ლიტერატურამოთხრობა

აკა მორჩილაძე სიკვდილი, ქალაქი

1914  წლის 7 დეკემბერს 74 წლის თავადი აკაკი წერეთელი, ყველაზე განთქმული და უსაყვარლესი პოეტი, რომელსაც ბუები, ღამურები და თხუნელებიც კი ცნობდნენ სახეზე, ჩავიდა ქუთაისში მატარებლით, თბილისიდან.

 მას ეცვა ძველი, ერთ დროს საუცხოო, შვიდთუმნიანი პალტო შავი ფერისა და ეყრდნობოდა ხელჯოხს. პალტო იყო ცამეტი წლისა, რუსეთის რევოლუციამდე ნაყიდი და მას მეტად უხდებოდა გულისპირზე დაფენილი სავსებით თეთრი წვერი ამ ზამთრის დასაწყისში, რადგან ნოემბრის ბოლოდან თბილისში ორჯერ მოთოვა და როცა აკაკი ქუჩაში დადიოდა, ფიფქი ისე ეფინებოდა ძველი შავი პალტოს კრაველის საყელოს, რომ საზღვარს აკაკის თეთრ თმა-წვერსა და ფიფქს შორის ძნელად იპოვიდი.

 იმ თოვლიანობაში აკაკის ბევრი სიარული უწევდა: პეტერბურგიდან (თუ უკვე პეტროგრადიდან) ვაჟიშვილის წერილი მოუვიდა, მე და დედაჩემს, ანუ შენს ცოლს, ფული გვჭირდება, თორემ შიმშილით დავიხოცებითო.

ერთი თვის წინ ვაჟი თბილისში ჰყავდა და რაც კი რამ შეეძლო, ყველაფერი ჩაუკეცა საფულეებში. ამიტომ წერილი ელდის დამცემი იყო.

 აკაკის არ უყვარდა ზამთარში წოწიალი, მაგრამ მთელს ქვეყანაში ყველაზე განთქმული და გამოცდილი მსესხებელი იყო. ის ასე ცხოვრობდა: სესხულობდა და ისტუმრებდა. იცოდა, ვისგან ესესხა და იოლად სესხების ხერხებიც ძველთაგანვე შეესწავლა.

 მაგრამ ეს ზამთრის დასაწყისი გამოდგა ოხერი, ძუნწი, ვერაგი და ულმობელი. აკაკი უყურებდა თავის სველ პალტოს, გრძნობდა მის სუნს: როცა შრებოდა ეს პალტო, ბუხრის წინ მიფენილი, და ისმენდა უარს. მერე თავად ამბობდა უარს ჩაიზე და ხელჯოხის ბიჯგებით ჩადიოდა სველ კიბეზე.

 ერთი კვირის სიარულმა კაპიკიც არ მოიტანა. ეს იყო დიდი ომის პირველი ზამთარი.

ამიტომ თავადი აკაკი წერეთელი გაემგზავრა ქუთაისში, თავის საყვარელ ქალაქში, რომელიც ერთიათად პატარა იყო, ვიდრე თბილისი. ოღონდაც ქუთაისში ყოველ მესამე სახლში მდიდარი ვაჭარი ცხოვრობდა, წინა ორში კი – აკაკის მოსიყვარულე, მისი ლექსების ზეპირად თქმის შეჯიბრებებში სამუდამოდ გამარჯვებული ქალი ან კაცი.

 აკაკიმ იმგზავრა ერთი პატარა ჩემოდნით და ერთი დიდი, ჩალურსმული ყუთით: ავიდა მეორე კლასის ყვითელ ვაგონში ისე, რომ მთელი თბილისის სადგური უყურებდა და ასევე – მთელი მეორე კლასის ვაგონი.

 კონდუქტორს ბილეთი არ მოუთხოვია, მხოლოდ ოდნავ დარცხვენილმა გაუწოდა გალეული ფანქარი და წინ გადაუშალა წიგნაკი ხელის მოსაწერად. აკაკიმ ჩვეულებრივ მოაწერა: „აკაკი“. კონდუქტორმა შესთავაზა ლოგინის გაშლა, თუმცა პოეტმა მხოლოდ ბალიში მოითხოვა. მერე გაიხადა პიჯაკი და ფეხსაცმელები, მიწვა ხის მაგარ კოიკაზე და თავისი პალტო მიიფარა კედლისკენ გადაბრუნებულმა.

 სანამ მარტო იყო კუპეში, ამის მოსწრება უნდოდა. არ უნდოდა თანამგზავრებთან ლაპარაკი.

 ქუთაისში არ იყო თოვლი და იყო ქარი.  ცივი ქარი იყო. აკაკიმ სადგურშივე დაიჭირა ეტლი და მისცა აბაზი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეეტლეს ორი სხვა მგზავრიც უნდა აეყვანა.

