ჰაზირა – პოეზია
***
აღსდექ, თამარ დედოფალო!
სად ვიყავით, აწ სადა ვართ,
მწუხარებაში რადა ვართ,
სასიკვდილოდა მზადა ვართ,
აღსდექ, თამარ დედოფალო,
შენთვის სტირის საქართველო!
თან გაგყვნენ ქართველ-მამაცნი,
ჩვენ დავრჩომილვართ დიაცნი,
მაბეზღარნი და ზარმაცნი,
აღსდექ, თამარ დედოფალო,
შენთვის სტირის საქართველო!
დედაო, შენ, ჩვენო ძველო,
სადა ხარ, შენ, ხმალო მჭრელო,
ქართველთ განმანათლებელო,
აღსდექ, თამარ დედოფალო,
შენთვის სტირის საქართველო!
ჩვენ დაგვტოვე, ობლად ვსტირით,
ავიმსეთ ბოროტით, ჭირით,
კაცს შევხედოთ რაღა პირით…
აღსდექ, თამარ დედოფალო,
შენთვის სტირის საქართველო!
ზე ვიყავით, აწ ვართ ძირსა,
ვეღარ ვხედავ ჩვენსა გმირსა,
მიხედევი შენს ჰაზირსა…
აღსდექ, თამარ დედოფალო,
შენთვის სტირის საქართველო!
***
ნაწყვეტი
თორგომეს სახლიდანა ვარ,
მე ქართლოსის ძე ვარ კიდევ,
ჩემი გამოცვლა უნდოდათ,
მაგრამ ისევ მე ვარ კიდევ,
უძლეველსა ფალავანსა,
ბუმბერაზსა ვგევარ კიდევ,
ათასჯერ მეხი მცემია,
მაინც ფეხზე ვდგევარ კიდევ.
***
საქართველოს გზაზე დამიდგა ცხენი
საქართველოს გზაზე დამიდგა ცხენი,
არ ვიცი, რად გამიწყრა ჩემი გამჩენი,
მაშინ ვთქვი, თუ საქმე წამხდარა ჩვენი.
მას შემდეგ თვალთაგან მდის ცრემლის ღვარი,
ვიღა გვყავს, ვინ დასცეს მტერსა თავზარი,
სადღა გვყავს დავითი, დიდი თამარი!..
საქართველოს გზაზედ მთა და ველია,
იმის სიმაგრენი – ციხე ძველია,
არ თუ დანგრეულა, არ თუ მცველია.
კახეთის ვეშაპნი და ქართლის გმირნი,
თუშ-ფშავ-ხევსურნი – სად არს ის პირნი,
სვან-მეგრელ-გურია, მათთან იმერნი.
მღელვარ ზღვაში ვარ და ვეძებ სათავეს,
ვეხვეწები მეხომალდეს, მენავეს,
ზვირთებმა დამტანჯეს, დამიმონავეს.
ჰაზირა ელის, რომ გაგვეღოს კარი,
ჩვენ დაგვეცა ქვეყნის მეხი მედგარი,
ველით, რომ წამოდგეს ცხენი დამდგარი.
***
მოდი, შვილო, ჩემთანა
მოდი, შვილო, ჩემთანა,
გულში რად დამკარ დანა,
საქართველოს შვილი ხარ, შვილო,
იცან შენი ქვეყანა.
სახლი იქ გაიკეთე,
დედაენა გაიკვეთე,
მხოლოდ არ დაივიწყო, შვილო,
მამა-პაპის სიკეთე.
მათ გასწირეს თავები,
ნახეს დღენი შავები,
შენთვის დახოცილები, შვილო,
ილოცე საფლავები.
მოიგონე სულ ძველი,
თამარ მეფე, მხარგრძელი,
გიორგი ბრწყინვალე და, შვილო,
დავით აღმაშენებელი.
მამულისათვის კვდებოდე,
მტრის პირდაპირ დგებოდე,
განათლებულ ქვეყნებში, შვილო,
კაცად იხსენებოდე.
ნუ გეშინის ომისა,
მტარვალთან წინ დგომისა,
ჰაოს-ქართლოსის სისხლო, შვილო,
შვილი ხარ თორგომისა.
ჰაზირს ტანჯვა მაკმარე,
მამას, ძმას მოეხმარე,
ოდეს ეს შეასრულო, შვილო,
საფლავში ჩამომძახე.