ოქტაი ქაზუმოვი – ჯგუფ “სტიგმატის”პოეტური ფილმები
ისტორიაში არსებითად ყოველ ახალ ეპოქას გარკვეულწილად უარმყოფლობა ახასიათებს, უფრო სწორად მოჰყვება-ხოლმე. რისი განმაპირობებელიც იმის ილუზიაა, თითქოსდა უკვე მიგნებულიყოს რაღაც კითხვები რაღაც პასუხებზე, რომელთა ფონზეც მანამდელი გამოუსადეგრად, ან ძალადაკარგულად მიიჩნევა. მაგრამ გადის დრო და როცა ეს აღტკინება (მეტწილად კი მოდურობა) ჩაცხრება, გაივლის, გამოფხიზლებული ადამიანები გაწბილებულის იმედგაცრუებით მიიყუჟებიან ხოლმე თავიანთ თავში. თუმცა ამ აღტკინებას, როგორც ზღვას ღელვისას, არაერთხელ გამოურიყავს და გამოუჩინებია ისეთი იშვიათი მარგალიტებიც, რომლებითაც ვთავმომწონეობთ მოაქამომდე.
უარმყოფლობაზე მოგახსენებდით: უარმყოფლობა საერთო თვისებაა, როგორც ახალი თაობის, ასევე მისი უშუალო წინამორბედებისა. Pპირველის უარმყოფლობა ძალზე ხშირ შემთხვევაში წარსულის “ჩამორჩენილობასა და სიბნელის” გმობაზეა ორიენტირებული, ხოლო მეორეს ყოველგვარ სიახლეში გზასაცდენილობის, სიყალბისა და გადაგვარების შიში თრგუნავს. რატომ? პასუხი ორგვარად შეიძლება გაიცეს: 1) ან ვერ ხვდება სიახლის საზრისს 2) ან მართლაც ფსევდოკულტურულია ის, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალ ეპოქაში.
თუმცაღა ყველაფერს საბოლოოდ მაინც დრო რომ აკუთვნებს თავის სახელს, ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. ერთი კია, რომ დღესდღეისობით ფორმობრივი სიახლის, როგორც ვითომდა ორიგინალურობის და ამით “გენიალურის” მიგნების პრეტენზიები ხელოვნებაში უფრო ფსევდოკულტურულ ცნობიერებას ამკვიდრებს ყველგან და ყველაფერში, ვიდრე ამაღლებულს.
“ვიღაცამ” XX საუკუნის დასაწყისში უნიტაზი გამოფინა, ვითარცა ხელოვნების ექსპონანტი, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია, რადგანაც მასში ერთგვარი უარმყოფლობა დაინახეს ხელოვნების ჩარჩოებისა და ამ ჩარჩოებისგან მოყირჭებულობისა. მარსიანი სამართლიანად მიიჩნევს, რომ უკვე ჩვენს თანამედროვეობაში ასეთი გამოხტომების დრო წასულია. მე კი ვიტყოდი, რომ უფრო მეტიც, ეს ქმედება როგორც ერთჯერადი აქტი მხოლოდ ერთჯერადად ეფექტურია (ან იყო), თორემ არც სკულპტურას, არც მხატვრობას ეს არ აუტაცია და თავის შთაგონების წყაროდ არ გაუხდია. რატომ? იმიტომ, რომ ხსენებული საგანი ჩვენ ვერ აღგვამაღლებს, ესთეტიკურ ტკბობას ვერ მოგვანიჭებს და ა.შ.
წერილისთვის ამხელა შესავალი იმისათვის დამჭირდა, რომ პოეტისა და არტისტის გიორგი ბუნდოვანის და მისი ჯგუფის – “სტიგმატის” ფილმების მაყურებელს ზუსტად თუ არა, მიახლოებით მაინც ის აზრი გაგიჩნდება, რაც ამ შესავალშია გაცხადებული. მაგალითად არის თუ არა ეს უარმყოფლობა? რაიმე პრეტენზიების მქონე მკვდრადშობილი წამოწყება? და ა.შ. რაც ნება-უნებლიედ კრიტიკულად განგაწყობს ფილმების მიმართ და წინასწარ დაგძაბავს კიდევაც. მაგრამ მთავარია მცირეხანს დააკვირდე, რომ მყისვე აღმოაჩენ საშენოს და ამდენად საინტერესოსაც.
