემცირებას, რომ კუთვნილი ქონების მიმდინარე ღირებულება გაუფასურდეს. მართლაც, პირადი ქონების ღირებულების შენარჩუნების ან შესაძლო გაზრდის მიზნით, ის მუდმივად შეიკავებს თავს ექსპლუატატორული პოლიტიკისგან. რაც უფრო დაბალი იქნება ექსპლუატაციის ხარისხი, მით უფრო ნაყოფიერი იქნებიან ქვეშევრდომები. ხოლო, რაც უფრო ნაყოფიერი იქნება მოსახლეობა, მით უფრო დაედება ფასი მმართველის პარაზიტულ მონოპოლიას ექსპროპრიაციის უფლებაზე. ის, რა თქმა უნდა, გამოიყენებს მონოპოლიურ პრივილეგიას და ექსპლუატაციისაგან თავს შეიკავებს. მისი, როგორც ხელისუფლების კერძო მფლობელის პირად ინტერესებში შედის, რომ მზარდი, სულ უფრო და უფრო შედეგიანი და წარმატებული არასამთავრობო ეკონომიკიდან პარაზიტულად იხეიროს, რადგან ეს მის პირად ქონებას და კეთილდღეობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისე გაზრდის, რომ მათი ექსპლუტაციის ხარისხი შემცირებისკენ ექნება მიმართული.

გარდა ამისა, კერძო მფლობელობა თავშეკავებასა და წინდახედულებას სხვა მიზეზითაც გულისხმობს. ნებისმიერი კერძო საკუთრება, თავისი განსაზღვრებით ხელშეუხებელია. მესაკუთრე უფლებამოსილია არ დაუშვას ნებისმიერი სხვა პირის მიერ მისი ხელყოფა და გამოყენება; ის თავისუფალია არჩევანში, თუ ვისთან გაიზიაროს მისი მოხმარება, თუკი ამას საერთოდ მოისურვებს. ჩვეულებრივ, მესაკუთრე ქონებით სარგებლობის უფლებას თავისი ოჯახის წევრებს აძლევს, ხოლო ყველა სხვას კი უკრძალავს, საგანგებოდ მოწვეული სტუმრების ან დროებით დაქირავებული და ხელშეკრულებით აყვანილი პირების გარდა. ექსპროპრირებულ რესურსებს მხოლოდ მმართველი ოჯახი, მისი მეგობრების, დაქირავებული თანამშრომლებისა და საქმიანი პარტნიორების მცირე ჯგუფი ინაწილებს და ამგვარად, პარაზიტული ცხოვრების გაგრძელებას ახერხებს. ხელისუფლებაში შეღწევის აღნიშნული შეზღუდვებისა და თავად მმართველისა და მისი ოჯახის ექსკლუზიური სტატუსის გამო, ხელისუფლების კერძო მფლობელობა არასამთავრობო საზოგადოებრიობაში ნათლად გამოხატული “კლასობრივი თვითშეგნების” ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მმართველობის ექსპლოატაციის მიმართ წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის უნარს აყალიბებს. ერთის მხრივ მმართველთა მცირე, ხოლო მეორე მხრივ, მართულთა დიდ ჯგუფს შორის მკვეთრი ზღვარი განაპირობებს, რომ ამ კლასებიდან ზოგიერთის დარდი, ხოლო ზოგიერთის იმედი, რომ ერთი კლასიდან მეორეში ჩამოქვეითდნენ ან ამაღლდნენ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ზემდგომ კლასში შეღწვის თითქმის გადაულახავი შეზღუდვების გამო, მართულთა ანუ ხელისუფლების მხრიდან უფლებათა შელახვის პოტენციურ მსხვერპლთა სოლიდარობა ძლიერდება, რაც ამაღლებს იმის რისკს, რომ ექსპლუატაციის გაზრდის შემთხვევაში, მმართველი კლასი ლეგიტიმურობას დაკარგავს.(3)

ყოველივე ამის სრულიად საპირისპიროდ, საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების მეურვე შეეცდება, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ხელისუფლების არა მთლიანი დოვლათი (ანუ კაპიტალის ღირებულება და მიმდინარე შემოსავალი), არამედ მხოლოდ მიმდინარე შემოსავალი (კაპიტალის ღირებულების მიუხედავად და მის ხარჯზე). მართლაც, მეურვეს რომც სურდეს, სხვაგვარად მოქმედებას ვერ შეძლებს. საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების რესურსები გასაყიდად არ არის განკუთვნილი, მაგრამ საბაზრო ფასწარმოქმნის გარეშე ეკონომიკური გათვლები შეუძლებელია. შესაბამისად, საცნაურია, რომ ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობის გარდაუვალი შედეგი კაპიტალის უწყვეტი განიავება იქნება. სახელისუფლებო ქონების ღირებულების გაზრდის, ან თუნდაც შენარჩუნების მაგივრად, როგორც ამას ხელისუფლების კერძო მფლობელი შეეცდებოდა, ხელისუფლების დროებითი მეურვე შეეცდება, რომ დაუყოვნებლივ, რაც შეიძლება მეტი სახელისუფლებო რესურსი გამოიყენოს, რადგან იმაზე, რასაც ახლა არ მოიხმარს, შემდგომში შეიძლება ხელი აღარც კი მიუწვდეს. კერძოდ, მეურვე, ხელისუფლების კერძო მფლობელისგან განსხვავებით, ქვეყნის გაპარტახების შეჩერებაში დაინტერესებული არაა. რატომ არ უნდა ჰქონდეს მას სახელისუფლებო რესურსების ექსპლუატაციის გაზრდის სურვილი, თუკი თავშეკავების პოლიტიკის უპირატესობას, რაც სახელისუფლებო ქონების კაპიტალური ღირებულების ზრდაში გამოიხატება, სათავისოდ ვერ გამოიყენებს, მაშინ როცა ექსპლუატაციის გაფართოების საპირისპირო პოლიტიკის უპირატესობით, ანუ მიმდინარე შემოსავლების ზრდით, სავარაუდოდ, იოლად ისარგებლებს? მეურვისთვის, კერძო მფლობელისგან განსხვავებით, თავშეკავებას არა უპირატესობები, არამედ მხოლოდ ზარალი მოაქვს.(4)

ამასთან ერთად, საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების პირობებში, პრინციპში ნებისმიერს შეუძლია მმართველი კლასის წევრი და თუნდაც უმაღლესი ხელისუფალი გახდეს. განსხვავება მმართველთა და მართულთა შორის უფერულდება ისევე, როგორც ქრება მართულთა კლასობრივი თვითშეგნება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ განსხვავება თითქოს აღარც კი არსებობს: საზოგადოებრივი ხელისუფლების დროს არავინ არავის მართავს, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა საკუთარ თავს მართავს. შესაბამისად, საზოგადოების წინააღმდეგობა სახელისუფლებო ძალაუფლებისადმი მუდმივად სუსტდება. თუკი წინათ ექსპლუატაცია და კონფისკაცია შეიძლება შეფასებულიყო აშკარად რეპრესიულ და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედებად, ახლა იშვიათად თუ ვინმე მიიჩნევს ასე, რადგან ყველას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ექსპლუატატორთა და ექსპროპრირებულ სიკეთეთა მიმღებთა რიგებში შედარებით თავისუფლად შევიდეს. შედეგად, არა მარტო ექსპლუატაცია გაიზრდება, როგორც ღიად, ანუ მაღალი გადასახადების სახით, ისე ფარულად, ანუ ხელისუფლების მიერ ფულის “შექმნით” (ინფლაცია) ან საკანონმდებლო რეგულირებით; არამედ, გაიზრდება კერძო დასაქმებულებთან მიმართებაში ხელისუფლების მიერ დაქირავებულთა (სახელმწიფო მოსამსახურეების) რიცხვიც _ მომატების, როგორც აბსოლუტურ ისე ფარდობით მაჩვენებლებში. ამასთან ეს მოხდება იმ გამორჩეული და შემართული პიროვნებების ხარჯზე, რომლებსაც განსაკუთრებით მაღალი ხარისხის დროითი უპირატესობით გამოირჩევიან და შორსმჭვრეტელობის დაბალი და შეზღუდული უნარი გააჩნიათ. (2) დანაშაულებრივი თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვის განუყოფელი უფლებისგან განსხვავებით, კერძო საკუთრების უფლებებზე ხელისუფლების ძალმომრეობის მსხვერპლმა შესაძლოა თავი ვერც კი დაცვას.(5) ქონებისა ან შემოსავლების დაბეგვრა, ისევე არღვევს ქონების მფლობელისა და შემოსავლების გამომმუშავებლის უფლებებს, როგორც დაყაჩაღება. ორივე შემთხვევაში, მათი მოხმარება, მათივე სურვილის საპირისპიროდ და თანხმობის გარეშე, მცირდება. ხელისუფლების მიერ ფულის ან სხვა ლიკვიდური აქტივების შექმნას, კერძო მესაკუთრეთა ქონების არა ნაკლებ თაღლითური ექსპროპრიაცია მოსდევს, ვიდრე ყალბი ფულის დამამზადებლების დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას. აგრეთვე, ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი მითითება, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ან არ გამოიყენოს თავისი ქონება მესაკუთრემ – იმ წესის მიღმა, რომ არავის აქვს უფლება სხვისი ქონება მითვისოს და რომ საქონელგაცვლისა და გაყიდვის ყველა შემთხვევა ნებაყოფილობით და თანხმობით უნდა განხორციელდეს – ნიშნავს სხვისი საკუთრების ხელყოფას, მსგავსად ძარცვისა, ქურდობისა და დანგრევისა. დაბეგვრა, ფულის შექმნა და რეგულირება, მსგავსი შინაარსის კრიმინალური შემთხვევებისგან განსხვავებით, კანონიერად მიიჩნევა, ხოლო ხელისუფლების ჩარევის მსხვერპლს, დანაშაულის მსხვერპლისგან განსხვავებით, თავისი საკუთრების ფიზიკური შენარჩუნებისა და დაცვის უფლება არ აქვს.

