ისტორიასაქართველო

ლია კერესელიძე – 1922 წლის 26 მაისი საქართველოში

… ,,25 თებერვალი გათენდება ხვალ, თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ!”…

,,1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს მშრომელებმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით და საბჭოთა რუსეთის დახმარებით დაამხეს მემამულეებისა და ბურჟუაზიის ბატონობა და დაამყარეს საბჭოთა ხელისუფლება”…

,,საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც მენშევიკების კონტრრევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ მასების აჯანყების ცეცხლსა და კვამლში იშვა, აღფრთოვანებულ სალამს უთვლის დიდი პროლეტარული რევოლუციის ბელადს. საერთაშორისო იმპერიალიზმით სამი წლის მანძილზე ნასაზრდოებმა მენშევიკების მთავრობამ შექმნა საკუთარი პოლიციური და სამხედრო აპარატი მშრომელთა დასათრგუნად. საერთაშორისო რეაქციისა და ქართველი მენშევიკების კოალიციის წინააღმდეგ საქართველოს მშრომელები სუსტნი იყვნენ და ყველა ცდა, დაემხოთ მოძალადეთა უღელი, დამარცხებით მთავრდებოდა. მაგრამ ხალხის მასების უკანასკნელი აჯანყება ძლევამოსილი აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ისწრაფვიან ევროპის რეაქციის ძალები. გაერთიანებული შავი ლაშქრის დაწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შეერთებულ წითელ სოციალისტურ ლაშქარს შეუძლია. ჩვენ ვიმედოვნებთ, დარწმუნებული ვართ, რომ არა მარტო დიდი პროლეტარული რევოლუციისა, არამედ დიდი მატერიალური შესაძლებლობის ქვეყანა არ დაგვტოვებს ჩვენ უთანასწორო ბრძოლაში და დახმარებას აღმოუჩენს ახალშობილ საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას.

გაუმარჯოს საბჭოთა რუსეთს!

გაუმარჯოს მის დიდ ბელადს!

(საქართველოს რევკომის 1921 წლის თებერვლის მიმართვა რსფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს ვ. ი. ლენინს)” .

ეს მცირე ფრაგმენტია საქართველოს ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოდან. ასე გვასწავლიდნენ, ასე გვზრდიდნენ, ამგვარ სიყალბეს გვინერგავდნენ საბჭოთა საქართველოს მოზარდებს შვიდი ათეული წლის განმავლობაში, სინამდვილეში კი… რეალობა სულ სხვაგვარი იყო. საქართველოს მუშათა კლასიც, გლეხობაც, ინტელიგენციაც, თავად-აზნაურობაც, ერთი სიტყვით, მთელი ქართველი ერი, ერთი მუჭა ბოლშევიკების გამოკლებით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარების, რუსული წითელი არმიის საქართველოში შემოჭრისა და წლების განმავლობაში ყველანაირი ხერხით გამოხატავდა პროტესტს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ.

შსს არქივში, ჩეკას მორიგ მსხვერპლთა საქმეში (საქ. #22 254) მოძიებული არალეგალურად გამოცემული პროკლამაცია დაწვრილებით ასახავს იმ საპროტესტო მდგომარეობას, რომელიც გასაბჭოებიდან ერთი წლის შემდეგ, 26 მაისს სუფევდა საქართველოში. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმ პროპაგანდის სიყალბეში, რომელსაც ეწეოდნენ საბჭოეთის მესვეურები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში, როცა 25 თებერვლის მოვლენებს საქართველოს მშრომელი მასების გამარჯვებად, წითელი არმიის მიერ ქვეყნის ოკუპაციას კი ქართველი ხალხისადმი გაწეულ ძმურ დახმარებად აფასებდნენ. სტატიას გთავაზობთ ყოველგვარი ცვლილების გარეშე (სტილი დაცულია):

დამოუკიდებლობის დღე საქართველოში (ცნობად _ პოლიტიკურ პარტიებისგან)

24-26 მაისს საქართველომ კიდევ ერთხელ დაანახვა მტერსა და მოყვარეს, რომ მისი დამონება და დამორჩილება არ შეუძლია არავითარ ძალას, რომ ქართველ ხალხს, _ უიარაღოს და ბორკილ გაყრილს, საშინელ ტერორის პირობებშიაც, შესწევს სითამამე და ვაჟკაცობა აშკარად უარყოს მოძალადეთა უღელი.

კომუნისტური პრესა შეეცადა ამ გამოსვლებისთვის სახელი გაეტეხა, მაგრამ წინააღმდეგს მიაღწია, _ გაიძახოდნენ, არაფერი მომხდარაო, როცა მთელ გაზეთებს ანდომებდნენ მასზე წერას.

კომუნისტების სამფლობელოში სიმართლეს ვერასოდეს შეიტყობთ, ამიტომ ჩვენ განვიზრახეთ, მივაწოდოთ ქართველ ხალხს მოკლე ცნობები იმის შესახებ, თუ რა მოხდა საქართველოში 24-26 მაისს.

წინასწარი რეპრესიები

მაისის პირველ რიცხვებიდან დაიწყო უსასტიკესი რეპრესიები. აპატიმრებდნენ სრულიად უსაფუძვლოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველები ქართველები იყვნენ, დაპატიმრებულია მრავალი ქართველი აფიცერი, მილიციის მოხელე, უბრალო მოქალაქე, მოსწავლე ახალგაზრდობა, მუშებით ხომ სავსეა ,,ჩეკის” სარდაფები, 16 მაისს გაიცა სასწრაფო ბრძანება, რომ ყველა სასწავლებელი დაიკეტოს 20 მაისისათვის, მიუხედავათ ამისა, რომ სასწავლო წელი ივნისის შუა რიცხვებამდის უნდა გაგრძელებულიყო. მოსწავლე ახალგაზრდობას და მასწავლებლობას წინადადება მიეცა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ თბილისი.

რკინის გზას დაევალა 24 მაისამდის სპეციალურ მატარებლების გამზადება, ორმოცი ვაგონის ბათომისაკენ და ოცი კახეთისაკენ ახალგაზრდობის უფასოდ გადასაყვანათ, მაგრამ მოსწავლე ახალგაზრდობამ არ მოისურვა ეტაპით გამგზავრება და ბათომისაკენ მომზადებულ 40 ვაგონიდან მხოლოდ 11 წავიდა, ისიც ნახევრად ცარიელი, ასევე მოხდა კახეთისაკენ.
უმაგალითო ამბავი მოხდა ქუთაისში: როგორც კი მოვიდა 20 მაისისათვის მოსწავლეთა დათხოვნის ბრძანება, ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლების მასწავლებელნი გაიფიცნენ, ,,მთავრობა საგონებელში ჩავარდა. ბოლოს ბრძანება გასცეს, _ მოსწავლეები ყველანი გადაყვანილი არიან კლასიდან კლასში, ხოლო უკანასკნელ კლასის მოწაფეთ მიეცეს სიმწიფის მოწმობებიო; მასწავლებლები კი ყველანი დათხოვნილიაო”.

