აკაკი ბელიაშვილი – დაკარგული წიგნი
შაჰ-თამაზის შუბლზე ასპიტის თვალივით ელავდა კვერცხისოდენა ალმასი. ირანის მბრძანებელი ყოველთვის მზის პირდაპირ დგებოდა, რომ ალმასიდან შადრევანივით ანაფრქვევი სხივებით ქვეშევრდომთათვის თვალი მოეჭრა. ამიტომ მრისხანე ყაენს ვერავინ უმართავდა თვალს და ყველანი, მდაბიონი და დიდებულნი, ყოველთვის დამხობილნი იყვნენ მის წინაშე.
ახლაც, მუხლებზე დაშვებული, მისი ერთგული ქაიხოსრო ათაბაგი რიდითა და კრძალვით მოახსენებდა:
– აი იმ კლდეებში, რომელთაც ანათებს შუქნი თქვენი თვალისა, იმ კლდეებში, რომელთ ეწოდება ვარძია, არს საგანძური უამრავი. და არს იმ კლდეებში სენაკები რიცხვით ათასამდე და ტაძარი გამოკვეთილი იმავე კლდესა შიგან, შემკული მრავლის ხატითა, ოქრო-ვერცხლითა და თვლებით პატიოსანით. და აქვს ციხესა მას ორი ბჭე რკინისა და ერთიც მთლიანად ოქროსი ნაჭედი დიდის ხელოვნებითა და ოსტატობითა, რომელზე გამოკვეთილ არს სახე თამარისა და მამისა მისის გიორგისა. ხოლო ამჟამად ციხესა შინა იმყოფებიან მცირედისა ჯარითა პატრონნი ლორისა და ბამბაკისა. დაუძინებელნი მტერნი თქვენისა მზეებრ სხივოსნობისა – შერმაზან და ვახუშტ დიასამისძენი.
შაჰ-თამაზი უსმენდა და წარბებშეკრული გასცქეროდა ვარძიას. მას გვერდით უდგნენ სარდლები – ისმაილხან და სახეგაჩეხილი სელიმხან. მათ შემდეგ მორჩილად თავდახრილნი იდგნენ: ბეგლარბეგნი შაქ-შირვანისა, შამშადილისა, რანისა და პატრონ-მპყრობელი ჰერეთ-კახეთისა ლევან. უფრო მოშორებით კი მობიბინე ველზე გაშლილიყო ყიზილბაშთა ლაშქარი, საპალნიანი ცხენებით და ბარგი-ბარხანით დატვირთული უამრავი აქლემით. ლაშქარს დაღლა ეტყობოდა. შაქიდან ისინი პირდაპირ ხერთვისისაკენ დაიძრნენ და გზად მხოლოდ ღამის გასათევად ჩერდებოდნენ. და აი მზე უკვე დასავლეთისაკენ გადახრილიყო, როდესაც მათ წინაშე, მტკვარს გაღმა, წამოიმართა კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. ლაშქარი შედგა და ყაენი წავიდა წინ სარდლებთან ერთად.
კარგა ხანს თათბირობდა შაჰ-თამაზი დიდებულებთან და გასცქეროდა ვარძიას. ბოლოს სელიმხანმა რაღაც უბრძანა ეტიკს, რომელიც სწრაფად მიბრუნდა, ძუნძულით გაიქცა ლაშქრისაკენ და ხმამაღლა დაიძახა:
– კარვები გაშალეთ, ბანაკად ვდგებით!
მეომრები აიშალნენ, აქლემები დააჩოქეს, ცხენებს საპალნეები მოხსნეს და აბიბინებული მინდორი მალე მოიფინა ათასგვარი კარვით. ბანაკის შუაში აიმართა ყაენის დიდი კარავი დარბაზით, პატარა ოთახებით, დაფენილი თექის ხალიჩებით და გადატიხრული ყალამქრებით. კარვის თავზე აფრიალდა ყაენის ალამი.