იმის გამო, რომ ხელისუფლების მიერ კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა დაკანონებულია, ეს დანაშაულისგან ძირეულად განსხვავებული და უფრო არსებითი სახით ზემოქმედებს პიროვნების დროითი უპირატესობის სისტემაზე. კერძო მესაკუთრის უფლებებში ხელისუფლების ნებისმიერი ჩარევა, დანაშაულის შემთხვევის მსგავსად, სათანადო მეწარმეების მიერ დოვლათის მიმდინარე წარმოებას ამცირებს და შედეგად მათ მიერ ეფექტური დროითი უპირატესობის განაკვეთი მაღლდება. თუმცა, ხელისუფლების ჩარევა – დანაშაულისგან განსხვავებით – ფაქტიური და პოტენციური მსხვერპლის დროში უპირატესობის მინიჭების ხარისხს ერთდროულად ზრდის, რადგან ის საქონლის წარმოების შემცირებას მომავალშიც გულისხმობს (ამცირებს რა ინვესტიციების უკუგების მაჩვენებლებს). დანაშაული, არაკანონიერობის გამო, თავს მხოლოდ პერიოდულად იჩენს – მძარცველი სცენიდან ნადავლთან ერთად ქრება და მსხვერპლს მარტო ტოვებს. ამრიგად, დანაშაულთან გამკლავება შეიძლება შესაძლებლობის ფარგლებში დოვლათისა და მომსახურების დაცვის ღონისძიებებზე მოთხოვნის გაზრდით, ისე, რომ საინვესტიციო უკუგება არათუ აღდგეს, არამედ კიდეც გაიზარდოს და ნაკლებ სავარაუდო გახდეს, რომ იგივე ან სხვა მძარცველმა კიდევ ერთხელ მიაღწიოს სასურველ შედეგს. ამის საპირისპიროდ, ლეგიტიმურობის გამო, ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლებების დარღვევა უწყვეტი პროცესია. დამნაშავე კი არ უჩინარდება თავშესაფარში, არამედ იქვე დაძრწის, და მსხვერპლი კი არ იარაღდება (თუნდაც იმ სახით, როგორც მისგან საზოგადოდ მოელიან), არამედ ვალდებულია დაუცველი დარჩეს. ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტიური და პოტენციური მსხვერპლნი, თავდამსხმელის წინაშე დაუცველობის გამო წარმოშობილ მუდმივად მაღალ რისკს მომავალ წარმოებას უკავშირებენ და თავიანთ მოლოდინს ინვესტიციების უკუგების განაკვეთის შემცირების შესახებ, ყველა მომავალ ინვესტიციაში ითვალისწინებენ.

წარმოების მოცულობების ერთდროულად მიმდინარე და სამომავლო შემცირების გარდა, ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლებების დარღვევა არა მხოლოდ დროითი უპირატესობის მაჩვენებელს ზრდის (მოცემული ნიშნულით), არამედ თვით დროითი უპირატესობის განრიგსაც. რადგან მესაკუთრეები და მწარმოებლები კარგად აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების მოხელეთა მხრიდან ხელყოფისგან სამომავლოდაც დაუცველნი იქნებიან, მათი მოლოდინი მომავალზე გამიზნული ნაყოფიერი მოღვაწეობის უკუგებასთან დაკავშირებით ყოველმხრივ დაბალია, შესაბამისად, ყველა ფაქტიური თუ პოტენციური მსხვერპლი ხდება მედროვე.(6)

გარდა ამისა, ექსპლუატაციის შედარებით მაღალი ხარისხის გამო, ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობის დროს, მედროვეობისკენ მიდრეკილება ბევრად უფრო აშკარად გამოხატული გახდება, ვიდრე ხელისუფლების კერძო მფლობელობის პირობებში.(7)

II. მოძრაობა მონარქიიდან დემოკრატიამდე (1789-1918)

ხელისუფლების კერძო მფლობელობის ისტორიულ მაგალითს შთამომვლობითი მონარქიები წარმოადგენდნენ, ხოლო ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობის ყველა ნიშანი დემოკრატიულ რესპუბლიკებს ახასიათებთ. კაცობრიობა, თავისი ისტორიის უმეტესი დროის მანძილზე, როდესაც კი ის საერთოდ რომელიმე სახის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, მონარქიული მმართველობის ქვეშ იყო. გამონაკლისები გახლდათ: ათენის დემოკრატია, რომი თავისი რესპუბლიკური პერიოდის განმავლობაში ძვ. წ. აღრიცხვის 31 წლამდე, ვენეციის, ფლორენციის და გენუას რესპუბლიკები რენესანსის პერიოდში, შვეიცარიის კანტონები 1291 წლიდან, გაერთიანებული პროვინციები 1648 წლიდან 1673 წლამდე, და ინგლისი კრომველის მმართველობის დროს 1649 წლიდან 1660 წლამდე. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული რესპუბლიკები იშვიათი მოვლენა გახლდათ მსოფლიოში, სადაც მონარქები დომინირებდნენ. შვეიცარიის გამოკლებით, ისინი წარმოადგენდნენ ხანმოკლე მოვლენებს. მონარქიებით გარემოცული ყველა ადრეული რესპუბლიკა იძულებული იყო, რომ საზოგადოებრივი საკუთრების ხელმისაწვდომობის პირობა მხოლოდ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური მმართველობა თავისი არსით გულისხმობს ხელისუფლების საზოგადოებრივ და არა კერძო მფლობელობას, ხოლო აქედან გამომდინარე რესპუბლიკა შეიძლება სარგებლობდეს საყოველთაო მხარდაჭერით, ყველა ადრინდელ რესპუბლიკაში, ხელისუფლებაში შეღწევის შესაძლებლობა მხოლოდ წარჩინებულთა შედარებით მცირე ჯგუფს ჰქონდა.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის, კაცობრიობა ნამდვილად გამოვიდა მონარქიული დროებიდან.(8) საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ საუკუნე-ნახევარში, ევროპამ, და მის კვალდაკვალ მთელმა მსოფლიომ, ძირეული გარდაქმნა განიცადა. თითქმის ყველგან, მონარქიული წყობილება და მეფეების სუვერენიტეტი, დემოკრატიულ-რესპუბლიკური წყობილებითა და “ხალხის” სუვერენიტეტით შეიცვალა.

გაბატონებულ მონარქიულ პრინციპეპზე რესპუბლიკანიზმისა და ხალხის სუვერენიტეტის იდეის პირველი შეტევა საფრანგეთში ნაპოლეონის სამხედრო მარცხითა და ბურბონების მმართველობის აღდგენით იქნა უკუგდებული; რევოლუციური ტერორისა და ნაპოლეონის ომების შედეგად, თითქმის მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, რესპუბლიკანიზმი მნიშვნელოვანწილად სახელგატეხილი იყო. თუმცა, საფრანგეთის რევოლუციის დემოკრატიულრესპუბლიკურმა სულისკვეთებამ წარუშლელი კვალი დატოვა. 1815 წელს მონარქიული წყობილების აღდგენიდან, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ხალხის მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი წარმომადგენლობა ხელისუფლებაში ევროპის ყველა ქვეყანაში მუდმივადად იზრდებოდა. ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც საარჩევო უფლებები, ისე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტების ძალაუფლება.(9)

1815 წლიდან 1830 წლამდე, საფრანგეთში ხმის მიცემის უფლება, ბურბონების მონარქიული მმართველობის აღდგენის გამო, ჯერ კიდევ მკაცრად შეზღუდული იყო. თითქმის 30 მილიონიანი მოსახლეობიდან, ხმის უფლება მხოლოდ საფრანგეთის უმსხვილეს კერძო მესაკუთრეებს ჰქონდათ – დაახლოებით 100000 ადამიანს (ანუ 20 წელზე უფროსი მოსახლეობის ერთი პროცენტის ნახევარზე ნაკლებს). 1830 წლის ივლისის რევოლუციის შედეგად, შარლ X-ს დამხობისა და ორლეანის ჰერცოგის, ლუი ფილიპეს ტახტზე ასვლის შემდეგ, ამომრჩეველთა რიცხვი 200000-მდე გაიზარდა. 1848 წელს რევოლუციური გადატრიალების შედეგად, საფრანგეთი ისევ რესპუბლიკური გახდა. 21 წელზე უფროსი მამაკაცებისთვის საყოველთაო და შეუზღუდავი არჩევნები დაწესდა. ნაპოლეონ III 8 მილიონი ამომრჩევლიდან თითქმის 5,5 მილიონის მხარდაჭერით იქნა არჩეული.

1815 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ამომრჩეველთა რიცხვი 500000 შეძლებული მესაკუთრით შემოიფარგლებოდა (20 წელს გადაცილებული მოსახლეობის დაახლოებით 4 პროცენტს). 1832 წლის კანონმა საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, მესაკუთრეობაზე მოთხოვნები შეამცირდა და ამომრჩეველთა რიცხვი 800000-მდე გაზარდა. ამომრჩეველთა რიცხვის შემდგომი ზრდა, დაახლოებით ერთი მილიონიდან ორ მილიონამდე, 1867 წლის მეორე საარჩევნო რეფორმას მოყვა. 1884 წელს კი საკუთრების ფლობაზე მოთხოვნები კიდევ უფრო შემცირდა და ამომრჩეველთა რიცხვი 6 მილიონამდე გაიზარდა (20 წელზე უფროსი მოსალეობის თითქმის მესამედი და ზრდასრულ მამაკაცთა სამ-მეოთხედზე მეტი).

პრუსიაში, რომელიც ვენის კონგრესის შემდეგ გერმანიის 39 დამოუკიდებელი სახელმწიფოდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დემოკრატიზაცია 1848 წლის რევოლუციითა და 1850 წლის კონსტიტუციით დაიწყო. პრუსიის პარლამენტის ქვედა პალატა მამკაცების მიერ საყოველთაო ხმის უფლებით იქნა არჩეული. თუმცა, 1918 წლამდე, ამომრჩეველი განსხვავებული საარჩევნო უფლებების მქონე სამ ფენად იყო დაყოფილი. მაგალითად: უმდიდრესი ნაწილი -ისინი ვინც მთელი გადასახადების მესამედს იხდიდნენ – ქვედა პალატის წევრთა მესამედს ირჩევდა. 1867 წელს ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაცია დაარსდა, რომელიც პრუსიას და 21 სხვა გერმანულ სახელმწიფოს მოიცავდა. მისი კონსტიტუცია 25 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის უნივერსალურ, შეუზღუდავი ხმის უფლებას ითვალისწინებდა. 1871 წელს, ნაპოლეონ III-ზე გამარჯვების შემდეგ, ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციის კონსტიტუცია ახლად დაარსებული გერმანიის იმპერიის მიერ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 35 მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 8 მილიონმა ადამიანმა (ანუ 20 წელზე უფროსი მოსახლეობის მესამედმა) გერმანიის პირველი რაიხსტაგი (პარლამენტი) აირჩია.

