ლეშეკ ბალცეროვიჩი – “დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს”
კაპიტალიზმისა და დემოკრატიის ურთიერთდამოკიდებულება
ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია კაპიტალისტური სისტემა. ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც ეროვნული მეურნეობის განვითარებას არაკაპიტალისტური გზით ცდილობდა, მარცხი განიცადა. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაც. როგორც ისტორიიდან ჩანს, დღემდე ვერც ერთ ქვეყანას ვერ შეძლებია ურთიერთისათვის მჭიდროდ დაეკავშირებინა სოციალიზმი ეკონომიკაში და დემოკრატია პოლიტიკაში. ყველა დემოკრატიულ ქვეყანას კაპიტალისტური წყობა ჰქონდა, თუმცა ყველა კაპიტალისტური ქვეყანა როდი იყო დემოკრატიული. ეს კი იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ თუმცა დემოკრატიას არ შეუძლია არსებობა კაპიტალიზმის გარეშე, კაპიტალიზმს ხელეწიფება გარკვეული დროის მანძილზე იარსებოს უდემოკრატიოდ. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ქვეყნები, რომლებმაც კაპიტალისტური სისტემის წყალობით ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს, მხედველობაში მაქვს ,,აზიური ვეფხვები”, – შედარებით სწრაფად დაიწყეს დემოკრატიის მშენებლობა. ეკონომიკური განვითარება, რომელსაც სტიმულს აძლევს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, განვითარების ტემპების შენარჩუნების მიზნით აუცილებლად მოითხოვს დემოკრატიის არსებობას.
ისტორია იმის შესახებაც მეტყველებს, რომ კაპიტალისტური სისტემის ფუნქციონირება აუცილებელია არა მხოლოდ ეკონომიკის გასავითარებლად, არამედ დემოკრატიის შესანარჩუნებლადაც. მოთხოვნა იმისა, რომ დემოკრატია იყოს, ხოლო კაპიტალიზმი –არა, თავისი ბუნებით წინააღმდეგობრივია. შესაძლებელია ვინმე შეგვედაოს, რომ მხოლოდ ისტორიული გამოცდილება არ არის საკმარისი არგუმენტი რაიმეს საბოლოოდ დასამტკიცებლად. ის, რომ ისტორიაში რაიმეს არ უარსებია, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს არც მომავალში იარსებებს არასდროს. არც ის არგუმენტი იქნება საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ არ მოხერხდა სოციალიზმისა და დემოკრატიის თანაარსებობა. ამ თეზის დასამტკიცებლად აუცილებელია იმ ძირითადი მიზეზების მოხმობა, რომლებიც თვალნათლივ დაგვანახვებდა, თუ რატომ არ შეიძლება დემოკრატია კაპიტალისტური სისტემის გარეშე.
ვიდრე ამის გაკეთებას შევეცდებოდეთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ სოციალიზმი, გაგებული როგორც ეკონომიკის ტოტალური განსახელმწიფეობრიობა, კრძალავს ან მაქსიმალურად ზღუდავს კერძო მეწარმეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ იგი დაუშვებდა კერძო საწარმოების შექმნასა და განვითარებას, ეკონომიკა თანდათანობით იქცეოდა კერძო, ანუ კაპიტალისტურ მეურნეობად.
სამაგიეროდ, დემოკრატია ნიშნავს პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ხელისუფლების ცვლა ხდება რეგულარული და პატიოსანი არჩევნების გზით და არა სხვა რაიმე მეთოდებით. ეს კი, თავის მხრივ, მოასწავებს გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოქალაქეთა თავისუფალ ორგანიზებას და ასევე ალტერნატიული პროგრამების თავისუფალი გაცნობის შესაძლებლობას ამომრჩევლებისათვის (რაც ტერმინ ,,სიტყვის თავისუფლებაში” მოიაზრება).
პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელი პირობა კერძო საკუთრებაა
დავიწყოთ იმ სერიოზულ არგუმენტიდან, რომელიც მშვენივრად არის დასაბუთებული გამოჩენილი ლიბერალური ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის მიერ მის კლასიკურ ნაშრომში ,,კაპიტალიზმი და თავისუფლება”. მასში ავტორი ხაზს უსვამს, რომ სოციალიზმი, ანუ ეკონომიკის ტოტალური განსახელმწიფოებრიობა, ნიშნავს პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მეურნეობის განუკითხავ კონტროლს და ასევე განსაკუთრებულ კონტროლს ქაღალდის მწარმოებელი, ფილმების დამდგმელი, სატელევიზიო კომპანიების და ა. შ. ანუ იმ სფეროებზე, რომლებიც ახორციელებენ ყველა აუცილებელ მასალებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობისათვის. ასეთ სიტუაციაში პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ქვეყნის ცხოვრებაზე სრულ კონტროლს ახორციელებს, ექმნება საშუალება თავის ოპოზიციას შედეგიანი პოლიტიკური საქმიანობის მატერიალური საფუძველი გამოაცალოს. ეს მექანიზმი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მაგალითად, ბელორუსში, სადაც ლეგალური პრივატიზაცია ჯერ ადგილიდან არ დაძრულა. ასეთ სიტუაციაში დემოკრატია, რა თქმა უნდა, ფორმალურად არ იკრძალება, მაგრამ იგი მხოლოდ ნომინალურად არსებობს.
მიჩნეულია, რომ სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია ორმხრივად არის დაკავშირებული ამ სახელმწიფოს რეფორმირებასთან: ჯერ ერთი, მას მინიმუმამდე დაჰყავს ეკონომიკაში მისი გავლენის სფერო, და მეორეც, იგი აუცილებელი პირობაა დემოკრატიის არსებობისათვის. ამიტომ თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობას უნდა ვესწრაფოდეთ ერთი მხრივ, ეროვნული მეურნეობის განვითარების მიზნით და, მეორეს მხრივ, ამას მოითხოვს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების ინტერესები. ეკონომიკაზე ტოტალური კონტროლის განხორციელების პირობებში რომ ძნელი არ არის კონკურენტი პოლიტიკური ძალების საქმიანობის მასშტაბების გაფართოებისათვის ხელის შეშლა, ამას დიდი ყურადღება მიაქცია მილტონ ფრიდმანმა თავის ზემოთდასახელებულ წიგნში. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის ილუსტრირება თავისი პოლიტიკური საქმიანობით მოახდინა ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ.
ამასთან, დემოკრატიისათვის არსებითია არა მხოლოდ თავად ეკონომიკის პრივატიზაცია, არამედ მისი გატარების მეთოდები. საქმე ეხება იმას, რომ საკუთრებრივმა გარდაქმნებმა არ უნდა მიგვიყვანოს პარტიულ-სამეურნეო კლანების ფორმირებამდე. პრივატიზაციის პროცესებში არ უნდა ჰქონდეთ რაიმე პრივილეგიები მმართველი პარტიის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მართალია, ჩვენ მივიღებთ კერძო საკუთრებას, მაგრამ მას ექნება პოლიტიზირებული სახე. ასეთ შემთხვევაში გვექნება ასევე ფორმალურად დემოკრატია, მაგრამ ფაქტობრივად, ამ საზოგადოებაში ნამდვილად არ ექნება ადგილი დემოკრატიას. ამ სახის სისტემა არსებობდა ბოლო ხანებამდე იტალიაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მარცხი განიცადა. ამ პათოლოგიის საწინააღმდეგოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პრივატიზაციის პროცესების გამჭვირვალობას და წინადადებების შერჩევის სწორი კრიტერიუმების შემუშავებას. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტად გამოიყენება ისეთი ზოგადი კრიტერიუმები, როგორიცაა, ,,ეროვნული ინტერესები” და სხვა, მით უფრო მეტი ადგილი რჩება ბნელი ზრახვების დასაფარავად. ფრთხილად უნდა ვადევნოთ თვალი ვაჭრობების მიმდინარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ძალზე დიდ თანხებს ეხება.