2009 წლის მარტში პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა “კავკასიურ სახლში” პოეზიას პანაშვიდი მოუწყო, რითაც თავისი, როგორც პოეტის პოეზიასთან (ვითარცა უკვე ხრწნად ფენომენთან) გამომშვიდობების მანიფესტაცია მოახდინა, რამაც როგორც მოსალოდნელი იყო და სრულიად ბუნებრივადაც, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებანიც წარმოშვა როგორც “პანაშვიდზე” დამსწრე საზოგადოებაში, ასევე მის გარეთაც. მაგრამ ის სინამდვილეც, რომ პოეზია მხოლოდ სტრიქონთა თუ აზრთა გარკვეული სიმწყობრით დალაგება არაა, რასაც ჩვენ ლექსს ვუწოდებთ და რომ იგი მეტ-ნაკლები ოდენობით თითქმის ყველაფერში ვლინდება, გვაგულვებინებს რომ გიორგი ბუნდოვანი, სწორედ მის (ე.ი. პოეზიის) ვერსიფიკაციულ გამოხატულებას ემშვიდობებოდა და მართლაც მას შემდეგ წელიწადნახევარი არსად არაფერი გამოუჩინებია ლექსის სახით, და როგორც თავად ამბობს, “პოეტური მარხვა” შეინახა ამ ხნის მანძილზე. თუმცა თავისი ფილმების პრეზენტაციებისას დასძენს ხოლმე: “მე უკვე ფილმებს ვიღებ და რაც რამაა ჩემში პოეტური, უკვე ფილმების საშუალებით გამოიხატებაო”. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ კავშირი მასსა და პოეზიას შორის მაინც გრძელდება.
Eეს ფილმები, როგორც მისი ავტორი აცხადებს, არ არის ფართო მასებისთვის განკუთვნილი, დაბალი რეზოლუციისაა და კუსტარულადაა გადაღებული. ფილმების წარდგინებისას ეს ნათქვამი მაყურებელს იმთავითვე განაწყობს იმისათვის, რომ მას საქმე ექნება ისეთ ფილმთან, რომელიც ვერ დაიკვეხნის და არც აქვს ამის პრეტენზია, მაღალი ხარისხით და მას (მაყურებელს) ერთადერთის – იდეისა და განწყობის მოხელთება დარჩენია. ერთი შეხედვით მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ფილმთა ერთადერთი ლოგიკა მისი ულოგიკუროობაა. უფრო სწორად, ფილმის აღქმა ჯერ ასეთი განაფიქრით იწყება, მაგრამ თუ ცოტა უკეთ ჩააკვირდება, იგი იქ მართალია წინდაწინ დაუგეგმავ, (თუმცა ამ მხრივ გამონაკლისებიც არსებობს), მაგრამ მაინც სპონტანურ სიუჟეტურ რკალსაც აღმოაჩენს. რატომ სპონტანურს? იმიტომ, რომ წინასწარ არავინ იცის (თვით არტისტმაც კი) თუ როგორ განვითარდება, რა კალაპოტით წაიყვანს არტისტი სიუჟეტს. იგი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში, რაც გულისხმობს სრულ იმპროვიზაციას. რამდენადაც არტისტულია ადამიანი, მით უფრო საინტერესო გამოდის ფილმიც და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ფილმსაც თავისი სახელი.