მეეტლემ ქუთაისის სადგურის წინ ჩამოატარა ეტლი ქარში, მოედანზე და თან დასძახოდა:

 – ორი აბაზი! ორი აბაზი!..

 – ორ აბაზზე მეტი არ ვღირვარ? – გაიცინა აკაკი წერეთელმა, – ჰა, ბიჭო… რა გასაყიდი ბაღდადივით ჩამომატარე…

 „გრანდ ოტელი“ იყო ორსართულიანი, მგონი, სამოცდაორფანჯრიანი შენობა, ყველაზე გრძელი ქუთაისში, ყალბი კორინთული სვეტებით ისე, როგორც ისედაც უგემოვნო იერის ტორტია ხოლმე დამახინჯებული ბეზეს ჩუქურთმებით.

 „გრანდ ოტელის“ მეორე სართულზე, სამხრეთის დერეფნის სულ ბოლოში, იყო ოთხი გაუთბობელი ოთახი, რომელთაგან ერთ-ერთიც დაიჭირა თავადმა აკაკი წერეთელმა. ფანჯარა გადიოდა ქუჩაზე, მაგრამ ფანჯარა ამოგმანეს პოეტის თხოვნით, რათა როგორმე შეეკავებინათ ოთახში ჩამომდგარი ლიგვი. თბებოდა მხოლოდ პირველი სართული.

 ქუთაისში ყინავდა, განსაკუთრებით ღამით. აკაკი მაინც არ გაჩერდა პირველ სართულზე. ღუმელიან ოთახზე ფული ათ დღეს ეყოფოდა, უღუმელოზე – ჩვიდმეტ დღეს.

ეს ნიშნავდა, რომ აკაკის არც ქუთაისში ჰქონდა ფულის შოვნის იმედი. ოთახის ფასში მოქცეული იყო დილის ჩაი და თბილი წყალი ხელ-პირის დასაბანად. კვირის შვიდი დღიდან აკაკიმ მხოლოდ ორ დღეს დაანიშვნინა სადილი, სამშაბათს და პარასკევს (დანარჩენ დღეებს ვიზიტად სადილობას ვარაუდობდა), გადაიხადა ერთი კვირის ფული, მოითხოვა ჩაქუჩი და გაზი და სასტუმროს ბიჭს აახდევინა თავისი შეჭედილი ყუთი, რომელიც გამოდგა პირთამდე სავსე ქაღალდებით.

 აკაკიმ ამოალაგა ათიოდე ფურცელი, ჩაიკეცა შავი პალტოს ჯიბეში და გავიდა ოთახიდან.  იმ ოთახში მხოლოდ ღამის გასათევად თუ შევიდოდა.

 ეს ფურცლები იმისთვის სჭირდებოდა, რომ თუ სადმე თბილ ადგილას მოიცლიდა, შვიდი ლექსი ჩაესწორებინა. ცივ ოთახში ამის ხალისი და ჯანი არ ექნებოდა, ქუთაისში კი მისთვის ყველა ოჯახის კარი ღია იყო. სადმე მოახერხებდა, იმ დღესვე.

 ეს შვიდივე ლექსი ომს შეეხებოდა.

 დიდმა ომმა გვარიანად იმოქმედა აკაკიზე. ის დაუზარელად წერდა გამამხნევებელ წერილებს გაზეთ „თემში,“ გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებას წინასწარმეტყველებდა. მთელი ამდენი წელიწადის, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მან პირველად მოიხსენია რუსები რაგინდარა დადებითი სიტყვათა შეთანხმებით, „გმირი რუსებიო,“ – მაგრამ, ეს ომს შეხებოდა.  ამიტომ ლექსებიც ომზე გამოსულიყო.

ყოველგვარი გასწორების გარეშეც დაიბეჭდებოდა, მაგრამ აკაკის არ უნდოდა უჰონორაროდ ან იაფად გამოექვეყნებინა ისინი. არ უნდოდა, იმიტომ, რომ ახლა ამგვარ განწყობაზე იყო: ფული სჭირდებოდა და როცა აკაკის ფული სჭირდებოდა, ის შეიქნებოდა საცოდავი, დაუნდობელი, კეთილი და მტკიცე.

 ქუთაისის მთავარ ადგილად მაშინ იყო ბულვარი, გულვარდად წოდებული. საქმე იქ იჩარხებოდა. მაგრამ ახლა იყო ზამთარი, ქარი და იქ გავლას აზრი არ ჰქონდა. იქ ვერავის ნახავდი იმ პირველი ხუთი კანდიდატიდან, ვისგანაც შეიძლებოდა ფულის სესხება. ამ ხუთიდან ნამდვილი იყო ორი, ხოლო სამი კი – სამარქაფო. აკაკის არ უნდოდა მევახშეებისგან სესხება.

არც თბილისში და არც აქ. პროცენტი საბოლოოდ გასწყვეტდა წელში, თამასუქი ჯიბეს დასწვავდა.

