პოეზია

კაცუშიკა ჰოკუსაი – “ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი”

ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი წარმოადგენს კლასიკური იაპონური ტანკების კრებულს, რომელიც შედგენილ იქნა 1235 წელს.

ლექსი I

იმპერატორი ტენჩი ტენო (628-681)

ჭილოფის უხეში ქუდი იფარავს გლეხებს,
წვიმიან შემოდგომით ბრინჯის ყანაში გასულთ.
მოსავლის საბინაო ქოხს შევაფარე თავი,
გავცქერი ყანებს, წვიმა სახურავს ატანს და ვფიქრობ:
ჩემი სახელოებიც გაილუმპა მწვეთი ნამით.

ჰოკუსაის სიტუაციური ლექსი:

მე იმპერატორი ვარ. მე წავედი იქ სადაც ჩემი გლეხები მუშაობდნენ. მოვძებნე თავშესაფარი, სადაც ბრინჯის მოსავალს ინახავენ. შემოდგომის წვიმა ატანს ჭილოფის უხეშ სახურავს, დამისველდა სამოსი. ბუნება ელოდა, რომ ესწავლებინა ჩემთვის ეს გაკვეთილი.

ჰოკუსაის კომენტარები:

იმპერატორის სურვილი იყო მოენახულებინა თავისი გლეხები რომ სიმბოლურად მიეღო მონაწილეობა მათ მძიმე ხვედრში. სველი სახელოები ნიშნავს, რომ იმპერატორმა თანაგრძნობის ცრემლები მოიწმინდა. ნახატზე გამოსახულია ბრინჯის ველები, გლეხები და მოსავლის შესანახი ქოხები. ძნელია თავი შეაფარო ქოხს.
ეს ერთ-ერთი სურათია, სადაც არ არის გამოსახული ჰოკუსაის მონათხრობი ამბავი, მაგრამ მოიცავს მას. აქ არ არის არც იმპერატორი, არც მისი სტუმრობის კვალი, არც წვიმა და არც ცრემლები.

შენიშვნა:
შესაძლოა ჰოკუსაიმ იცოდა ნამდვილი ისტორია. იმპერატორი ტენჩი ზრუნავდა თავის ხალხზე, მან შემოიღო პირველი სამოქალაქო კოდექსი. ჰოკუსაი გვიჩვენებს მდიდარ და მოსავლიან მხარეს, გლეხები შესანიშნავი სამოსით არიან მოსილნი, თითქოს მდიდრებად გვეჩვენება. სამოქალაქო კოდექსის შემოღება აწესრიგებს და აუმჯობესებს ხალხის მდგომარეობას. ამიტომ იმპერატორის ყოფნა სურათზე სულაც არაა აუცილებელი, მისი არსებობა ნახატზე მის მიერ მიღებული სამოქალაქო კოდექსით გაუმჯობესებული ხალხის მდგომარეობაში აისახება.

ლექსი I, იმპერატორი ტენჩი ტენო (დააწკაპუნე)

ლექსი I, იმპერატორი ტენჩი ტენო

_____________________________________________

ლექსი 2

იმპერატრისა ჯიტო (645-702)

თარგმანი ირმა რატიანისა

მიილია გაზაფხული, ფირუზით დაფერილი,
ზურმუხტისთვალება მობრწყინდა ზაფხული,
ამა ნო კაგუს მწვერვალზე გაფრენილი
ციური ანგელოზი, მზექალი ფრთასხმული,
მოსასხამს სპეტაკს აშრობს ასული…

ჰოკუსაის სიტუაციური ლექსი:

ზამთრის ტენინან ამინდში არასოდეს გაშრება ჩვენი სამოსი. ისინი ლპებიან და აქოთებულან. მაგრამ გაზაფხულის პირველ თბილ დღეს მას ვრეცხავთ მდინარეში, შემდეგ ვაფენთ მთის კალთებზე. ვაშრობთ სელს. ამ მზით დაფერილ „სულთა ციურ მთაზე“, როგორც მას ჩვენი წინაპრები ეძახიან, იგრძნობა შმორის სუნი.