1861 წელს, სარდინიის სამეფოსა და პიემონტის ლიდერობით იტალიის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ, ხმის მიცემის უფლება 25 მილიონიანი მოსახლეობიდან 500000 ადამიანმა მოიპოვა (20 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის თითქმის 3.5 პროცენტი). 1882 წელს, საკუთრების ფლობაზე მოთხოვნები შემსუბუქდა, ხოლო მინიმალურმა საარჩევნო ასაკმა 25-დან 21 წლამდე დაიწია. შედეგად, იტალიელი ამომრჩეველი 2 მილიონზე მეტად გაიზარდა. 1913 წელს, შემოღებული იქნა თითქმის საყოველთაო და შეუზღუდავი ხმის უფლება 30 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცთათვის და მცირედით შეზღუდული ხმის უფლება 21 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის, რამაც იტალიელ ამომრჩეველთა რაოდენობა 8 მილიონზე მეტად გაზარდა (20 წელს გადაცილებული მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი).

ავსტრიაში, შეზღუდული და არათანაბარი ხმის უფლება 1873 წელს გამოცხადდა. ამომრჩეველმა, რომელიც არათანაბარი ხმის უფლების მქონე ოთხი კლასის ანუ კურიისგან შედგებოდა, 20 მილიონიანი მოსახლეობიდან 1.2 მილიონი ამომრჩეველი შეადგინა (20 წელზე ასაკოვანი მოსახლეობის 10 პროცენტი). 1867 წელს მას მეხუთე კურია დაემატა. 40 წლის შემდეგ კურიების სისტემა შეიცვალა. საყოველთაო და თანაბარი ხმის უფლება 24 წელზე უფროსი მამაკაცებისთვის იქნა შემოღებული, რამაც ამომრჩეველთა რიცხვი 6 მილიონს მიუახლოვა (20 წელზე ხნიერი მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი).

რუსეთი 1864 წლიდან სამხარეო და საოლქო საბჭოებს – ზემსტვოებს – ირჩევდა; ხოლო 1905 წელს, იაპონიასთან წაგებული ომის გამოძახილით, პარლამენტი – დუმა – შექმნა, რომელიც მამაკაცთა თითქმის საყოველთაო, თუმცა არაპირდაპირი და არათანაბარი ხმის უფლებით იქნა არჩეული.

რაც შეეხება ევროპის მცირე სახელმწიფოებს, მამაკაცთა საყოველთაო ან თითქმის საყოველთაო და თანაბარი ხმის უფლება 1848 წლიდან შვეიცარიაში შემოიღეს, ხოლო 1890 და 1910 წლებში ბელგიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, შვეციაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში და თურქეთში ამოქმედდა.

მიუხედავად დაძაბუნების აშკარა ნიშნებისა, პირველი მსოფლიო ომის კატაკლიზმურ მოვლენებამდე მონარქიული პრინციპი გაბატონებულ მდგომარეობას მაინც ინარჩუნებდა. 1914 წლამდე, ევროპაში მხოლოდ ორი რესპუბლიკა – საფრანგეთი და შვეიცარია არსებობდა. ხოლო ყველა ძირითადი ევროპული მონარქიიდან საპარლამენტო წესწყობილება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებდა, სადაც უმაღლესი ხელისუფლება არჩეული პარლამენტის წინაშე იყო პასუხისმგებელი. მხოლოდ ოთხი წლით შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატები – სადაც დემოკრატიული პრინციპები, რომლებიც იგულისხმება რესპუბლიკის იდეაში ჯერ კიდევ ახალი დანერგილი იყო, უნიონისტთა ცენტრალისტური ხელისუფლების მიერ სეცესიის მომხრე კონფედერატების განადგურების შედეგად (10) – ევროპულ ომში ჩაება და მისი შედეგი გადაწყვიტა კიდეც, მონარქიები თითქმის მთლიანად გაქრა და ევროპა დემოკრატიული რესპუბლიკისკენ შემობრუნდა.(11)

ევროპულ ომებში დამარცხებული რომანოვები, ჰოჰენცოლერები და ჰაბსბურგები იძულებული იყვნენ ტახტიდან გადამდგარიყვნენ, ხოლო რუსეთი, გერმანია და ავსტრია დემოკრატიული რესპუბლიკები გახდნენ, მამაკცთა და ქალთა საყოველთაო ხმის უფლებით და საპარლამენტო ხელისუფლებით. ყველა ახლად შექმნილმა სახელმწიფომ – პოლონეთმა, ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, უნგრეთმა და ჩეხოსლოვაკიამ (მხოლოდ იუგოსლავიის გამოკლებით) – დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. მონარქია ასევე თურქეთსა და საბერძნეთშიც დაემხო. დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც მონარქული წყობილება ნომინალურად შენარჩუნდა, მონარქებს მმართველობის უფლება აღარ ჰქონდათ. ზრდასრულთათვის საყოველთაო ხმის უფლება იქნა შემოღებული და სახელისუფლებო ძალაუფლება პარლამენტსა და თანამდებობრივ პირებზე გადანაწილდა.(12) ახალი მსოფლიო წესრიგი – დემოკრატიული რესპუბლიკური დროება, შეერთებული შტატების ხელისუფლების დომინირებით დამყარდა.

III. სამხილები და თვალსაჩინოება: ექსპლუატაცია და მედროვეობა მონარქიისა და დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დროს.

ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით, პირველი მსოფლიო ომის დასასრული შეიძლება გაიგივებული იქნეს მომენტთან, როდესაც ხელისუფლების კერძო მფლობელობა მთლიანად ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობით შეიცვალა და მაშასადამე, მიდრეკილება ექსპლუატაციის მუდმივი გაფართოებისკენ, ანუ მმართველობის ზრდის, საზოგადოებაში დროითი უპირატესობის ხარისხის მატებისა და მედროვეობისკენ, სწორედ ამ დროიდან უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი. მართლაც, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი დასავლური ისტორიის გამოკვეთილად მთავარი თემა ასეთი იყო: მე-19 საუკუნის ბოლო მესამედში “არქაული რეჟიმის” ავის მომასწავებელ შესუსტებასთან ერთად, 1918 წლიდან (1) ხელისუფლების ექსპლუატაციის პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელი და (2) დროითი უპირატესობის მაჩვენებელი მუდმივად მატებისკენ არიან მიდრეკილი.

III.1. ექსპლუატაციის მაჩვენებლები

საკამათო არ არის, რომ დაბეგვრა მონარქიულ დროშიც იზრდებოდა.(13) თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლების წილი შემოსავლებში შესამჩნევად უცვლელი და დაბალი რჩებოდა. ეკონომიკის ისტორიკოსი კარლო მ. კიპოლა ასკვნის, “საბოლოო ჯამში, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ყველგან ევროპაში, ხელისუფლების მიერ კერძო სექტორში გამომუშავებული შემოსავლების მითვისებამ განსაკუთრებით შესამჩნევად მე-11 საუკუნის შემდგომ იმატა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სახელისუფლებო ძალაუფლება ოდესმე შეძლებდა ეროვნული შემოსავლის 5-8 პროცენტზე მეტის მითვისებას.” ხოლო შემდეგ ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ხელისუფლების მიერ შემოსავლების მითვისებული წილის ზრდას მუდმივი ხასიათი არ ქონდა.(14) ამ დრომდე, საშემოსავლო გადასახადი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა შემოღებული (1843 წლიდან). საფრანგეთმა საშემოსავლო გადასახადი პირველად 1873 წელს დააწესა, იტალიამ 1877 წელს, ნორვეგიამ 1892 წელს, ჰოლანდიამ 1894 წელს, ავსტრიამ 1898 წელს, შვეციამ 1903 წელს, შეერთებულმა შტატებმა 1913 წელს, შვეიცარიამ 1916 წელს, დანიამ და ფინეთმა 1917 წელს, ირლანდიამ და ბელგიამ 1922 წელს, ხოლო გერმანიამ კი 1924 წელს.15 პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვისაც კი, ხელისუფლების ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10 პროცენტს არ აღემატებოდა და მხოლოდ იშვიათად, როგორც გერმანიის შემთხვევაში, აღემატებოდა 15 პროცენტს. ყოველივე ამისგან სრულიად საწინააღმდეგოდ, დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის მოზღვავების შედეგად, ხელისუფლების ხარჯი მშპ-ესთან შეფარდებით, როგორც წესი 20-30 პროცენტამდე გაიზარდა 1920-1930 წლებში, ხოლო 70-იანი წლების შუა პერიოდში 50 პროცენტსაც კი მიაღწია.(16)

საკამათო არც ის არის, რომ მონარქიულ დროში ხელისუფლების მიერ დაქირავებულთა საერთო რიცხვი გაიზარდა. მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლომდე, ხელისუფლების მიერ დაქირავებულთა რიცხვი, მთელი სამუშაო ძალის 3 პროცენტს იშვიათად აღემატებოდა. ამის საპირისპიროდ, 70-იან წლებში სახელისუფლებო დასაქმებამ მთელი სამუშაო ძალის 15 პროცენტს გადააჭარბა.(17)

მსგავსი დასკვნები ინფლაციისა და ფულის მიწოდების მაჩვენებლებზე დაკვირვების შედეგებიდანაც გამომდინარეობს. მონარქიულ სამყაროს ძირითადად სასაქონლო ფულის, ჩვეულებრივ ოქროსა ან ვერცხლის გამოყენება ახასიათებს. სასაქონლო ფულის სტანდარტი ხელისუფლების მიერ ფულის მასის გაზრდას ძალიან ძნელს, თითქმის შეუძლებელს ხდის. არაუზრუნველყოფილი ქაღალდის დეკრეტული ფულის შემოღების მცდელობები, რაც ძირითადად ამსტერდამის ბანკთან, ინგლისის ბანკთან, აგრეთვე ე.წ. ჯონის კანონთან და საფრანგეთის სამეფო ბანკთან იყო დაკავშირებული, ადგილობრვი მნიშვნელობის ახირებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც სწრაფადვე მთავრდებოდნენ ისეთი ფინანსური კატასტროფებით, როგორიცაა ე.წ. ჰოლანდიური “ტიტების მანია” 1637 წელს, აგრეთვე ე.წ. “მისისიპის საპნის ბუშტი” და “სამხრეთის ზღვის საპნის ბუშტი” 1720 წელს. მონარქების დაჟინებული მცდელობების მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს წმინდა დეკრეტული ფულის მონოპოლიის დამკვიდრება, ე.ი. ისეთი არაუზრუნველყოფილი სახელისუფლებო ქაღალდის ფულის შემოღება, რომელიც შეიძლება თითქმის უდანახარჯოდ, პრაქტიკულად არაფრისგან შეიქმნას.