 პოეტმა ჯერ არ იცოდა, რომ არც ერთი ამ ორთაგანი, ვისაც ამხანაგობით უნდა ესესხებინა ფული, იმ ზამთარს ქუთაისში არ იყო.

 იდგა მარხვა.

 აკაკი ბოლოს მარხულობდა გიმნაზიაში შესვლამდე.

 ანუ მაშინ, როცა მამისეულ სახლში ცხოვრობდა. ახლა მოდიოდა ქარის ქუჩაზე და გულში ხუმრობდა:

 – მარხვა მიჭირავს, ბატონო…

 ეს იქნებოდა სავარაუდო პასუხი პირველსავე გამომლაპარაკებლის კითხვაზე, რასა იქმ, საქართველოს ბულბულო, ჩვენო აკაკი, როგორ ხარო.

 თორემ ცნობით ქუთაისში აკაკის ყველა იცნობდა. საქმე გამომლაპარაკებელი იყო.

 – ვმარხულობ. მგონია, ბოლოჯერ ცხოვრებაში. რომ ფეხი გავფშიკო…

 სრულ შუადღისას აკაკი შევიდა საქალაქო ფოშტის შენობაში, სადაც მიუჯდა მაგიდას და მისწერა წერილი თავის მოურავს კოტე აბდუშელიშვილს სოფელ სხვიტორში.

აბდუშელიშვილს მოურავად მხოლოდ გარეშენი თუ მოიხსენიებდნენ და ისიც ზურგს უკან. მოურავად აკაკი მას არ ცნობდა, „ჩემი მიწების გამრიგეს“ უწოდებდა და მისდამი მიწერილი ყოველი წერილი ერთნაირად იწყებოდა: „ძმაო კოტე… “

 ამგვარი ერთნაირობით აკაკი მხოლოდ თავის ნამდვილ და-ძმებს თუ მიმართავდა წერილებში.

 აკაკიმ მისწერა კოტე აბდუშელიშვილს მთელი ვითარების გარემოებანი წვრილად და მოახსენა ისიც, რომ ფულის სესხებას აპირებს ხელთუფლიშვილებისგან ან ერთი წერეთლისგან, მერე კი ქუთაისიდანვე გადაგზავნის ფულს პეტერბურგში, რის შემდეგაც მატარებლით მივა საჩხერემდე, სადაც ეგებ ეტლი ან ურემი დაახვედრონ სხვიტორამდე სავალად, ანდა მარხილი, თუ თოვლს მოელიან. მაგრამ ამისთვის წინდაწინვე დაგიკრავ ტელეგრამასო.

 აკაკიმ არ იცოდა, რომ ის ხელთუფლიშვილები, რომლების იმედიც ჰქონდა, ქალები თბილისში ყოფილიყვნენ საზამთროდ და თავისი გულმავიწყობის გამო აკაკიმ არც მოიკითხა; ეგებ გულმავიწყობის გამო არა და იმიტომ, რომ მეორე ნუმრად ეყენა მსესხებლებში. კაცები კიდევ კომერციაზე ყოფილიყვნენ შორს.

 ის წერეთელი და იმისი კოხტა ცოლი კიდევ სოფელში მდგარიყვნენ, ასევე საზამთროდ.

 მაგრამ აკაკიმ ესენი არ იცოდა, კოხტად დაბეჭდა წერილი და კალამიც მოხდენილად გაჰკრა რუსულად: „საჩხერი, სხვიტორი, იმენიე კნ. აკ. ცერეტელი, კოტე“.

 წერილს კაპიკიანი მარკა დაუკრეს, რაზეც აკაკი სიცილით მოკვდა:

 – ფეხით რო გაუშვა ეგ წერილი, თქვენ ფოშტას მიასწრებს…

 ფოსტის მოხელემ ისე შესცინა, როგორც ოლიმპოდან დაძრულს და წამოიწყო მორიდებით და ტკბილად:

 – ჩემო ციცინათელა, რად მიფრენ ნელა-ნელაააა, შენმა შორით ნათებაამ…

 აკაკიმ უკან გადააგდო თავი, რათა დამძიმებულ, უმოქმედო ქუთუთოებს ქვემოდან უკეთ შეეთვალიერებინა მოხელე.

 – აჰ, ძმობილო, – უცებ აიქნია ხელი, – უკანა მისამართი დამავიწყდა… მიუწერე შენს გახარებას, „გრანდ ოტელი“.

 – უკაცრავათ არ ვიყო, – შემოესმა უკნიდან, – ჩემო ბატონო…

 – ჰო, ბატონო… – აკაკი მობრუნდა მთელი ტანით და დაინახა გამხდარი კაცი, ასე ოცდათორმეტი წლისა, ხავერდის საყელოთი, შარფით.

 – მესხი… სარდიონ მესხი…

 – მესხი! – ჩაიქირქილა აკაკიმ, – მესხი. სარდიონ მესხი.