პრივატიზაციის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ასევე მეწარმეობის თავისუფლებაც, რადგან იგი ქმნის იმის საშუალებას, რომ წარმოდგეს კონკურენციული გარემო. ეს იძლევა იმის შანსს, რომ გარკვეული ნიველირება გაუკეთდეს უსამართლოდ გამდიდრებული პოლიტიკურ-სამეურნეო კლანების პარპაშს და ნაწილობრივ გააკეთოს ის, რისი მიღწევაც არ ხერხდება კანონების გამოყენებით. როგორც ეროვნული მეურნეობის განვითარებისათვის, ისე დემოკრატიისათვის, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იქმნება მაშინ, როდესაც მეწარმეობრივი თავისუფლებაც ბლოკირებულია და პრივატიზაციასაც ,,კლანური” ხასიათი აქვს.
მილტონ ფრიდმანის არგუმენტებს შეიძლება ზოგიერთი სხვაც დავუმატოთ. კერძოდ, ზემოთ აღნიშნულ პირობებში ჩატარებული პრივატიზაცია საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მმართველ წრეებს მოპოვებული მატერიალური დოვლათით ისე გაძლიერდნენ, რომ აშკარად მაღლა დადგნენ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც ასეთ წყაროს მოკლებული არიან. ამის შედეგად არჩევნების დროს ყველა პარტიას როდი ექნებოდა ამომრჩეველთა ხმის მოპოვების თანაბარი შანსი.
ეკონომიკის განვითარება და საშუალო კლასი
დავუშვათ, ეს მექანიზმები არ მოქმედებენ, რაც ნიშნავს, რომ მმართველი წრეები სახელმწიფოში არ დაუშვებენ ოპოზიციის ეფექტურ ბლოკირებას ანუ არ გამოიყენებენ იმ შესაძლებლობას, რასაც მათ აძლევს ეკონომიკაზე კონტროლი. ამ შემთხვევაშიც კი მეტად საეჭვოა დემოკრატიისა და სოციალიზმის მჭიდრო თანაარსებობა. ყურადღებას იქცევს ორი ძალა, რომლებიც უკუაგდებენ ამგვარი სისტემის არსებობას.
სოციალიზმი, როგორც უკვე ვთქვით, განწირულია წარუმატებელი ეკონომიკური მაჩვენებლებისაგან მის კონკურენტულ, კაპიტალისტურ სისტემასთან შედარებით. ამასთან, რაც უფრო დიდხანს იქნება შენარჩუნებული სოციალიზმი მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო უარესი იქნება მისი მაჩვენებლები კაპიტალიზმთან შედარებით. ასეთ პირობებში გაიზრდებოდა საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელიც დემოკრატიის პირობებში გამოხატული იქნებოდა მზარდი პროტესტებით. ეს პროტესტები ან ჩახშობილი იქნებოდა, რაც ცხადია, არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს, ანდა გამოიწვევდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც საწყისს მისცემდა ეკონომიკის პროკაპიტალისტურ ტრანსფორმაციას. ასე თუ ისე, ადრე თუ გვიან აღმოჩნდებოდა, რომ დემოკრატიისა და სოციალიზმის შერწყმა შეუძლებელი ამბავი ყოფილა.
მეორე – მტკიცე დემოკრატია მოითხოვს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სტრუქტურას, ანუ ისეთს, რომელშიც დიდ როლს თამაშობენ თავისუფალი პროფესიების ადამიანები, კერძო სექტორთან დაკავშირებული პირები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საშუალო კლასს წარმოადგენენ. ამასთან, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი სტრუქტურის ფორმირება სოციალიზმის დროს, როდესაც ყოველი ადამიანი დაქირავებული მუშაკია, ანუ შესაბამისად, ასე თუ ისე დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან.