ამ თვალთმაქცური ილეთის გამოყენება მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის ფართოდ გავრცელების შედეგად მოხერხდა, 1918 წლის შემდეგ. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ადრინდელი ომების მსგავსად, მეომარმა მთავრობებმა ოქროს სტანდარტი გააუქმეს. მაგრამ ადრინდელი ომებისგან განსხვავებით, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებას ოქროს სტანდარტის აღდგენა არ მოყვა. ამის მაგივრად, 20-იანი წლების შუა მონაკვეთიდან 1971 წლამდე, ოქროს ფსევდო სტანდარტი ანუ ოქროს გაცვლითი სტანდარტი იქნა დანერგილი, რომელსაც თან საერთაშორისო სავალუტო კრიზისები ახლდა. 1971 წელს კი, ოქროს საერთაშორისო სტანდარტის ბოლო გადმონაშთიც გაუქმდა. სწორედ ამის შემდეგ, ისტორიაში პირველად, ხელისუფლების მიერ მართული თავისუფლად მცურავი ქაღალდის ფულის სისტემა მთელ მსოფლიოში გაბატონდა.(18)

ყოველივე ამის შედეგად, ინფლაციისა და ვალუტის გაუფასურების თვალსაჩინო, მუდმივი და გრძელვადიანი ტენდენცია გამოვლინდა. მონარქიული საუკუნეების განმავლობაში, უმეტეს წილად ხელისუფლების დაქვემდებარების მიღმა არსებული სასაქონლო (უმეტეს შემთხვევაში ოქროს) ფულით გამოხატული ფასების “დონე” მნიშვნელოვნად ეცემოდა, ხოლო ფულის მსყიდველობითუნარიანობა იზრდებოდა, ომიანობისა და ახალი ოქროს საბადოების აღმოჩენების მონაკვეთების გარდა. მაგალითად ფასების სხვადასხვა ინდექსი, მიუთითებს, რომ ბრიტანეთში 1760 წელს ფასები მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 100 წლით ადრე; ხოლო 1860 წელს – კიდევ უფრო დაბალი ვიდრე 1760 წელს.19 საერთაშორისო ოქროს სტანდარტით შეკავშირებული სხვა ქვეყნების განვითარებაც მსგავსი იყო.(20)

დემოკრატიულ-რესპუბლიკური წყობილების დროს, როდესაც მსოფლიოს ფინანსური ცენტრი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში იქნა გადატანილი, აღნიშნულისგან საპირისპირო და სრულიად განსხვავებული მდგომარეობა შეიქმნა. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სულ მოკლე ხანში, 1921 წელს, შეერთებული შტატების საბითუმო საქონლის ფასების ინდექსი 113-ს უჩვენებდა.(21) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს, ის 185-მდე გაიზარდა. 1971 წელს ის 255-ს უდრიდა, 1981 წლისთვის 658-ს მიაღწია, ხოლო 1991 წელს 1000-ს მიუახლოვდა. არაუზრუნველყოფილი ქაღალდის ფულის არსებობის მხოლოდ ორი ათწლეულის მანძილზე, 1971-1991 წლებში, შეერთებულ შტატებში სამომხამრებლო ფასების ინდექსი 40-დან 136-მდე გაიზარდა, გაერთიანებულ სამეფოში 24-დან 157-მდე, საფრანგეთში 30-დან 137-მდე, ხოლო გერმანიაში 56-დან 116-მდე.(22) ამის მსგავსად, 70-ზე მეტი წლის განმავლობაში, 1845 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე 1918 წელს, ბრიტანული ფულის მიწოდება 6-ჯერ გაიზარდა.(23) სამაგიეროდ, 1918 წლიდან 1991 წლამდე 73 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატებში ფულადი მარაგი 64-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა.(24)

დაბეგვრასა და ინფლაციასთან ერთად, ხელისუფლებას შეუძლია აიღოს სესხი, რათა დაიფინანსოს მიმდინარე ხარჯები. ისევე, როგორც დაბეგვრისა და ინფლაციის შემთხვევაში, საკამათო არაა, რომ ხელისუფლების ვალი მონარქიულ პერიოდშიც იზრდებოდა. თუმცა, როგორც თეორიულად იქნა ნაწინასწარმეტყველები, ამ საკითხშიც მონარქებმა დემოკრატიული რესპუბლიკების მესვეურებზე მნიშვნელოვნად მეტი ზომიერება და წინდახედულება გამოჩინეს. მონარქები სესხს ძირითადად საომარი ხარჯების დასაფარავად იღებდნენ. მიუხედავად ვალების ზრდის საერთო ტენდენციისა, მშვიდობიან დროს მონარქიები მნიშვნელოვნად ამცირებდნენ საკუთარ დავალიანებას. ბრიტანეთის მაგალითი ერთობ თვალსაჩინოა. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ხელისუფლების ვალი გაიზარდა. 1748 წელს, ესპანეთის ომის შემდეგ ის 76 მილიონ ფუნტს შეადგენდა, 1763 წელს, შვიდწლიანი ომის შემდეგ – 127 მილიონს, 1783 წელს, ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ – 232 მილიონს, ხოლო 1815 წელს, ნაპოლეონის ომების შემდეგ – 900 მილიონს. მაშინ როდესაც დროის მშვიდობიან მონაკვეთებში – 1727-1739, 1784-1756 და 1762-1775 წლებში, საერთო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდა. 1815 წლიდან 1914 წლამდე, ბრიტანეთის ეროვნული ვალი 900-დან 700 მილიონ ფუნტამდე შემცირდა.

აღნიშნულისგან მკვეთრი განსხვავებით, დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დამკვიდრებიდან, ბრიტანეთის ვალი მხოლოდ იზრდებოდა, როგორც ომის, ისე მშვიდობიან დროს. 1920 წელს მან 7.9 მილიარდი ფუნტი შეადგინა, 1938-ში – 8.3 მილიარდი, 1945-ში – 22.4 მილიარდი, 1970-ში – 34 მილიარდი, ხოლო მას შემდეგ სწრაფად გაიზარდა და 1987 წელს 190 მილიარდ ფუნტზე მეტს მიაღწია.(25) ამის მსგავსად, შეერთებული შტატების ხელისუფლების ვალი ომსა და მშვიდობაშიც ერთნაირად იზრდებოდა. ფედერალური ხელისუფლების ვალი 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 1940 წელს – 43 მილიარდს, ხოლო 1946-ში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თითქმის 270 მილიარდს გაუტოლდა. 1970 წლისთვის ის 370 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო 1971 წლის შემდეგ, როცა პირწმინდად დეკრეტული ფულის რეჟიმი ამოქმედდა, მისი საზღვრები პრაქტიკულად მოიშალა. 1979 წელს ის შეადგენდა 840 მილიარდს, ხოლო 1987-ში – 1.8 ტრილიონზე მეტს. 1988 წელს თითქმის 2.5 ტრილიონს მიაღწია, ხოლო 1992 წლისთვის 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.(26)

ექსპლუატაციის და მედროვეობის ზრდის ასეთივე ტენდენცია ხელისუფლების საკანონმდებლო და მარეგულირებელი საქმიანობის შესწავლის შემდგომაც იკვეთება. მონარქიის დროს, როდესაც მმართველი და მართულნი მკვეთრად იყვნენ გამიჯნულნი, მეფე და მისი პარლამენტი კანონს ექვემდებარებოდა. ისინი კერძო სამართლის დაუწერელი კანონებით სჯიდნენ, ხოლო თავად კი კანონებს არ ქმნიდნენ. ბერტრანდ დე ჟუვენელი წერს: “მონარქი გვევლინებოდა მხოლოდ მსაჯულად და არა კანონმდებლად. ის სუბიექტური უფლებების პატივისცემას სხვებისგანაც ითხოვდა და თავადაც პატივს სცემდა; ის ამ უფლებებს პირველმნიშვნელობას აღიარებდა და მათი უზენაესობა საკუთარ ძალაუფლებასთან შედარებით საკამათოდ არ მიაჩნდა… სუბიექტური უფლებები საკუთრების უპირობო ხელშეუხებლობას გულისხმობდა. სუვერენის უფლებაც ასევე უპირობოდ ხელშეუხებელი იყო”.(27)

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო ადმინისტრაციის მონოპოლიზაცია თავისუფალი კონკურენციის პირობებთან შედარებით ფასების მატებას და/ან ხარისხის გაუარესებას იწვევს. დროთა განმავლობაში მეფეები უფრო მეტად იყენებენ თავიანთ მონოპოლიას საკუთარი სარგებლობისთვის. თუმცა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის, ბატონ ა. ვ. დაისიეს კვლავ შეეძლო ემტკიცებინა, რომ მაგალითად დიდი ბრიტანეთისთვის, კერძო სამართლისგან განსხვავებული საზოგადოებრივი სამართალი არ არსებობდა.(28)

