ლიტერატურამოთხრობა

აკა მორჩილაძე – სულები და ხბორები

   რაზე ფიქრობს მოშიებული კაცი, რომელიც ზედ რუსთაველზე დგას და საათი არ გადაუწევია?

პირველზე უნდა შევხვედროდით, თხუთმეტი წუთით ადრე მივედი, მაგრამ გაირკვა, რომ საათითა და თხუთმეტი წუთით ადრე მივედი.

აი, თქვენი ძალათ ევროპელი… საათის გადაწევა დამიწყეს.

ისე, ზოგჯერ კარგია.

სულ არ იყო მაშინ საერთოევროპული გადაწევა და გადმოწევა და ჩემით ვწევდი წინ ისრებს. შეხედავ საათს – რვის ნახევარია, სინამდვილეში კი იცი, რომ შვიდია და მეტი დრო დაგრჩენია. რა დრო? რა დრო და სიცოცხლისა.

რუსთაველზე ორ საათსაც დადგები, თუ გაჭირდა. ხალხი მიდი-მოდის, ვიტრინებში რამეებია, კაფეებში გოგოები ეწევიან, ოპერის ტილოს აფიშას ქარი აფრიალებს. საყურებელი ცოტაა, თან თუ ათასჯერ გაქვს ნანახი, მაგრამ დადგები. ერთი საათი იქეთ, ერთი საათი აქეთ, ცხოვრება წინაა. საათიც ხომ გადაწეულია და ის გადაწეული ყოველთვის შემონახულია.

ბავშვთა სამოსელის ვიტრინას ვუყურებდი, როცა მხარზე დამკრეს ხელი. ეგეთი ტიალი ადგილია ეს ადგილი, რომ თუ გაჩერდი, აუცილებლად ვიღაც ჩამოივლის.

ქუჩა სახიფათოა, წაეყრები ხოლმე დავიწყებულ ცხოვრებას. არ ეძებ და წაეყრები, რუსთაველზე, მიდი-მოდიან ვიღაცები, შენი დავიწყებული ცხოვრება რომ დააქვთ და არა, არა და შემოგაფრქვევენ სადღაც შენახულ წუთებს. საყელო აიწიე, ჯიგარო! ჩქარი ნაბიჯით გადაიარე ქუჩები, რუსთაველები. ვიტრინებს უყურე.

მაგრამ რას იზამ, როცა მხარზე გიტყაპუნებს ხელს.

– ვაა…

– რავა ხარ? – კიდევ უფრო გახუნებულა, კიდევ უფრო გამხდარა, თმაში ნაძვის წიწვი გაჩხერია, წვერი გულზე დაუფენია.

– ვაა, ვაზირა? – გვარი არ მახსოვს. ვაზირაული? არა, ტო, რა ვაზირაული… კარიაული. არა. არ მახსოვს. ვაზირა ერქვა. მხატვარი ვაზირა, ერთი, ორი, სამი, რის სამი? თერთმეტი წელიწადი იქნება, არ მინახავს. მხატვარი ვაზირა. ერთხელ ხინკალზე წაგვიყვანა. კაი ოჯახის ხინკალი იყო. ვაჟაზე, კვარტლებში. ვაზირა ერქვა. კი, ვაზირაა.

– სადა ხარ?

– რავი, დავდივარ. შენ სადა ხარ? – გოგო ახლავს, ზუსტად თავისი ვიკროიკის. თვალები აქვს ისეთი, რომ რაღაც ძალიან მაგარი იცის და ვეცოდები.

– აქა ვარ, თბილისში, – ვაზირა ცას ასცქერის. თბილისი ცაში არ არის, – გერმანიაში ვიყავი.

– მეც ვიყავი გერმანიაში. შენ სად იყავი?

– მე ბერლინში ვიყავი…

– მე კარლსრუეში, – ეგრეა, ყოველთვის უნდა უთხრა უცხოეთში ნამყოფს, რომ ახალი ჩამოსული ხარ.

– ვა? რო მცოდნოდა, ან შენ რო გცოდნოდა. მე მაგრა ვიყავი…

და გავჩუმდით. აბა, რას ვიზამთ? ნახე, რამდენი ბეღურა ზის მოაჯირზე.

