ერკიულ პუარო ზღვაზე მოგზაურობას ვერ იტანდა, მაგრამ, ხომალდი, რომელზეც ის აღმოჩნდა, განსაკუთრებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. თითოეული მათგანის განწყობა საზეიმო და ამაღლებული იყო. ათდღიანი ტურის მთავარი „მარგალიტი“ – ალექსანდრია – განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის იყო მომხიბვლელი საცდური. მათში ორ ახალგაზრდა ვაჟს გამოარჩევდით – ათლეტური აღნაგობის ყმაწვილებს, შორიდანვე რომ იტაცებდნენ თვალს. თუმცა, პუაროს ინტერესის სფერო უფრო ოჯახური წყვილები იყო, მაგალითად, გენერალი კლეპერტონი და მისი მომხიბვლელი მეუღლე; ასევე, მისის ჰენდერსონი – ორმოცდაათ წელს მიტანებული ქალი, რომელსაც ძნელად თუ მისცემდით ორმოც წელს, ისეთი ეფექტური და ელეგანტური გარეგნობა ჰქონდა. პუარომ შორიდანვე შენიშნა გემბანზე მოსეირნე ქალი და მისკენ გაემართა.
– მშვენიერი ამინდია, არა? მისის ჰენდერსონმა გაუღიმა.
– ერკიულ პუარო გახლავართ… ეგვიპტეში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. თქვენ? ქალმა თვალები მოჭუტა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა:
– აა, გამახსენდა, თქვენ ის სახელგანთქმული ფრანგი დეტექტივი ბრძანდებით…
– ბელგიელი, მისის, ბელგიელი…
– თუნდაც, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ გემზე ტყუილუბრალოდ არ აღმოჩნდებოდით. დანაშაული მოხდება?
– ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით… დანაშაული ყველგან ხდება, სადაც კი ადამიანები არიან.
– და მაინც, როგორ გგონიათ, ვინ ვის მოკლავს? – არ მოეშვა მისის ჰენდერსონი.
– მე დეტექტივი გახლავართ და არა წინასწარმეტყველი.
– მე მაინც შევეცდები, ვივარაუდო. მაგალითად, ის უცნაური წყვილი გენერალი და მისი მეუღლე… აშკარად ეტყობათ, რომ მათ შორის სიყვარული არ არის. ქალი სრულიად ნორჩია. გენერალსაც, მეეჭვება, კეთილშობილური წარმომავლობა ჰქონდეს. რას დახარბდა ახალგაზრდა ქალი? – ფაქტია, რომ საქმროს ქონებას.
– მშვენიერი მონაცემებია დამწყები დეტექტივისთვის. ბარში გეპატიჟებით, მისის…
ბარში გენერლის მეუღლე იმ ორ ახალგაზრდა ჯენტლმენთან ერთად მიირთმევდა „მარტინის“ და ხმამაღლა კისკისებდა. მისის ჰენდერსონმა პუაროს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა, თითქოს ეუბნებოდა, აქ ყველაფერი წესრიგში არ არის და თავადაც დარწმუნდებითო. პუარომ არ შეიმჩნია და მისის კლეპერტონს გვერდით მიუჯდა. შემთხვევით იდაყვი ქალის პაწაწინა, ლამაზ ხელჩანთაზე მოუხვდა და ძირს ჩამოაგდო. ხელჩანთა გაიხსნა და შიგთავსი იატაკზე გადმოიბნა… პუარო, როგორც ღირსეული ჯენტლმენი, სწრაფად დაიხარა, რომ ნივთების შეგროვებაში დახმარებოდა და უცებ წამოიძახა:
– წამლები, მისის?! გული გაწუხებთ? თქვენს ასაკში?!
– დიახ, ასეა. მართალია, ძალიან ენერგიული ვარ, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, – ქალმა ხელჩანთა შეკრა და აფორიაქებულმა მიმოიხედა, – ჯონი არ გინახავთ? ჩემი ქმარი უნდა მოვძებნო. მაპატიეთ, ჯენტლმენებო…
ახალგაზრდებმა დანანებით გააყოლეს თვალი ბარიდან გასულს.
– როგორი მომხიბვლელია… შეუდარებელია… რა სამწუხაროა, რომ იმ საზიზღარი მოხუცის ცოლია. ნეტავი, ან გენერალი როგორ გახდა. ძალიან საეჭვოა… მისი მანერებისა და ღაჟღაჟა სიფათის პატრონი… აი, მისის კლეპერტონი კი, მართლაც, შესანიშნავია…
– მაგრამ, მას ერთი დიდი ნაკლი აქვს, – შეახსენა მეგობარს მეორე ახალგაზრდამ, – ქმრის ერთგულია.
– ჰო, ეგ მართალია… – ამოიოხრა პირველმა, – ვერაფრით დავიყოლიეთ ალექსანდრიაში ჩვენთან ერთად გასეირნებაზე. ამბობს, ჯონი თუ არ წამოვა, მეც გემზე დავრჩებიო. სულაც არ მსიამოვნებს მისი ქმრის ყურება, მაგრამ, ავიტან ცოლის ხათრით. თქვენც წამობრძანდებით, მესიე პუარო?
– ალბათ, არა… სიცხეს ვერ ვიტან… ისე, მისის კლეპერტონისთვისაც არ არის სასურველი მზის გულზე სეირნობა. მისი სუსტი გულისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება.
