დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – მკვლელი ოჯახში

– ამბავი, რომელმაც შეიძლება თქვენ დაგაინტერესოთ, ჩემს ნათესავ მეიბლის შეემთხვა, – მის მარპლი გაჩუმდა, საქსოვი მოიმარჯვა და თხრობა განაგრძო, – იგი საყვარელი გოგო იყო. ოღონდ

ცოტა ჩერჩეტი. 22 წლისა ცოლად მისტერ დენმენს გაჰყვა. მისტერ დენმენი ფეთქებადი კაცი იყო, ხოლო ისეთებს, როგორიც მეიბლია კეთილი ქმარი სჭირდებათ, რომელიც მის ნაკლოვანებებზე თვალს დახუჭავს. გათხოვების შემდეგ მეიბლი, ფაქტობრივად, არც მინახავს. მათ ერთად ათი წელი იცხოვრეს, ვიდრე მისტერ დენმენი მოულოდნელად არ გარდაიცვალა. შვილები არ ჰყოლიათ, ამიტომ მთელი ქონება მეიბლის დარჩა. ამ ამბიდან სამი თვეც არ იყო გასული, რომ მეიბლისგან წერილი მივიღე. იგი სასოწარკვეთილი იყო და მასთან ჩასვლას მთხოვდა.

მეიბლი ცუდ მდგომარეობაში დამხვდა; დეპრესიის ზღვარზე იყო. სახლში მასთან ერთად მზარეული ქალი და მოსამსახურე, ასევე მოხუცი მისტერ დენმენის, მეიბლის მამამთილის მომვლელი ქალი ცხოვრობდნენ. მოხუც მისტერ დენმენს, როგორც იტყვიან, თავში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა. როგორც გავარკვიე, მათ გვარში სულით ავადმყოფები ჰყოლიათ.

მეიბლის პრობლემები კი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. როგორც თავად მითხრა, შემოგარენში არც ერთ სულიერს მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა. მას, როგორც კეთროვანს ისე გაურბოდნენ. მიზეზი კი გავრცელებული ჭორები ყოფილა. როგორც გაირკვა, გოდფრი უცაბედად დაიღუპა, სრულიად მოულოდნელად. ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მეიბლმა ქმარი მოწამლა. ასეთ ჭორებთან შებრძოლება ძალიან ძნელია. როდესაც ხალხი შენს უკან ლაპარაკობს, შენ ვერც უარყოფას ახერხებ, ვერც აღშფოთებას, ხოლო ჭორი ვრცელდება და ვრცელდება, ივსება ახალ-ახალი დეტალებით. ძალას იკრებს. მე მხოლოდ ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული: მეიბლი ვერავის მოწამვლას ვერ შეძლებდა. მაგრამ კვამლი ხომ უცეცხლოდ არ არსებობს. მისი აზრით, ჭორების ერთადერთი მიზეზი გოდფრის უცაბედი სიკვდილი იყო. ვახშამზე მისი ქმარი მშვენივრად გამოიყურებოდა, ხოლო ღამით მოულოდნელად ცუდად გახდა. მსახური ექიმის მოსაყვანად გაგზავნეს, მაგრამ საცოდავი, ექიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში მოკვდა. ექიმის აზრით, სიკვდილი სოკოთი მოწამვლამ გამოიწვია. „ნუ, ეს ასეთი ჭორებისთვის საკმარისი არაა“ – ვთქვი მე. მეიბლიმ მითხრა, რომ ვახშმის დროს ქმართან იჩხუბა. ახლა უკვე გასაგები გახდა, მოსამსახურეებმა ჩხუბის ამბავი გარეთ გაიტანეს. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. იმ ღამით განსაკუთრებით ხმამაღლა ყვიროდნენ. გარდა ამისა, მეიბლი თავიდან უარყოფდა, მაგრამ შემდეგ გამოტყდა, რომ იმ დილით აფთიაქში დარიშხანი იყიდა. ბუნებრივია, აფთიაქარმა ყველაფერი დაფქვა.

მათი ოჯახის ექიმი მისტერ როულინსონი იყო. მოფამფალებული მოხუცი. მე მის სანახავად წავედი. ექიმმა მითხრა, რომ მან მზარეული ქალი გამოჰკითხა და იმან უთხრა, რომ რამდენიმე სოკო თავიდანვე საეჭვოდ მოეჩვენა, მაგრამ, რადგან მაღაზიაში იყო ნაყიდი, ყურადღება აღარ მიაქცია. ექიმიდან ისევ მეიბლისთან დავბრუნდი და პირდაპირ ვკითხე, რისთვის დასჭირდა დარიშხანი.