ყაენი მობრუნდა, დიდებულებთან ერთად კარავში შევიდა. ტახტზე შესკუპებული მოშინაურებული მაიმუნი ხელის ქნევით ძირს ჩამოაგდო, დაჯდა და დიდებულებს მიმართა:
– ციხე ესე და ქვაბნი მიუვალად ჩანს. თუმცა არ არის რა ამა ქვეყნად მტკიცე ისეთი, რომელიც წინა აღუდგეს ჩემს ძლიერებას, მაგრამ გვიჯობს წარვუგზავნოთ მათ უსტარი, რათა ნებით მოვიდნენ კარავსა ჩემსა ხარაჯითა და მმორჩილებდნენ, ხოლო რისხვა ჩემი შევუცვალო მათ წყალობად.
უკანასკნელ სიტყვაზე შაჰს თვითონ გაეღიმა. დიდებულები მიხვდნენ და ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ყაენმა მიმოიხედა და ვიღაცას თვალით ძებნა დაუწყო.
– ზიადოღლ-შავერდ-სულტან-ნადარხან-უსტაჯარლუ, წინ წამოდექ!
დიდებულთა წრე გაირღვა და შაჰის წინ წარსდგა დაბალი და ჯუჯა კაცი, საოცრად განიერი მხრებით და ო-სავით მოგრეხილი ფეხებით. ყბებზე წვერი არ ჰქონდა, ხოლო ულვაშები ტუჩის ბოლოებზე მიჰკროდა. ზიადოღლიმ დაიჩოქა და შუბლი ნოხზე დაადო.
– შენ გავალებ ამ ქვაბების აღებას, – მიმართა შაჰ-თამაზმა და ზევიდან ოდნავ დახედა, – მიუვალ კლდეებში გამოცდილი ხარ და უძლევი, ხოლო ჯილდოდ მიბოძებია შენთვის ულამაზენი ქალნი, ამ ქვეყნის პატრონთა ნათესავნი, რომელნი იმყოფებიან ქვაბსა ამას. ამჟამად ჯარი დააწყვეთ, საბრძოლად იყავით მზად და დილისათვის ელოდეთ ჩემსა ბრძანებას.
ზიადოღლი ფეხის წვერებზე ემთხვია შაჰს და მაშინვე გავიდა.
– მდივანბეგო, დასწერე უსტარი! – უბრძანა ყაენმა მაღალსა და უცნაურად სახეგაყვითლებულ კაცს, რომელმაც მაშინვე მოიკეცა, გულზე ჩამოკიდებული სამელნე შეისწორა, ქაღალდი გაშალა და ფრთა მოიმარჯვა.
„მე, შაჰ-თამაზი, ყოვლისა ცასა ქვეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ანგელოზთასა, თანამდგომი ღვთისა, მოვლინებული დიდისა ალაჰისაგან, მოგიმცნობთ თქვენ, უსჯულოთ ლორისა და ბამბაკის პატრონთ შერმაზან და ვახუშტ დიასამიძესთ, აწ მე მოვალ, რათა განგწვართოთ თქვენ და ყმანი თქვენნი, არა ოდეს აღებად ხრმლისა, რომელი ღმერთსა ჩვენთვის უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმა უწინარეს ამა უსტარის მიღებისა, თაყვანი მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰმადმოციქულისა და უარყოს სჯული თვისი, და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემისა ლეწად ჯვარისა, რომლისა მიმართ დაგიცსთ ცუდი სასოება“.
ყაენმა ცერზე წამოცმული დიდი ბეჭედი დაასვა უსტარს, თვალი გადაავლო, დაახვია და გადასცა შიკრიკს.
შიკრიკი გაიქცა ქვაბებისაკენ.
შაჰი ადგა, დიდებულებთან ერთად კარვიდან გამოვიდა და თავისი შუბლის დიდი ალმასის შუქი ვარძიის კლდეებს შეანათა.
ვარძიის თავზე მზე ჩადიოდა.
