ზღაპარისაბავშვო

ველების თაყვანისცემა – ინდური ზღაპარი

ერთ სოფელში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა. ერთხელ ის დედაკაცი სავაჭროდ მეზობელ სოფელში წავიდა და თავისი ერთადერთი ვაჟი შინ მარტო დატოვა.

სად იყო, სად არა, ქოხთან მათხოვარმა ჩამოიარა.

— ჭკუა მასწავლე და ას რუპიას მოგცემო! — სთხოვა ბიჭმა მათხოვარს. მათხოვარი დათანხმდა და უთხრა:

— ბაზარში უფულოდ ნუ წახვალ და გზას უმეგობროდ ნუ დაადგები. ვინც ამ დარიგებას შეასრულებს, მეფის ასულს შეირთავსო.

მათხოვარმა ბიჭს ასი რუპია გამოართვა და წავიდა. საღამოს, ქვრივი დედაკაცი შინ რომ დაბრუდა, შვილმა უამბო:

— დედი, დღეს ერთმა მათხოვარმა ძალიან კარგი დარიგება მომცა და სამაგიეროდ ასი რუპია მივეციო.

— ეს რა სისულელე ჩაგიდენია! ასი რუპია ქარისთვის გაგიტანებია და ეგ არისო, — გაუჯავრდა დედა.

ჭაბუკი ძალიან დაღონდა და სახლიდან წავიდა.

დაადგა თუ არა გზას, ჭაბუკს მათხოვრის სიტყვები მოაგონდა და გადაწყვიტა, მეგობრები მოეძებნა. გზაზე კიბო შემოეყარა. ბიჭმა კიბოს უთხრა:

— მოდი, დავმეგობრდეთო.

— დავმეგობრდეთო.

ჭაბუკმა აიყვანა კიბო, ნაჭერში გაახვია და უბეში ჩაისვა.

მეგობრებმა მეზობელ ქალაქში წასვლა გადაწყვიტეს. ჭაბუკი გზაში ძალიან დაიღალა და დასასვენებლად ერთი ხის ძირას ჩამოჯდა. სწორედ ამ ხეზე ერთი ყვავი ბუდობდა, ხის ძირას კი გველს გაეკეთებინა სორო. ყვავი და გველი დიდი მეგობრები იყვნენ. როგორც კი ხესთან ვინმე მივიდოდა, ყვავი დაიჩხავლებდა ხოლმე და გველს ნიშანს აძლევდა. გველიც გამოცოცდებოდა და მგზავრს გესლავდა. ასე მათ ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპეს.

ახლაც, ის იყო ჭაბუკი ხის ძირას წამოწვა, კიბო გვერდზე მოისვა და დაიძინა, რომ უცებ ყვავმა დაიჩხავლა. ჩხავილზე სოროდან გველი გამოცოცდა. ჭაბუკს უკბინა და მოკლა. მაშინ ხიდან ყვავი ჩამოფრინდა, ჭაბუკს თავზე დააჯდა და კორტნა დაუწყო. კიბომ ყველაფერი დაინახა და გამწარებული ყვავს მარწუხებით ჩააფრინდა, ყვავი აჩხავლდა და გველს უხმო:

— გამოცოცდი, ჩქარა გამოცოცდი! ეს ბიჭი გააცოცხლე, თორემ დავიღუპებიო! გველიც გამოცოცდა, ჭაბუკს ჭრილობიდან შხამი გამოსწოვა, გააცოცხლა და ისევ

ხვრელში შეძრომა დააპირა, მაგრამ კიბო ახლა გველს დაეძგერა. სწორედ ამ დროს ჭაბუკი გონს მოვიდა და თავის გვერდით ყვავი და გველი რომ დაინახა, კიბოს დაბნეულად შეხედა, კიბო კი უყვიროდა:

— რას ყოყმანობ, ესენი ჩვენი მტრები არიან, დახოცეო!

ჭაბუკმა გველიცა და ყვავიც მოკლა, გველს თავი და კუდი მოაჭრა, ყვავს — ფრთები და კიბოსთან ერთად ისევ ქალაქის გზას დაადგა. ქალაქში ჭაბუკი ერთ მდიდარ გლეხს მეველედ დაუდგა.

რამდენიმე დღის შემდეგ იმ ქალაქის ხელმწიფემ გამოაცხადა: ვინც შხამიანი გველის თავსა და კუდს მომიტანს, ჩემს ასულს იმას მივათხოვებო. ჭაბუკს გაუხარდა.