23 მაისისათვის მთელს საქართველოში რეპრესიები უმწვერვალესობამდის აღწევს. 23 მაისს გამოიცა შემდეგი: ,,ბრძანება #5, სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისაგან. ამით საყოველთაოდ ვაცხადებთ, თანახმად აღმასკომის დადგენილებისა, რომ საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღე არის 25 თებერვალი და არა 26 მაისი. ამიერიდან გაუქმებულია 26 მაისის დღესასწაულის უქმი დღე და მის ნაცვლად ძალაში შედის 25 თებერვლის დღე, როდესაც განთავისუფლდა საქართველო.

აღმასკომის თავმჯდომარე ფ. მახარაძე, მდივანი თ. კალანდაძე”.

ამ ბრძანების შემდეგ დედა ქალაქი პირდაპირ სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. 23 მაისის საღამოდან ყველა მნიშვნელოვანი პუნქტები და სტრატეგიული ადგილები რუსის ჯარმა დაიჭირა. ქუჩებში გაძლიერებული ცხენოსანი და ქვეითი პატრულები ჩადგა. ქალაქში კომუნისტების მობილიზაცია გამოცხადდა. ქართველი ჯარი ყაზარმებში ჩაკეტეს და გარეთ გამოსვლა აუკრძალეს.

ამავე ღამეს გავრცელდა ფურცლები საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიებისა, ს.-დ. პარტიისა და საქართველოში მცხოვრებ რუსთა კომიტეტისა.

თ ბ ი ლ ი ს შ ი

24 მაისს გათენებამდის ტრამვაის დეპო, ელექტრონის სადგურები, რკინის გზის მთავარი დეპო-სახელოსნო რუსის ჯარმა დაიჭირა. განაპირა ადგილებში ზარბაზნები დადგეს და ქალაქის ქართულ რაიონებს დაუმიზნეს. ჯავშნოსანი მატარებელი მთავარ დეპოს დაუპირდაპირეს.

სადგურს და სახელოსნოს ნამდვილი ალყა ქონდა შემორტყმული. სადგურში ხალხს ატყვევებდნენ. ძმათა სასაფლაოზე დილიდანვე გაძლიერებული რაზმი დააყენეს. 10 საათიდან თბილისის ქუჩები ცოცხლდება. გაისმა ზარების რეკა, სხვა და სხვა ქარხნებში, არსენალში საყვირის ხმა; მთავარ სახელოსნოს საყვირი კი წინა ღამეს ,,ჩეკის” რაზმმა დაიჭირა. მუშათა ჯგუფი შეეცადა საყვირის ხელში ჩაგდებას. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. რამდენიმე მუშა დაშავდა, ხოლო 25 მუშა იქვე დააპატიმრეს. მთავარ სახელოსნოს ჯარი ყარაულობდა. კარები ჩაკეტილი იყო. მემანქანეებს, მეისრეებს, ტექნიკურ თანამშრომლებს, ყველას თავზე წითელარმიელები და ,,ჩეკისტები” ადგა. სცემდნენ ყველას, ვიზედაც რაიმე იჭვს მიიტანდენ. არსენალის მუშებმა საყვირის ხმაზე მუშაობა შესწყვიტეს, ეზოში მიტინგი გამართეს და გაფიცვა გამოაცხადეს; გაარღვიეს დარაჯთა რკალი და მანიფესტაციის ადგილისაკენ გაეშურნენ, მაგრამ გზაში გაფანტეს, ბევრი დააპატიმრეს, ავლაბარში დუქნები დაიკეტა, ხალხმა მოედანზე იწყო თავის მოყრა, მაგრამ ცხენოსანმა ჯარმა გაფანტა და ბევრი დაატყვევა, ნავთლუღში რკინის გზის ყველა დარგებში, ქარხნებში და ქალაქის დაწესებულებებში შესწყდა დილიდანვე მუშაობა. გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რის შემდეგ მანიფესტაცია გაემართა ცენტრისაკენ ეროვნული და შავი დროშებით, ეროვნული სიმღერით, მანიფესტაციას არამიანცის საავადმყოფოსთან რუსის ცხენოსანმა ჯარმა და ჯავშნიანმა ავტომობილმა გზა გადაუჭრა და გაფანტა.

რამდენიმე ათეული მანიფესტანტი დააპატიმრეს. დაშლილი დემონსტრაცია ჯგუფჯგუფათ გაემართა ძმათა სასაფლაოსაკენ, ორთაჭალაში, მოედანზე ხალხმა თავის მოყრა იწყო, ადელხანოვის, ტოლეს და სხ.

ქარხნებში კომუნისტების გარდა ყველამ სამუშაოზე ხელი აიღო, ბაზარი დაიკეტა, მიტინგს მოაწყდა დიდძალი არაქართველიც: თათრები, სპარსელები, სომხები, გაიძახოდენ ,,გაუმარჯოს საქართველოს”. აქაც ასწიეს ეროვნული და შავი დროშები, ილაპარაკეს ორატორებმა, ამას შემდეგ, მიუხედავათ დიდი წინააღმდეგობისა, მანიფესტაცია გაემართა მეტეხისაკენ. ხიდამდის კიდეც მიაღწია, მაგრამ აქ ცხენოსანმა რაზმმა შეაჩერა. ხალხს კონდახებით, მათრახებით, ხმლებით დაერიენ. ასტეხეს სროლაც. მრავალი მოქალაქე დააპატიმრეს. რამდენიმე კაცი მძიმედ ნაცემი და დასახიჩრებული აღმოჩნდა. ერთი ხელოსანი იქვე გარდაიცვალა. რიყეზე ადგილობრივი სომხები და სხვანი შეეცადენ თავი მოეყარათ და საერთო მანიფესტაციას შეერთებოდნენ, მაგრამ მათ ჯარმა ალყა შემოარტყა და ცემა-ტყეპით გარეკა.

სრულს 11 საათზე ყველა დაწესებულებებში მუშაობა შეჩერდა. არც ერთი ქართველი სამსახურში არ დარჩენილა. მრავალი უცხოელიც გამოყვა ქართველებს. მხოლოდ ზოგს ადგილას მოსამსახურენი ჩაიმწყვდიეს და ძალით არ გამოუშვეს, მაგრამ იქაც მუშაობა არ ყოფილა. ბაზარის დიდი ნაწილი დაკეტილი იყო.