* * *
სენაკებში, გასაოცარი სიჩუმის შემდეგ, უცბად ატყდა ყურთწამღები ყიჟინა, კივილი, შეძახებები და ჩახაჩუხი. შაჰმა დაამთავრა კლდეებში გამოკვეთილი ქალაქის დათვალიერება, თავის კარავს მიაშურა, და ყიზილბაშები შეუდგნენ ვარძიის ქონების საპალნეებად შეკვრას. ყაენმა ბრძანა, რომ მთელი ავლადიდება მის სალაროში წაეღოთ. როდესაც ბრძოლის შემდეგ დაღლილი და სისხლში მოსვრილი მეომრები ყაენთან გამოცხადდნენ, მათ გაოცებით უამბეს შაჰ-თამაზს ზღაპრული მშვენება ქვაბებისა. მაშინ შაჰი თვითონ წაბრძანდა ამ მშვენების სანახავად. ყველა სენაკი დაიარა და აღტაცებულმა ქაიხოსრო ათაბაგს თავისი ხალათი და ლორი-ბამბაკის პატრონობა უწყალობა.
შემდეგ მეომრებმა თავიანთი მკვდრების გატანა დაიწყეს. მზის ჩასვლამდე ეზიდებოდნენ მკვდრებს და ვარძიის ალაფს. მკვდრები ასპინძისაკენ ჩაჰქონდათ და იქ მარხავდნენ. ხოლო საპალნეებად შეკრული განძეული მიჰქონდათ ყაენის კარავთან და იქ აწყობდნენ.
გულზე სამელნეჩამოკიდებული მდივანბეგი მთელ დღეს დადიოდა სენაკებში და განუწყვეტლად წერდა, ადგენდა ნაალაფევის სიას, რომ არაფერი დაკარგულიყო და მთელი განძი უკლებლად მირთმეოდა ყაენს:
„ციხის შუაგულს არს ათი ადლი ქვა ოთხკუთხივ მოგრძო ერთი ქვისაგან გათლილი და შიგნით და გარეთ ამისი კედელი, ოქროს და ლაჟვარდის სახენი კაცისა და ანგელოზისა მოჭედილნი, სულ სამოცდაორი მოვხსენით კედლებსა მას, თუმცა ლაჟვარდი დაიმსხვრა სრულად და ოქრო იგი შთავდევით საპალნესა ა“.
„ერთი ოქროს ხატი კაცის სახითა, აგებული, ტახტზედან აყუდებული, მურასათ მოჭედილი, მრავალი ძვირფასი თვალ-მარგალიტი მასზე მსხდომარე და ორის ლალით თვალთა ნაცვლად, რომელ ჯუჰაირის მცნეთ თითო ორმოცდაათ თუმნათ დააფასეს, კიდევ ხუთი დიდი ხატი ოქროსი და ორმოცდაათი ვერცხლისა შთავდევით საპალნესა ბ“.
„მურასად ნაჭედნი მცირედნი ხატნი ოქროსი სამას სამოცდახუთი შთავდევით საპალნესა გ. დ. ვ. ზ“.
რკინის ორი ბჭე მოხსნეს და პირდაპირ აჰკიდეს აქლემებს. ოქროს ბჭე კი პატარა ნატეხებად აქციეს და საპალნედ შეჰკრეს. სამოცდაათლიტრიანი ჩამოსხმული სარეკლის წაღება არ მოხერხდა. ჩამოაგდეს და დაამტვრიეს. მდივანბეგი კი წერდა და წერდა სიაში ოქრო-ვერცხლის მოკაზმულობას, მურასა ხატებს, კანდელებს, ოქროსა და ვერცხლის მძიმე შანდლებს, ოსტატურად ნაჭედ სურებს, მინანქრიან თასებს, ოქრომკერდით ნაქარგ სამოსელს, სასაკმეველს და მოფენილობას, ქირმანის ხალიჩებს, ტრაპეზის შემკულობას, დროშებს და სიასამურის და კვერნის ბეწვეულს. ხუთასი საპალნე შეიკრა იმ დღეს და მდივანბეგი დარეტიანებული დალასლასებდა საკნიდან საკანში, ტაძრიდან ეკვდერებში და განუწყვეტლად ადგენდა სიას. ბანაკიდან სურა ამოუტანეს და დაცარიელებული პატარა სამელნე ორჯერ აუვსეს.