ახალგაზრდებმა გაიცინეს.
– სუსტი გული?! რას ბრძანებთ, მესიე პუარო. ენერგიას ასხივებს, როგორ შეიძლება, სუსტი გული ჰქონდეს?!
პუარომ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, არ ვიცი… ეტყობა, ზოგჯერ საკუთარ თვალებსაც არ უნდა ენდო ადამიანი.
– შეიძლება… ჰო, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს მშვენიერი არსება ვიხსნათ – ცოტა ხნით მაინც გამოვტაცოთ მოხუცი ქმრის კლანჭებს… – ყმაწვილკაცებმა ერთხმად გაიცინეს და ბარმენს მორიგი პორცია ვისკი შეუკვეთეს.
მეორე დღეს, გამთენიისას, სამგზავრო თბომავალი ალექსანდრიას მიადგა. მგზავრები გემბანზე შეგროვდნენ და ქალაქში გასასვლელად მოემზადნენ. მშვენიერი მისის კლეპერტონი მარტო იყო. თუმცა, მალევე მიაკითხეს „მხსნელებმა“. პუარო თვალს ადევნებდა მათ საუბარს.
– ედელინ, ნაპირზე არ ჩამოხვალთ? ალექსანდრია საოცრებაა… ნამდვილ აღმოსავლურ ბაზარს გაჩვენებთ…
ქალმა დანანებით აიჩეჩა მხრები:
– იცით, ჩემი ქმარი გუშინ ძალიან დათვრა და დღეს გამოძინებას აპირებს. ვკითხავ, თუ შეიძლება, მარტო წამოვიდე…
– ჩვენც ვთხოვთ თქვენთან ერთად… – მაშინვე აჰყვნენ ყმაწვილებიც.
მხიარული კამპანია კლეპერტონების კაიუტისკენ გაემართა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ედელინმა ქმარს გარედან დაუძახა:
– ჯონ, არ ადგები? ქალაქში მინდა გასვლა. არ გესმის, ჯონ?
– ედელინ, რა დაგემართა, რატომ მაღვიძებ? წადი, თუ ასე გინდა. მე კი უნდა დავისვენო, – დაგვიანებით და უკმაყოფილო ტონით გამოსძახა კაცმა. ედელინმა გაიღიმა და თანმხლებ მამაკაცებს ქალაქში გაჰყვა.
… ტრაგედიის შესახებ კი, საღამოს გახდა ცნობილი, როცა მისის კლეპერტონმა კივილით აუწყა მგზავრებს ქმრის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. კაიუტაში შესულ გემის პერსონალს, ექიმსა და ცნობისმოყვარე მგზავრებს თვალწინ საზარელი სურათი გადაეშალათ: მისტერ კლეპერტონი საწოლში ხანჯლით გულგანგმირული იწვა. იატაკზე მისის კლეპერტონის ძვირფასეულობის ცარიელი ყუთი ეგდო. მისის კლეპერტონი ატირდა. პუარომ ეჭვით გახედა მას.
– ოთხი-ექვსი საათის მკვდარია, – განაცხადა გემზე მომუშავე ექიმმა, – ხანჯალი გულში მოურტყამთ. ნუთუ ეს იმ ბოშებმა გააკეთეს, წვრილმანმა მოვაჭრეებმა, ალექსანდრიაში გემზე რომ ამოვიდნენ?!
პუარომ მაგრად მოკუმა წვრილი ტუჩები და ექიმს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
– მესიე პუარო, მგონი, სხვა აზრისაა, – მიხვდა ექიმი.
– დიახ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბატონი ხანჯლით განგმირეს. მას ის უკვე მკვდარს გაურჭეს და, ეს ბოშებმა კი არა, სუსტმა, ნაზმა არსებამ გააკეთა. მისის კლეპერტონ, ნუ ეცდებით, გაოცებული სახე მიიღოთ ან გული წაგივიდეთ. ქმარი სწორედ თქვენ მოიშორეთ თავიდან. შეიძლება, საამისო მიზეზი გქონდათ კიდეც, მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაკლებად საინტერესოა.
– რა სისულელეა… მე არაფერ შუაში ვარ! მკვლელობის მომენტში მე ალექსანდრიაში ვიყავი. თქვენც ხომ იცით, ერთი ნაბიჯითაც არ მოგცილებივართ… – ქალმა სასოწარკვეთით შეხედა თავის ახალგაზრდა თანამგზავრებს, რომლებიც, ამ ამბით გაოგნებულები, ხმაამოუღებლად იდგნენ.
– მისის, პუარომ ყოველთვის იცის, რას ლაპარაკობს. თქვენს ქმარს ნელ-ნელა აძლევდით წამლის დიდ დოზებს, რაც, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, გულის გაჩერებას გამოიწვევდა. ამას დაუმატეთ ზღვის ავადმყოფობაც, რომელიც თქვენს ქმარს სტანჯავდა… გემზე რომ დაბრუნდით, ის მკვდარი დაგხვდათ… დილით უკვე ცუდად იყო – ფეხები წაერთვა და საწოლიდან ვერ დგებოდა… ხანჯალი აიღეთ, გულში შეურჭეთ და ძვირფასეულობის ყუთი დააცარიელეთ – აი, ეს არის მთელი საიდუმლო. მომიტევეთ, მაგრამ, ყოველთვის სიმართლის მხარეზე ვარ…