იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – უნებლიე მკითხავი


ერთი საბრალო კაცი იყო, ერთი ანჩხლი რძალი ჰყვა. აგინებდა რძალი იგი და ეტყოდა: წადი იქურდე, იშოვნე და მომიტანეო! 

ეხვეწებოდა იგი კაცი და დიაცი არ მოეშვა. 

დღესა ერთსა ნამტირალევი, რძლისაგან ნაცემი, ვლიდა. ნახა შვიდი აქლემი, აბრეშუმით დატვირთული. უპტრონონი იყვნეს, წაასხა და ერთს ტყეში დამალა და მოვიდა მუნვე. 

მის აქლემების მაძებარი კაცი შემოეყარა, ჰკითხა: 

– შვიდი აქლემი დავკარგე, და თუცა რამ მისი გამიგო, ერთსა რაც ეკიდოს, მოგცე! 

მან კაცმან ეგრე უთხრა: მე არ მინახავნ, მაგრამ ასეთი მეცნიერი ვარ, რომე ჩემისთანა მოგვი არ იქნებაო. 

თურე ერთი ცუდი წიგნი ეპოვნა და უბეთა შიგან ეპყრა, გამოიღო და ჩახედა, ეგრე უთხრა: შევიგენ და სხვის გზით წარუძღვა და ეტყოდა: აჰა, კაცთა მიჰყვანანო. 

ზოგჯერ რა უთხრა და ზოგჯერ რა. რა მას ადგილს მიახლოვდა, უთხრა: 

– მათ კაცთა ალღო აგვიღეს და აქლემნი დაუტევეს და თვით გაიქცნენ: ჩემმან სამისნომ ეს მამცნო. 

მიიყვანა, აქლემები აჩვენა და ერთი ტვირთი აბრეშუმი მისცეს. მოიტანა შინ. რძალმან დია დაუმადლა და ეგრე უთხრა: კეთილი მაზლი ხარ, ეგრე ჰყოფდეო! 

მას ჟამსა თურე მეფეს ერთი უსასყიდლო თვალი დაჰკარგოდა და იყო დიდი გამოძიება და ძებნა-კითხვა. მივიდა მასთანა იგი მეაქლემე და მოახსენა: 

– ძოღან თქვენი აქლემები დავკარგე და ერთი მისანია, მან მიპოვნა. 

გაგზავნეს კაცი და მსწრაფლად მოიყვანეს. დიდსა სეფესა შიგან მრავალი მისანი სხდა და ბოლოს კერძ იგი უწიგნო ახალი მისანიც დასვეს. 

ერთსა მონასა ოქროს კროჭითა რაღაც დაქონდა და იტყოდა: რომელიც ამას გამოიცნობს, ამასა შიგან რა ძეს, იგი პოვებს თვალსა მასო? 

შეიქმნა თქმულობა: ზოგმან თვალი თქვა, ზოგმან მარგალიტი, ზოგმან სხვა რამე. რა მას ახალს მისანთან მივიდა, მან საწყალმან არა იცოდა რა, ამოიოხრა და თქვა: ვაი, ჩემო რძალო, რა უბრალოდ მომკალიო. 

მან გულის მართლით თქვა და მეფეს გაეცინა: იგავით თქვაო! 

შიგ თურე მკალი იჯდა და ზმად ჩამოართვეს კაცსა მას. 

გაიყვანეს და სამეფო სამოსელი შეჰმოსეს, მეფის საწოლს დააწვინეს და მეფისავე ცხედარი დაუგეს და გარს სეფეწულნი მოუყენნეს, ესრეთ დიდი პატივი დასდვეს. იგი მისანი ამას სცდილობდა, თუცა სეფეწულთ დაეძინოსთ და მე გავიპაროო. 

თურე იგი თვალი ერთს სეფეწულთაგანსა მოეპარა და, რა სხვათ დაეძინათ, იგი მომპარავი ფერხს მოეხვია: მე მოვიპარე და ნუ გამამხელთო! 

მას კაცს დია იამა და აგრე უთხრა: 

მე დილასავე ვცან, მარა ჭაბუკობა შენი შემბრალდა და არა ვთქვიო. აწ წადი, მეფის საბატესა შიგან ერთსა ღერღეტსა ჩაანთქი და მხარი მოსტეხე, და შენ შენდა განისვენეო! 

რა გათენდა, ახალი მისანი მხიარულად ასპარეზსა შიგან დადგა. გამოვიდა მეფე და ჯარი. ჰკითხეს თვალისა. გამოიღო წიგნი, ნახა და თქვა: რაც მეფის ღერღეტნი იყვნეს, მოასხითო! 

რა მოასხეს, ნახა, იგი ნიშანი არ იყო, თურე მუნვე გაეშვათ. უთხრა მათ მომყვანთა კაცთა: ერთი მხარმოტეხილი აკლიაო. 

გაუკვირდათ ყოველთა და იტყოდენ მისთვის ქებასა . 

მოიყვანეს იგიცა. უთხრა: გაუპეთ უპე, მაგას ჩაუნთქავსო. 

გაუპეს და თვალი გამოუღეს. 

იამა მეფესა და მრავალი საბოძვარი მიანიჭა და ერთი თავისი სახედარი ცხენი, ოქროთ აკაზმული, მისცა. 

ეს კაცი თავის გაზრდაში ცხენს არა მჯდარიყო და იგი ცხენი ჩვეული იყო, რა მოედნის აქათ გამოვიდის, მეფე იქითვე თურე გაარბევდის. რა შეჯდა და გამოვიდა ამ თავსა, გაბრუნდა ცხენი იგი და გაჭენდა. მან კაცმან თავი ვეღარ დაუჭირა, შეშინდა და შექმნა ძახილი: მიშველეთ, მიშველეთო! 

რა საჯინიბოსთან მივიდა, საჯინიბო დაიქცა და მეფის ცხენები სრულიად დახოცა, და ეს ცხენიც დადგა. 

მერე მან ახალმან მისანმან თქვა: მოედანს იქით რა გაველ, ეს საქმე ვცან და ვიძახდი მიშველებასა და არავინ მიეშველენითო. 

იგი ცხენი მეფესავე მიართვა და მეფემან სხვა ურიცხვი საქონელი უბოძა. რა შინ მივიდა, აიყარა და გარდაიხვეწა. იცოდა ბოლოს მისი სიმტყუვნე სააჯმნოდ შეიქმნებოდა და მით მორჩა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button