როდესაც ჯერი წიგნებზე მიდგა, მდივანბეგს არაქათი აღარა ჰქონდა და ღონემიხდილი დასასვენებლად ჩამოჯდა. სათითაოდ მათი ჩაწერა ვეღარ შესძლო და მითვლით დაიწყო ჩაბარება. მაგრამ შემდეგ იმ იმედით, რომ წიგნს მაინც არავინ მოიპარავსო, ბრძანა, პირდაპირ ჩაეყარათ უზარმაზარ ხურჯინებში. სიაში კი ჩასწერა: „წიგნები მრავალი და მრავალი, სულ ათორმეტი საპალნე“. ბოლოს ადგა (დანარჩენის შესრულება უკვე ყორჩიბაშის საქმე იყო) და ლასლასით გაემართა ბანაკისაკენ, სადაც ყაენს ნადიმი ჰქონდა გამართული.
მონებმა წიგნებიც საპალნეებად შეჰკრეს და ვიწრო ხვრელში ფრთხილად დაუწყეს ჩატანა. ერთი საპალნე მოსახვევში გაეჭედათ. ბევრი ჯაჯგურისა და წვალების შემდეგ საპალნე როგორც იქნა დასძრეს ადგილიდან, მაგრამ ამ წვალებაში გაიხსნა საპალნის ერთი მხარე, საიდანაც კარგა მომსხო წიგნი გამოვარდა, სიპზე დაცურდა, სარკმელში გაძვრა და ფრიალო კლდეზე გადაეშვა. ყორჩიბაში შეშინდა. წიგნს დასაჭერად გამოედევნა, სარკმელში გაიხედა და კლდეზე გადაეკიდა, მაგრამ გვიან იყო: წიგნი აღარა ჩანდა, დაკარგულიყო. ბოლოს ყორჩიბაშს გაახსენდა, რომ წიგნები მდივანბეგს მითვლილი არ ჰქონდა. ხელი ჩაიქნია და ისევ საპალნეს მიუბრუნდა. შაჰი წიგნის დაკარგვას ვერ გაიგებდა და ყორჩიბაშს თავი ისევ შერჩებოდა მხრებზე.
შემდეგ დაცლილ სენაკებს ნამუსრევის მომლოდინე მეომრები შეესივნენ და ხელიდან ჰგლეჯდნენ ერთმანეთ მკვდრების ტანსაცმელს, იარაღის ნამსხვრევებს, რკინის შუბისთავებს, ფქვილით სავსე კოდებს, სპილენძის თუნგებს, გამჭვარტლულ საკიდლებს და ხახვისა და ნივრის გალებს.
ბოლოს ბანაკიდან მოისმა ბუკის ხმა და ყველამ დატოვა სენაკები.
ყაენმა ბრძანა აშლილიყვნენ.
ბანაკი აფუსფუსდა. აიშალა და გორგალივით დაიხვა. შემდეგ ატრიალდა, ურჩხულივით შლა დაიწყო, ერთი თავით ზანტი ზლაზვნით გზაზე შეცურდა, გაიბაწრა, სრიალითა და კლაკვნით შეუყვა გორაკებს, სერზე თავი აიქოჩრა, თავისი ათასფრად აჭრელებული ზურგით გამძღარი უნასივით ზანტად გადაცურა მთის გადაღმა და თვალთაგან მიეფარა.