სწორედ ამიტომ დემოკრატია კაპიტალიზმს მოითხოვს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაპიტალიზმს აქვს სხვადასხვა შეფერილობა, რომლებიც ეკონომიკური აღმასვლისა და დემოკრატიის განვითარების განსხვავებულ პირობებს ჰქმნიან. კაპიტალიზმი, რომლის დროსაც სახელმწიფო განსაკუთრებული დოზით ერევა ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს ბიზნესის წარმომადგენელთა მტკიცედ დაკავშირებას პოლიტიკურ ელიტასა და სახელმწიფო აპარატთან. ბოლო ხანებამდე ასეთი პოლიტიკური მოდელი არსებობდა ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. აქ ბიზნესმენთა წარმატებების ძირითადი წყარო იყო არა მათი ძალისხმევა და საქმიანი უნარი, არამედ ხელისუფლების მიერ მათთვის მიცემული პრივილეგიები. ეს კი ხელს უშლიდა კონკურენციული გარემოს ჩამოყალიბებას და ამდენად ეროვნული მეურნეობის განვითარებას. შექმნილი მდგომარეობა ხელს უწყობდა ასევე მკვეთრი ქონებრივი უთანასწორობის წარმოშობას, რაც გამომდინარეობდა მეწარმეთა ურთიერთობებით ხელისუფლებასთან და მათ მიერ მონოპოლიური პრივილეგიების მოპოვებასთან. ეს ყველაფერი კი ქვეყანაში ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას.
გარდაქმნის ჟამი
XX საუკუნეში, განსაკუთრებით 11 მსოფლიო ომის შემდეგ, მეტისმეტად გაფართოვდა სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა ეროვნული მეურნეობის მართვაში. შესაბამისად, მკვეთრად იმატა ბიუროკრატთა რიცხოვნობამაც, რომელთა შენახვამ, ცხადია, გადასახადების გაზრდა გამოიწვია. პარალელურად ამაღლდა ასევე ის მაჩვენებელიც, რომელიც ეროვნულ შემოსავალში გადასახადების პროცენტულ წილს აღნიშნავს. მაგალითად, 1970 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების მიხედვით საბიუჯეტო ხარჯები შეადგენდა ეროვნული შემოსავლის მხოლოდ 10 პროცენტს, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი 1990 წელს 45 პროცენტს აღემატებოდა. განვითარებული ქვეყნების მიხედვით, 1966 წელს ბიუჯეტის ხარჯები შეადგენდა ეროვნული შემოსავლის 15 პროცენტს, ხოლო 1990 წელს – 25 პროცენტს. XX საუკუნეში სახელმწიფო გახდა მრავალი საწარმოს მესაკუთრე, ეკონომიკური ცხოვრების დამარეგულირებელი, იგი განკარგავს დიდი ოდენობის ფულად სახსრებს და ა. შ. ამ პროცესმა განსაკუთრებით მახინჯი სახე მიიღო სოციალისტურ და ასევე მესამე სამყაროს ქვეყნებში, თუმცა მას გვერდი არ აუქცევია დასავლეთისთვისაც. 70-იანი წლების შემდეგ შეინიშნება სახელმწიფოს გაბერილი როლისა და ფუნქციების ლიკვიდაციის მცდელობები, რადგან აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტისმეტი მეურვეობა ახშობს ეკონომიკის განვითარებას, ავიწროებს ნებაყოფლობითი ფონდებისა და საზოგადოებების საქმიანობის არეალს. შემთხვევითი როდია, რომ სახელმწიფოს როლის გაფართოება ქვეყანათა უმრავლესობაში პოლიტიკით იმედგაცრუებას იწვევს.
ქვეყნები, სადაც მეტისმეტად გაზვიადებული იყო სახელმწიფოს როლი, ეს კი პირველ რიგში ეხება ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს, რომლებიც აღმოჩნდნენ
ძალზედ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე. აქ ტრანსფორმაციის პროცესები ძირითადად ორი მიმართულებით უნდა განხორციელდეს: პირველი, უნდა შეიკვეცოს სახელმწიფოს ზედმეტი (ხშირად მავნეც) საქმიანობის მასშტაბები. ეს განსაკუთრებით ეხება სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის როლს და ასევე, მის მეტისმეტად გაზრდილ სოციალურ ფუნქციას. ეს, უპირველესად, უნდა განხორციელდეს პრივატიზებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის გზით. პარალელურად უნდა მოხდეს სახელმწიფოს უნარისა და შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მან შეასრულოს თავისი უმთავრესი ფუნქციები, ისეთები, როგორებიც არის: კანონის შექმნა და თვალყურის დევნება მის შესრულებაზე, ადამიანების დაცვა ბუნების სტიქიური მოვლენებისა და ასევე სხვა ადამიანებისაგან და ა. შ. ეს ორი სახის რეფორმა აუცილებელია იმისათვის, რომ ეკონომიკა სათანადოდ განვითარდეს, ხოლო სახელმწიფო პირნათელი იყოს თავისი მოქალაქეების წინაშე, როგორც თავისი უპირველესი ფუნქციის სათანადოდ შემსრულებელი.