– სიკვდილი მინდოდა. ისეთი უბედური ვიყავი, რომ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, – მიპასუხა მან.

– დარიშხანი ისევ გაქვს?

– არა, გადავაგდე.

– რა მოხდა, როდესაც შენი ქმარი ცუდად გახდა? დაგიძახა?

– არა, – მან თავი გააქნია, – ზარი დარეკა. დარეკვა რამდენჯერმე დასჭირდა, ვიდრე მოსამსახურემ გაიგონა. იმან კი მზარეული გააღვიძა. როდესაც დოროთიმ გოდფრი დაინახა, ძალიან შეეშინდა და მე გამაღვიძა. როგორც კი შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ უიმედო იყო. სამწუხაროდ, ბრიუსტერი, ვინც მოხუც მისტერ დენმენს უვლიდა, წასული იყო და სახლში არავინ აღმოჩნდა, ვისაც ეცოდინებოდა, რა უნდა გვექნა. დოროთი ექიმის მოსაყვანად გავგზავნე, თავად კი ისე ცუდად გავხდი, ჩემს ოთახში ჩავიკეტე.

– „რა უსულგულობაა, – ვთქვი მე, – ასეთმა საქციელმა, ალბათ, ძალიან გავნო. მზარეულმა ამის შესახებ, ალბათ, ყველას უამბო“.

მოსამსახურეებს გავესაუბრე. ორივემ მითხრა, რომ მათი პატრონი უკვე აგონიაში იყო. რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ეს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ლუღლუღი იყო რომელიღაც თევზს ახსენებდა, – თევზის ბრიკეტიო, თუ რაღაც ამის მსგავსს გაიძახოდა.

ბოლოს ბრიუსტერთან წავედი.

რა სამწუხაროა, რომ იმ ღამეს იქ არ ვიყავი, – სინანულით წარმოთქვა მან, – ვიდრე ექიმი არ მოვიდა, ეტყობა, არც არავის უცდია რაიმეს გაკეთება.

– „თქვენი ავადმყოფი თავს როგორ გრძნობს?“ – ვკითხე მე. – ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, აი, მხედველობა კი ცოტა ღალატობს. თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის, ჩვენზე დიდხანს იცოცხლოს,

მაგრამ სულიერად არის მძიმე მდგომარეობაში, თავის დროზე მე ვუთხარი მისტერ და მისის დენმენებს, რომ იგი საავადმყოფოში დაეწვინათ, მაგრამ მისის დენმენს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ქალბატონს კეთილი გული აქვს და ეცოდებოდა მოხუცი.

ასეთი იყო საქმის ვითარება. პათოლოგანატომმა, ვინც გვამი გაკვეთა, მხოლოდ ის მითხრა, რომ სოკოთი მოწამვლას გამორიცხავდა. დავუშვათ, გოდფრი სულით ავადმყოფი იყო, შეეძლო კი მას ამ შემთხვევაში თავი მოეკლა? ახალგაზრდობაში იგი მედიცინას სწავლობდა და, ალბათ, შხამებიც შეისწავლა, მაგრამ, ვერ დავუშვი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. მოკლედ, ჩიხში შევედი.

ერთ დილით ჰაი-სტრიტზე მივდიოდი და ღმერთს დახმარებას ვთხოვდი, ამ დახლართული საქმის თავი და ბოლო გამეგო. უცებ, გამახსენდა, რომ მზარეული ქალი და მოსამსახურე თევზს ახსენებდნენ, რომლის შესახებაც მომაკვდავი ლაპარაკობდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გასაღები სწორედ ამ სიტყვებში უნდა მეძებნა. როგორც წესი, ადამიანები ყველა საუბრიდან საერთო აზრს ვიჭერთ და არ ვაქცევთ ყურადღებას თავად სიტყვებს, რომლებითაც ეს აზრი გამოხატეს. ბუნებრივია, რომ მოსამსახურის სხვათა შორის ნათქვამი სიტყვები, სულ გადამავიწყდა.