– გიორგი, – ამბობს გოგო ხმადაბლა. გიორგი არ რქმევია? გიორგი რაღაცა-ული. ძალიან უწესო კაცი ვარ.

– ჰო, ჰო, – საათზე იყურება ვაზირა – ჰო, – და უცებ ხელს მადებს მხარზე – შენა, წამო რა… აქვე.

– ველოდები, ტო, – ვპასუხობ და მის საათს დავცქერი. მთელი საათი მაქვს წინ.

– ერთი საათი, აქვეა, – მეხვევა ვაზირა, – ავიდეთ, ავიდეთ, დაგარეკინებ, ერთი საათი…

რათ მინდა დარეკვა?

სულ ეგეთი პანტოვი ბიჭი იყო, ორი წუთი ლაპარაკი და მერე ეგრევე პონტი. მაშინაც რა ხინკალი გააძრო? ოჯახის. კაი მოხევე ქალი ახვევდა. შემოჰქონდათ და შემოჰქონდათ.

– აქვე, მაღლა, – რომელიღაც სახლისკენ გაიშვირა ხელი, – წამო, რა… ორი ნაბიჯია.

აჰა, წამოვედით.

მერე გოგოს გასაგონად ჰყვებოდა, როგორ დავდიოდით აღმა–დაღმა. მთელი აღმართი ამას დასჭირდა, ჩვენს თავგადასავლებს. ძალიან თავადურ რამეებში გამრია. გოგო კი აშკარად არ მენდობოდა.

– ავარიაში მოვყევი, – ვთქვი ბოლოს. რატომ, არ ვიცი, ავარიაში ხომ არ მოვყოლილვარ?

– როდის, ტო? – შეწუხდა ვაზირა.

– კარლსრუეში.

– იქ ძალიან ეშმაკურად დადიან, – ამიხსნა გოგომ, – ჩვენს გადასასვლელებს მიჩვეული… დაგაჯახებს და მორჩა.

– არა, მეც რულზე ვიჯექი, – არ ვიცი, სადამდე წაგვიყვანდა ავარიის ამბავი, იმ კოხტა მთაწმინდურ სადარბაზოში რომ არ შევსულიყავით.

– ოღონდ, ვაზირ, ერთი საათი, უნდა შევხვდე…

ვაზირამ თვალი ჩამიკრა:

– გოგოს?

– ხო, – გამეცინა მე.

– ჩავირბინოთ და ისიც ამოვიყვანოთ. ჰა, არ გამოვა?

მეორე სართულზე დავდექით, ნიკოლოზის დროინდელ კართან. როგორ მოახერხეს ასეთ კარზე “ებლოის” კლიტის შებმა?

– ღიაა, – ამ გოგოს ახსნა უყვარდა და ყოვლად შავი, შავი ჯემპრი ეცვა. მის თვალებზე უფრო შავი.

ჰოლში ბნელოდა და ხინკლის ოხშივარი არ ტრიალებდა.

სიმართლე რომ ვთქვა, ხინკალი სულაც არ არის მთავარი, შვეიცარული ყველიც შეიძლება. ოღონდ “შპროტი” არ გახსნან და ყველაფერი შემიძლია. საერთოდ, კაცი დილით უნდა ჭამდეს. დილით ვერ ჭამ და გშივდება ამ დროს, მერე გადაეყრები ვაზირას, რომელიც გერმანიაში ყოფილა. თბილ-თბილი ძეხვეული მაინც ჩამოეტანა. ეგ ჩამოიტანდა… მანქანა არ ჩამოუყვანია, ფეხით დადის. ძველი დრო რომ იყოს, ჯინსებს ჩამოიტანდა. ახლა, ალბათ, კომპიუტერი.

რამსიმაღლე ჭერი იციან ხოლმე ამ მთაწმინდაზე და სოლოლაკში… ლოჯში კიდევ მრგვალი მაგიდა დგას და თეთრი სუფრა გადაუფარებიათ. ზედ არც თეფში ეტყობა, არც ჭიქა, მაგრამ კაი საზეიმო იერი კი აქვს.

