დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – მკვლელობა ჩაკეტილ ოთახში

პუარო ტყუილად იმედოვნებდა, რომ იმ შორეულ პროვინციაში ვერავინ იცნობდა და დასვენებას შეძლებდა. სკოტლანდ იარდელმა ჯეპმა იქაც მიაგნო და პირდაპირ საუზმობისას დაესხა თავს.

– მდა, რატომ არ ვიფიქრე იმაზე, რომ დანაშაული ყველგან ხდება. აბა, რა მოხდა?

– საქმე ერთი ჯენტლმენის თვითმკვლელობას ეხება…

– მე თვითმკვლელობების მიზეზის გამოკვლევებით არ ვარ დაკავებული, ეს ჩემი სფერო არ არის, – შეაწყვეტინა პუარომ.

– საქმეც ისაა, რომ ძალიან საეჭვო თვითმკვლელობაა – ჩაკეტილ ოთახში. ჩემი აზრით, მას არ შეეძლო თავის მოკვლა. სხვათა შორის, დოქტორი ჰიდსიც ამას ფიქრობს.

ბოლო წინადადება პუაროსთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან თავის საყვარელ ჩიბუხს თავი ანება და ჯეპს შეხედა:

– მომიყევით საქმის დეტალები, გეთაყვა.

– გარდაცვლილს უოლტერ პროტერო ერქვა. ორმოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცი იყო, თუმცა, კარგად შენახული. ამ მხარეში რვა წლის წინ ჩამოვიდა და არენდით ძველისძველი, საგვარეულო სახლი „ლეი-ჰაუზი“ აიღო. საცხოვრებლად სამ ოთახს იყენებდა. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი ეკონომი ქალი, – მის კლუგი, რომელიც თან ჩამოიყვანა. ამ დღეებში მისტერ პროტეროს სტუმრები ჰყავდა – მისტერ და მისის პარკერები. წყვილი აქ ლონდონიდან ჩამოვიდა. დღეს დილით მის კლუგმა აღმოაჩინა, რომ მისმა ბატონმა ჩვეულებას უღალატა და ბაღში არ გაისეირნა. მის ოთახთან მივიდა და კარი შიგნიდან დაუხვდა დაკეტილი. ქალმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. კონსტებლი პოლარდი და დოქტორ ჰიდსი თითქმის ერთდროულად მივიდნენ იქ და კარი შეამტვრიეს. პროტერო იატაკზე იწვა, გახვრეტილი შუბლით და მარჯვენა ხელში პისტოლეტით. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან ჰგავდა თვითმკვლელობას…

პუარომ თვალები მოჭუტა:

– ეჭვის საფუძველს რა გვაძლევს?

– მესიე პუარო, ხომ არ ჯობია, თავადვე დაელაპარაკოთ დოქტორსაც და ადგილზე ნახოთ ყველაფერი?

– ლოგიკურია, – თქვა პუარომ, – მაშინ, წავიდეთ, დროს ნუღარ დავკარგავთ.

„ლეი-ჰაუზი“ ერთი შეხედვით მიგდებულ სახლს ჰგავდა. დიდი ეზოთი გარშემორტყმული, მოწყენილად გამოიყურებოდა. პირველ სართულზე, დიდ ოთახში, რამდენიმე ადამიანი იყო: უგემოვნოდ ჩაცმული უხეშნაკვთებიანი მამაკაცი; საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის ქალი, თუმცა, ვულგარული და გამაღიზიანებელი გამოხედვით; კიდევ ერთი, ძალიან ღირსეული ქალბატონი. მთლიანად შავებში ჩაცმული – ალბათ ეკონომი ქალი და ექიმი ჰიდსი. დოქტორმა მაშინვე იცნო ცნობილი დეტექტივი, მიესალმა და იმ ოთახისკენ წაუძღვა, სადაც დანაშაული მოხდა. პუარომ მისტერ და მისის პარკერებთან გასაუბრება გადადო. გვამი ისევ იატაკზე ეგდო. პუარო მისკენ დაიხარა.

– გვამი რატომ გადააადგილეთ?

– იმიტომ, რომ თვითმკვლელობა გვეგონა. მერე დავაკვირდით, რომ პისტოლეტი მერე იყო ხელში ჩადებული.

– ფანჯარა დაკეტილი დაგხვდათ?

– დიახ. გასაღებიც ვერსად ვიპოვეთ. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ვითომ, მან თვითონ დაკეტა, გასაღები ფანჯრიდან გადააგდო და მერე ფანჯარაც გადარაზა? მესიე პუარო, ამ გამოცანას მხოლოდ თქვენ თუ ამოხსნით.

პუაროს ნაცვლად ჯეპმა უპასუხა:

– მოდი, ასე ვიმსჯელოთ: დავუშვათ, რომ ეს მკვლელობაა. მკვლელი შემოვიდა კარიდან. გააკეთა თავისი საქმე. ისევ კარიდან გავიდა, ჩაკეტა და გასაღები თან წაიღო.

– სულელი ყოფილა, – თქვა პუარომ და სიგარეტის ნამწვებით სავსე ბუხარს და საფერფლეს გახედა. მერე მოულოდნელად ექიმს მიმართა, – დოქტორო, თქვენ აქ ახლა სიგარეტის სუნს გრძნობთ?