ხელახლა გავესაუბრე მზარეულსაც და მოსამსახურესაც, ოღონდ, ამჯერად თითოეულს ცალ- ცალკე. მზარეულს ვკითხე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ მისმა პატრონმა ზუსტად თევზის ბრიკეტი ახსენა? მან მიპასუხა, რომ სავსებით დარწმუნებულია. დოროთიმ ასევე გაიხსენა, რომ მათი პატრონი კონკრეტულ თევზის სახეობას ახსენებდა, თუმცა, სახელწოდება არ ახსოვდა – რაღაც „კ“-ზე იწყებოდაო. შემდეგ, რითაც ძალიან ვამაყობ, რამდენიმე სამედიცინო წიგნი მოვიძიე. ყველა შხამის დასახელება ვნახე ასო „კ“-ზე, შემდეგ ასო „ბ“-ზე გადავედი და წავაწყდი სიტყვას „ბრიკოკარპინი“. განა შესაძლებელია, გაარჩიო ეს სიტყვა, როდესაც ადამიანი ძლივს ლაპარაკობს?! რასთან შეიძლებოდა, მზარეულ ქალს და მოსამსახურეს ეს სიტყვა მიემსგავსებინათ, მათ ხომ ასეთი შხამის სახელწოდება საერთოდ არ გაეგონათ?! ყველაფერი წავიკითხე ამ ბრიკოკარპინზე: თვალებზე მისი სასარგებლო მოქმედების შესახებ და ასე შემდეგ, ბოლოს ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას მივადექი: „წარმატებით გამოიყენება როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება ატროპინით მოწამვლის დროს“ – და ყველაფერს მივხვდი. არასდროს მჯეროდა, რომ გოდფრის თავის მოკვლა შეეძლო, ამიტომ ჩვენი თავსატეხის ეს ახალი ახსნა იყო, ერთადერთი სწორი ვარიანტი.

ვერასდროს ვერკვეოდი მედიცინაში, მაგრამ, როდესაც მხედველობის პრობლემები გამიჩნდა, ექიმმა თვალში ატროპინ-სულფატის ჩაწვეთება მირჩია. ბევრი ფიქრის გარეშე მოხუცი მისტერ დენმენისკენ გავემართე. მიკიბვ-მოკიბვა არ დამიწყია, პირდაპირ ვკითხე, – „მისტერ დენმენ,

ყველაფერი ვიცი. რატომ მოკალით საკუთარი შვილი?“ იგი რამდენიმე წუთით დამაკვირდა და შემდეგ ახარხარდა. ეს ყველაზე საშინელი სიცილი იყო, რომელიც ოდესმე გამეგონა. მხოლოდ ერთხელ გავიგონე ასეთი სიცილი, როდესაც საცოდავი მის ჯონსი ჭკუიდან შეიშალა. „დიახ, – მიპასუხა მან, – მე გოდფრის გავუსწორდი. მე მასზე ჭკვიანი ვარ. ის ჩემს მოშორებას აპირებდა, ასე არ არის? ჩემი საგიჟეთში გამომწყვდევა სურდა. მე გავიგონე, ისინი ამის შესახებ როგორ საუბრობდნენ. მეიბლი კარგი გოგოა, იგი მე მიცავდა, მაგრამ, ვიცი, გოდფრის ვერ გაუმკლავდებოდა. საბოლოოდ, იგი თავისას გაიტანდა, როგორც ყოველთვის გაჰქონდა… მაგრამ მე მას გავუსწორდი. მოვკალი ჩემი კეთილი, მოსიყვარულე შვილი. ჰა-ჰა! ღამით დაბლა ჩავიპარე. ჩემს შვილს ეძინა. მის ლოგინთან, როგორც ყოველთვის, წყლით სავსე ჭიქა იდგა. ჩვეულებრივ, იგი ღამით იღვიძებდა და წყალს სვამდა. ჭიქიდან ცოტა წყალი გადავასხი და ჰა- ჰა! – შიგნით თვალის წამლის მთელი ფლაკონი ჩავცალე. მან გაიღვიძა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. მხოლოდ ერთი სადილის კოვზი აღმოჩნდა საკმარისი, საკმარისზე მეტიც კი. მეიბლი ჩემთან დილით მოვიდა და ძალიან ფრთხილად მაცნობა მომხდარის შესახებ ეშინოდა, არ მენერვიულა, ჰა-ჰა!“

რა თქმა უნდა, საცოდავი მოხუცი საგიჟეთში მოათავსეს. სიმართლე ყველამ გაიგო. მეიბლი ყველას შეეცოდა, მაგრამ, სცადეთ და ჭორებით გამოწვეული ტკივილი გამოისყიდეთ! არადა, გოდფრი რომ ვერ მიმხვდარიყო, რა დალია და შხამსაწინააღმდეგო საშუალება არ მოეთხოვა, სიმართლეს ვერც გავიგებდით. ატროპინით მოწამვლის დროს, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება: გუგების გაფართოება და ასე შემდეგ. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ექიმი როულენსონი მოხუცი იყო და ცუდად ხედავდა. ვერ მიუხვდა მოწამლულს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button