ეს ქალები, ალბათ მომხვევები არიან. ახლა გავლენ და მოახვევენ ხინკალს. ჰო, სამი ქალი ზის დივანზე. ეგრე, ჭირისუფლებივით, ასაკს ვერ მიხვდები, გულისცემას ვერ გაიგებ, ფერი ადევთ მზეზე ნადები გაზეთისა. სიმართლე ვთქვა, არ გვანან ხინკლის მომხვევებს. ფქვილი ხომ მაინც უნდა შერჩენოდათ ტანსაცმელზე? თან ხინკლის სურნელი არ ტრიალებს. მაგრამ რას გაიგებ? მთაწმინდაზე დიდი ბინებია, ეგებ სულაც არ არის სამზარეულო ლოჯის გვერდით.

ამათ კი ესალმებიან მზეზე ნადები გაზეთის ფერი ქალები, მაგრამ მე ზედაც არ მიყურებენ.

– ჩემი მეგობარი, ლევანი, – ამბობს დარცხვენილი ვაზირა. მაგას შემოევლოს ჩემი თავი. ლევანა ვგონივარ. ან ახსოვს, რომ ლევანას ძმაკაცი ვარ და იმიტომ დაირცხვინა, თუმცა, ამ ქალების წინაშე უფრო ჩანს დარცხვენილი. მორჩა, გავსწორდით. არც მე მახსოვს, არც ამას. ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი, მაგრამ საკუთარი თავის პატივისმცემელი ხაზეიკა კი უნდა ტრიალებდეს უკვე. მწნილი მაინც ჩამოდგას, ან სალათა. თუ ჩაის ვაწვებით, ნამცხვარი, ან ჰა, დავბრუნდეთ ოთხმოცდათორმეტ წელში – სუხარი.

ესენი კიდევ სხედან და იყურებიან სადღაც შორს, სახალინისკენ. ნიფნიფი, ნაფნაფი, ნუფნუფი. ცოტა მსუქნები და ჯანმრთელები რომ ჩანდნენ, ნაღდად ასე იქნებოდა.

და უცებ შუათანა ქალი ამბობს:

– იყავით, სულო, მისული იქა?

– ვიყავით, – პასუხობს ვაზირას გოგო, – ვიყავით და წამოვიღეთ ისინი.

უცნაური ხალხია ეს მხატვრები. სად უნდა გამოჩხრიკო გოგო ასეთი სახელით? მრგვალ ბაღთან იყო ერთი სანტეხნიკი, სულო იმას ერქვა. კაი ჯიგარი კაცი იყო, ქალაქური სიტყვა-პასუხისა. არ დამიწყო ახლა ვარინკა წერეთელიო და რამეები, სულიკო კარგახანია კაცებს ქვიათ და თანაც განსაზღვრულ რეგიონებში. ამ ჩემს ვაზირას კიდევ ქალი უპოვნია. ოჰ, სულო. სულლლო, ხომ გახსოვს?

ვაზირამ კი საათს დახედა. მე აღარაფერს მეუბნება.

ეს მაგის სულო კი ამ შუანა ქალს მიმართავს:

– შენთვისაც არის რაღაც, სულო.

ვაჰ… აი, რა ვერ გავიგე.

ვაზირა შემომხედავს და საათს აჩერდება.

–პატარა როგორ არის, სულო? – ვაზირასავე სულო ეკითხება მარცხნივ მჯდომ ქალს.

– არა უშავს, სულო, ვაჩვენე მცოდნე ჯემალის და იმის ლაპარაკის მერე გაუარა ყველაფერმა.

ამდენი სულო ერთად არ მინახავს. უფრო თამამი რომ ვიყო ენის გაშლის ამბავში, ავდგებოდი და ვიტყოდი, სულო, რაც გენატრება, ის მე ვიცი-მეთქი, მაგრამ მე ვაზირას ვეჩურჩულები:

– მე გავალ, ვაზირ…

– მოიცა, – მპასუხობს ძალიან ხმადაბლა – მოიცა, რა. ახლა მოვა და… ცოტა ხანს იყავი…

რის ხინკალი, რა შვეიცარული ყველი. კიდევ ვიღაცა უნდა მოვიდეს. სუფრა არ იქნება. ცხადია. გაინძრეოდნენ მაინც. რა ვქნათ? რასაც ასეთ დროს ვშვებით – სიგარეტი მოვწიოთ. კოლოფს ვიღებ ჯიბიდან და ვაზირას ვუწვდი.