– არა, – მხრები აიჩეჩა დოქტორმა, – ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ისე ვიკითხე, – ჩაილაპარაკა დეტექტივმა, – ეს ჯენტლმენი აშკარად ბევრს ეწეოდა, ძალიან ბევრს. მაგალითად, წუხელ ოცი სიგარა მაინც მოუწევია…

– ეე… ეს რაღაა? ჯეპი გვამთან დაიხარა და წაუსტვინა, – აქამდე როგორ ვერავინ შევნიშნეთ, – ექსპერტმა იატაკიდან მამაკაცის პერანგის სამაჯურის გატეხილი სამაგრი აიღო, – დოქტორო, იქნებ, ქვემოთ ჩაბრძანდეთ და ჯერ ეკონომ ქალს დაუძახოთ? მგონი, მესიე პუაროც მზად არის მასთან სასაუბროდ.

– მე ეს არ მომითხოვია, – ჩაიბურტყუნა დეტექტივმა, მაგრამ ექიმი მაინც წავიდა.

– ეს პარკერები მოითხოვენ, მალევე მისცეთ საშუალება, ლონდონში გაემგზავრონ. ამბობენ, გადაუდებელი საქმეები გვაქვსო.

– ჰმ, თუ აქ რაღაც-რაღაცეები გავარკვიეთ, პარკერებს გადაუდებელი და სერიოზული საქმეები აქ ექნებათ.

მის კლუგი კითხვებზე მოკლედ პასუხობდა. ეს იყო ძალიან სერიოზული და თავშეკავებული ქალი. დიახ, მის ბატონს ჩვეულებრივ ღიაფანჯრიან ოთახში ეძინა ხოლმე. პარკერები მან

მხოლოდ სამი-ოთხი დღის წინ გაიცნო, როცა მათთან ჩამოვიდნენ. თუმცა, მგონი ბატონი, მათ ადრეც იცნობდა, მაგრამ, განსაკუთრებული სიხარული არ გამოუხატავს – ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდნენ. გუშინ საღამოს საკმაოდ გვიან დაწვა და ესმოდა, სასტუმრო ოთახში როგორ კამათობდნენ მისი ბატონი და სტუმარი… არა, გასროლის ხმა არ გაუგონია. დიახ, მის ბატონს ჰქონდა იარაღი და თავის ოთახში, სეიფში ჩაკეტილს ინახავდა. მისტერ პროტეროსთან ის თითქმის თოთხმეტი წელია, მუშაობს…

ეკონომი ქალის დაკითხვის შემდეგ ჯერი ცოლ-ქმარ პარკერებზე მიდგა და მათ ვერ შეძლეს, ჯეპი თავიანთ უდანაშაულობაში დაერწმუნებინათ. მისტერ პარკერმა ვერ უარყო, რომ პერანგის სახელოს სამაგრი მას ეკუთვნოდა. ჯეპმა თავი უფლებამოსილად მიიჩნია, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიეღო. მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. მისი ვერსია ასეთი იყო: მისტერ პროტერო მისის პარკერს ყვარობდა. მათ ჰქონდათ კავშირი, რომლის შესახებაც ქმარმა შეიტყო და ცოლის საყვარელს გაუსწორდა. მერე ისე მოაწყო, რომ მკვლელობა თვითმკვლელობას დამსგავსებოდა. თუმცა, ჭკუა არ ეყო, რაღაც დეტალები უკეთ გაეთვალა და ჩავარდა კიდეც. პუაროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამ ვერსიის გასაბათილებლად, ან დასადასტურებლად….

მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოეცხადა ჯეპს კაბინეტში:

– მოვედი, რომ გითხრათ, მისტერ პარკერს პროტერო არ მოუკლავს. ეს თვითმკვლელობა იყო.

– როგორ?! – განცვიფრდა ინსპექტორი.

– მე მოგიტანეთ წერილობითი, აღიარებითი ჩვენება მის კლუგისა.

– არ მითხრათ, რომ მკვლელი ის არის… – აღშფოთდა ჯეპი, – ამას დამტკიცება სჭირდება, მესიე

პუარო.

– ვიცი. თქვენ ფიქრობთ, რომ აქ ნივთმტკიცებების გარეშე მოვიდოდი? მის კლუგს უყვარდა თავისი ბატონი და მან მისის პარკერი დანახვისთანავე შეიძულა. როგორც თქვენ, კეთილო ჯეპ, მანაც იფიქრა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. ამიტომ, როცა ოთახში შევიდა და თავისი ბატონი შუბლგახვრეტილი ნახა, გადაწყვიტა, პარკერები გაემწარებინა. მან ფანჯარა მიხურა და ჩაკეტა, პისტოლეტი კი ბატონის ერთი ხელიდან აიღო, გაწმინდა და მეორე ხელში ჩაუდო. მხოლოდ მან იცოდა, რომ მისი ბატონი ცაცია იყო და ექიმს აუცილებლად დააეჭვებდა პისტოლეტის ასეთი მდებარეობა. ნატყვიარის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე………………………………………. მერე სასტუმრო ოთახში

ნაპოვნი სამაგრიც გაახსენდა… ოთახიდან გავიდა, კარი გადაკეტა, გასაღები კი ბაღში გადააგდო.

მაგ კონვერტში, წერილთან ერთად გასაღებიც დევს.

– კი მაგრამ, თვითმკვლელობის მოტივი? – შესძახა ჯეპმა.

– ვალები, ჩემო კეთილო… ვალები. კარტში წაგებული ფული და მთელი ქონება………………………………………………………………………………………………………………….. მას მისტერ

პარკერის სოლიდური თანხაც ემართა…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button