ვერის რაიონს დილიდანვე დაეტყო გამოცოცხლება. სახელმწიფო უნივერსიტეტზე ეროვნული და შავი დროშები ფრიალებდნენ. ქუჩებში ჯარი და ,,ჩეკისტები” იყვნენ ჩამდგარი. მიუხედავად ამისა, ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, ვერის დაღმართის მოედანზე თავი მოიყარა. როცა ზარების რეკა ასტყდა, მანიფესტაცია გაემართა ნიკოლოზის ეკლესიისაკენ ეროვნული დროშით და სიმღერებით. აქ შეეცადენ მანიფესტაციის დაშლას, მაგრამ ამაოთ. გაისმოდა: ,,გაუმარჯოს საქართველოს, ძირს მოღალატენი, ოკუპანტები” და სხ.
ოლღას ქუჩაზე ნამდვილი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მშვიდობიან ხალხს დაერია ჯარი და ,,ჩეკისტები”, მანიფესტაცია გაფანტეს, აქ ორასზე მეტი დააპატიმრეს. დაშავებულია 27-მდე ქალი და ვაჟი. შუადღისას ყველა სამილიციო უბნები სავსე იყო დაპატიმრებულებით.

,,ჩეკებში” ხალხი არ ეტეოდა და კერძო დაწესებულებებში და ეზოებში შეყარეს. აქ ყველგან ,,დიდება” გაისმოდა. ქუჩებში არავის აჩერებდნენ. თუ ვინმე არ მოეწონებოდათ, მაშინვე იჭერდნენ. ეკლესიები დაკეტეს და ყარაულები მიუჩინეს. ეკლესიის ბევრი მოსამსახურე ზარის რეკისთვის დააპატიმრეს.

განსაკუთრებულ ერთგულებას და სიმკაცრეს იჩენდნენ უამრავი სომეხი ,,ჩეკისტები”. საღამოს ქუჩებში ხალხი არ სჩანდა. ყველგან რუსის პატრულები იდგა. ყაზარმებში ჩამწყვდეულ ქართულ ჯარს მღელვარება დაეტყო. ზოგიერთი ნაწილი პასუხისმგებელმა კომუნისტებმა ჩამოიარეს და ჯარისკაცებს ამშვიდებდნენ.

ღამით მთაწმინდის, არსენალის გორებზე და ნავთლუღის მიდამოებში ზარბაზნები დადგეს, სანგრები გათხარეს, რუსის სამხედრო ნაწილები ქალაქ გარეთ გაიყვანეს.
კავარმიის შტაბმა ღამით მოსკოვს აცნობა, საქართველოში აჯანყება იწყებაო. ღამით გაგრძელდა მასიური ჩხრეკა-დაპატიმრება.

25 მაისს დილით გამოვიდა კომუნისტური პარტიის სააგიტაციო განყოფილების მოწოდება რუსულ ენაზე, რომელშიც წითელარმიელებს, მუშებს და გლეხებს მოუწოდებდნენ ,,კონტრრევოლუციონურ” გამოსვლებში მონაწილეობა არ მიეღოთ. დილიდანვე გამოვიდა ბრძანება, რომ ის მუშები და მოსამსახურენი, რომელნიც განაგრძობენ გაფიცვაში მონაწილეობის მიღებას, სასტიკად დაისჯებიან დახვრეტამდისო. მიუხედავათ ყოველგვარი მუქარისა და უსასტიკეს ზომებისა, ხალხის სულისკვეთება სრულიადაც არ შერყეულა. მრავალი მაღაზია დაბეჭდეს, მთელი დღე ქალაქში საალყო წესების მდგომარეობა იყო.

26 მაისს მდგომარეობა ასეთივეა. გაფიცვა გრძელდება. ქართველები სამუშაოზე არ გამოცხადებულან, ბევრგან უცხოელებიც. გამოვიდა რუსთა კომიტეტის მეორე მოწოდება, რომ ქართველებთან ერთად ედღესასწაულნათ 26 მაისი. აგრეთვე გამოვიდა მეტეხის პოლიტიკურ ტუსაღთა მიმართვა საქართველოსადმი. ქუჩებში არავის აჩერებდნენ. რეპრესიები გრძელდებოდა.
11 საათზე სალდათის ბაზარზე სხვა და სხვა უბნებიდან ხალხმა თავი მოიყარა და მიტინგი გაიხსნა. ასწიეს ეროვნული დროშა ,,გაუმარჯოს საქართველოს” ძახილით. წარმოითქვა სიტყვა, ორატორს და დროშას ,,ჩეკისტებმა” სროლა აუტეხეს. დაიჭრა ერთი ქალი, ხალხი გაფანტეს ხელჩართული ბრძოლის შემდეგ დროშა ვერ წაართვეს. მრავალი დააპატიმრეს. მთელი დღე ქალაქში მღელვარება იყო. ღამით ჩხრეკა-დაპატიმრება გაგრძელდა.

დაჭრილი და დასახიჩრებულია რამდენიმე ქალი და კაცი. ნაცემია მრავალი. პეტრე დიდის ქუჩაზე ყუმბარისაგან მოკლულია ორი კაცი, დანგრეულია დუქანი და ორი ფურნე. ამ გამოსვლებმა ფეხზე დააყენა მთელი ქალაქი და შეარყია კომუნისტური ბანაკი. როგორც ირკვევა, თვით რუსის ჯარშიც დიდი არევ-დარევა იყო, ძალიან ბევრი რუსის ჯარისკაცია დაპატიმრებული, რეპრესიები გრძელდება.

თ ე ლ ა ვ ი ს მაზრაში გავრცელდა ფურცლები, გადმოკიდეს ეროვნული დროშები. დემონსტრაციები არ მომხდარა.

ს ი ღ ნ ა ღ ი ს მაზრაში თითქმის ყველა ეკლესიებსა და შკოლებზე გადმოკიდებული იყო ეროვნული დროშა, გავრცელდა ფურცლები. ხალხი ჯგუფ-ჯგუფათ იკრიბებოდა და აშკარათ გმობდა მოძალადეთა შემოსევას. ყველგან გაისმოდა ეროვნული სიმღერები. ექსცესები არ ყოფილა.

გურჯაანში გაიმართა მიტინგი, რომელმაც მიიღო სათანადო რეზოლუცია.

თ ი ა ნ ე თ შ ი სასტიკი ზომები ქონდათ მიღებული, რომ ,,მშვიდობიანობა” არ დარღვეულიყო, ბევრი დააპატიმრეს, მაგრამ ხალხმა მაინც შესძლო თავისი გულისწყრომის გამოხატვა.
25 მაისს დუშეთში გავრცელდა ფურცლები. ქალაქის შუაგულში _ მოედანზე და სასწავლებლებზე ფრიალებდა ეროვნული დროშები. დროშებს გათენებისას დაუწყეს სროლა და ჩამოხსნეს, მაგრამ ხალხი მაინც ვერ დაიმორჩილეს. ის გამოვიდა ქუჩებში, ქალები სამგლოვიარი ტანსაცმელში იყვნენ. გაიმართა დემონსტრაცია, ბევრმა კომუნისტმა ბოდიში დაიწყო, ლანძღავდნენ თავისიანები. კრებამ მიიღო სათანადო რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვდა რუსის ჯარის გაყვანას და დამოუკიდებლობის აღდგენას.

