Apple 2 მლნ აშშ დოლარით დაჯარიმდა iPhone 12-ის დამტენი მოწყობილობის გარეშე გაყიდვის გამო
ბრაზილიის შტატი სან-პაულუ უკმაყოფილოა იმით, რომ Apple არ ყიდის კვების ადაპტერს iPhone 12-თან ერთად. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო Procon-SP-მ კომპანიას დაუწესა 1.92 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დამტენი მოწყობილობების არარსებობის გამო. სააგენტოს აზრით, Apple-ის ეს ნაბიჯი არღვევს ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების კოდექსს.
Procon-SP-მ Apple-ს სავარაუდო დარღვევის შესახებ დეკემბერში შეატყობინა, რაზეც მან განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა შეამცირებს CO2-ის გამოყოფას და იშვიათი წიაღისეულის მოპოვებას. აღინიშნა, რომ ბევრ მომხმარებელს უკვე აქვს სათადარიგო დამტენი, თუმცა სააგენტო აშკარად არ დაკმაყოფილდა ამ პასუხით. დაწესდა ჯარიმა და სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნანდო კაპესმა Apple-ს მოუწოდა, რომ აუცილებელია დაიცვას ბრაზილიის კანონმდებლობა.
Apple-ისთვის დაწესებული ჯარიმა შედარებით მცირეა და არ დააზარალებს მის ფინანსებს. ამასთან, Apple-ს შესაძლოა სხვა არჩევანი არ ჰქონდეს გარდა დათმობისა, თუკი სურს გააგრძელოს iPhone-ების გაყიდვა ბრაზილიაში. სხვა კომპანიები უკვე დაემორჩილნენ Procon-SP-ის ზეწოლას. მაგალითად, Samsung-მა დადო შეთანხმება Procon-SP-სთან, რომლის თანახმად Galaxy S21-ის წინასწარი შეკვეთისას ხორციელდება დამტენის საჩუქრად მიწოდება. ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელეფონო ბაზარია და კომპანიებს, რომლებიც არღვევენ ქვეყნის წესებს, ამ დიდი ბაზრის დაკარგვა ემუქრება.