* * *
ქარმა, ჯავახეთის კლდეებში მონავარდე ქარმა, საჯიხვეებზე დაისისინა. შემდეგ ქედს გადაევლო, ტყეებს თავზე გადაურბინა, თმა აუფორიაქა და გაშლილი აფრებით ჭალაში გადაკლაკნილ შარას დააცხრა. სტვენით გაიქროლა, მტვერი აიხვეტა, ააბურთავა და, ცარიელ სენაკებს რომ შეასკდა, კივილი მორთო. გაუკვირდა, რამდენჯერ მიხეთქებია ამ ქვაბებს, მაგრამ კარი ყოველთვის დახშული ხვდებოდა. გააფთრებული ეპოტინებოდა კლდეებს. ფრთებს სცემდა ბჭეებს. სამრეკლოს თაღში თავშერგული გამწარებით ღმუოდა, ხანდახან ზარის თოკსაც დაეხვეოდა. ჩამოჰკრავდა, მაგრამ კარს არავინ უღებდა. მაშინ გამძაფრებული ბრუნდებოდა უკან და ასწლიან მუხებს ეჭიდებოდა. გააფთრებული უგრეხავდა ტოტებს. მიწამდე დრეკდა მათ კენწეროებს და შვილდივით დაჭიმული ხეებიდან ასხლეტილი მიქროდა მაღლა და ცას აყრიდა გამხმარ ნეშოებს.
ახლა კი ქვაბის კარი ღია დაუხვდა და ფრთებგაშლილი შევარდა შიგნით. რამდენიმე სენაკი ქშუილით გაირბინა, შემდეგ ისევ გარეთ გამოვარდა და ველებს გადაჰკივლა. ხმა რომ არავინ გასცა, გაშმაგებული მიბრუნდა და თმაგაწეწილი ისევ სენაკებში შევარდა, ზევით ზირბინა. ვიწრო ხვრელებში კვნესით გაძვრა და ტაძარში შევარდა. კივილით შემოეხვია ჩუქურთმიან სვეტებს, იატაკზე დაყრილი ნაგავი ააფორიაქა, გულაღმა დაყრილ დახოცილ მეომრებს სახეებზე გადაურბინა და იქიდან თაღს შეასკდა. არასოდეს მას არ უგრძვნია ამდენი თავისუფლება და სიხარული. მარტოდმარტო იყო ამ ტაძარში, ამ სენაკებში და სიხარულით ცეკვავდა, სტვენდა და ყვიროდა. ფრთებს აფრიალებდა და ხარხარებდა, გაბმულად ხარხარებდა. ერთხანს ბავშვივით ათამაშა რაზამოგლეჯილი კარი, აქეთ-იქით არახუნა. შემდეგ თითქოს გაბრაზდა, მძლავრად დაეჯახა, გაგლიჯა, გარეთ გავარდა, კლდეზე ფრთებით ჩამოეკიდა და ქანქობა დაიწყო. მოულოდნელად რაღაც პატარა საგანს გაედო. მიტრიალდა და უფრო მძლავრად გაუქროლა. ადგილიდან ვერ დასძრა. მაშინ მთელი ძალით დაებდღვნა, ყდა წამოუშალა და გვერდები ხრიალით გადაფურცლა. სათამაშო მოეწონა. ახლა იქიდან დაუქროლა და გვერდები აქეთ გადმოატკაცუნა. გადაიხარხარა. რაც შეეძლო კლდეების წვერამდე აიწია, იქიდან მთელი ძალით დაექანა და ისევ დააცხრა ფურცლებს. ძალუმად გაჰკრა, აჩეჩა, აატკაცუნა და დასაგლეჯად ჭიდილი დაუწყო. ვერ მოერია და გაბრაზდა. სუსხიანი თითებით ჩააფრინდა ფურცლებს. წეწდა, ეჯაჯგურებოდა, გაცოფებული ღრინავდა, მაგრამ ეტრატის ფურცლები მტკიცე აღმოჩნდა. ქარი გააფთრდა, გაგიჟდა, მას ქროლვით კლდეები დაუქცევია, ხეები დაუთხრია და წყალნი აღმა წაუყვანია, მაგრამ აქ კი ძალა არ ჰყოფნიდა. წიგნი მას რაინდივით დაუხვდა. ბასრი ფურცლებით სჭრიდა და სერავდა ქარს და ნელ-ნელა აჩოქებდა. ასე იბრძოდნენ დიდხანს ქარი და წიგნი. ქარი დაიღალა, მთვრალივით ლასლასი დაიწყო და ქანცმილეული ყოველ შეჯახებაზე ძლივს აბრუნებდა თითო-ოროლა ფურცელს. ბოლოს სრულიად მოსწყდა. ქვემოთ ჩაცურდა, მტკვარზე დაწოლილ ნისლად იქცა და ქრუდივით გაიპარა.