სწორედ იმ ხანებში ერთმა მენაგვემ ხის ქვეშ მკვდარი გველი იპოვა. ერთი-ორჯერ კიდევ დაჰკრა გველს, მერე ადგა და თან წაიღო. გზაზე მეორე მენაგვე შემოხვდა.

— ეჰეი, გზიდან ჩამომეცალე, ხელმწიფის სიძე გახლავარო! — შესძახა პირველმა მეორეს.

მეორეს თავისი მეგობრის სისულელეზე გაეცინა. პირველი მენაგვე კი ხელმწიფესთან გამოცხადდა და უთხრა:

— ეს გველი მე მოვკალი, მაგრამ თავი და კუდი დამეკარგაო.

ხელმწიფეს არ უნდოდა თავისი ასული მენაგვისთვის მიეცა, მაგრამ სიტყვას ხომ ვერ გატეხდა? ძალიან შეწუხდა, მაგრამ მაინც ბრძანა, საქორწილო სამზადისს შეუდექითო.

ჭაბუკმა რომ გაიგო, მეფის ასული თხოვდებაო, ხელმწიფესთან მივიდა, მორჩილების ნიშნად ხელები გულზე დაიწყო და უთხრა:

— მაჰარაჯა! მენაგვე გატყუებს, თუ მართლა გველი იმისი მოკლულია, უბრძანე თავი და კუდი მოიტანოსო!

ხელმწიფემ თავისი მსახურები იმ ხესთან გაგზავნა, სადაც გველი მოკლეს და უბრძანა: გველის თავი და კუდი მოძებნეთო. მსახურებმაც ბევრი ეძებეს, მაგრამ რაც არ იყო, რას იპოვიდნენ! სასახლეში ხელცარიელები დაბრუნდნენ.

მაშინ ჭაბუკმა უბიდან გველის თავი და კუდი ამოიღო, თან ყვავის ფრთებიც ამოაყოლა, გადასცა ხელმწიფეს და, როგორც იყო საქმე, ყველაფერი უამბო. ხელმწიფე განრისხდა და მენაგვის სიკვდილით დასჯა ბრძანა.

ამის შემდეგ ჭაბუკისა და მეფის ასულის ქორწილი გადაიხადეს. ჭაბუკმა სამუშაოს თავი მაინც არ დაანება — ქორწილის მეორე დღეს მინდორში ჩვეულებრივზე უფრო გვიან მივიდა. შეუდგა კიდეც საქმეს, მაგრამ ქალაქისაკენ მიმავალ გზას თვალს ვერ აშორებდა. ეს ამბავი მის პატრონს არ მოეწონა და უთხრა:

— ის არა კმარა, რომ დაიგვიანე, ახლა ყალთაბანდობ კიდეც! სულ ერთთავად ქალაქის გზას რას გაჰყურებო?

— სადილობის დროა. გუშინ მეფის ასულთან ვიქორწინე და ახლა ველოდები, ცოლმა ჯერი უნდა მომიტანოსო, — მიუგო ჭაბუკმა. ამ სიტყვებზე ყველას გაეცინა. მაგრამ წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როცა გზაზე მომავალი სპილოები დაინახეს. ტახტრევანში მეფის ასული იჯდა, უკან მხლებლები მოჰყვებოდნენ, მეფის ასული ტახტრევანიდან ჩამოვიდა და ქმარს ბოხჩაში გამოკრული საჭმელი მიაწოდა. მინდვრის პატრონს შერცხვა. ჭაბუკს თავისი ტანსაცმელი მისცა, თვითონ მისი დჰოტი შემოიხვია, მოუბოდიშა მეფის ასულს და ჭაბუკი გაათავისუფლა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მინდვრის პატრონის სახლში დასახლდნენ. მინდვრის პატრონი კი მეზობელ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ერთ ღამეს ხარბმა მინდვრის პატრონმა თავისი მსახურები ჭაბუკის მოსაკლავად გაგზავნა. ეს რომ ჭაბუკმა დაინახა, გველის თავი და კუდი ისე მიადო ერთმანეთს, რომ გველი გაცოცხლდა, გველმა მინდვრის პატრონის მსახურები დაგესლა და ახლა ჭაბუკს მიუბრუნდა, უნდოდა მისთვისაც ეკბინა, მაგრამ ჭაბუკმა უთხრა:

— თუ არაფერს დამიშავებ, ღვთაებასავით თაყვანს გცემო!

გველმა ირწმუნა ჭაბუკის სიტყვები და იმ დღიდან ადამიანებმა გველის თაყვანისცემა დაიწყეს.

ხელმწიფემ დიდძალი ავლა-დიდება უბოძა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს და ისინიც მეფის სასახლეში ბედნიერად ცხოვრობდნენ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button