მ უ ხ რ ა ნ შ ი ხალხმა ვერ შესძლო თავისუფლად ედღესასწაულნა, მაგრამ ,,სამხთოების” სახით მაინც მოახერხა თავისი სულისკვეთების გამოთქმა. ასევე მოხდა საგურამოს რაიონშიც. ხალხი ფიცს სდებს, რომ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს ბოლომდის. გრანდიოზული ხასიათი მიიღო დღესასწაულმა.

ხ ე ვ შ ი (ყაზბეგის რაიონში) მთელი ხევი ამ დღეს თავისუფალი იყო. ყველგან მიტინგები, ეროვნული დროშები, სიმღერები. კომუნისტები გამოჩენასაც ვერ ბედავდნენ.

გ ო რ ი ს მ ა ზ რ ა. ქართლში 23 მაისიდან დაიწყო ხალხში ჩოჩქოლი. კომუნისტები დადიოდნენ, ეგონათ, აჯანყება იწყებაო. მთელი შეიარაღებული ძალა გორში შეკრიბეს. ცხინვალში ოსეთიდან წამოიყვანეს შეიარაღებული ოსები. 24-ს დილიდან დაიწყო ზარების რეკა სხვა და სხვა ეკლესიებში, ხალხი თემებში გამოვიდა. გავრცელდა ფურცლები. შკოლებზე, ეკლესიებზე, ხეებზე _ ყველგან მოსჩანდა ეროვნული დროშები. ქვემო ჭალის, მეჯვრისხევის, პატარა ლიახვის და ტყვიავის რაიონებში ხალხს ოსებიცა და სომხებიც შეუერთდა. გორში ქალაქს გარეთ გაიმართა დიდი მიტინგი. ილაპარაკეს სხვა და სხვა პარტიის ორატორებმა. მიტინგის შემდეგ მანიფესტაცია ქალაქში შემოვიდა.

კომუნისტები პირველად დათბნენ. გაისმოდა ეროვნული ჰიმნი. დუქნები დაკეტილი იყო. ბოლოს მანიფესტაცია დაშალეს. მთელ ქართლში ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულება შეჩერდა. კრამიტის, აგურის, ხილის ქარხნებში მუშაობა შესწყდა. ქსანის ქარხანაში მუშებმა დილიდანვე მიატოვეს მუშაობა და სახალხო მიტინგს შეუერთდნენ. აქ თბილისიდან გაგზავნილმა რუსის ებრაელმა კომუნისტმა შიშისაგან თავი მოიკლა, ხოლო მეორე კომუნისტი მანიფესტაციას შეუერთდა და დროშას მიესალმა. ძეგვში მიტინგი შესდგა, რომელსაც მცხეთელი გლეხებიც შეუერთდა.

ცხინვალში, მიუხედავად ბარბაროსული რეჟიმისა, ეროვნული და შავი დროშები გადმოკიდეს. გორში დუქნები დაბეჭდეს გაფიცვისათვის. დაპატიმრებულია 300-ზე მეტი მოქალაქე.

შ ო რ ა პ ნ ი ს მ ა ზ რ ა. შორაპნის მაზრაში, მიუხედავათ სასტიკ რეპრესიებისა, ეს დღეები ღირსეულად ჩატარდა. სადგ. შორაპნის დეპოს და მოძრაობის მუშებმა, კანტორის მოხელეებმა 24 მაისს, დილის 9 საათზე შეწყვიტეს მუშაობა. შეიკრიბნენ სადგურზე, ააფრიალეს ეროვნული და შავი დროშა, გაიმართა მიტინგი, სადაც წარმოითქვა სიტყვები. გამოიტანეს რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვდნენ საქართველოდან რუსის ჯარის გაყვანას, პოლიტიკურ ტუსაღების განთავისუფლებას, სიტყვის, კრების და ბეჭდვის თავისუფლებას და თავისუფალ არჩევნებს. შემდეგ ხალხი დაიძრა ზესტაფონისაკენ იქაურ დემონსტრატებთან შესაერთებლათ, წინ ეროვნული და შავი დროშები მიუძღოდა. მღეროდნენ ,,დიდებას”, ზესტაფონში შესვლისას მათ შეეგება კომუნისტური რაზმი, რომელმაც გაუფრთხილებლათ სროლა აუტეხა მშვიდობიან დემონსტრატებს, ნაწილი დემონსტრატებისა გაიფანტა, მეორე ნაწილი კი არ დანებდა და დროშას იცავდა. აქ ბევრი მძიმედ გალახეს. მძიმედ დაიჭრა ფეხში შორაპნის დეპოს მუშა ივანე ნინიკაშვილი, მეორე დაჭრილი მუშებმა ხელით გაიტაცეს, ,,ჩეკისტებს” არ დაანებეს და გადამალეს. მისი გვარი ვერ გავიგეთ. ნინიკაშვილიც იმ დღესვე საავადმყოფოდან გაიტაცეს, მაგრამ კომუნისტებმა ადრე გაიგეს, დაედევნენ, დაჭრილი წაართვეს და კიდევ დაჭრეს ერთი გამტაცებელთაგანი. ზესტაფონის რკინის გზის მუშები გამოვიდნენ დროშებით, მიიღეს ასეთივე რეზოლუცია, მთავრობის აგენტებმა სასტიკად სცემეს და მრავალი დააპატიმრეს, მრავალი მძიმედ გალახული და დაშავებულია. შორაპნის მაზრის ყველა თემებში ჩხარის, თერჯოლის, ქვედა და ზედა საზანოს, ქვედა და ზედა საქარის, ხუნევ-ამაშუკეთის, ძირულის, ხორაგაულის, კიცხის, შორაპნისა და კლდეეთის თემებში ხალხმა თავი მოიყარა. ყველგან, ეკლესიებსა და შკოლებზე ფრიალებდა ეროვნული და შავი დროშები. გავრცელდა ფურცლები, რომელსაც ხალხში ჯგუფ-ჯგუფათ კითხულობდნენ, გაისმოდა შეუწყვეტლივ ,,დიდება”, ხალხი წყევლაკრულვით იხსენებდა კომუნისტებს.

26 მაისს საშინელი რეპრესიები იყო გამეფებული. ქუჩაში გამვლელებს სცემდნენ და აპატიმრებდნენ. დუქნები ძალით გააღებინეს. მიუხედავად ამისა, ხალხმა მაინც შესძლო თავისი პროტესტის გამოხატვა. ზესტაფონის ახალგაზრდობამ, ტექნიკუმების, მოწაფეთა და სტუდენტთა სადემონსტრაციო მიტინგმა მიიღო მოძალადეთა წინააღმდეგ სასტიკი რეზოლუცია, რომელიც ასე თავდება: ,,ძირს რუსის ხიშტით გამაგრებული კომუნისტური მთავრობა! ძირს სამშობლოს გამყიდველები! გაუმარჯოს საქართველოს კანონიერ მთავრობას!”