– აღარ ვეწევი.

– ე…

– დიდი ხანია.

აი, ჯანმრთელი კაცი. არ ეწევი და ნუ ეწევი. საფერფლე არ არი ამ ოჯახში? საფერფლე არ არი სუფრაზე!

– არ მოწიოს, – ამბობს შუათანა ქალი. – აქ არ შეიძლება მოწევა.

მორჩა, წავედი.

ზარის ხმაა. ნახე, როგორ წამოიშალენ?

– მე გავაღებ, – გარბის ვაზირა.

ქალები კი შემოუდგნენ მაგიდას და ვაზირას სულო თვალებით მანიშნებს, ადექიო. შენც მოგარტყა სერჟანტმა ჯონჯოლიამ. რა გინდა?

– კარი ხო ღიაა? – გავბედე მე.

– ადექი, – ხმადაბლა მეუბნება ვაზირას გოგო.

ეეე, ავდექი.

– იქეთ დადექი.

კაპეზეში ვარ? დაკითხვაზე გავყავარ?

და ამ დროს შემოაბიჯეს. შემოაბიჯეს კი არა, ეს ამსიგრძე ვაზირა, უკან მოყვებოდა მოკაკვული, თითქოს აღნიშნავდა, აი, რა უბადრუკი ვართ, ამასთან შედარებითო.

ეს კიდევ ბიძა კაცი იყო. თმა შემოენახა შობელძაღლს, თავის ასაკთან შედარებით, ალ პაჩინო რომ განგსტერია ხოლმე, ისე გადაევარცხნა უკან და კაი ადამიანურ კოსტუმშიაც გამოწყობილიყო. მდიდრულში კი არა, ადამიანურში, გულის ფიცარზე კი ოქროსფერი რაღაც დაებნია. სახლმმართველობაში იყვნენ ხოლმე ადრე ასეთი ტიპები. ოღონდ, იქ რომ ჩარჩნენ კი არა, აი, ამ წლებში რომ გამოძვრნენ, წაიჩალიჩეს რაღაცები, მიატოვეს სახლმმართველობები და დახლები მოიპოვეს ბაზრობებზე. ასეთ ვიღაცას ჰგავდა.

შემოვიდა და გადმომხედა. ვარ ჩემთვის კედელს აკრული სავიოლინო კონცერტის აფიშასავით ჩვენს სინამდვილეში, ერთი მკიდა თვალი და გაიხედა.

ეს ოთხივე ქალი კი დგას თავჩაღუნული მაგიდასთან და ბუტბუტებს რაღაცებს. მერე ხელები აწიეს მაღლა და გაქვავდნენ.

ამ ბიძაკაცმა აწია მარჯვენა ხელი და ეუბნება:

– გიშველოს მარამკურამ.

ამათ კი მიუგეს:

– თანადგომით მარამკურასი.

და დაიწყეს გამეორება:

– თანადგომით მარამკურასი, თანადგომით მარამკურასი, თანადგომით… – ათს იქეთ აღარ დამითვლია. ეს უბედური ვაზირა აქედან ბანს ეუბნება, ბიძაკაცი კი ხანდახან ჩაერთვება და შესძახებს:

– სწავლითა და სულითა! სწავლითა და სულითა! სულებო, სულებო, თანამდგომებო…

აი, სად მოვხვედრილვარ. ეგრეა, როცა ხინკლის მოგონებას გამოედევნები ხოლმე.

გამიგონია, ჭინკებს ცეცხლის ეშინიათო.

მორჩნენ ამეების ძახილს და დასხდნენ.

– მისმინეთ, თანადგომით მარამკურასი. მისმინეთ მე, ჩემით ამბობს მარამკურა, – დაიქოქა თმაშენახული ბიძა, – სულებო, იფიქრეთ რა არის კარგი, თანადგომით მარამკურასი. როცა ფიქრობთ მარამკურაზე, გაიმეორეთ მისი სახელი ოცდაერთჯერ, სახელი მისი ხელქვეითის ვარიმკურასი ჩვიდმეტჯერ, სახელი მცოდნე ჯემალისა თერთმეტჯერ, სახელი ჩემი, მოლადინ ნუგზარისა, ცხრაჯერ და თქვენი სახელი ერთხელ თქვით, როცა ითქმება თქვენი სახელი სამჯერ, მარამკურა თანგიდგებათ თავისი ნიშნით და გეტყვით, შეგიძლია უარი სთქვა იმაზე, რაც ფუჭია? თანადგომით მარამკურასი! შეგიძლია? – მიაცივდა იმ შუანა ქალს.