აღნიშნულისგან მკვეთრი განსხვავებით, დემოკრატიით შენიღბული და ანონიმურობით დაფარული ძალაუფლების გამოყენებით, პრეზიდენტები და პარლამენტარები სწრაფად ამაღლდნენ კანონზე. ისინი არა მხოლოდ მსაჯულებად, არამედ კანონმდებლებადაც, ანუ “ახალი” კანონების შემქმნელებად იქცნენ.(29) დღეს, აღნიშნავს დე ჟუვენელი, “ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჩვენი უფლებები კანონმდებლების სუვერენული გადაწყვეტილების მიხედვით იცვლება. მიწათმფლობელს აღარ უკვირს, თუკი მას მოიჯარის შენარჩუნებას აიძულებენ; დამქირავებელიც არანაკლებად მიეჩვია, რომ თავისი დაქირავებულის ხელფასი ხელისუფლების დეკრეტის შესაბამისად უნდა გაზარდოს. სადღეისოდ მიიჩნევა, რომ ჩვენი სუბიექტური უფლებები თავისთავად დაუსაბუთებელია და ამიტომ ხელისუფალთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.”(30) ფულის დემოკრატიზაციის თანმდევი მოვლენების მსგავსად, ანუ კერძო სასაქონლო ფულის სახელისუფლებო ქაღალდის ფულით ჩანაცვლებას, რასაც შედეგად, ინფლაცია და მზარდი ფინანსური რყევები მოყვა, კანონისა და საკანონმდებლო ადმინისტრაციის დემოკრატიზაციას, კანონების მოზღვავება მოყვა. ამჟამად, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების და დადგენილებების რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ათობით ათასია, ასობით ათას გვერდს მოიცავს, სამოქალაქო და სამეურნეო ყოფაზე ზემოქმედებს და შედეგად ყოველგვარი კანონის მუდმივ გაუფასურებას და ძლიერ სამართლებრივ გაურკვევლობას იწვევს. ამის ტიპიური მაგალითი, ფედერალური მარეგულირებელი კოდექსის 1994 წლის გამოცემაა, სადაც შეერთებული შტატების ფედერალური ხელისუფლების ყველა მოქმედი მარეგულირებელი აქტია თავმოყრილი, ჯამი 201 ტომს შეადგენს და ბიბლიოთეკის თაროებზე 26 ფუტს იკავებს. კოდექსი, რომლის მხოლოდ სარჩევი 754 გვერდს მოიცავს, არეგულირებს თითქმის ყველაფრის წარმოებას და განაწილებას, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება: ნიახურით, სოკოთი, ნესვით, საათის სამაჯურებით, ნათურების მხურველების დადამღვით, ქსოვილებით, პარაშუტით ხტომით, რკინისა და ფოლადის წარმოებით, სტუდენტურ ქალაქში სექსუალური ძალადობით დაწყებული, ხახვის ბოლქვიდან ხახვის რგოლების დამზადების წესით დამთავრებული. ყოველივე ეს კი, დემოკრატიული ხელისუფლების თითქმის ტოტალიტარულ ძალაუფლებას ააშკარავებს.(31)

III.2. მედროვეობის მაჩვენებლები

საზოგადოებაში დროითი უპირატესობების მინიჭების საკითხი, როგორღაც უფრო ბუნდოვანია, ვიდრე კონფისკაცია და ექსპლუატაცია, და მედროვეობის შესაფერისი მაჩვენებლების შერჩევაც ძალზედ ძნელია. უფრო მეტიც, ზოგიერთი მაჩვენებლები ნაკლებად პირდაპირი და უფრო ზერელეა, ვიდრე ექსპლუატაციის მაჩვენებლები. მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იგივეზე მიუთითებს და ერთობლიობაში მეორე თეორიულ წინასწარმეტყველებას თვალნათლივ წარმოაჩენს: დემოკრატიული წესწყობილება სამოქალაქო საზოგადოებაში ახლომხედველობას (ანუ მედროვეობას) უწობს ხელს.(32) საზოგადოების დროითი უპირატესობის ყველაზე პირდაპირი მაჩვენებელი საპროცენტო განაკვეთებია. საპროცენტო განაკვეთი არსებული დოვლათის სამომავლო დოვლათთან მიმართების შეფასების ფარდობით მაჩვენებელს წარმოადგენს. მაგალითად, ის ასახავს მოგებას, რომელსაც დღევანდელი ფულის მომავალ ფულზე ვაჭრობა იძლევა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი მეტ “აწმყოზე ორიენტირებულობას” გულისხმობს, ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი, მეტ “მომავალზე ორიენტირებულობას” ნიშნავს.

ნორმალურ პირობებში, როცა ცხოვრების პირობების და რეალური ფულადი შემოსავალების ზრდა მიიღწევა, საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი ეცემა და ნულისკენაა მიმართული, თუმცა ამ ნიშნულს ვერასოდეს ვერ მიაღწევს. რეალური შემოსავლის ზრდის გამო, დღევანდელი ფულის ზღვრული სარგებლიანობა მომავალ ფულთან მიმართებაში დაბალია. შესაბამისად, თანაბარ პირობებში, მოცემული დროითი უპირატესობების ნიშნულის მიხედვით საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს. შედეგად, დანაზოგი და ინვესტიციები გაიზრდება, ხოლო მომავალი რეალური შემოსავალი კი, ისევ და ისევ მაღალი იქნება.

მართლაც, საპროცენტო განაკვეთების კლება კაცობრიობის განვითარების მიმართულებას ხანგრძლივად ახასიათებდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი საბერძნეთის ფინანსური ისტორიის დასაწყისში ჩვ.წთ.აღ.-მდე მე-6 საუკუნეში, დაახლოებით 16 პროცენტს უდრიდა, ხოლო ელინური პერიოდისთვის 6 პროცენტამდე დაეცა. რომში, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი, სახელმწიფოს არსებობის ადრეულ პერიოდში არსებული 8 პროცენტიდან, იმპერიის პირველი საუკუნის განმავლობაში 4 პროცენტამდე დაეცა. მე-13 საუკუნის ევროპაში, ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტი იყო. მე-14 საუკუნეში ის 5 პროცენტამდე შემცირდა. მე-15 საუკუნეში – 4 პროცენტამდე, ხოლო მე-17 საუკუნეში – 3 პროცენტამდე. მე-19 საუკუნის დასასრულისთვის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაეცა და 2.5 პროცენტს აღარ აღემატებოდა.(33)

ეს ტენდენცია სწორხაზოვანი არავითარ შემთხვევაში არ იყო. მას ხშირად საპროცენტო განაკვეთების ზრდის, ზოგჯერ მთელი საუკუნის ტოლი პერიოდებიც კი წყვეტდა. თუმცა, ასეთი შემთხვევები უკავშირდებოდა დიდ ომებს და რევოლუციებს, როგორიც იყო ასწლიანი ომი მე-14 საუკუნეში, რელიგიური ომები მე-16 საუკუნის გვანი პერიოდიდან მე-17 საუკუნის ადრეულ ხანამდე, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციები და ნაპოლეონის ომები მე-18 საუკუნის ბოლოდან და მე-19 საუკუნის მეორე დეკადის შუაწელამდე, აგრეთვე ორი მსოფლიო ომი მე-20 საუკუნეში. გარდა ამისა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მაღალი და მზარდი საპროცენტო განაკვეთები ძირითადად დაბალი ან კლებადი ცხოვრების დონის მონაკვეთებზე მიუთითებს, ხოლო დაბალი და კლებადი საპროცენტო განაკვეთები კი, საწინააღმდეგო ტენდენციას წარმოაჩენს, ცხადი ხდება კაცობრიობის ყოველმხრივ წინსვლაგანვითარებას ბარბაროსობიდან ცივილიზაციამდე თუ რომელი მაჩვენებელი ასახავს. საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია განსაკუთრებით დასავლური ცივილიზაციის აღზევებაში, მისი ხალხის მზარდ კეთილდღეობაში, შორსმჭვრეტელობაში, კეთილგონიერებაში, ზნეობრივ ძლიერებასა და მე-19 საუკუნის ევროპული ცივილიზაციის შეუდარებელ სიმაღლეში ვლინდება.

ამ ისტორიული მოვლენებისა და ეკონომიკური თეორიის თანახმად, მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი, ვიდრე მე-19 საუკუნეში. მართლაც, იმას თუ რატომ არ არის ასე, მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა აქვს. პირველი ის არის, რომ მე-20 საუკუნეში რეალური შემოსავალი მე-19 საუკუნის რეალურ შემოსავალს არ აღემატებოდა, არამედ მასზე ნაკლებიც კი იყო. თუმცა, ეს ახსნა შეიძლება ემპირიულად გამოირიცხოს, რადგან უდავოა, რომ მე-20 საუკუნის შემოსავლები ნამდვილად მაღალია. მაშასადამე, მხოლოდ მეორე ახსნა რჩება. თუკი შემოსავალი მაღალია, მაგრამ საპროცენტო განაკვეთები დაბალი არ არის, მაშინ დაშვება თანაბარი პირობების შესახებ დარღვეულია. უფრო ზუსტად, საზოგადოებრივი დროებითი უპირატესობის ნიშნული უნდა გადაიწიოს ზემოთ. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ხასიათი უნდა შეცვლილიყო. ხალხს, ზოგადად, უნდა დაეკარგა ზნეობა, კეთილგონიერება და უფრო მეტად აწმყოზე ორიენტირებული გამხდარიყო. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა.