ქ უ თ ა ი ს ი. 24 მაისამდის ძლიერი რეპრესიები იყო. 24-ს დუქნები დაიკეტა. დაწესებულებები, თითო-ოროლა კომუნისტის გარდა, ყველამ დასტოვა. ქუჩებში რუსის პატრულები დადიოდა. მრავალი დუქანი დაბეჭდეს კონფისკაციის მიზნით. ქუჩებში საეჭვო ხალხს აპატიმრებდნენ. შუადღეზე ქალაქის ბოლოში გაიმართა მიტინგი. ასწიეს ეროვნული დროშა, ილაპარაკა ერთმა ახალგაზრდამ. გამოიტანეს რეზოლუცია.

,,ჩეკისტები” ხალხს დაერია, დემონსტრატები არ დანებდნენ. მრავალი დაატუსაღეს, ხალხი გაფანტეს, სადგურში 24-ში დილიდანვე შესწყდა ტელეგრაფის მოქმედება. მატარებელი დაგვიანებით წავიდა. მოსამსახურეებს ძალით ერეკებოდნენ. ყოველ ორთქმავალს ყარაულები მიუჩინეს, მემანქანეს დაბლა არ უშვებდნენ, მრავალი დააპატიმრეს.

ტ ყ ი ბ უ ლ შ ი 24 მაისს მუშაობა სრულიად შესწყდა და არ განახლებულა 26 მაისამდის. გაიმართა მიტინგი, ასწიეს ეროვნული დროშა. კომუნისტებმა სრულებით ვერ შესძლეს ხელის შეშლა. დაპატიმრებულია დიდძალი მუშა.

დ ი დ ი – ჯ ი ხ ა ი შ ი. 24 მაისს, დილის 11 საათზე გაიმართა დიდი დემონსტრაცია. ეროვნულს და შავს დროშებს დიდძალი ხალხი გაყვა. აქ იყო შეგროვილი დიდი-ჯიხაიშის, იანეთის, ღანირ-ჭაგნის და გოჩა-ჯიხაიშის საზოგადოებები. კომუნისტები შეეცადნენ დემონსტრაციის ჩაშლას, მაგრამ ვერას გახდენ.

დემონსტრაციამ მწყობრათ ,,დიდების” სიმღერით გაიარა რევკომის, ფოსტის და აფთიაქის წინ და შევიდა ქვაშვეთის ეზოში. მთელი ამ ხნის განმავლობაში გაისმოდა ზარების რეკა. გაიხსნა მიტინგი. ილაპარაკა ერთმა ორატორმა. მიიღეს რეზოლუცია. ხალხი მშვიდობიანათ დაიშალა ,,გაუმარჯოს საქართველოს”, ,,ძირს მოძალადენის” ძახილით. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს კომუნისტებმა დამხმარე ძალა და შეუდგენ დაპატიმრებას. მრავალი ტუსაღი სამტრედიაში გადაგზავნეს.

ბ ა ღ დ ა თ ი ს რაიონში გაიმართა მიტინგები, ხალხი აღფრთოვანებით გამოვიდა სადემონსტრაციოთ ეროვნული დროშებით.

კ უ რ ს ე ბ ი ს რაიონშიც გაიმართა მიტინგები და დემონსტრაციები ეროვნული და შავი დროშებით.

ს ა ჩ ი ნ ო შ ი დემონსტრაციაში დიდძალმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა.

ს ა მ ტ რ ე დ ი ა. 24 მაისს ხალხმა თავი მოიყარა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინ. ზარების სამგლოვიარო რეკაა. გაისმის დეპოს საყვირის ხმა. 9 საათზე სამგლოვიარო ზარისა და საყვირის ხმა სწყდება. სამრეკლოზე ზარს უკრავენ. ეს არის ნიშანი დროშის აწევისა და ხალხის შეჯგუფებისა. აფრიალდა ეროვნული და შავი დროშები. ხალხი დაიძრა მუშების შესახვედრათ. ორკესტრი უკრავს ,,დიდებას”, დეპოს მუშებს შეუერთდა რკინის გზის ყველა დარგის მოსამსახურეები. ზარების რეკასთან ერთად აქაც ასწიეს ეროვნული და შავი დროშები და მწყობრად გაემართნენ ქალაქისაკენ. წინ, შუაში დგას მოხუცი მუშა, რომელსაც ნოე ჟორდანიას სურათი უჭირავს. მღერიან ,,დიდებას”, რკინის გზის ლიანდაგთან ორივე დემონსტრაცია საერთო ყიჟინით ერთდება. მუსიკა უკრავს ,,დიდებას”.

საერთო სიჩუმეა. ხალხი ქუდს იხდის. ამ დროს გაისმის თოფების გრიალი, დატრიალდა ჯოჯოხეთი. სროლის დროს მოკვდა ერთი მოხუცი, დაიჭრა რამდენიმე, მძიმეთ ნაცემია ბევრი. დააპატიმრეს აუარებელი მუშა, გლეხი, ახალგაზრდობა, ქალები. საღამოზე ვაჭრებმა შეაგროვეს დატუსაღებულთათვის რამდენიმე მილიონი მანეთი. კომუნისტებმა ეს ფულიც ჩამოართვეს და შემგროვებლებიც დააპატიმრეს. 25 და 26 მაისს გაფიცვა გაგრძელდა. რეპრესიები დიდია.

კ უ ლ ა შ ი. ხალხი დროშებით გაეშურა სამტრედიისაკენ. ქალაქის შესავალში გზა გადაუჭრეს, სროლა აუტეხეს. რამდენიმე დაჭრილია.

ს ე ნ ა კ ი ს მ ა ზ რ ი ს ყველა ეკლესიებიდან გაისმის ზარების რეკა, რომელმაც ორი საათი გასტანა. აქაიქ საყვირის ხმა გაისმის. ზოგ რაიონში ,,მთავრობა” ფიქრობს, სროლით შესწყვიტოს რეკა, მაგრამ სამრეკლოსთან მოსვლას ვერ ბედავს.

სენაკში წინასწარ აუარებელი ხალხის დაპატიმრების გამო დემონსტრაცია არ მოხერხდა. ხალხს ქალაქში არ უშვებდნენ. ყველა ქუჩები შეკრული იყო. გავრცელდა ფურცლები. ეროვნული დროშები გადმოკიდეს.