შვილიშვილი. სარდიონის… მიხაკოსი თუ გრიგოლის…

 – გრიგოლის, – მაღალი კაცი მღელვარედ ართმევდა ცივ, ღონიერ ხელს, – ექიმი… რა გასახარებელი დღეა ჩემთვის, ბატონო.

 სარდიონ მესხი აკაკის ძველი კარგი ნაცნობის შვილიშვილი იყო. აკაკის ენახა მხოლოდ პატარა ბიჭობაში. მერე მესხი ბევრგან დაეუფლა დოქტორობას და ახლა ექიმობდა კერძო პრაქტიკით; ხოლო რაც ომი დაიწყო, საქალაქო ლაზარეთშიც, რომელიც სამხედრო ვითარების გამო ხელქვეით მისცეს ქუთაისის მთავარ სამხედრო ექიმს, სხვანაირად კი ჰოსპიტალს.

ამ ორი სამკურნალოს გარდა, ქუთაისში იყო უკვე გარდაცვალებული სამსონ თოფურიას სამკურნალო, სადაც ერთხელ აკაკი სიკვდილის კარიდან გამობრუნდა. კერძო პრაქტიკის მიმდევრებში ყველზე განთქმული იყო ივანე გომართელი, რომელიც მუქთაზეც მკურნალობდა, რევოლუციონერიც იყო, ლამაზიც, მწერალიც და კაი ექიმიც. მასზედ ლექსს ამბობდნენ: „მე გავყვები გომართელსო, უკეთესად მომარჩენსო“.

 აკაკიმ და სარდიონ მესხმა ილაპარაკეს ომზე, ფოშტის შენობაშივე, და ქარში გამოვიდნენ გარეთ. მესხმა სახვალიოდ სადილად მიიპატიჟა. აკაკიმ იუარა, ეგება სულაც არ ვიყო ქუთაისშიო. თუმცა, სადილზე არაერთგზის მიპატიჟებას, ცხადია, მოელოდა ამ პატარა ქალაქში.

 – ლაზარეთში წამიყვანე… – უთხრა უცებ, – წამიყვანე ლაზარეთში, დაჭრილებს ვნახავ.

 მესხი გაოცდა, უფრო კი აღტაცდა.  ისინი წავიდნენ ეტლით.

 ლაზარეთში იყო სითბო და იდგა წამლების სუნი. აკაკიმ არ იცოდა: საქალაქო ლაზარეთში ოსმალეთის ფრონტის ტყვეები იწვნენ, რუსის ჯარისგან ბრძოლის ველიდან წამოკრეფილი მტრის დაჭრილები.

 აკაკი შევიდა ერთ პალატაში, სადაც ოცდაათი კაცი იწვა, იმათგან ნახევარი – იატაკზე.

 ბურჟუიკის ახლო, თხელ ლეიბებზე, ზეწრებში გამოხვეული მთლად გამხდარი ეყარნენ შავგვრემანი ახალგაზრდები, შიშვლები, თვალებდასივებულები, სიკვდილის ნიშნით. ესენი იყვნენ ტიფიანები და როგორც მესხმა თქვა შეწუხებით, არ იყვნენ ოსმალები, არამედ ოსმალთაგან ომში ძალათ წაყვანილი არაბეთის შვილები, ბედუინები.

 აკაკი კარგა ხანს იდგა ვიწრო გასასვლელში და უყურებდა ამ საბრალო მომაკვდავებს. შეკრული პალტო მოძრაობას უშლიდა. თავი, უკვე მიჩვეულად, უკან გადაეგდო.

 უცებ მან ღვინო მოითხოვა. მესხი დაფაცურდა. მოიტანეს ლიტრიანით, ნაკლული, ვარდისფერი ღვინო.

 აკაკიმ ბურჟუიკასთან მიფენილი მიტკალი აიღო და ღვინოში გაალბო, მუჭში გამოწურა.

 მერე, კიდევ უფრო მოულოდნელად, გადაფორთხდა სკამებსა და ფეჩზე, და ასე, ბოთლით და ღვინით სველი მიტკლით ხელში და საბრალო ბედიუნებს შუა აღმოჩნდა.

 იმათ არ ჰქონდათ წამოჯდომის ან ხეირიანი მოძრაობის ილაჯი, აკაკი კიდევ, ამ მძიმე პალტოსა და სიბერის მიუხედავად, როგორღაც მოქნილობით ყველა იმათგანს სწვდებოდა. კიდევ და კიდევ გაავლებდა ღვინოში მიტკლის ნახევს და შუბლსა და სახეზე უსვამდა საბრალო ბედუინებს.

 მესხი გაოცებული უცქერდა მის ამგვარ საქმიანობას.

 აკაკი ელაპარაკებოდა ამათ არაბულათ, რომელიც ესწავლა ბარე ორმოცდათხუთმეტი წლის წინათ, აღმოსავლეთის ენათა ფაკულტეტზე სტუდენტობისას და რომელიც არასოდეს მოეხმარა იმ სტუდენტობის შემდეგ.

