ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მოულოდნელი უცერემონიალობა

ამას წინად ბ-მა ჯაჯანაშვილმა დაბეჭდა მეორე საკითხავი წიგნი შემდეგ ანბანისა სათაურით “მეგობარი”. გადავათვალიერეთ ეს წიგნი და სახტად დავრჩით. საბუთიცა გვქონდა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, არც ერთი სხვა მაგალითი, რომ ვინმე მოჰპყრობოდეს ისე უცერემონიოდ სხვის საკუთრებას, როგორც მოჰპყრობია “მეგობრის” ავტორი ჩვენსას. წარმოიდგინეთ: წიგნს თითქმის ნახევრობით შეადგენენ გადმონაბეჭდავნი “დედა-ენით”, “ბუნების კარით”, “კონით” და “კუნწულიდან”. რიცხვი ნასესხების მოთხრობებისა და ლექსებისა თითქმის ოთხმოცამდე ადის. მათ შორის ოც-დახუთამდე ჩვენ გვეკუთვნიან ან როგორც შემდგენელსა და შემთხზველს. მათი სესხება ჩვენს დაუკითხველად სწორედ რომ საოცარია. დანარჩენნი გადაბეჭდილნი თუმცა ეკუთვნიან სხვა-და-სხვა ავტორებს, მაგრამ მათ შეტანას თავისს წიგნში ბ-ნი ჯაჯანაშვილი უნდა მორიდებოდა შემდეგის საბუთების ძალით: ცახელის ლექსები, თითქმის მთლად შეტანილნი “მეგობარში” “ბუნების კარიდგან”, დაწერილნი არიან საგანგებოდ ჩვენის წიგნისათვის და სხვაგან არსად არ ყოფილან დაბეჭდილნი. იგინი ჩვენ გადავთარგმნეთ შეკვეთით, ფასით და მათი უკანასკნელი რედაქიაც თვითონ ჩვენ გვეკუთვნის. ცახელს არც კი უნდოდა თავისად გამოეცხადებინა ეს ლექსები, მაგრამ ჩვენ მაინც იმისი სახელი მოვაწერეთ… არა ერთი სხვა ლექსიც ჩართულია “ბუნების კარში” ან შემოკლებით, ან ცვლილებით, მაგალითად: “დედის დარიგება” ჭალადიდელისა, “ჩიტი” ჭავჭავაძისა, “შაშვი” ჩიქოვანისა და სხვანი. ბ-ნ ჯაჯანაშვილს ყველა ამ გვარი ლექსი თავისს წიგნში მოუქცევია ჩვენის, და არა ავტორების, რედაქციით.

ეს ხუთი წელიწადი იქნება, რაც “ბუნების კარში” ერთი სტრიქონიც არ შეგვიცვლია, რათა თავიდგან აგვეცილებინა მისთვის ხელახლად წარდგენა სამინისტროში გასასინჯად და მოსაწონად. ამ ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დაიბეჭდა, როგორც სახალხო ლექსები, ისე ჩვენი პოეტების ნაწარმოები, მათ შორის ბლომად მოიპოვება სწორედ ზედ-გამოჭრილი ლექსი მეორე წიგნისათვის. ბ-ნ ჯაჯანაშვილს ამ ახალ ლექსებისათვის თვალ-ყური არ უდევნებია, იმათთვის გვერზედ აუვლია და “ბუნების კარიდგან” – კი უხვად ამოუწერია წინანდელი ცნობილი ლექსები. ისიც უნდა დაუმატოთ ამას, რომ ჩვენ წინანდელ ქართულ პერიოდულ გამოცემებიდან ყველა საბავშვო ლექსი როდი ამოგვიღია. არა ერთი და ორი დარჩა იმათში ჩვენგან ამოუწერელი. იმათი მოძებნა და “მეგობარში” შეტანა სწორედ შეძენა იქნებოდა, მაგრამ ბ-ნ ჯაჯანაშვილს არ მოუნდომებია. მართალია, ძველის ჟურნალების გადასინჯვა და გადაკითხვა და ახლების ყურადღებით თვალის დევნება დროსა, ჯაფასა და მოთმინებას ითხოვს და სახელმძღვანელო წიგნიდგან გადაბეჭდვა კი მზა-მზარეულისა უადვილესზედ ადვილია, მაგრამ, თუ სიადვილის ხაზზედ დავდექით, წინ წაწევის მაგიერად, საქმეს უკან-უკან წავიყვანთ.

ვსთქვათ, ბ-ნ ჯაჯანაშვილის წადილი ასრულდა და იმისს “მეგობარს” გზა გაუკვლიეს სკოლებში იმათ, ვისზედაც ეს არის დამოკიდებული, რა შედეგი ექნება ამას? მოწაფეებისათვის ის, რომ ერთსა და იმავე ლექსებს, მოთხრობებს, ანდაზებს და გამოცანებს ისინი იყიდიან ორჯელ – ერთხელ “დედა-ენასა” და “ბუნების კარში” და მეორეჯერ “მეგობარში”; “დედა-ენისათვის” ის, რომ იგი დაუშლის “მეგობარს”, რომელიც ერთ მხრივ არის გამეორება იმისი: “ბუნების კარისათვის” ის, რომ “მეგობარმა”, როგორც ერთ მხრივ გამეორებამ იმისა, უნდა მეტ-ნაკლებობით ხელი შეუშალოს, შეამციროს გავრცელება და დააგვიანოს გასყიდვა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ვერ იქნება წაგებაში? “წერა-კითხვის საზოგადოება”, რომელმაც გამოსცა ამას წინად “ბუნების კარი” ექვსი ათას ეგზემპლიარად. ოცი წლის განმავლობაში ამ წიგნის გამოცემა კერძო პირების ხელში იყო. მაშინ კი ბ-მა ჯაჯანაშვილმა არაფერი მოიწადინა და როცა “ქართველმა საზოგადოებამ” მოგების გულისათვის იკისრა ჩემის სახელმძღვანელოს გამოცემა, სწორედ მაშინ მოინდომა გზაზედ გადაღობება და ხელის შეშლა. დალოცვილი, ან წინ სად იყო, ან უკან? როღა სწორედ ეს დრო შეარჩია?.. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ასე მოხდება ნამდვილად – მე მხოლოდ ვარკვევ წადილს, განზრახვას ბ-ნ ჯაჯანაშვილისას რა შედეგი ექმნება ბოლოს ქართულის ენისათვის და ბავშვების ნორმალურის გახსნისათვის იმ გვარად შედგენილს წიგნსა, როგორიც არის “მეგობარი”, ამას მე არ შევეხები და მთელად მივანდობ მკითხველსა და მასწავლებელს.

