პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – შენს ფენილზე მიდი-მოდის
შენს ფენილზე მიდი-მოდის
ათასგვარი მგზავრი,
მიაქვს-მოაქვს მრავალ შფოთის
ოცნება ან ჯავრი.
ყოველნაირს იტანს ტეხილს
შენი გული ლოდის,
ზოგი ეტლით, ზოგი ფეხით…
ფოსტაც მიდი-მოდის.
მიაქვს, მოაქვს ბარათები
შენს სივრცეებს მარადს,
მხოლოდ ბეკს რა ემართება? –
ვერ ეღირსა ბარათს.
ელის, როგორც ამოხეთქვას,
ელის, როგორც მადანს,
მაგრამ მცირე რამე ფეთქვა
იმამდე ვერ ატანს.
საყვარელ გულს შენ აშორებ
და მის გულსაც ბზარავ,
ბერლინამდე ვარშავიდან
მიმავალო შარავ!