 მათ კი ესმოდათ მისი და პასუხობდნენ უღონოდ, თუმცა, მაინც გაკვირვებით და ერთგვარი სიხარულითა…

 ფრაგმენტი მეორე

 მერე საექიმო ოთახში ისხდნენ, სადაც ექიმი მესხი ცდილობდა ელაპარაკა რაღაც მოულოდნელობები, თუმცა აკაკი წერეთელმა ყოველივე იცოდა.

 ასე ირკვეოდა ლაპარაკიდან, რაც იწვევდა მესხის სრულ შინაგან აღტაცებას, გაკვირვების შემდეგ.

 მერე აკაკი წერეთელმა მოისურვა წასვლა, რათა დაეწყო თავისი სიით შემოვლა ფულის სასესხებლად.

მესხმა არაფრით გაუშვა ფეხით. ფაიტონი სამკურნალოს ახლოს ვერ ნახეს.

 ნახეს მხოლოდ ბალდახინი, რომელიც მოსულიყო მკვდრის გადასასვენებლად. მკვდარი კი არ იყო: უკვე წაესვენებინათ. აკაკი გემრიელი ხითხითით დაუჯდა მებალდახინეს ნოტიო კოფოზე, ქარში.

 – ესე იგი შენ უნდა წამასვენო, – უთხრა ხალისით, – მეფისაშვილებისას წამასვენე, გორისკენ…

 არ შევუდგებით სადილების აღწერას, ყველაფერი იყო ქუთაისურათ.

აკაკი წერეთელი ბუხართან იჯდა და თავის მთელ დღეს უბით ნატარებ ხელნაწერებს ჩაჰკირკიტებდა. ფული კვლავ არ ჰქონდა. ოღონდაც იფიქრა, რომ ლექსების დაწერა მაინც შეიძლებოდა.

 სწორედ ამ დროს მოვიდა მეფისაშვილებისას კაცი ქარში: შლაპის ფარფლები ქარს დაეგრიხა, ულვაში კი სველი ჰქონდა ცინგლით.

 აკაკის ამ დროს ბუხართან ეჭირა თავისი ხელთნაწერები, ანუ ის ლექსები, რომლებიც ხელახლად უნდა დაეწერა. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი.

 ოღონდ, აკაკის ჩასძინებოდა: იცოდა ხოლმე სადილის შემდეგ, განსაკუთრებით, თუ რაგინდარა ნაწერს ან ასოებს დაინახავდა.

 მოსულს კი ეცვა დიდი პალტო და ამიტომ უჩანდა მხრები პატარა, ხელში ეჭირა მოზრდილი ტყავის ჩანთა და იყო თხაწვერა.

 იმას მეფისაშვილები იცნობდნენ. ეს გახლდათ ასევე ექიმი ქუთათელაძე, ექიმ გომართელის ახლო ამხანაგი, რევოლუციონერობით ცნობილი. თვალები – დიდი და ბრაზიანი, დამალული დიდი სათვალის შუშებს იქით, თუმცა, იმავდროულად საშიშრად გადიდებული და ისე გამომზირალი იმ შუშებიდან.

 გამოირკვა, რომ მას უნდოდა აკაკის ნახვა და მობოდიშებით უქლასუნებდა ფეხებს წინკარის ტილოს. კალოშების გახდას ჯერეთ ვერ ბედავდა.

 – დილიდან დავეძებ… უპირველესი საჭიროების საქმეა, – უხსნიდა მეფისაშვილებს, იმათ, ვინც სახლში დაუხვდა აკაკის და ასადილა, თუმც კი ფულით ვერ მიეხმარა, – გავიგე, დილით ჩამოსულა და ხვალევე მიდისო.

სასტუმროში არ დამიხვდა… უპირველესი საჭიროების საქმეა…

 – მობძანდით, მობძანდით… მოიშორეთ ეს პალტო…

 ის ხელს არ უშვებდა თავის დიდ ჩანთას. პალტოს რომ იხდიდა, ჩანთა გაჭირვებით ფეხებშუა დაიჭირა. მეფისაშვილებმა ამაზე ჩაიღიმეს. ამნაირი მოუხერხებელი იერის კაცი ძნელი სანახავი იყო მაშინ ქუთაისში.

 რაც გინდა სთქვი და, რევოლუციის დროს ბომბებს კი აკეთებდა მოხერხებულათ.

 – აკაკი… უფ, მძინებია… – შეცბნენ ყველანი, როცა სასტუმრო ოთახში ცეცხლმინათებული მოხუცი დაინახეს ქაღალდებით ხელში.

 – აუჰ… – აღმოხდა ექ. ქუთათელაძეს. ჩქარათ მოტრიალდა და გავარდა, თითონ არ იცოდა, სად… – უკაცრავათ… არ მინდოდა შეუტყობინებლივ მოსვლა, მაგრამ აუცილებელმა საჭიროებამ…

 უკვე თავის პალტოსთან იყო…

 – ღვიძავს, ღვიძავს… – მოედევნენ მეფისაშვილები, – მაგან მასე იცის.