– მხოლოდ ლოცვით და ფიქრით, – აღიარა ქალმა – ჯერ საქმით არა – თანადგომით მარამკურასი.

– სულნი მარამკურასი იპყრობს სხეულს კეთილად, შენს სხეულში დაწყებულია, სულო, – დაჯერებით თქვა კაცმა, – ნუ აღუდგები წინ. გიშველოს მარამკურამ. სავსემთვარობას, უეჭველად უნდა დასვა პირობა წინაშე მარამკურასი, რა შეგიძლია და აღსრულებით ამისა, წარმოითქმება სამჯერ სახელი შენი სულისა.

– სიგარეტს აღარ ვეწევი, – თქვა ქალმა.

– კარგია, მაგრამ ყველა სიგარეტით იწყებს, ჯგუფში ყველამ დაანება სიგარეტს. სხვაზე რაზე იტყვი უარს?

– ჩემს გულში კი ვამბობ უარს, მაგრამ ცხოვრებაში არ გამოდის, – წაიბურტყუნა ქალმა.

– განაგდე, ახალმთვარობამდე მარამკურას თანადგომით. თორემ მიიღებ ბრძანებას, – შეუბღვირა კაცმა.

დედა, როგორ დაპატარავდა ვაზირა?

მე კიდევ ვდგავარ კედელთან. დივანამდე შორია, ჩემს სკამზე კიდევ ეს ნუგზარა ზის.

ეს ლაპარაკია, და დავატყე, უნდა დავახვიო აქედან.

– ვაზირ, – ვეძახი ჩუმად, – ვაზირ, – და ხელით ვანიშნებ, გავედი-მეთქი.

ვაზირა კიდევ თვალს მარიდებს.

– აბა, დაიწყეთ, მარამკურას თანადგომით, სულებო, ვახსენოთ მარამკურა, – ეს ბიძა თითქოს ვერ მამჩნევს.

– სწავლა პირველი, – ამბობს ვაზირას გოგო, – მარამკურა შენს თანადგომას…

– მე გავედი, – ვთქვი ხმამაღლა და კედელს მოვშორდი.

ვაზირა მიხვედრილია თავის მიქარვას, ლამის მაგიდის ქვეშ შეყოს ნაძვისწიწვიანი თავი.

ყველამ ჩემკენ გამოიხედა.

– გავედი, ვაზირ, – ვთქვი ისევ, – უკაცრავად.

აი, ეს კი აღარ უნდა მეთქვა.

ბიძა–ნუგზარას სიმკაცრე და მომთხოვნელობა სადღაც გაქრა:

– მოითმინე, სულო, – მითხრა დაშაქრულად და წამოდგა, – თავისი ნაბიჭვრული ხელი მომხვია მხარზე და სხვათა გასაგონად ამბობს, – გაიხსენეთ დღე ჩვენთან მოსვლისა. განა მე არ ვიხსენებ ამ დღეს? თანადგომით მარამკურასი. განა თქვენ არ შეგაშფოთათ ჩემმა ლაპარაკმა? ასევეა, ეს კეთილი სულიც. ვინ მოიყვანა?

– მე, – ამოღერღა ვაზირამ.

ამ სიტყვებზე ნუგზარამ ბლოკნოტი დააძრო უბიდან, მიფურცლ-მოფურცლა და გამოაცხადა:

– შვიდი, თანადგომით მარამკურასი. სამიც და შენ მიიღებ ერთი ხსენებისა და ერთი წარმოთქმის უფლებას. სულებო, მიბაძეთ სულსა გიორგის, რომელმაც უკვე შვიდი მოიყვანა ჩვენთან… არათუ მხოლოდ ხსენება, წარმოთქმაცაა ნეტარება, გვეუბნება მარამკურა, თანადგომით მარამკურასი… შენ კი ნუ ჩქარობ, სულო, – კვლავ მხარზე მისვამს ხელს, – ნუ ჩქარობ. მალე მცოდნე ფოგელი ჩამოვა და იმასაც მოვუსმენთ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ხელქვეით ვარიმკურას წერილი მოაქვს ჩვენთან. გვიწვევს ჩვენ ხელქვეითი ვარიმკურა შორეულ ქვეყანაში სალოცავად, თანადგომით მარამკურასი. სულო თამარა, გამოუტანე კეთილ სულს ჩვენი ჟურნალები და წიგნი მარამკურასი, იმან დაგვაფაროს ხელი. მცოდნე ფოგელი გვწერს, სულნო, რომ თორმეტი მლოცველის უფასო მგზავრობა და კვება მარამკურას წესით, უკვე გადაწყვეტილია. მცოდნე ჯემალი უკვე ფიქრობს თორმეტი ბედნიერის გამო. და მე მინდა, აქ თანამდგომნი იყვნენ ბედნიერთა შორის, მაგრამ როგორ, როცა უარს ვერ ამბობენ ჯერჯერობით?

– მართლა გასასვლელი ვარ, უნდა შევხვდე, – დავაღე პირი. ეს ქალი კიდევ ჟურნალებს მჩრის.

– მიიღე საჩუქარი თანადგომით მარამკურასი. შენი ფეხები მოგიყვანენ ჩვენს სულთა სახლში, – არ მომეშვა ეს კაცი და უცებ საქმეზე გადავიდა, – სად მუშაობ, კეთილო სულო? მარამკურასთან-მეთქი, კინაღამ ვუთხარი.

– არსად.

– სამუშაო არ არის, თუ არ გსურს მუშაობა.

მხრები ავიჩეჩე:

– რა ვიცი, არ ვმუშაობ.

– და რით მოიპოვებ საზრდოს, თანადგომით მარამკურასი? – ძალიან ტკბილად მკითხა ეს და მივხვდი, რომ გამოვიჭირე.

– მამაჩემი მუშაობს, მე რავი, საზღვარგარეთ ვიყავი. ახლა ჩამოვედი…

– მამა, – თითქოს ჩაფიქრდა ნუგზარა, – სად მუშაობს მამა, რომ შენ შეგიძლია…

– მაღაზიების და სასტუმროების ქსელი აქვს, – ვაცალე კითხვა, – ბერძნებთან ერთად. ერთობლივი ფირმაა…

და უცებ შესძახა სიხარულით:

– შეხედეთ ამ კეთილ სულს, თანამდგომნო! როგორი უზრუნველობით უყურებს ჩვენს გარჯას. უზრუნველობა, ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა, თანადგომით მარამკურასი. ჩვენ ვირჯებით უზრუნველობისათვის, ამ კაცს კი სახეზე აწერია, რომ სულ იოლად შეუძლია შეიქნას მცოდნე, თანადგომით მარამკურასი. ხომ დაიბადება ადამიანი, ნიშნით მარამკურასი. აი, ის ადამიანი! – და თითი მატაკა გულში, – ადამიანი, რომელსაც შეუძლია იოლად იუაროს ყველაფერი, თანადგომით მარამკურასი…

ქალებს მეტი შიში ჩაუდგათ თვალებში, მოლოდინ ნუგზარი კი გადამეხვია.

– მართლა გასასვლელი ვარ, – დავიწყე მე, – ვაზირას… გიორგის შევხვდი და… მანქანის საყიდლად მივდივარ. ჩემი მანქანა გერმანიაში დავტოვე, არ ღირდა თრევად. აქ ერთი კარგი ჯიპი შევათვალიერეთ და… ვიტრინაში დგას პლეხანოვზე.

– აჰ, ჯიპი… “პაჯერო” ხომ არა? – ჩამეკითხა ნუგზარა.

– დიახ, ვერცხლისფერი.

– ჩვენც ვაპირებთ მანქანის ყიდვას, თანადგომით მარამკურასი. ჯიპს აბა სად გავწვდებით, მაგრამ სწორედ ჯიპი გვინდა რეგიონებში სასიარულოდ…

– ჰო, ჩვენს გზებზე.

– დიახ, და ხომ უნდა მივიტანოთ ყველგან სიტყვა მარამკურასი?