ა ბ ა შ ი ს რაიონში ხალხი განსაკუთრებულის ენთუზიაზმით შეხვდა ამ დღეებს. ყოველ სოფელში დაინახავდით ჯგუფ-ჯგუფად შეყრილ ხალხს, რომელიც აშკარათ აღიარებდა თავის სიძულვილს დამპყრობელთადმი. ახალგაზრდების გუნდები ეროვნული სიმღერებით დადიოდნენ. კომუნისტებმა მთელ ძალებს დაბაში მოუყარეს თავი. 26 მაისს დაბაში გაიმართა მიტინგი. სიტყვა წარმოსთქვა მოქ. კუპრავამ. ,,ჩეკისტებმა” მოინდომეს მისი დატყვევება, ხალხმა არ დაანება. ყველაფერი აირდაირია. თვით კუპრავამ დაამშვიდა ხალხი და ჩეკისტებს დანებდა. ხალხს უმოწყალოდ სცემეს.

ბ ა ნ ძ ი ს რაიონშიც დემონსტრაციამ ფართო ხასიათი მიიღო. ვერავითარმა რეპრესიებმა ვერ შესძლო ხალხის შეჩერება. 26 მაისს ბანძაში ბაზრის გარეთ გაიმართა მიტინგი. აქედან ხალხი ეროვნული დროშებით და სიმღერებით გაემართა ბაზრისაკენ. აქ მას შეეგება კომუნისტური რაზმი, რომელმაც უიარაღო და მშვიდობიან დემონსტრატებს გაუფრთხილებლათ სროლა აუტეხა. ორი დემონსტრანტი სასიკვდილოთ დაიჭრა. ხალხი არ შედრკა. ამ მხეცობით აღშფოთებული ხალხი დაერია კომუნისტებს, ყველას იარაღი აყარა, თოფები წყალში გადაყარა და ზოგიც იქვე დაამტვრია და დაყარა. ზოგიერთ თავხედ კომუნისტს მაგრათ სცემეს და მშვიდობიანათ დაიშალნენ. მხოლოდ მეორე დღეს მოვიდა მაშველი ,,მფრინავი რაზმი”. მრავალი დაატუსაღეს. დაიწყეს გამოძიება. განსაკუთრებულის სისასტიკით აწამეს დატუსაღებული ბავშვები გამოტეხის მიზნით. ერთი მათგანი თავდაღმა ჭაში ჩაკიდეს, ხოლო მეორე ორ სკამზე დააკრეს ფეხებით და გასაგლეჯათ გასწიეს, მაგრამ მაინც ვერ გასტეხეს. გონება წართმეული ბავშვები სარდაფში ჩაყარეს. ასობით ხალხი ტყეში გავიდა თავის დასაფარავად.

მ ა რ ტ ვ ი ლ ი ს რაიონში მოწინავენი წინასწარ დააპატიმრეს. ხალხი სოფლებიდან მაინც გამოვიდა და ცენტრისაკენ გაეშურა, მაგრამ დაშალეს. ზარების მრეკავები და დემონსტრატების ნაწილი დააპატიმრეს. აუარებელმა ხალხმა ტყეს შეაფარა თავი. დანარჩენ რაიონებშიც ხალხი გამოეხმაურა ამ დღეებს.

ზ უ გ დ ი დ ი ს მაზრაში დემონსტრაციები არ Yყოფილა. გავრცელდა ფურცლები, გადმოკიდეს დროშები. თვით ზუგდიდში იყო ცდა დემონსტრაციის მოხდენისა, მაგრამ წინასწარი ზომებით ,,ჩეკამ” შესძლო მისი ჩაშლა.

ფ ო თ ი. პორტის მუშებმა მუშაობა შესწყვიტეს, დუქნები დაიკეტა. ასწიეს ეროვნული და შავი დროშები. დიდძალი ხალხია დაპატიმრებული.

ა ფ ხ ა ზ ე თ შ ი ყველგან გავრცელდა ფურცლები. ხალხში დიდი ჩოჩქოლი იყო. მოწინავენი ხალხს თავდაჭერილობისაკენ მოუწოდებდნენ.

ს ო ხ უ მ შ ი მრავალი დააპატიმრეს წინასწარ. მთელი კომუნისტური ლაშქარი ფეხზე დადგა. რუსის ჯარმა ხალხის წინააღმდეგ გამოსვლაზე უარი განაცხადა: ,,ჩვენ აქ არ უნდივართ და ხალხს არ გადავიკიდებთო”.

ო ჩ ა მ ჩ ი რ ე შ ი ბაზარი დაიკეტა. ეროვნული დროშები გადმოკიდეს, ბევრი დააპატიმრეს.

ბ ა თ უ მ ი. 20 მაისს შემდეგ დაიწყო დაპატიმრება. 24 მაისს დილიდან ქალაქის თვითმმართველობის წინ ხალხმა იწყო თავის მოყრა. გაიშალა ეროვნული და შავი დროშა. გაისმა ,,დიდების” მწყობრი გალობა. ,,საქართველო არ მომკვდარა, ქართველი ხალხი დაამტვრევს მონობის უღელს”, გაისმის ორატორის მოწოდება. მიტინგის წინააღმდეგ მიმართეს კომუნისტებმა მთელი თავისი ძალა. ,,ესროლეთ, ესროლეთო”-ო, ყვირის ჩეკისტი ასათიანი და ორატორზე უთითებს, მაგრამ სროლას ვერავინ ბედავს. ხალხი დაიძრა ძმათა სასაფლაოსკენ, მოიყვანეს მეზღვაურთა რაზმიც. მთელი ბათუმის შეიარაღებული რაზმი აქ არის. გაისმის სროლა. ისვრიან ჰაერში. ხალხი მაინც მიდის. ქუჩებს კრავენ, გზა აღარ არის. დაერიენ დემონსტრატებს. ბევრია ნაცემი, მათ შორის ქალებიც. ხალხი გაფანტეს. აქვე დაატყვევეს 350 კაცი, მათ შორის ბევრი ქალია. დუქნები დაკეტილი იყო. დაწესებულებებში არც ერთი ქართველი არ გამოცხადებულა. ფოსტაში ჯარი ჩადგა. გაჩერდა საბაჟო, ნაპირზე მუშაობა შეჩერდა. მთელი სამი დღის განმავლობაში გაფიცვა გაგრძელდა.

გ უ რ ი ა.

გ უ რ ი ა შ ი დამოუკიდებლობის დღე, მიუხედავათ იმისა, რომ იქ დიდძალი რუსის ჯარია დაბანაკებული, აღინიშნა სამი დღის საერთო გაფიცვით და გრანდიოზულ დემონსტრაციებით. გადაუმეტებლათ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ხალხი გამოვიდა მტრის წინააღმდეგ.

ო ზ უ რ გ ე თ შ ი 24 მაისს ბაზარი დაიკეტა. მოძრაობა სრულიად შესწყდა. დაწესებულებში ორიოდ კომუნისტის გარდა არავინ გამოცხადდა. სოფლებიდან მოისმის საშინელი ზარების რეკა. ქუჩებში რუსის პატრულებია. განაპირა კუთხეებში სანგრებს თხრიან, ტყვიისმფრქვეველებს აწყობენ. ქალაქში დემონსტრაციები განზრახული არ იყო.