1815 წლიდან მოყოლებული, ერთი საუკუნის განმავლობაში, მთელ ევროპასა და დასავლურ სამყაროში მინიმალური საპროცენტო განაკვეთები მუდმივად ეცემოდა და ისტორიულად ყველაზე დაბალ, საშუალოდ 3%-ან მაჩვენებელზე ქვემოთაც დაიწია. დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დროების დადგომიდან ეს ტენდენცია შეწყდა და მიმართულებაც კი შეიცვალა, რამაც მე-20 საუკუნის ევროპა და შეერთებული შტატები დაქვეითების გზაზე მდგარ ცივილიზაციებად წარმოაჩინა. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიაში, შვეციაში, შვეიცარიაში და შეერთებულ შტატებში ათწლეულების ყველაზე მცირე საშულო საპროცენტო განაკვეთების კვლევა აჩვენებს, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში საპროცენტო განაკვეთები არასდროს არ ყოფილა ისე დაბალი ან კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. საპროცენტო განაკვეთი მე-19 საუკუნის მაჩვენებლებზე ქვევით მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაეცა, 1950 წელს. ეს იყო მხოლოდ ხანმოკლე მოვლენა, ამასთან შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთები მე-19 საუკუნეშიც არ იყო ისე დაბალი, როგორც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ბრიტანეთში. სამაგიეროდ, მე-20 საუკუნის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე მე-19 საუკუნის მაჩვენებლები, ხოლო ის, რაც ამით მჟღავნდებოდა მატების ტენდენცია იყო.(34)

ეს დასკვნა მნიშვნელოვნად არ იცვლება, მაშინაც კი, როცა მხედველობაში იღებენ, რომ თანამედროვე საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით 1970 წლიდან, მუდმივად მაღალ ინფლაციასაც მოიცავს. ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით ნომინალური საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრის შემდეგ, რაც რეალური საპროცენტო განაკვეთების დადგენის საშუალებას იძლევა, ირკვევა, რომ თანამედროვე საპროცენტო განაკვეთები მაინც მნიშვნელოვნად მაღალი რჩება, ვიდრე 100 წლის წინ იყო. საშუალოდ, მინიმალური გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ამჟამად 4 პროცენტზე საკმაოდ მეტია და შესაძლოა 5 პროცენტიც კი იყოს. ეს კი, მე-17 საუკუნის საპროცენტო განაკვეთზე მეტი, ხოლო მე-15 საუკუნის საპროცენტო განაკვეთზე კიდევ უფრო მეტია. შესაბამისად, შეერთებული შტატების მიმდინარე დანაზოგების განაკვეთი, რაც ხელმისაწვდომი მოგების დაახლოებით 5 პროცენტია, 300 წლის წინანდელი, მე-17 საუკუნის უფრო ღარიბი ინგლისის მაჩვენებლებს არ აღემატება.(35)

ამ განვითარების პარალელურად და იმავე მოვლენის, ანუ მაღალი და მზარდი საზოგადოების დროითი უპირატესობების შედეგების უფრო სპეციფიკურ ასპექტზე, კერძოდ ოჯახების დაშლის მაჩვენებელზე დაკვირვება, ოჯახების დანიშნულების მოშლის განუწყვეტლად მზარდ ტენდენციას აჩვენებს. მე-19 საუკუნის დასასრულამდე, ხელისუფლების ხარჯების ძირითადი ნაწილი – პრაქტიკულად 50 პროცენტზე მეტი – სამხედრო ხარჯებისკენ იყო მიმართული. თუკი სავარაუდოდ, ხელისუფლების ხარჯი შეადგენდა ეროვნული პროდუქტის 5 პროცენტს, აქედან გამომდინარე, ჯარის ხარჯი შეადგენდა ეროვნული პროდუქტის 2.5 პროცენტს. დანარჩენი ხმარდებოდა სახელისუფლებო ადმინისტრაციას. ე.წ. სოციალური ხარჯები და “საზოგადოებრივი ქველმოქმედება” თითქმის არანაირ როლს არ თამაშობდა. დაზღვევა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ასპარეზად, ხოლო სიღარიბის შემსუბუქება ნებაყოფლობითი შემოწირულობების საგნად იყო მიჩნეული. ხსენებულის საპირისპიროდ, როგორც დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ეგალიტარიზმის ანარეკლი, მე-19 საუკუნის ბოლოს დემოკრატიზაციის დაწყებისთანავე პირადი პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციაც დაჩქარდა. მე-20 საუკუნის განმავლობაში სამხედრო ხარჯები, როგორც წესი ეროვნული პროდუქტის 5-10 პროცენტამდე გაიზარდა, რაც სახელმწიფოს სხვა მიმდინარე ხარჯებთან ერთად, მთლიანი ეროვნული პროდუქტის 50 პროცენტს, ხოლო თავად ხელისუფლების მთლიანი ხარჯების მხოლოდ 10-20 პროცენტს შეადგენს. სახელმწიფო ხარჯების ძირითადი ნაწილი კი – ჩვეულებრივ მთლიანი ხარჯის 50 პროცენტი (ანუ ეროვნული პროდუქტის 25 პროცენტი) – ამჟამად, სახელმწიფოს ე.წ. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებისთვის გამოიყენება: ავადმყოფობისგან, საწარმოო ტრამვისგან, ხანდაზმულობისგან, უმუშევრობისგან, არაშრომისუნარიანობისგან და სხვა უსასრულო შემთხვევებისგან იძულებითი სახელმწიფო დაზღვევის გზით.(36)

შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობაზე, უსაფროთხოებაზე და სიბერეზე პირადი პასუხისმგებლობისგან ცალკეული პიროვნებების სულ უფრო მეტად და მეტად ჩამოშორებით, კერძო წინდახედული ქმედებების სივრცე და დროითი ჰორიზონტი თანდათან შემცირდა. კერძოდ, ქორწინების, ოჯახისა და შვილების ღირებულება დაეცა, რადგან ისინი ნაკლებად საჭირო გახდნენ, რამდენადაც ადამიანს “სახელმწიფოს” დახმარების საშუალება გაუჩნდა. ამიტომაც, დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დროების დადგომის შემდეგ შობადობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა შეჩერდა ან დაეცა კიდეც. საუკუნეების მანძილზე, მე-19 საუკუნის ბოლომდე, შობადობის დონე უცვლელი იყო: დაახლოებით 30–40 ახალშობილი ყოველ 1000 მოსახლეზე (ჩვეულებრივ, გარკვეულწილად მაღალია ძირითადად კათოლიკებში და უფრო დაბალია პროტესტანტულ ქვეყნებში). აღნიშნულისგან მკვეთრი განსხვავებით, მე-20 საუკუნის მანძილზე მთელს ევროპასა და შეერთებულ შტატებში შობადობამ სავალალო კლება განიცადა – 15-20 ახალშობილამდე ყოველ 1000 მოსახლეზე.37 ამავე დროს, განქორწინების, უკანონო შობადობის, მარტოხელა მშობლობის და აბორტების დონე მკვეთრად გაიზარდა, მაშინ როდესაც პირადი დანაზოგების ზრდა შეჩერდა და დაცემაც კი დაიწყო, იმის მაგივრად, რომ მომატებულიყო გაზრდილი შემოსავლების პარალელურად ან უფრო მეტადაც.

გარდა ამისა, კანონების გაუფასურებისა და პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციის შედგად, რაც განსაკუთრებით სოციალური დაცვის კანონმდებლობაში გამოიხატა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულმა, როგორიცაა მკვლელობა, თავდასხმა, ძარცვა და ყაჩაღობა, მუდმივად მზარდი ტენდენცია შეიძინა.

მოვლენათა “ჩვეულებრივი” მსვლელობის შემთხვევაში, რაც ცხოვრების პირობების ზრდას ნიშნავს, მოსალოდნელია, რომ დანაშაულისა და სხვა საზოგადოებრივი ხასიათის უბედურებებისგან თავდაცვის საშუალებები მუდმივად გაუმჯობესდება, ზუსტად ისე, როგორც მოსალოდნელია თავდაცვის გზების გაუმჯობესება ისეთი სავალალო ბუნებრივი მოვლენებისგან, როგორიცაა წყალდიდობა, მიწისძვრა და ქარიშხალი. მართლაც, ყველგან დასავლეთის სამყაროში ბოლო დრომდე მეტწილად სწორედ ასეთი ვითარება იყო, ვიდრე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დანაშაულის დონემ ზრდა არ დაიწყო.(39)

რასაკვირველია, არსებობს ბევრი სხვა მიზეზი კანონშემოქმედებისა და სახელისუფლებო სოციალური პროგრამების მიერ გამოწვეული გაზრდილი უპასუხისმგებლობისა და არაშორსმჭვრეტელობის გარდა, რასაც შეეძლო დანაშაულისთვის ხელი შეეწყო. მამაკაცები ქალბატონებზე უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან, ახლგაზრდები ხანდაზმულებზე უფრო მეტს, შავკანიანები თეთრკანიანებზე უფრო მეტს, ხოლო ქალაქელები სოფლელებზე უფრო მეტს. შესაბამისად, სქესობრივ, ასაკობრივ, რასობრივ და ურბანულ ცვლილებებს მოსალოდნელია, რომ დანაშაულზე მუდმივი გავლენა ჰქონდეთ. თუმცა, ყველა ეს მიზეზი ფარდობითი თვალსაზრისით შედარებით მდგრადია და მათ არ შეიძლება მიეწეროს დანაშაულის ხანგრძლივი მატება. ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა შედარებით ერთგვაროვანი იყო და არის, ხოლო შეერთებულ შტატებში, შავკანიანთა ფარდობითი წილი თითქმის უცველელია. სქესობრივი შემადგენლობა გარკვეულ წილად ბიოლოგიური მუდმივაა; ომების შედეგად, მამაკაცთა წილი დროდადრო მცირდება ხოლმე, რაც დანაშაულის შემცირებისკენ “ბუნებრივ” მიდრეკილებას აძლიერებს. მსგავსად ამისა, ასაკობრივი ჯგუფების შემადგენლობა ნელა იცვლება, ხოლო დაბალი შობადობა და შედარებით უსაფრთხო სიცოცხლის გამო საშუალო ასაკის გაზარდა, დანაშაულის ფარდობითი მაჩვენებლების კიდევ უფრო შემცირებას უწყობს ხელს. დასასრულ, 1800 წლიდან ურბანიზაციის დონე შემაშფოთებლად მატულობს. მე-19 საუკუნის დასაწყისში დანაშაულის მატება, შესაძლოა ურბანიზაციის ამ ნაკადს უკავშირდებოდეს.40 თუმცა ურბანიზაციის ახალ მოვლენასთან შეგუების შემდეგ, მე-19 საუკუნის შუა ხანიდან, კვლავ დანაშაულის კლების ტენდენციამ იმძლავრა, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი 100 წლის განმავლობაში ურბანიზაციის სწრაფი პროცესი მიმდინარეობდა. ხოლო მე-20 საუკუნის შუა ხანიდან, როცა დანაშაულმა თანმიმდევრული მატება დაიწყო, ურბანიზაციის პროცესი მნიშვნელოვანწილად დასრულებული იყო.