 აკაკი იჯდა ნამძინარევი, სრულიად გამოურკვეველი, ტუჩებაბუზული, მისცქეროდა რაღაც ადგილს.

 ქუთათელაძე იყო კარში გახიდული. მოუთმენელ ცხენსავით ისევ უქლასუნებდა ფეხებს იატაკს, თითქოს ფლოქვსა სცემსო…

 – სამსონ, – თქვა უცებ აკაკიმ, – სამსონ… ვკვდები, ბიჭო, გონია… გლახა სიზმარი ვნახე…  იმ ნახევარბნელში საერთოდ არ ჩანდა მისი წვერი თეთრი და პირისახე – ნათელი, რაღაცა ცეცხლის ფერი უთამაშებდა სახეზე.

მეფისაშვილები დაუნანებლად ანთებდნენ. ყოველთვის ასე იყო, წლები.

 – სამსონ… – გაიმეორა აკაკიმ, – აჰ…

 მერეღა დაინახა კარებში გაჩერებული ჩანთიანი კაცი…

 – აჰ… ბოდიში, ჩემო ბატონო, – თითქოს უცებ გამოერკვა აკაკი წერეთელი, – თქვენ, ჩემო ბატონო… სამსონ…

 სამსონ თოფურია იყო უდიადესი ქუთაისელი ექიმი, იმისთვის, რომ ექიმობა ესწავლა, ნავსადგურებში მუშადაც კი იყო.

აკაკი და ბევრი სხვაც სიკვდილისგან გამოეხსნა არაერთხელ. თუკი რამე იყო ქუთაისი აკაკისთვის, იმის დიდი და დაუნანებელი ნაწილი – სამსონ თოფურია.

 ოღონდაც სამსონ თოფურია ზუსტად ათი წლის მკვდარი იყო.

 – ა, დაწყევლოს ღმერთმა, ა, სიბერე, – აკაკიმ აღარ იცოდა, სამსონ თოფურია ესიზმარა თუ ძილ-ღვიძილში ეგონა, რომ სამსონ თოფურია ცოცხალი იყო. ეს მისი ძველი დაძახილი იყო ქუთაისში, ჩავიდოდა თუ არა, შესძახებდა ვაგზლის ან სულ პატარა კამპანიის გასაგონათ:

 – სამსონ თოფურია… ჩამოვედი და მომხედე ახლა!!!.. დამაცალე მოგროვილი შხამები…

 ეს იყო, თითქოს ქუთაისში რამე რომ გაუჭირდებოდა, ახსენდებოდა ექიმი თოფურია.

 – უკაცრავათ ვარ… უკაცრავათ… – კვლავ უქლასუნებდა ფეხებს ექიმი ქუთათელაძე.

 – მე ვარ უკაცრავათ… – აკაკიმ წამოდგომა დააპირა, ოღონდაც ამ წამს ქუთათელაძემ მიაგდო თავისი დიდი ჩანთა, რაც ალბათ გასაოცარია, გაქანდა აკაკისკენ, დაებღაუჭა მხრებში, ჩამოუგდო მიფარებული შალი და შესთხოვა:

 – არ წამოდგეთ… არ გეინძრეთ, ჩემო ბატონო…

 – კაი… კაი… კააი…

– ჩურჩულებდა აკაკი წერეთელი.

 ამ დროს კი ექიმი ქუთათელაძე გასწორდა წელში და ისე, რომ ჩანთა აღარ გახსენებია, წარუდგა:

 – ექიმი ქუთათელაძე…

 – სულ ექიმები მეხვევიან დღეს… ვკვდები ნამდვილად… – გაიცინა აკაკიმ და სახეზე მოისვა ხელები, – ვისი ხარ?

 – ქუთათელაძეების…

 – ვანო გომართელის ამხანაგი ხარ?.. რო დამიწყო ლანძღვა გაზეთებში, – აკაკის შეუცდომლად ახსოვდა ეს ყველაფერი, – კაი, კაი…

 – გადაუდებელ საჭიროებამ მომიყვანა თქვენთან. დილით სადგურზე მითხრეს, რომ აქა ბძანდებით. ფოსტიდან ფეხათ გამოგისწრიათ, სამკურნალოდან ორი ნაბიჯით, – ამ სიტყვებზე გაქანდა შემოსასვლელისკენ, სადაც დაეგდო ჩანთა.

 – ფულის სასესხებლად ჩამოვედი, – თქვა უცებ აკაკიმ.

 ქუთათელაძე წამით შეყოვნდა.