დ ვ ა ბ ზ უ ს თემში (თავკობულზე) თავს იყრის დვაბზუს, შემოქმედის და ოზურგეთის (ერთი ნაწილის, მეორე ლიხაურში გაემგზავრა) მცხოვრებნი. აქ უნდა მოსულიყო აგრეთვე ბახვის თემი. მათ ადგილობრივ კომუნისტების მეოხებით დააგვიანეს, მრავალრიცხოვანი მიტინგი იხსნება 9 საათზე. ილაპარაკა სამმა ორატორმა. ფრიალებდა ეროვნული და შავი დროშები. მიტინგი გაგრძელდა საათნახევარს. მზვერავებმა აცნობეს ხალხს, რომ მიტინგს ჯარი უახლოვდებაო. ხალხი მშვიდათ, სიმღერებით დაიშალა. მიტინგის ხელმძღვანელნი ბახვის დემონსტრაციას შეეგებენ. შეხვდნენ ქვემო ბახვში, სადაც სახელდახელოთ გაიმართა მიტინგი, მილიციამ შემოარტყა ალყა მიტინგს და სროლა ასტეხა. ხალხმა ამას ყურადღება არ მიაქცია და კრება განაგრძო. დასრულების შემდეგ სიმღერებით დაიშალნენ. მხოლოდ საღამოთი დაატუსაღეს რამდენიმე მონაწილეთაგანი.

ლ ი ხ ა უ რ შ ი მიტინგი გაიმართა ეროვნული და შავი დროშებით აღმასკომის წინ. დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი, ადგილობრივმა კომუნისტებმა წინააღმდეგობა ვერ მოახერხეს. საღამოს დაატუსაღეს რამდენიმე.

ხ ვ ა რ ბ ე თ ი ს თემში მიტინგი გაიმართა ს. კონჭკეთში, მილიციელთა წინააღმდეგობის მიზეზით სამხრეთ-ნატანების ნაწილი ვერ დაესწრო. მიტინგი მშვიდობიანათ ჩატარდა, რეზოლუცია მიიღეს და ხალხი იშლებოდა, როცა მილიციამ მოინდომა რამდენიმე პირის დატუსაღება, ასტეხეს სროლა. მძიმეთ დაიჭრა ივანე მალაზანია. ხალხი დაიშალა. ერთ ადგილს შეჩიხეს ერთი ჯგუფი, აუტეხეს სროლა, რომლის დროს მოკლეს ბიქტორ მალაზანია. დაატუსაღეს მრავალი. რუსის ჯარი ჩააყენეს კანჭკეთში.

ა კ ე თ ი ს და ზ ო მ ლ ე თ ი ს თემები შეიკრიბნენ სოფ. ჭანჭათში. დიდძალი ხალხი შეგროვდა. მოსწავლე ახალგაზრდობა მწკრივად დაწყობილი მოვიდა. მიტინგს კომუნისტები და მილიციელები შემოერტყენ. ხალხმა გაუგზავნა მათ დელეგაცია შემდეგის განცხადებით: ,,აქ შეკრებილი ვართ მშვიდობიანათ ხალხი სადღესასწაულოთ. წინადადებას გაძლევთ, წინააღმდეგობა არ გაგგვიწიოთო”. ამაზე მილიციელებმა ასტეხეს სროლა. ხალხიდან გამოვიდნენ რჩეული ახალგაზრდები, რომელთაც მილიციისათვის იარაღის აყრა მოინდომეს, მაგრამ მოწინააღმდეგენი მიიმალნენ. მიტინგი მშვიდობიანათ დასრულდა. ხალხი ეროვნული და რევოლიუციონური სიმღერებით და ,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს, გაუმარჯოს მის მებაირაღტრე ნოე ჟორდანიას “ ძახილით დაიშალა.

ა ც ა ნ ა. მიტინგს დიდძალი ხალხი დაესწრო. სიტყვები წარმოითქვა. პროცესია ეროვნული და შავი დროშებით გაემართა ძმათა სასაფლაოსკენ, სადაც პატივი სცეს სამშობლოსათვის დახოცილ ამხანაგებს. აუარეს აღმასკომს. კომუნისტებმა წინააღმდეგობა ვერ გაბედეს. მიტინგი მშვიდობიანათ და აღფრთოვანებით დაიშალა სიმღერებით, მილიცია ხალხს უკან დაყვებოდა.

ძ ი მ ი თ ი. მიტინგს დიდძალი ხალხი დაესწრო. მიტინგზე ილაპარაკა ყველა პარტიის წარმომადგენლებმა. ორატორებს შიგა და შიგ ,,ვაშასა და გაუმარჯოს საქართველოს” ძახილით აჩერებდა. შემდეგ გაემართნენ ძმათა სასაფლაოსკენ. კომუნისტებმა მათ სროლა აუტეხეს. ხალხმა მათ იარაღი აყარეს. მსხვერპლი არ ყოფილა.

ფ ი ჩ ხ ი ს ჯვარზე თავი მოიყარა ხიდისთავის, ნაგომრის და ასკანის თემებმა. მიტინგს აუარებელი ხალხი მოაწყდა. ,,მთავრობის” აგენტებს აქ წინასწარ მიეღოთ განსაკუთრებული ზომები და ამიტომ მიტინგის გახსნა დაგვიანდა. ხალხმა თავისი გაიტანა და 11 საათზე მიტინგი მაინც გახსნა. ეროვნული და შავი დროშები ჰაერში ფრიალებდნენ. ისმის ეროვნული ჰიმნი. ილაპარაკა სამმა ორატორმა. ხალხი აღტაცებით შეხვდა ორატორების სიტყვებს. 12 საათზე და 15 წუთზე მშვიდობიან მიტინგს თავს დაესხა ხიდისთავის კომუნისტები და მილიცია, სულ 40 კაცი. მათ მოუძღოდა შალვა ლომთათიძე (ნადიაკვნარი), სამსონ ჭანიშვილი (ყოფილი მილიციის უფროსი), ჯაშუშები: სიხარულიძეები და მიხაკო მეგრელიძე. მათ მოითხოვეს მიტინგის დაშლა. ხალხი არ გაინძრა. ასტეხეს სროლა. ვერც ამით დაშალეს. მაშინ სამსონ ჭანიშვილმა თვით ხალხში გადისროლა ყუმბარა. მოკლულია: 1. იგორ სიმონიშვილის ცოლი; 2. ირაკლი კვაჭანტირაძის ბავშვი (11 წლის); მოკლულია კიდევ ერთი ბავშვი. მძიმეთ დაჭრილია: 1. სერგო ციტაიშვილი (მიტინგის თავმჯდომარე); 2. სევასტი სიამაშვილი; 3. მოსე ჯაველიძე (ფეხი აქვს წაწყვეტილი); 4. ივანე ნაცვალაძე; 5. სამსონ ვაშალომიძე; 6. მ. ჩხაიძე; 7. ნიკო ღლონტის ცოლი-მარო ნინიძის ასული; 8. მაშიკო ვაშალომიძე; 9. სერგო ნინიძე; 10. ჟღენტი; 11. ნიკა გაგუა; 12. ირაკლი კვაჭანტირაძის ცოლი (მოკლული ბავშვის დედა); 13. კ. გოგიბერიძე; 14. აკაკი ფოცხიშვილი და ბევრი სხვა. სულ მოკლულია სამი, დაჭრილია 35. მრავალი დაატუსაღეს.