– მარამკურა, მარამკურა, ბემ დუვე, სარე, ნაპუტნა მარამკურა, – რაღაც ასეთი წაიდუდუნეს ქალებმა.

– ნახვამდის, – მართლა მომბეზრდა, გათამაშებაც კი. და დავიძარი.

ვაზირა წამოიმართა, ძველი სიყვარულის ამბავში, კარამდე გამომყვებოდა, ალბათ.

– მე გავაცილებ, თანადგომით მარამკურასი, – ხელი შემართა ნუგზარამ.

– ჩემით გავალ. – და ჰოლისკენ დავიძარი, ის კი მომყვებოდა და მხარზე ხელს მითათუნებდა.

– შემოიარე ჩვენთან, – მითხრა თბილად. კარის სახელურს ჩასჭიდა ხელი და თვალებში შემომხედა, – ჩახედე მაგ ჟურნალებს. ჩვენთან სულებია, მაგრამ არის კატეგორიაც, შენნაირი ხალხისთვის. ხბორების კატეგორია. ისე იქნები თავიდან, მერე თუ გადაწყვეტ სულობას, სხვა ლაპარაკია. თუმცა, შეგიძლია სულ ხბორი იყო, – ცალი თვალი მოჭუტა და ძალიან შინაურულად გამიძღვა სადარბაზოში, – სულსა და ხბორს შორის არც არის დიდი განსხვავება, ოღონდ, როცა ჟამი დაჰკრავს, სულები ხბორების ბატონები გახდებიან… – კიდევ უფრო მოჭუტა თვალი, – ნამდვილი სული, თვითონ მარამკურა თუ იყო, – და კიდევ მოჭუტა, შეიძლება ითქვას, დახუჭა – ჩვენ ვინ ვართ?.. შემოიარე ხოლმე, პაესტკებია, რაღაცები, ორი კაცის ფული თუ იქნება… ხო გესმის ჩემი?

– დიახ.

– სულ გაჭირვებული ხალხი მოდის, – ეგრე მიყურებდა, მოჭუტული თვალით, – ნორმალური ბიჭი ჩანხარ. გაჭირვებული ჩემი თავი მეჯავრებოდა… შემოიარე ხოლმე, ხო?

– ხო.

– აბა, – და ძმურად გადამეხვია – ნახვამდის…

– თანადგომით მარამკურასი, – ვუთხარი მე და ორივეს გაგვეცინა.

– ეს ქალაქელი ხალხი აღარაა არსად, – დაიჩივლა ნუგზარამ. უკვე კიბეზე ჩავრბოდი, – ერთად უნდა ვიყოთ…

დაღმართზე ჩამოვირბინე და მაკა დავინახე. გაზეთების ჯიხურთან იდგა და აქერცლილ ტუჩებს იწიწკნიდა კბილებით, როგორც იცის ხოლმე.

– თანადგომით მარამკურასი, – ვუთხარი და სიგარეტი ამოვიღე.

– რა?

– არაფერი. ახლა ვფიქრობდი, მამაჩემს რო სასტუმროების ქსელი ქონდეს…

– სად მივდივართ?

– ჩვენ მივდივართ…

დამავიწყდა. ნახე, როგორ დამავიწყდა?

– ხინკალზე მივდივართ, ვაზირაა ერთი, მხატვარი. ახლა ჩამოვიდა გერმანიიდან, – მივაყარე სხაპასხუპით – მოხევეები არიან, იქვე სახლში ახვევენ. სახლის ხინკალი, მოხევური. მოხევის ქალო, თინაო. მერე იქიდან წამოვალთ და თოვლი იქნება. შენ ძალიან უყვარდი მურადას და ვაზირა ნახატს გაჩუქებს. დიდი არაფერი, მაგრამ…

– თოვლი მოვა? – გაუკვირდა მაკას.

ისე, რატომ არ შეიძლება, რომ რაც ადრე ხდებოდა და კარგი იყო, ახლაც მოხდეს? თანადგომით, ვთქვათ, მარამკურასი…

ხომ დადიან რუსთაველზე ვიღაცები, შენი დავიწყებული ცხოვრება რომ დააქვთ და წესით უნდა შემოგაფრქვიონ, როგორც კექსზე მოყრილი შაქრის პუდრი?

1999 წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button