ეს ყოველივე ადასტურებს, რომ დანაშაულის დონის მატება დემოკრატიზაციის პროცესთან დაკავშირების გარეშე, საზოგადოების დროითი უპირატესობის მზარდი ხარისხი, პირადი ინტელექტუალური და მორალური პასუხისმგებლობის გაუფასურება, კანონის მზარდი უპატივცემულობა და კანონშემოქმედების მოზღვავებით გამოწვეული მორალური რელატივიზმი ვერ აიხსნება. რა თქმა უნდა, “მაღალი დროითი უპირატესობა” არავითარ შემთხვევაში “დანაშაულს” არ ნიშნავს. მაღალი დროითი უპირატესობა შესაძლოა, აგრეთვე, ისეთ კანონიერ ქმედებებში გამოიხატოს, როგორიცაა უგუნურება, უნდობლობა, ცუდი საქციელი, სიზარმაცე, სირეგვენე და ჰედონიზმი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ დროით უპირატესობასა და დანაშაულს შორის მყარი კავშირი მაინც არსებობს, საბაზრო მოგების მისაღებად აუცილებელია გარკვეული მინიმალური გეგმა, მოთმინება და თავგანწირვა: მავანმა ჯერ უნდა იმუშაოს, რომ ანაზღაურება მიიღოს.

აღნიშნულის საპირისპიროდ, ყველაზე მძიმე დანაშაულობები, როგორიცაა მკვლელობა, თავდასხმა, ძალადობა, ძარცვა, ქურდობა და ყაჩაღობა, მსგავს რუდუნებას არ საჭიროებს. თავდამსხმელის ჯილდო იმწამიერი და ხელმოსაჭიდია, მაშინ, როცა საზღაური – შესაძლო სასჯელი – სამომავლო და გაურკვეველია. შედეგად, თუკი საზოგადოების დროითი უპირატესობის ხარისხი გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ სწორედ ასეთი ძალადობრივი ქმედებების სიხშირემ მოიმატოს, როგორც სინამდვილეში მოხდა კიდეც.(41)

IV. დასკვნა: მონარქია, დემოკრატია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ

ელემენტარული ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისითა და თვალსაჩინო ისტორიული მოვლენის შუქზე თანამედროვე ისტორიის რევიზიონისტული ხედვა იკვეთება. ისტორიის ვიგებისეული თეორია, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა განვითარების სულ უფრო მაღალ და მაღალ საფეხურისკენ მიემართება, მცდარია. მათთვის, ვისაც ნაკლები ექსპლუატაცია ურჩევნია მეტს, ხოლო წინდახედულობას და პიროვნულ პასუხისმგებლობას მეტად აფასებს, ვიდრე ახლომხედველობას და მედროვეობას, მონარქიიდან დამოკრატიაზე ისტორიული გადასვლა არა წინსვლას, არამედ ცივილიზაციის დაკნინებას ნიშნავს. ეს განაჩენი არც მაშინ შეიცვლება, თუკი შეფასება უფრო მეტი ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით მოხდება. პირიქით. უდაოდ, ექსპლუატაციის და მედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ზემოთ ჯერ არ განხილულა, არის ომი. მართლაც, თუკი ეს მაჩვენებელი გათვალისწინებული იქნებოდა, დემოკრატიულ-რესპუბლიკური ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგები შედარებით უარესი და არა უკეთესი აღმოჩნდება. მზარდ ექსპლუატაციასა და საზოგადოებრივ გადაგვარებასთან ერთად, მონარქიიდან დემოკრატიაზე გადასვლამ შეზღუდული ომის ტოტალური ომით ჩანაცვლება გამოიწვია, ხოლო მე-20 საუკუნე, დემოკრატიის გაფურჩქვნის დრო, ისტორიის ყველაზე სისხლიან მონაკვეთად უნდა შეფასდეს.(42)

ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქმეთა არსებული ვითარება “ისტორიის დასასრული” იყოს. ამრიგად, ორი საბოლოო კითხვა იბადება. რას უნდა ველოდოთ? და რა უნდა გავაკეთოთ? პირველ კითხვაზე პასუხი მოკლეა. მე-20 საუკუნის დასასრულს, შეერთებულ შტატებში და მთელს დასავლეთ სამყაროში დემოკრატიულმა რესპუბლიკანიზმმა ამოწურა წარსულისგან მეკვიდრეობით მიღებული მარაგი. რეალური შემოსავლები დეკადების განმავლობაში არა თუ აღარ იზრდება, არამედ ეცემა კიდეც.(43) სახელმწიფო ვალმა და სოციალური დაზღვევის სისტემის ხარჯებმა ეკონომიკა გარდაუვალ გამოფიტვამდე მიიყვანა. ამავე დროს, საზოგადოების დაკნინებამ და შიდა საზოგადოებრივმა დაპირისპირებამ საშიშ სიმაღლეებს მიაღწია. თუკი ექსპლუატაციისა და მედროვეობისკენ მიდრეკილება შენარჩუნებული იქნება, დასავლეთის სამყაროს დემოკრატიული კეთილდღეობის სახელმწიფოები ზუსტად ისევე დაემხობიან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური სახალხო რესპუბლიკები 1980-იანი წლების ბოლოს. შესაბამისად, პასუხგასაცემი მხოლოდ მეორე კითხვა რჩება: რა უნდა გაკეთდეს ყოველივე ამის შემდეგ; ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ცივილიზაციის დაკნინება, პროცესის სრული ეკონომიკური და საზოგადოებრივი კატასტროფით დამთავრება თავიდან ავიცილოთ?

პირველ რიგში, დემოკრატიისა და უმრავლესობის მმართველობის კანონიერება უნდა გადაიხედოს. ისტორიულ განვითარებას საბოლოო ჯამში იდეები განაპირობებს, მიუხედავად იმისა სწორია ისინი თუ მცდარი. როგორც მეფეებს არ ძალუძთ თავიანთი მმართველობის განხორციელება (სანამ მათ ლეგიტიმურობას საზოგადოებრივი აზრი არ აღიარებს), ასევე დემოკრატიულ მმართველობა ვერ შენარჩუნდება, თუკი მას საზოგადოებრივი აზრის იდეოლოგიური მხარდაჭერა არ ექნება.(44) უფრო მეტიც, მონარქიული წყობილებიდან დემოკრატიულზე გადასვლა სწორედ საზოგადოებრივი აზრის ძირეული ცვლილებით უნდა აიხსნას. მართლაც, პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე, ევროპაში საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მონარქიული მმართველობის კანონიერებას აღიარებდა.(45) დღეს ასე ძნელად თუ ვინმე მიიჩნევს. მეტიც, მონარქიული მმართველობის იდეა წინააღმდეგობრივად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, “ძველი რეჟიმის” აღდგენა შეუძლებელი, ხოლო მონარქიული მმართველობის კანონიერება შეუქცევად უარყოფილი უნდა ჩანდეს. თუმცა, საუკეთესო გამოსავალი არც მონარქიის აღდგენაა. მონარქიები, თავიანთი ღირსებების მიუხედავად, ექსპლუატაციასაც ეწეოდნენ და მედროვეობასაც აღვივებდნენ. უფრო მართებულია, რომ დემოკრატიულრესპუბლიკური წეს-წყობილების წინააღმდეგობრივი ხასიათის, განსაკუთრებით მისი, როგორც დეცივილიზების წყაროდ გადაქცევის შედეგების წარმოჩენა მოხდეს.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონარქიისა და დემოკრატიისადმი პოზიტიური ალტერნატივის – ბუნებითი წესრიგის იდეის – განმარტება და გაცნობიერება მოხდეს. ერთი მხრივ, ეს გულისხმობს იმის საკმაოდ მარტივ აღიარებს, რომ ადამიანთა მოდგმის ცივილიზაციის უშუალო წყარო არა მონარქიული და დემოკრატიული ექსპლუატაცია, არამედ კერძო საკუთრება, წარმოება და ნებაყოფლობითი საქონელგაცვლაა. მეორე მხრივ, რაც ფსიქოლოგიურად უფრო ძნელად მისაღებია, იმ ძირეული სოციოლოგიური მოვლენის აღიარებას გულისხმობს (რაც უნებურად მონარქიის ისტორიული ოპოზიციის შეცდომის ზუსტად დადგენას შველის), რომ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკური საქონელგაცვლების შენარჩუნება და დაცვა ითხოვს ბუნებრივი ელიტის (ნობილიტას ნატურალის) არსებობის, როგორც სოციოლოგიური წინაპირობის ნებაყოფლობით აღიარებას.(46)

სხვადასხვა კერძო მფლობელს შორის ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ბუნებრივი შედეგი არაეგალიტარიული, იერარქიული და ელიტარული დანამდვილებით არ არის. ნებისმიერი ხარისხის სირთულის ნებისმიერ საზოგადოებაში, მრავალმხრივი ადამიანური ნიჭიერების გამო, რამდენიმე ინდივიდი სწრაფად იძენს ელიტარულ სტატუსს. მოპოვებული სიმდიდრე, სიბრძნე, სიმამაცე ან მათი კომბინაცია, ზოგიერთ პიროვნებას “ბუნებით ძალაუფლებას” სძენს და მათი მოსაზრებები და შეფასებები დიდი პატივისცემით სარგებლობს. უფრო მეტიც, შერჩევითი შეწყვილებისა და ქორწინების, აგრეთვე მოქალაქეობრივი და გენეტიკური მემკვიდრეობის კანონზომიერებების გამო, სულ უფრო მეტი ბუნებითი ძალაუფლება რამოდენიმე – წარჩინებული – ოჯახის ხელში ბუნებრივად იყრის თავს. სწორედ ამ ხანგრძლივი მიღწევებით, შორსმჭვრეტელობითა და სამაგალითო პირადი საქციელით გამორჩეული ოჯახების უფროსებს მიმართავენ ადამიანები, რომ თავიანთი უთანხმოებები და დავები გადაწყვიტონ.

