სულხან-საბა ორბელიანი – გლახა და მდიდარი
ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო.
ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონა და თქვა: მივიტანო და გამოვცადო კაცი ესე თუ რასა იქმსო? წავიდა, ხუთასი მარჩილი დათვალა და ათი დააკლო. დაბეჭდა და ბანიდამ ჩაუგდო.
დათვალა კაცმან მან და ათი აკლდა. თქვა: ღმერთო, შენმც კურთხეულ ხარო! ერთი მარჩილიც გებოძა, იმასაც დავიმადლებდი, არამც თუ ეს დაგამწყრალოო.
ჩამოვიდა იგი მდიდარი კაცი და უთხრა: ჩემია, გამოგცადე. მომეც, წავიღოო!
მან შორს დაუჭირა: შენთვის არ მითხოვნია, ღმერთსა ვსთხოვე და მომცაო.
შეიცილნენ და ყადთან საჩივლელად წავიდნენ.
მან გლახამან უთხრა: მე არა მაცვია რა და შენ კარგად მორთულხარ, ეგ შენი ტყავ-კაბა მათხოვე და წამოვალო.
მან კაცმან ამდენს სიკეთეზე ისიც დაამატა, ათხოვა. ჩაიცვა, და წავიდენ ყადთან. იჩივლეს.
მერმე მან გლახაკმან თქვა: ეგ ასეთი მაცილობელი კაცია, თუ ამ ტყავ-კაბასაც არ შემომეცილება, ნახავთო!
მან კაცმან უთხრა: ახლა არ გათხოვეო?
ამაზე ყადი გაწყრა, მრავალი ჯოხი ჰკრეს, მდიდარი კაცი გააძეს. ასრე კარგი პასუხი უყო, კიდევ გაძარცვა და ათრევინა.
– კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ნუ ამბობ!