რეფორმის ამ სახეებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირები:
1. რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებენ ეკონომიკის ლიბერალიზებისა და პრივატიზების განხორციელებას, მოწოდებულია სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის გაძლიერებისაკენ, რათა მან ეფექტურად შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქციები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სახელმწიფო უარს არ იტყვის ზედმეტი (მით უმეტეს, მავნე), ფუნქციებისაგან, იგი სათანადოდ ვერ შეასრულებს თავის ძირითად მოვალეობას. ეს ურთიერთდამოკიდებულება სამი უმთავრესი მიზეზის გამო იქმნება. პირველი – ამ სახის რეფორმის ბლოკირება იწვევს დანაკარგების ზრდას ეკონომიკაში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ სახსრების მობილიზაციაზე ისეთი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიც არის წესრიგის დაცვა და სხვ. გარდა ამისა, როდესაც სახელმწიფო ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ყველა პროცესზე თითქმის ერთნაირად ზრუნავს, მას არ შეიძლება ყურადღებიდან არ გამორჩეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბები, რომელთა გადაწყვეტაც მის ოპერატიულსა და აუცილებელ ჩარევას მოითხოვს. სოციალიზმის დროს ხელისუფლება რეგულარულად ერეოდა ისეთი პრობლემების გადაწყვეტაშიც კი, როგორიც არის ტუალეტის ქაღალდებისა თუ ასანთის წარმოების მოცულობების განსაზღვრა და ა. შ. ეს კი ცხადია, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიდან მისი ყურადღების ჩამოშორებას იწვევდა. აღნიშნული რეფორმის გაუტარებლად შეუძლებელი ხდება ასევე სახელმწიფო აპარატის მოწყვეტა წარმოებისაგან, რაც თითქმის გამორიცხავს ამ სფეროს მიმართ კანონის სათანადოდ გამოყენებას. ეს განსაკუთრებით ეხება გარემოს დაცვას. სოციალიზმის დროს ამ სფეროში მოქმედი ნორმები გაცილებით ლოიალური იყო, ვიდრე ანალოგიური დასავლური ნორმები; უფრო მეტიც: ისინი ხშირად ქაღალდზე რჩებოდა;
2. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს როლის შემცირების გარეშე, მხოლოდ ეკონომიკის ლიბერალიზება-პრივატიზება საკმარისი არ იქნება ამ მიზნის მისაღწევად. საჭიროა, დამატებით გატარდეს ღრმა რეფორმები სახელმწიფოს ძირითად სტრუქტურებში: პოლიციაში, სახელმწიფო ადმინისტრაციაში, საკონტროლო ორგანოებში და ა. შ. ახალი სისტემის სტრუქტურები უფრო უნდა დაუახლოვდეს ადამიანებს ტერიტორიული თვითმართველობის ორგანოების საშუალებით;
3. რეფორმა, რომელიც გაითვალისწინებს სახელმწიფოს ზედმეტ თუ საზიანო ფუნქციების გაუქმებასა თუ მაქსიმალურად შეკვეცას, გამოიწვევს მისი უნარის გაძლიერებას, შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქციები და ხელი შეუწყოს ეროვნული მეურნეობის განვითარებას. როდესაც ვწერ სახელმწიფოს ფუნქციების შემცირების კავშირზე ეკონომიკის განვითარებასთან, მხედველობაში განსაკუთრებით მაქვს ეკონომიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა, კერძო საკუთრების დაცვა და სხვ.