ჰოკუსაის კომენტარები:

სურათზე „სულთა ციური მთა“ და უცნობი კაცის თეთრ უკანალი ქმნის ერთ ღერძს. უცნობის უკანალი წარმოადგენს ციური სულების წყაროს. მთა ღმერთთა სამყოფელია. ღმერთების გაკეთებულ საქმეს ცუდი სუნი არასოდეს არ სდის, ჩვეულებრივი ადამიანები კი ვერასოდეს გავექცევით სიბინძურეს. სურათზე, როგორც ჩანს, ეს ორი კაციც აბინძურებს ზღვას და ცუდ სუნსაც სტოვებს. სოფელში სელი შრება. ეს სუნიც აქოთებულია, მაგრამ გლეხებს არ აქვთ არანაირი სხვა არჩევანი.

ჰოკუსაი ისევ გვიჩვენებს კონტრასტს ღმერთთა იდეალურ სამყაროს, მაღალ პოეზიასა და ცხოვრების რეალურ ფაქტებს შორის

იმპერატრისა ჯიტო

ლექსი 2, იმპერატრისა ჯიტო (დააწკაპუნე)

___________________________________________________________________________

ლექსი 3

წარჩინებული კაკინომოტო (VIII საუკუნის დასაწყისი)

თარგმანი ირმა რატიანისა

ო, რა გრძელია ქარვისფერი ხოხობის კუდი –
ლერწმის ტოტივით იდრიკება მაღლა ფრენისას,
მაგრამ, გარინდულს მიუსაფარ მარტოობაში,
მე მაკრთობს ფიქრი:
მასზედ გრძელი და უსასრულო არის ეს ღამე…

მძიმე ფიქრები მომდევენ უსაზღვრო მარტოობის ღამეს, ფარშავანგის გრძელ კუდს რომ მიაგავს და არაფრით განსხვავდება დაღლილი ქარისგან, რომელიც კვამლის კუდს მიაქანებს ჩემი ცეცხლისგან და არაფრით განსხვავდება თევზის საჭერად გადაგდებული მოუხერხებელი მეთევზის ბადისგან.

33

ლექსი 3, წარჩინებული კაკინომოტო

_________________________________________________________________

ლექსი 4

აკაპიტო იამაბე (VII-VIII საუკუნის მიჯნა)

თარგმანი ირმა რატიანისა

მძიმე ნაბიჯით მივუყვები ხრეშიან ბილიკს
ტაგოს ფიქრივით ჩამონისლულ სანაპიროზე,
ცოდვილი სულის სინანული, ფარფატებს ფიფქი
და, ვერცხლის თაღი, ცის ტატნობზე ელავს ყინული –
ამაყი ფუჯი, გარინდული თოვლთა ფანტომში…

ლექსი 4, აკაჰიტო იამაბე

_________________________________________________________________________________________________________________

ლექსი 5

სარუ მარუ (VIII ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

…მე გავიგონე ირმების ნაღვლიანი ბღავილი
შორს… იმ მაღალი მთის ფერდობიდან…
თავაწყვეტილი ქარი კი ღმუის…
ღმუის და შორით მიაქროლებს ნეკერჩხლის ფოთლებს,
შემოდგომის ამ სევდიან მოციქულებს…

51

ლექსი 5, სარუ მარუ

_______________________________________________________________________________

ლექსი 6

იმპერატორის მრჩეველი იაკამოჩი (VIII ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა…
დგება ნათელი…

ლექსი 6. იმპერატორის მრჩეველი იაკამოჩი

________________________________________________________________________________________________________

ლექსი 7

ნაკამარო აბე (VIII ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

მოხეტიალის დაჟინებით შევცქერი ზეცას,
მოუსვენარი მაკრთობს ფიქრები…
კასუგას ზართა სანუკვარი ჩამესმის რეკვა
და მელანდება მოლანდებით განსაცვიფრებით,
მთვარის ნათელი, დაფენილი მიკასას მთაზე…