ცნობილი ნათქვამია “სერიოზულობიდან კომიკურობამდე სულ ერთი ნაბიჯიაო”, ეს ფრაზა ყალბი სერიოზულობის კომიკურობას ამხელს და გარდა ამისა, ყოველი შეჭმუხვნილი წარბების უკან გულიანად მოცინარიც, მეოცნებეც რომ დგას, იმაზეც მიანიშნებს. ალბათ რამდენ ადამიანს წარმოუდგენია საკუთარი თავი, რომელიმე გმირის ადგილას სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე. ან თუ გნებავთ რეჟისორად რომელიმე საყვარელი ნაწარმოებისა და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა იმ პიროვნებას მოეძევება საამისო ნიჭი და გაქანება თუ არა, დრო და შესაძლებლობა თუ არა. მთავარია რომ ნდომებია, უნდა და გულიც დაწყვეტია აღუსრულებლობის გამო. ამ ნათქვამის საილუსტრაციოდ ევროპული სინამდვილის კარნავალები გამოდგება, კარნავალში ხომ თავისი შესაბამისი ჩაცმულობითა და ქცევებით ადამიანები იმას განასახიერებენ ვინც მოსწონთ. ზოგი მეკობრეა, ზოგი რაინდი, ზოგი რომელიღაც ცხოველი ან თუნდაც ზღაპრის გმირი. და რა არის კარნავალის უმთავრესი მიზანი და არსი? მხოლოდ გართობა? არა, სურვილების თუნდაც დროებითი რეალიზება, გამოჩენა, ტკივილად ნაქონიების შემსუბუქება. გართობა მეორეულია, მართალია მისი უმთავრესი, მაგრამ მაინც ატრიბუტია. ასეთად მიმაჩნია გიორგი ბუნდოვანის “პოეტური ფილმებიც” თუმცა იგი ისეთივე პომპეზური არაა როგორც კარნავალი რა თქმა უნდა და ეს მას ბევრსაც დააკლებდა ალბათ –მე ამ შემთხვევაში “სურვილების გახარჯვას” ვგულისხმობ უფრო, როცა ეს სერიოზულობაც გღლის კაცს და მოგყირჭებია უკვე.
და ამ გადასახედიდან გიორგი ბუნდოვანის “პოეტური ფილმები” ერთგვარი კათარზისის როლსაც ასრულებს, ამ სიტყვის ყოველთვის არა ესთეტიკური, მაგრამ სამაგიეროდ უმრავლეს შემთხვევაში თერაპიული თვალსაზრისით, რადგან მასში უხვადაა მოცემული მედიტაციური და ტრანსული, ზოგიერთ შემთხვევაში კი დეპრესიული მომენტები. ცალკე სასაუბროა ფილმებისთვის შერჩეული მუსიკაც, რომელშიც ასევე ხშირად დომინირებს ინდური სამყაროდან მოხმობილი მოტივები, რაც ძალზე ორგანულად ერწყმის სიუჟეტს, ავსებს მას. მაგალითად ამ თვალსაზრისით გამოვყოფდი ფილმისთვის “მღვიმის კაცი” შერჩეული ინდური სამედიტაციო გალობა, რომელშიც მხოლოდ ერთი, მაგრამ ინდუიზმისთვის საკვანძო გამოთქმა “აუმ” ისმის.
გიორგი ბუნდოვანის ფილმები ამოსაცნობად, საინტერპრეტაციოდ გვეძლევა. ზოგჯერ ჩვენ თავად გვიწევს დავუკავშიროთ ფილმის სიუჟეტი და სათაური ერთმანეთს, სწორედ ამოცნობილი თუ რაიმეს მინიშნებად აღქმული მოქმედებების გაშიფრისდა კვალდაკვალ. ხოლო რაც შეეხება დასკვნას, იგი ყველას საკუთარი მსოფლმხედველობიდან, გემოვნებიდან, მრწამსიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე გამოაქვს, რისთვისაც ფილმები საკმაო მასალას იძლევიან ანუ ქმნიან მეტად კარგ ფონს სამსჯელოდ…
ოქტაი ქაზუმოვი
2010-2011
”ქართული მწერლობა’, ნომერი-6