ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ცაზე ლეგიონი სცურავს ვარსკვლავების
ცაზე ლეგიონი სცურავს ვარსკვლავების,
მთებში ეღვიძება ხეთა ათასეულს,
სფინქსის ეპარება ფიქრი გამკლავების
ლანდებს, ხიდეების სიგრძივ გადასეულს.
სადღაც დაიძახებს შორი მდინარიდან,
რაღაც ფრინველია, რაღაც ხმა კისკისა,
და კვლავ სიჩუმეა მაღალ მყინვარიდან,
აჰა, ვარდისფერმა ალმა იგიზგიზა.
აი სანახავი, თუ გსურს, დიდებული –
მართლაც, მშვენიერი, კარგი სანახავი…
ღამე, კოცონებად შემოკიდებული,
ალი, მდინარეზე გადანასახავი.
ვიცნობ იმ ნაპირთა ასავალ-დასავალს,
მაგრამ ყველაფერი ენით არ ითქმება,
როსმე მოგიყვები მათ თავგადასავალს,
და თმა, გათენებავ, ყალყზე დაგიდგება.
მანამ შენს თანადარს გზები დაუფარჩოს,
შუქთა შეკაზმვას და ალთა გაჭენებას,
იმ სწრაფს, იმ სანატრელ მერანს გაუმარჯოს,
იმ ცეცხლს გაუმარჯოს და იმ გათენებას!