ლექსი 7, ნაკამარო აბე

__________________________________________________________________________

ლექსი 8

ბერი კისენი (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

დედაქალაქთან ვცხოვრობ ახლოს, მაგრამ – ეულად,
სამხრეთულ ქარებს მინდობილი ღატაკი ქოხი
მწუხარე უჯის კალთაზე მაქვს წამომართული,
და ამბობს ხალხი, ქვეყნიური ზრუნვით გართული,
“უჯის მთასავით მწუხარეა ბერის ცხოვრება”…

ლექსი 8, დააწკაპუნე

_________________________________________________________

ლექსი 9

კომაჩი ონო (834-880)

თარგმანი ირმა რატიანისა

გაივლის დრო და –
ჩამოჭკნებიან ულმობლად ეს ყვავილები,
დროს გადაჰყვება დაუნდობელს მათი სიტურფე…
მეც ჩამოვჭკნები,
ჟამთა დინება გაახუნებს ჩემს სილამაზეს…

ლექსი 9, კომაჩი ონო, დააწკაპუნე

________________________________________________________________

ლექსი 10

სემი მარუ (X ს)

თარგმანი ირმა რატიანისა

ხეტიალისგან დაღლილი მგზავრი
თუ მეგობარი სათნო ღიმილით,
ყველა გამვლელი, მოხვედრილი ოსაკას მთაზე,
ჩემს ქოხმახს სწყალობს:
ისვენებს ჩრდილში, სულს იბრუნებს და მიდის გზაზე…

ლექსი 10, სემი მარუ, (დააწკაპუნე)

_________________________________________________________________________

ლექსი 11

საიდუმლო მრჩეველი ტაკამურა

თარგმანი ირმა რატიანისა

მებადურებო, გევედრებით, ნუ თვლემთ ნავებში!
მომაპყარით წყალობის თვალი!
ამცნეთ მეგობრებს, შინ დარჩენილთ, რომ განდევნილი,
იასოშიმაში მომიყვანეს კუნაპეტ ღამით,
ეულ კუნძულზე, სად შეშლილი ღელავენ ზღვები…

ლექსი 11, საიდუმლო მრჩეველი ტაკამურა (დააწკაპუნე)

_______________________________________________________________________________

ლექსი 12

ეპისკოპოსი პენჯო (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

თავაწყვეტილო, ურჩო ქარო! ო, გევედრები!
სწრაფად მოკრიბე ნაცრისფერი, კუშტი ღრუბლები!
ვინძლო ასულთა,
ანგელოსებს რომ ჩამოჰგვანან ასე ძალუმად,
შორს გასაფრენად არ აშალონ ციური ფრთები…

ლექსი 12, ეპისკოპოსი პენჯო

____________________________________________________________________________

ლექსი 13

გადამდგარი იმპერატორი იოძეი (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

მინას ჩანჩქერი, გადმომსკდარი ცუკუბას მთიდან
ჩემს სიყვარულს ჰგავს –
მღელვარე წყალი
მქუხარე ზათქით ეხეთქება კუნაპეტ მორევს,
ჩემი გულივით ბნელს და იდუმალს…ლექსი 13, გადამდგარი იმპერატორი იოძეი

ლექსი 13, გადამდგარი იმპერატორი იოძეი

_________________________________________________________________________________

ლექსი 14

მარცხენა მხარის მინისტრი კავარა (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

გზადაბნეული და მშფოთვარე ჩემი ფიქრები
დაუნდობელად აწეწილი სიყვარულისგან,
აბრეშუმს მოჰგავს მოჯი-ძურის,
ჭრელს და დახლართულს,
სულის ყალიბად დამზადებულს მიჩინოკუში…

ლექსი 14, მარცხენა მხარის მინისტრი კავარა (დააწკაპუნე)

