სულხან-საბა ორბელიანი – მღმერთობელი მეფე და მისი ვაზირი
იყო ერთი მეფე, ღმერთობას ჩემულობდა და ვერცა ვინ ეტყოდა, რომ ღმერთი არა ხარო.
ერთი ჭკვიანი და კარგი ვაზირი ჰყვა. მან მოახსენა: რადგან შენ ღმერთი ხარ, მაშა მე შენი ანგელოზობა მიბოძეო!
უბოძა მან ღმერთმან თავისი ანგელოზობა.
გამოხდა ხანი. უბრძანა მან ღმერთმან თვისსა ანგელოზსა: მოდი, ერთი სასწაული ვქმნათო!
მისმან ანგელოზმან მოახსენა: თუ მისმენ, უცხოსა და კარგს სასწაულს გაქნევინებო.
დაუჯერა და დააცლევინა სახლები მეფისა. სრულად ნეხვითა და ცხოვართა და ზროხათა ფაშვითა ფალანგით აავსებინა. გამოიხშა კარი. ზაფხულის ჟამი იყო.
ათი დღე დაიყოვნა. მეათერთმეტე დღეს მივიდნენ: ჩვენი ნაქმარი სასწაული ვნახოთო!
დააღეს კარები, ნახეს: სულ მატლი. ჭია და ფუნდურა დაჰხვეოდა და დია აყროლებულიყო.
მეფემან უთხრა ვაზირსა: ეს რა გვარი სასწაულიაო?
ვაზირმან მოახსენა: შენ რომ ღმერთი ხარ და მე შენი ანგელოზი, ჩვენგან ესეც დიდი სასწაულის ქმნა არის და არც უფროსი გამოგვივაო!