ჩ ო ხ ა ტ ა უ რ ი ს თემში დილიდანვე მიტინგს აუარებელი ხალხი მოაწყდა. ფრიალებდა ეროვნული და შავი დროშები. სიტყვები წარმოსთქვეს. მიიღეს შესაფერი რეზოლუცია. კომუნისტებმა წინააღმდეგობა ვერ შესძლეს. მსხვერპლი არ ყოფილა. მიტინგი მშვიდობიანათ დაიშალა.

ა მ ა ღ ლ ე ბ ი ს თემში მიტინგს მრავალი ხალხი დაესწრო. დროშები ფრიალებდა. მღეროდენ ეროვნულ სიმღერებს. კომუნისტები არ გამოჩენილან. მიტინგი მშვიდობიანათ დაიშალა.

ს უ რ ე ბ ი ს თემში გაიმართა დიდი მიტინგი. ორატორებმა სიტყვები წარმოსთქვეს. ხალხში გაისმა ხმა: ,,ძირს სამშობლოს გამყიდველები! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” კომუნისტებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედეს, მიტინგი მშვიდობიანათ და სიმღერით დაიშალა.

ს. მ ო ე დ ა ნ შ ი გროვდება სუფსისა და ჩოჩხათის თემების მცხოვრებნი. დიდი მიტინგი გაიმართა. მიიღეს რეზოლუცია. დასრულებისას მოუსწრო კომუნისტურმა რაზმმა და სუფსის რაიონულმა მილიციამ. ხალხს სროლა აუტეხეს. მოკლეს გიორგი გუჯაბიძე და მძიმეთ დაჭრეს ოთხი, მსუბუქათ რამდენიმე.

ს. ხ ა ჯ ა ლ ა შ ი თავი მოიყარა ნიგვზიანის, ჯუყვეთის და ნინოშვილის თემებმა. აქაც ერთსულოვანი გამოსვლა იყო. მილიციამ აუტეხა სროლა. მოკლეს გელაია და დასჭრეს რამდენიმე.

ს. ო რ ბ ე თ შ ი შეიკრიბა მიქელგაბრიელის და ჩოჩხათის თემები. კომუნისტური რაზმი ხალხს თავს დაესხა, მაგრამ მათ იარაღი აყარეს, ამიტომ მსხვერპლი არ ყოფილა.

ლ ა ნ ჩ ხ უ თ ი ს რაიონში სამ დანიშნულ პუნქტში იკრიბება ხალხი მახლობელ თემებიდან. ყველგან დროშები, სიმღერები, აქედან ხალხი მიემართება ლანჩხუთისაკენ. აქ მათ გადაეღობა კომუნისტური რაზმი. ასტყდა სროლა. რომელმაც ნახევარი საათი გასტანა. მოკლულია რამდენიმე დემონსტრანტი და ბევრიც დაჭრილი. დაატუსაღეს მრავალი. 25 მაისს სასტიკი რეპრესიები იყო მთელ გურიაში.

26 მაისს გაფიცვა ყველგან გაგრძელდა, მაგრამ ფართო დემონსტრაციების მოწყობა არ მოხერხდა. მხოლოდ დ ვ ა ბ ზ უ ს თემში, ეკლესიის გალავანში, აქვეა ძმათა სასაფლაო, გაიმართა მიტინგი. რუსის ჯარმა ,,ჩეკისტების” წინამძღოლობით მიტინგი გაფანტა. დახოცილები დაასაფლავეს 26 მაისს. დასაფლავებას აუარებელი ხალხი დაესწრო. მიცვალებულთა ბინა და სასაფლაო რუსის ჯარს ეჭირა. ლაპარაკის ნება არავის მისცეს და ხალხი გაფანტეს. დიდძალი ხალხია დაჭერილი. ბევრი მიიმალა. სავაჭროები და სახელოსნოები დაბეჭდეს. ვაჭარს ახდევინებენ ჯარიმას 1-7 მილიონამდი გაფიცვისათვის. დაწესებულებებიდან მოსამსახურეთა ნაწილი დაითხოვეს.

ასეთია ნამდვილი სურათი მშვიდობიანი დემონსტრაციის, რომელიც გამართა ქართველმა ხალხმა 24-26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. საქართველოს საოკუპაციო მდგომარეობის გამო დემონსტრაციამ ქვეყნის ყველა კუთხეში საპროტესტო ხასიათი მიიღო. მოსკოვის აგენტებმა და საოკუპაციო ხელისუფლებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხის მიერ კულტურულ ფორმით თავის აზრის გამოხატვას და მდგომარეობის შეფასებას ვერ გაუძლეს, თავისუფალ აზრს მათ წინ დაახვედრეს სატუსაღო, ცემა, სროლა და მკვლელობაც. ეს რეპრესიები გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე თვით დემონსტრაცია.

ამის და მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ყველგან ნათლად გამოხატა, რომ ის ვერასოდეს შეურიგდება თავის მონობას და ურყევად სწამს სამშობლოს აღდგენა ახლო მომავალში.”
ივნისი. 1922 წ.“

P. S სამწუხაროდ, ამ სტრიქონების ავტორები ,,სამშობლოს აღდგენას ახლო მომავალში” ვერ მოესწრნენ. ძლიერი იმპერიალისტური მანქანა სასტიკად უსწორდებოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მებრძოლთა გამოსვლებს, შეთქმულებებს: ჩაახშეს 1921 წლის სვანეთის აჯანყება, რომელიც რაჭა-ლეჩხუმსაც მოედო, კახეთ-ხევსურეთის ამბოხება, ,,აგვისტოს ავანტიურად” მონათლული 1924 წლის დიდი აჯანყება. ტყავის ქურთუკსა და რუსულ ჩექმაში გამოწყობილი ჩეკისტები ასაკის მიუხედავად ხვრეტდნენ ყველას, ვისთვისაც ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” გახლდათ. მათი უმთავრესი სამიზნე _ სასულერო პირები, ინტელიგენცია და თავად-აზნაურობა იყო, განსაკუთრებით კი უკანასკნელთ ემტერებოდნენ. ამ რეპრესიებს სერგო ორჯონიკიძე უბრალოდ ,,თავადაზნაურობის გამოშიგნვას” უწოდებდა.

წყარო: საარქივო მოამბე, N 9, 2010

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button