 – უსახსრობამ…

ორი თვე ვცდილობდი თბილისში მოსვლას თქვენ მოსანახულებლათ, – ჩანთიდან კი ამოსწია დიდი საქაღალდე. სულ თოკებით გადანასკვული. ასე მობრუნდა ბუხართან და ჩამოჯდა მეორე სავარძლის კიდეზე ჩანთა-საქაღალდით და მოულოდნელად წარმოთქვა. საერთოდაც არ უჩანდა თვალები იმ დიდ სათვალეებში და ბუხრის ცახცახზე:

 – ქუთაისი მოჰკვდება… სულ მალე…

 აკაკიმ მოიწყინა.

 „ეუჰ, გიჟი…“ – სწორედ ასე გაიფიქრა და ნაცად ხერხით დადუმდა. ჯობს, გიჟმა ბოლომდის თქვას სათქმელი, ამას გვასწავლის ჩვენი ძველი სიბრძნე. სწორედ ასე ამბობდა ხოლმე აკაკი მთელი სიცოცხლე, ნაირგვარ შეკრებულებებზე, სადაც საქვეყნო საქმეები წყდებოდა…

– ქუთაისი მოჰკვდება… 1917 წლის ზამთარში, – თქვა უფრო მტკიცედ ექ. ქუთათელაძემ, – მე მკურნალი გახლავართ და ასეთია ჩემი გამოკვლევა. მე ყველაფერი შევისწავლე ავადმყოფისა. ეს დასანანი არის, რომ მიექანება მთელი ქალაქი გარდაუვალ სიკვდილისკენ და თანაც თარიღობრივ.

 აკაკიმ ჩაამთქნარა მუჭში.

 – გისმენ, ბატონო, გისმენ, – თქვა თითქოს თავისთვის.

 ქუთათელაძემ, როგორც იყო, ამოიღო თოკებით გადანასკვული საქაღალდე.

 – თქვენ ხომ გიყვართ ქუთაისი… მე ვიცი, რომ თქვენ უქუთაისოთ არ ხართ აკაკი. ეს ნამდვილია… ამიტომ თქვენ გაწუხებთ. ავადმყოფის გადარჩენა არის შესაძლებელი და ეს შეუძლია აკაკი წერეთელს. დიახ!

 – ოჰ!

 – კუჭი, ფილტვები, თირკმლები უკვე მოწამლულია! – ხმა ჰქონია ექ. ქუთათელაძეს, – მუშაობს მხოლოდ გული და თუკი ამ სხვა ორგანოებს ვუმკურნალებთ, გული გასძლებს და გადაარჩენს ქუთაისს.

ყოველივე გამოკვლეულია. ამიტომ ჯერ გულს უნდა მივხედოთ, რათა შეგვეძლოს სხვა ორგანოების მკურნალობა.

 მან კვლავ ჩაჰყო ხელები ჩანთაში და იქიდან ამოიღო კარგა მოზდილი დაგრაგნილი ქაღალდი, რომელიც ჩამოშალა ცეცხლის პირად.

 ეს გამოდგა ადამიანის ანატომიური სურათი.

 აკაკიმ გაიცინა.

 – ადამიანი სულაც არ არის ლამაზი.

 – ეს არ არის ადამიანი. ეს არის ქუთაისი, – მტკიცედ გამოაცხადა ქუთათელაძემ.

 აკაკიმ გაჭირვებით შეათვალიერა ქაღალდი.

თავი უკან გადააგდო და გვერდულად შემოხედა სისხლძარღვებით დასერილ სხეულს.

 – დასწყევლოს ღმერთმა, – კვლავ ძალიან ხმადაბლათ თქვა.

 – აგერ მაქვს შეკრებილი ყველაფერი, რაც სჭირდება ამ საქმეს. ეს არის გამოკვლევა მთლიანი, ისტორია სამკურნალო და მიზეზები ავადმყოფობის, რომელიც გამოიწვევს უცილობელ სიკვდილს.

 მან ფრთხილად დაუდო მსუქანი საქაღალდე აკაკი წერეთელს ფეხებთან.

 – თხოვნა მაქვს უმორჩილესი, წაიკითხოთ ეს ყველაფერი.

 აკაკიმ სცადა აეღო საქაღალდე, მაგრამ ვერ მოიხარა. ამის დამნახავი ქუთათელაძე წამოხტა, ეტაკა საქაღალდეს და მუხლებზე დაუდო:

 – მერესთვის დავდე… მერესთვის…

 კაი სქელი იყო.

 პოეტი აკაკი წერეთელი დააცქერდა საქაღალდეზე გამოყვანილ ასოებს.

 „სიკვდილი. ქუთაისი. აკაკი“ ეწერა იქ.

 – ეს რომანათ ხო არ გაქვს, თქვენი ჭირიმე, დაწერილი? – ჰკითხა უაზროდ.

 – ეს არის გამოკვლეული…

წერა მეხერხება, – წაიბურტყუნა ქუთათელაძემაც.