_____________________________________________________________________________________

ლექსი 17

მინისტრი ნარიჰირა არივარა (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

მდინარე ტაცუტა, დაბინდული და მეწამული,
ჟღალად დაღვრილი ნეკერჩხლების ფოთოლთა სევდა,
მოღელავს მშვიდად, გარინდებით,
რომ თვით ღმერთებსაც
დაუტკბოს გული იდუმალმა მისმა სიმღერამ…

ლექსი 17, მინისტრი ნარიჰირა არივარა (დააწკაპუნე)

________________________________________________________________________________

ლექსი 18

მინისტრი ტოშიიუკი ფუჯივარა (880-907 წ.წ)

თარგმანი ირმა რატიანისა

სუმი-ნო-იეს ბნელით მოცულ სანაპიროზე
გამწკრივდებიან ღამეული სველი ტალღები,
სიზმრისეული ბილიკებით დავივლით კლდეებს,
კლდეთა დუმილში აბეზარ თვალს დავემალებით,
მერწმუნე, ვერვინ ამოიცნობს მიჯნურთა საფარს…

ლექსი 18, მინისტრი ტოშიიუკი ფუჯივარა (დააწკაპუნე)

_________________________________________________________________________________

ლექსი 19

პრინცესა ისე (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

ო. ღმერთო ჩემო,
მინდა მჯეროდეს,
რომ განშორება გულისსწორთან მოკლეა ისე,
ვით ბამბუკების ტანად ჯუჯა ლერწამ-ხლართები,
ნანივას ქვებით გადაკირწყლულ სანაპიროზე…

ლექსი 19, პრინცესა ისე (დააწკაპუნე)

____________________________________________________________________________

ლექსი 20

ტახტის მემკვიდრე მოტოიოში (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

ჩვენ მხოლოდ წუთით შევიყარეთ
და კვლავ დავშორდით –
ისევ მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან, უცხო, ეული…
თუკი ვერ გნახავ, სანატრელო, რაღად ღირს ყოფა,
მიჯობს ბობოქარ ტალღებს შევრთო ტანჯული სული…

ლექსი 20, ტახტის მემკვიდრე მოტოიოში (დააწკაპუნე)

________________________________________________________________________

ლექსი 21

ბერი სოსეი (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

მთვარე – სადაფი, მოელვარე ღამეულ ცაზე,
კვლავაც კიაფობს შემოდგომის ნისლიან დილით,
მე მოუთმენლად ველოდები ნაცნობ ნაბიჯებს
და, ძილგატეხილს, მაგონდება, რასაც დამპირდი:
“ზმანება, ცხადად ახდენილი, მე მოვალ შენთან”…

ლექსი 21, ბერი სოსეი (დააწკაპუნე)

____________________________________________________________________________

ლექსი 22

იასუჰიდე ბუნია (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

თავაწყვეტილი მოქრის ქარი მთის ფერდობიდან,
ქარი შემოდგომის – ჰურიკანე – ცივი და ჩქარი,
აფთრული ჟინით ეძგერება უნაზეს ლერწმებს,
გლეჯს, ეჭიდება, აბზრიალებს ღონიერ მკლავით
და ხელაღებით მიმოაბნევს შემცივნულ ველზე…

ლექსი 22, იასუჰიდე ბუნია

_________________________________________________________________

ლექსი 23

ჩისატო ოე (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

შემოდგომის ამ სევდიანმა, მჭმუნვარე მთვარემ,
ო, რა ძალუმად დაიმონა ჩემი ფიქრები,
ჩემი და სხვათა, მათი, ვისაც სტანჯავდა დარდი…
თითქოს ფერმკრთალი, უჩვეულოდ თხელი თითებითგ
მთვარემ სამყარო გადაბურა პირქუშ სუდარით…

ლექსი 23, ჩისატო ოე (დააწკაპუნე)

_____________________________________________________

Source
https://burusi.wordpress.com/2011/03/19/katsushika-hokusai-2/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button