მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს
რეჟისორი: თინათინ გურჩიანი ოპერატორი: ანდრეას ბერგმანი მონტაჟი: ნარი კიმი, დორინ იგნაშევსკი ხმა: მიხაელ კრაიჩოკი პროდიუსერი: თამარ გურჩიანი |
საქართველო, 2011 წელი. რეჟისორი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იწყებს თავისი ფილმებისთვის გმირების ძიებას და აცხადებს ქასთინგს 15-დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ თავისი რეალური ცხოვრებით, ყოველდღიური ყოფითა თუ მიზნებით შეიძლება კარგ კინოგმირად იქცეს. რეჟისორს მთელი ქვეყნიდან უამრავი ახალგაზრდა ეხმიანება, მძაფრი, ნაღდი, ენერგიით დამუხტული, სევდიანი და ღიმილიანი ისტორიებით, რომლებიც ამავდროულად დროის კატაკლიზმებშია გადახლართული. ზოგს სურს, ფილმის ნაწილად იქცეს, ზოგს თავისი სენტიმენტალური ამბის მოყოლის მოთხოვნილება აქვს, ზოგიერთი მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯის განხორციელებას ფილმის გუნდის დახმარებით ცდილობს… ფილმი იმაზე, თუ რა ლამაზი ან რთული შეიძლება იყოს ცხოვრება, როდესაც გმირობაზე ოცნებობ; ფილმი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ომსა და ოცნებაზე. |
“მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” არის კინოში გადაღების მსურველთა ჩანაწერებით შექმნილი ფილმი, სადაც თითოეული გმირი რეალურია და თავის ამბავს მოგვითხრობს. კასტინგში მონაწილენი ცდილობენ რეჟისორი დაარწმუნონ, რომ მათი ამბავი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ფილმის გმირები არიან: პატარა ბიჭი, რომელიც აჭარის მთიან სოფელში, ხელმოკლე გლეხის ოჯახში ცხოვრობს და ლამაზ მომავალზე ოცნებობს; ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცდილობს ციხეში დიდი ხნით ტუსაღობისთვის განწირულ ძმას მომავლის იმედი დაუბრუნოს… შთამბეჭდავია რაჭის რამდენიმე სოფლის გამგებლის, ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც ქალაქს ტოვებს, რომ სოფლებში მარტო დარჩენილ მოხუცებს დაეხმაროს და ცხოვრება გაუიოლოს. ფილმი 13 ჩანაწერისგან შედგება. 13 ადამიანი სულის შემძვრელად, მხიარულად ან უბრალოდ საინტერესოდ მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ.
ფილმი არის SUNDANCE კინოფესტივალის გამარჯვებული. ასევე ფფილმს აქვს მირებული ძალიან ბევრი საიერთაშორისო ჯილდო მირებული.
გთავაზობთ ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგს.
“სულ არ მესმის რატომ ამბობენ რომ ცხოვრება მშვენიერია.სულაც არ არის მშვენიერი.ცხოვრება ეს გარკვეული განსაცდელის პერიოდია,რომელიც შიგადაშიგ ლამაზი წუთებით არის სავსე.ხოლო ეს ლამაზი წუთები იმდენად მოკლეა,იმდენად ილუზიურია,რომ შემდეგ,როცა ტკივილს გრძნობ,უფრო მწარედ განიცდი. შეიძლება ხანდახან ფიქრები გაგიჩნდეს:რა აუცილებელი იყო შენი ცხოვრება ამ ქვეყანაზე?იქნებ ჯობდა საერთოდ არ მოვლენილიყავი,მაგრამ სამწუხარო ის არის,რომ ამას არავინ არ გეკითხება. ამბობენ,ყველა ადამიანს არჩევანის საშუალება აქვსო,მაგრამ სინამდვილეში ეს,სიცრუეა.რატომ არავინ მკითხა,მინდოდა თუ არა საერთოდ ამ ჭაობში,რომელსაც ცხოვრება ჰქვია,ჩავფლულიყავი…შეიძლება ბოროტი გგონივართ,სულაც არა,უბრალოდ,დავიღალე… სინამდვილეში,ცხოვრება დიდი სპექტაკლია,რომელიც ძალიან დიდი ხნის წინათ,ერთმა რეჟისორმა დადგა.გრძელდება ცხოვრება ასე,სპექტაკლი,ანშლაგებით,ტრაგიკული სცენებით,ხშირად კომედიაა,კომედია კი იმიტომ გამოიგონეს,რომ ყოველი ტრაგედია იმდენად ამაზრზენი,იმდენად შემზარავი გახდა,იმდენად რთულად აღსაქმელი,რომ ჯობია ამაზე უბრალოდ იცინო,რადგან ამაზე ღრმად ფიქრი უბრალოდ გაგაგიჟებს…”