მაშასადამე, ბუნებითი ელიტის სწორედ ეს ლიდერები, ჩვეულებრივ, ხელისუფლების პირისთვის სავალდებულო და დადგენილ ვალდებულებებში ჩაუხედავად და თვით სამოქალქო სამართლის ზედაპირული ცოდნის გარეშეც კი, მოქმედებენ, როგორც უმეტესწილად უანგარო მსაჯულები და მშვიდომისმყოფელები და ამრიგად, როგორც “საზოგადოებრივი დოვლათის” კერძო მწარმოებლები.(47)

არსებითად, მონარქიის ენდოგენური წარმოშობა (მისი ეგზოგენური წარმოშობისგან განსხვავებით, დაპყრობის შედეგად)(48) მისი წინმსწრები ბუნებითი წესრიგის საფუძვლად აღების გარეშე ვერ შეიცნობა. მცირე, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს, პირველქმნილ ცოდვას, მონარქიული წყობილების დამკვიდრებისკენ მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის მოვალეობების მონოპოლიზაცია წარმოადგენს. ეს ნაბიჯი გადაიდგა, როცა ნებაყოფლობით აღიარებული ბუნებითი ელიტის ერთმა წევრმა – მეფემ – საზოგადოებრივი ელიტის სხვა წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლო დაჟინებით მოეთხოვა, რომ გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში ყველა უთანხმოების შესახებ მისთვის ეცნობებინათ და დაპირისპირებულ მხარეებს მის გარდა სხვა მსაჯული და მშვიდობისმყოფელი აღარ აერჩიათ. ამ დროიდან, კანონი და მართლმსაჯულება უფრო ძვირი გახდა: იმის მაგივრად, რომ მათი შეთავაზება უანგაროდ ან ნებაყოფლობითი საზღაურის სანაცვლოდ გაგრძელებულიყო, სათანადო ხარჯების ანაზღაურება სავალდებულო გადასახადების მეშვეობით დაიწყო. ამავდროულად, კანონიერების ხარისხი დაქვეითდა: დაუწერელი კანონის შენარჩუნებისა და სამართლიანობის საყოველთაო და უცვლელ ღირებულებებზე დაყრდნობის მაგივრად, მონოპოლისტ მსაჯულს, რომელსაც გადაწყვეტილების მიკერძოებული განსჯის შედეგად კლიენტების დაკარგვის შიში არა აქვს, შეუძლია არსებული კანონი თანდათან თავის სასარგებლოდ შეცვალოს და გააუკუღმართოს.

მონარქიისადმი ისტორიული წინააღმდეგობის გაღვივებას, მეტწილად, სწორედ მართლმსაჯულების გაძვირებამ და მეფეების მიერ ძველი კანონების გაუკუღმართებამ შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზები ძირითადად დაბნეულობას იწვევდნენ, იყვნენ ისეთებიც, ვინც წინააღმდეგობას სწორედ მონოპოლიის და არა ელიტის ან წარჩინებულების არსებობაში ხედავდნენ.(49) მაგრამ მათზე უფრო მრავალრიცხოვანნი ისინი იყვნენ, ვინც ამ მოვლენას შეცდომით მმართველების ელიტარულ ხასიათს მიაწერდა და შესაბამისად, მართლმსაჯულებისა და კანონაღსრულების მონოპოლიის შენარჩუნებას იცავდა. ამასთან, მეფისა და მისი აშკარა სამეფო “ბრწყინვალების” “ხალხითა” და “უბრალო ადამიანის” სავარაუდო თავმდაბალობით და ღირსებით ჩანაცვლებას ითხოვდა.

დემოკრატიის ისტორიული წარმატება სწორედ აქედან მომდინარეობს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მონარქია იმავე საზოგადოებრივმა ძალებმა დაამხეს, რომლებიც თავდაპირველად მეფეებს აქეზებდნენ, როცა მათ კონკურენტი ბუნებითი ავტორიტეტების ჩამოშორებით, მართლმსაჯულების საკუთარ ხელში თავმოყრა დაიწყეს. კონკურენტების წინააღმდეგობის დასაძლევად, მეფეები, როგორც წესი თავს “უბრალო ხალხს” უყადრებდნენ.(50) ყოველთვის გავრცელებული გრძნობის – შურისადმი მგრძნობიარენი, მეფეები, ხალხს იაფ და უკეთეს მართლმსაჯულებას და მათივე კეთილდღეობისთვის გადასახადების შემცირებას პირდებოდნენ (მეფის კონკურენტები სწორედ გადასახადები არიან). როდესაც მეფეთა დაპირებები ყალბი აღმოჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, იგივე ეგალიტარიული გრძნობები, რომლითაც ისინი ადრე მოხიბლულნი იყვნენ, ახლა მათ წინააღმდეგ მოიმართა და შემობრუნდა. საბოლოოდ, წარჩინებულთა ძირითადი წარმომადგენელი თავად მეფე გახდა, ხოლო ყველა სხვა მსაჯულების გამორიცხვის შედეგად, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო აღზევებული და ელიტარული გამოჩნდა, ამასთან მის ქცევაში სულ უფრო მეტი და მეტი ქედმაღლობა გამოვლინდა. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ მეფობა გადავარდნილიყო და ეგალიტარული პოლიტიკა, რომელიც მონარქებმა დაამკვიდრეს, მისი გარდაუვალი შედეგისკენ განვითარებულიყო, რაც უბრალო ადამიანის მიერ მართლმსაჯულების მონოპოლიურ კონტროლს გულისხმობდა.

სავარაუდოდ, როგორც ზემოთ დეტალურად იქნა განხილული და ახსნილი, კანონისა და მართლმსაჯულების დემოკრატიზაციამ – მეფის, ხალხით ჩანაცვლებამ – მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. სამართლისა და მშვიდობის ფასი ასტრონომიულად გაიზარდა, ამავე დროს მართლმსაჯულების ხარისხი მკვეთრად დაქვეითდა და იმ წერიტილამდე მივიდა, სადაც კანონის იდეა, როგორც მართლმსაჯულების უნივერსალური და შეუცვლელი პრინციპის საფუძველი, საზოგადოებრივი აზრიდან თითქმის გაუჩინარდა და კანონის, როგორც კანონმდებლობის შედეგის იდეით (ხელისუფლების დადგენილი კანონი) შეიცვალა.

ამავე დროს, დემოკრატიამ წარმატებას იქ მიაღწია, სადაც მონარქიას მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებები ჰქონდა. ეს ბუნებითი ელიტის საბოლოო განადგურებაა. დიდი ოჯახების იღბლიანობა გაიფანტა, ხოლო მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის კულტურული ტრადიციები, ინტელექტუალური შორსმჭვრეტელობა, მორალური და სულიერი უპირატესობა დაიკარგა და დავიწყებას მიეცა. დღესაც არსებობენ მდიდარი ადამიანები, მაგრამ ისინი თავის სიმდიდრეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით სახელმწიფოს უმადლიან. ამიტომაც, ისინი ხშირად უფრო დამოკიდებულნი არიან სახელმწიფოს კეთილგანწყობაზე, ვიდრე ხალხი რომლესაც ბევრად ნაკლები სიმდიდრე გააჩნია. ისინი ჩვეულებრივ აღარ არიან ხანგრძლივად წარმატებული ოჯახების უფროსები, არამედ ე.წ. “ახალგამდიდრებულები” (‘ნოუვეაუხ რიცჰეს’). მათი ქცევა კი არ გამოირჩევა ღირსებით, სიამაყით, ან გემოვნებით, არამედ მედროვეობით დაავადებული, შემგუებლური და ჰედონისტური მასობრივი პროლეტარული კულტურის ანარეკლია, რომელსაც ახლა მდიდრები სხვებთან ერთად იზიარებენ; შედეგად, საზოგადოებისთვის მათი აზრი სხვების აზრზე უფრო წონადი აღარ არის. ამიტომაც, როცა დემოკრატიული წესწყობილება საბოლოოდ დაკარგავს ლეგიტიმურობას, დაგროვებული პრობლემების გადაჭრა იმაზე გაცილებით ძნელი იქნება, როცა თავიანთი ლეგიტიმურობა მეფეებმა დაკარგეს. მაშინ, საკმარისი იქნებოდა, რომ მართლმსაჯულებასა და მის აღსრულებაზე მეფის მონოპოლია, დამხობილიყო და კონკურენტული იურისდიქციის ბუნებითი წესრიგით შეცვლილიყო, რადგან ჯერ კიდევ არსებობდნენ ბუნებრივი ელიტის გადმონაშთები, რომლებიც შეძლებდნენ ამ ამოცანის გადაწყვეტას. ამჟამად, ეს უკვე საკმარისი არ არის. თუკი, სახელისუფლებო მონოპოლია კანონსა და მართლმსაჯულებაზე დაემხობა, მაშინ აღარ იარსებებს სხვა ავტორიტეტი, რომელსაც შევძლებთ, რომ სამართლიანობისთვის მივმართოთ და ამიტომაც ქაოსს ვერ გავექცევით.

ამრიგად, დემოკრატიის უარყოფასთან ერთად, ცენტრალური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დეცენტრალიზაციის და თუნდაც, სეცესიური საზოგადოებრივი ძალების იდეოლოგიურ მხარდაჭერასაც კი; ანუ ტენდენცია პოლიტიკური ცენტრალიზაციისკენ, რითაც დასავლეთის სამყარო საუკუნეების განმავლობაში ხასიათდება, თავიდან მონარქიული მმართველობის ქვეშ, ხოლო შემდეგ დემოკრატიის მფარველობით, აუცილებლად ძირეულად უნდა შეიცვალოს.(51) მაშინაც კი, თუ ამას ახალი ხელისუფლებების შექმნის სეცესიური ტენდენციები მოყვება, მიუხედავად იმისა, ისინი დემოკრატიული იქნებიან თუ არა, ტერიტორიულად მცირე სახელმწიფოებს შორის გაზრდილი პოლიტიკური კონკურენცია გამოიწვევს ექსპლუატაციის შემცირებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ პატარა რეგიონებში, თემებსა და ოლქებშიც იქნება შესაძლებელი, რომ რამოდენიმე პირი, თავიანთი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, გამორჩეული პროფესიული მიღწევების, მორალურად უბიწო ცხოვრების, სამართლიანი განსჯისა და გემოვნების საზოგადოებრივი აღიარების საფუძველზე, კვლავ ბუნებრივ, მსაჯულების ბუნებითი წესრიგის იდეას, ანუ კერძო სამართლებრივ “ანარქიულ” საზოგადოებას, როგორც მონარქიისა და დემოკრატიისადმი გამოწვევას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს.

Source
https://burusi.wordpress.com/2011/02/10/hoppe1/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button