წიგნმაც დაუშვა თავისი ფურცლები და გადაშლილი შესცქეროდა მხიარულად აციმციმებულ ცისკრის ვარსკვლავს.
* * *
სალამურის ლიკლიკა ხმა ნახირს უხმობდა. კუნტრუშა ხბოები მხიარულად მიხტოდნენ ნამით დაფარულ ბალახიან ფერდობზე. მათ წინ უსწრებდნენ ბეკეკები და წვერებცანცარა ვაცები. ქვიდან ქვაზე გადადიოდნენ და ციცაბო კლდეებზე უშიშრად ხტოდნენ. ხბოებს თან მოჰყვნენ ჭკვიანთვალებიანი დინჯი ხარები და ჯუგჯუგით მოსიარულე ბანჯვალა ცხვრები. შემდეგ გამოჩნდა ყრმა მწყემსი გრძელი კომბალითა და სალამურით.
ნახირი გაიშალა აბიბინებულ ზეგანზე. ყრმა მწყემსი კი ჩამოჯდა ციცაბოს ნაპირას, კომბალი მხარზე მიიყუდა და არწივისებური ბასრი თვალით ხეობას ჩახედა. ქვემოთ შხუოდა წვრილად ჩაკლაკნილი მტკვარი, კლდეებზე კი ლივლივებდნენ თეთრად გადაპენტილი გულყვითელა გვირილები.
მოულოდნელად მწყემსმა თვალი მოჰკრა რაღაც უცნაურ ოთხკუთხა საგანს.
გადაშლილ წიგნს ჰგავდა.
წამოიწია და დააკვირდა.
ყრმას უყვარდა წერა და დანის წვერით მუდამ გამოჰყავდა ფიქალზე ასოები და სიტყვები. ქაღალდი და წიგნი, სადაც ბევრი ამბები და არაკები ეწერა, მას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.
და ახლა თვალი მოჰკრა…
კომბალი განზე გადაისროლა, გუდა მოიხსნა, ძირს დააგდო, მოსხლტა ადგილიდან და ციცაბო კლდეზე თავგამეტებით დაიწყო ჩასვლა. ბანდულიან ფეხს თამამად ადგამდა სიპებზე. ხელებით მარჯვედ ებღაუჭებოდა ქიმებს და როდესაც ცოტათი დაივაკა, წიგნისაკენ სირბილით გაექანა. ელვასავით გადაევლო ლოდებს და ღორღებში ბალახით ჩაკერებულ ჩონჩხებს. მივარდა და დახედა.
წიგნი იყო.
ეტრატის ფურცლები გაყვითლებულიყვნენ და ალაგ-ალაგ მხატვრობას ხავსიც მოჰკიდებოდათ.
ყრმამ წიგნი ფრთხილად და მოწიწებით აიღო და სიხარულით გულში რომ იხუტებდა, წიგნმა ფურცლებზე დაგროვილი ნამის ცრემლებით ყრმას უბე აუვსო.
წკრიალა სიმღერით შეუყვა აღმართს პატარა მწყემსი. აღტაცებული მიაბიჯებდა სიპებზე და ბროლივით გამჭვირვალე ხმით უმღეროდა ნაპოვნ წიგნს და ამომავალ მზეს.
ზეგანზე რომ ავიდა და მზემ თავის სხივთა შუბები მწვერვალებზე გადმოალაგა, ყრმამ წიგნის თავფურცელი გადაშალა და ახალგაზრდული ოდნავი ბორძიკით ამოიკითხა:
– ვეფხისტყაოსანი.
ფართო მკერდზე წვერგადაფენილი, ჭაღარაშერთული, დარბაისელი მთები ჩაჩქანებიანი რაინდებივით წამოშლილიყვნენ, ჯიხვის რქის წარბები მაღლა აეკრათ და უბეებიდან ვაშასავით აფრენდნენ არწივებს.
დილის მზე ციმციმებდა და იცინოდა.