 – დაგებეჭდა გაზეთებში… ყველა გაიგებდა, ქუთაისი რომ კვდება, იტირებდნენ, – რჩევასავით თქვა აკაკი წერეთელმა, – მარტო მე რატო მეუბნები ამ გლახა ამბავს? ყოლიფერი ორ კაცში ვერ დაიმარხება. ამხელა ამბავი.

 ქუთათელაძე ვერ მიუხვდა ოხუნჯობას: ამოიღო პორტსიგარი და ჩაიდო ისევ ჯიბეში. მერე ისევ ამოიღო და ისევ ჩაიდო.

 – იმიტომ თქვენ… რომ… იმიტომ თქვენ, რომ თქვენ, ყველანაირ გამოთვლით, ხართ ქუთაისის გული…

 აბა, რა უნდა ეთქვა თავად აკაკი წერეთელს, ვისაც ჭოტებიც კი ცნობდნენ დღისით?

 – თქვენ ხართ ქუთაისის გული! – უფრო მტკიცედ თქვა ქუთათელაძემ, – ექიმობა არ უნდა, თავად გამოსთვალეთ, რა დღეშია ქუთაისი, როცა ყველაფერი უკვდება, გარდა გულის.

და გულიც მუშაობს, თუმც კი როგორ, მე თქვენ ამას ვერ მოგიყვებით. თავად მოთვალეთ… და გულმა უნდა გადაარჩინოს ქუთაისი, რომელსაც არცა ფილტვი, არცა კუჭი… ამ ომმა დაასნებოვნა და ეს ვითომ დროებით სნეულებაა… ეს ტყუილია. ყველაფერი მედიცინურად გამოვიკვლიე ამ სამ თვეს. მიტომ, ჯერ რაც საღი აქვს და საფრთხილო, იმას ვმკურნალოფ… და ექ.

ქუთათელაძე წამოდგა, დაუკრა მდაბლად თავი და ახლაღა მიხვდა, პალტო რომ დატოვა შემოსასვლელში და კალოშები, შლაპა სულაც არ მოუხდია.

 აკაკი იჯდა ოდნავ წაფერდებულ სავარძელში.

 მუხლებზე ესვენა სქელი საქაღალდე, თოკებით გადაკრული. ზედ ეწერა სიკვდილი.

 – ბოდიშის მოხდით… მოგნახავთ… – ქუთათელაძემ თავის ქარისგან დაჯღანულ შლაპაზე მოისვა თითები და შეეტყო, კიდევ უფრო აღელდა.

 – საერთოთ ასეა, როცა ქალაქი ალყაშია ანაც როცა კვდება, იქიდან ჩქარობენ, რომ გაიტანონ ყველაზე ძვირფასი… ეს ასეა…

 ქუთაისიდანაც უნდა გავიტანოთ ყველაზე ძვირფასი!!!

 – რა? – ჰკითხა აკაკიმ, მოხალისებულმა იმით, რომ ქუთათელაძეს წასვლა გადაუწყვეტია.

 – ყველაზე ძვირფასი ქუთაისისთვის არის თქვენი კუბო… გული, თუნდაც გაჩერებული, უნდა დარჩეს ქალაქში და მაშინ ქუთაისი არ მოკვდება.

ამიტომ, გეხვერწებით, დარჩით ქუთაისის გულათ ცოცხალიც და მკვდარიც. ვერ გავიტანთ…

 აკაკი მიხვდა, რომ ახლა ქუთათელაძე სულ სხვა ჭრილში ლაპარაკობს, ავადმყოფობის და გულის ისტორიაც დავიწყებია და სურს, პოეტი დაკრძალოს ქუთაისში, როგორც განძი.

 არ ჰკითხა, გიჟი ხარ შენო? არამედ ჰკითხა:

 – რომელი ქუთათელაძეების ხარ, თუ მეტყვი?

 – გადაღმელების, – თავი დაუკრა მღელვარე ექიმმა, რომელიც ალბათ გაფითრებული იყო, ოღონდ იმ ცეცხლის შუქში არ ჩანდა.

 – აჰ… კი, კი… და ექიმი ხარ… გამახსენდა, გომართლის ამხანაგი. იმასთან ერთად მინახავხარ…

 – დიახ… კი… გნახავთ სასტუმროში, თუ არ დამძრახავსთ…

 – მნახე, კი… შვილო… – აკაკიმ კვლავ სცადა წამოდგომა, ოღონდაც იმან არ აცალა და გავარდა ოთახიდან უჩანთოთ, მერე კი შემობრუნდა, აიღო ბუხრის პირას მიგდებული დახვეული ქაღალდი ადამიანის შინაგან ორგანოთა გამოსახულებით, ჩატენა ჩანთაში და გავარდა უკანმოუხედავათ.

 – ე, ჰე… ჰეი… – ამოიოხრა აკაკი წერეთელმა და კვლავ მილულა თვალები, – გასვენების უფროსიც დავნიშნე… სადღა ვისესხო? კოტეს უნდა მივწერო… ან…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button