შარშან რუსეთის ლიტერატურულმა საზოგადოებამ პეტერბურგში სუვორინს 50 000 მანეთი გადაახდევინა, და იცით რის გამო? იმის გამო, რომ პუშკინის თხზულებათაგან, რომელიც ამ საზოგადოებამ გამოსცა, სუვორინმა ჩუმად, დაუკითხავად გადაბეჭდა თავის გამოცემაში ორი თუ სამი ლექსი პუშკინისა, რომელიც პირველად ლიტერატურულმა საზოგადოებამ აღმოაჩინა პუშკინის ქაღალდებში. ნუ თუ ამისთანა ფაქტები უცნობია ბ-ნ ჯაჯანაშვილისათვის. თუნდა უცნობი იყოს, განა უბრალო, საღი ჭკუაც საკმარისი არ არის, რომ დაიფაროს კაცი ამ გვარ უცერემონიობისაგან, როგორიც ჩაიდინა ბ-მა ჯაჯანაშვილმა.

რიგი, წესი და კანონი მოითხოვდა, რომ ბ-ნ ჯაჯანაშვილს შეედგინა სია იმ მოთხოვნილებებისა და ლექსებისა, რომლებიც ჩემის სახელმძღვანელოებიდგან შეჰქონდა თავისს წიგნში, გამოეგზავნა ჩემთვის და ნებართვა ეთხოვნა. ეს ძლიერ ადვილიც იყო მისთვის, რადგანაც ერთს ქალაქში ვცხოვრობთ და ფოსტის შუამავლობაც-კი არ იყო საჭირო. ჩვენ ვეცდებოდით სამაგიეროდ ჩვენგან ნასესხებისა დაგვესესხებინა ახალი წყაროები და ისეთი ახალი მასალა გვეჩვენებინა, რომელიც სწორედ შეეფერებოდა მეორე საკითხავ წიგნს და რომელიც იმის “მეგობარს” ააცდენდა თავიდგან გამეორებითს ხასიათს. მაგრამ იმან ჩუმად, საიდუმლოდ, დაუკითხავად არჩია საქმის გაკეთება და ამ ნაირის ქცევის შედეგი აგერ თვალწინ გვაქვს.

ჯაჯანაშვილის მხრივა ამ გვარი საქციელი მით უფრო საოცარია, რომ ჩვენ არა ერთხელ მოგვითხოვნია ბეჭდვით, ჩვენის წიგნებიდგან ჩვენ დაუკითხველად ნურავინ ინებებს რისამე გადაბეჭდვასაო. აი თუნდ “დედა-ენის” უკანასკნელს გამოცემაში რა სტრიქონები დავბეჭდეთ: “რომელ ნაწარმოების ავტორიც სარჩევში არ არის დასახელებული, ის ჩვენ გვეკუთვნის. სხვა-და-სხვა წყაროებიდგან ამოღებული ნაწარმოებებიც ჩვენის საკუთარის რედაქციით არის შეტანილი წიგნში. ამიტომ უმორჩილესაც ვთხოვთ სახელმძღვანელოების შემდგენელთ, ჩვენ დაუკითხავად ნუ ინებებენ ჩვენის წიგნებიდგან სესხს. რაც შეეხება სახალხო ლექსებს, სამოცდა-ათ ცალში ათი ნასესხებია ბ-ნ პეტრე უმიკაშვილის ლექსთა კრებულიდგან, ექვსი ბ-ნ სამსონ ღონღაძის კრებულიდგან, ექვსიც სხვა წყაროებიდგან არის ამოღებული და ორმოცდა ათამდე – კი საკუთრივ ჩვენი შეკრებილია” (“დედა-ენა”, გვერდი 4).

ჩვენ, როგორც ავტორს და “წერა-კითხვის საზოგადოებას”, როგორც გამომცემელს “დედა-ენისას” და “ბუნების კარისას” სრული ნება გვაქვს აღვკრძალოთ “მეგობარი”, რომელშიაც ჩვენ დაუკითხველად მოქცეულია ჩვენი ლიტერატურული საკუთრება. მაგრამ მე ამ უფლებას არ მოვიხმარ, სხვათა შორის იმიტომ, რომ ბ-ნ ჯაჯანაშვილის საქციელი ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, სასარგებლოა და არა საზიანო. რაც შეეხება გამომცემელ საზოგადოებას, იმან თავისი მოვალეობა კარგად იცის და ისე მოიქცევა, როგორც საზოგადო სიკეთისათვის იქნება საჭირო და სასარგებლო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button