ვასილ ბარნოვი – ქალაქში
ტალღა-ტალღად. თეთრად თუ ფერადად ნაღები კედლები მთლად დაჩითულიყო, გაწუნწკლილიყო. – აშენდა ჩვენი მუშტარი, აშენდა! – აშენდა, მა რა მოუვიდა, როცა ლაყუჩებჩამპალი თევზი აჰკიდე! ბაზრის თავსა და ბოლოს ჩამწკრივებულიყო სოფლელი დედაკაცობა. გასასყიდად ამოტანილი მწვანილეულობა, ხილეული, კვერცხი, ფრინველი, გოგრა, ჭარხალ-სტაფილო, ხახვ- ნიორი, ჩურჩა თუ კერკი, სისირ-ლობიო – ყველა ეს ტალახში ეყარა კალათებით, მწირიან ხელსახოცებზე თუ პირდაპირ გამყიდველნიც ტალახშივე ისხდნენ მოკეცილნი და დაჟინებით ჩინჩობდნენ შეთხუპნულები. არც ფარდულო მათთვის, არც რამ თავშესაფარო! შიგადაშიგ მოსჩანდა სუფთად ჩაცმული, ჩითის თათმანებით ხელზე. ეს ბაღდადს თუ თავსაფარს იფარებდა ხან ლოყაზე, ხან ბაგეზე, თვალს კი აპარებდა, აბზენდა. არ იჯდა, კაბას უფრთხილდებოდა. მის წინ სავაჭრო არ ეწყო: მას საკუთარი სანუკვარი გამოეტანა ბაზარზე. მოსიარულე ათასი ჯურა იყო: ქალი, კაცი, პატარა, დიდი, ქართველი, თათარი, სომეხი, რუსი, ლეკი; ევროპიულად ჩაცმული, კაბა-ახალუხში გამოწყობილი. ტყაპუჭიანი, ნაბდიანი, ქურქწამოსხმული თუ მაზრაში გახვეული, ლეჩაქგაფრიალებული თუ შაპოწამორქმული. აჭრელებულიყო ტანისამოსი მოსჩანდა ყველა მოდა, რაც კი ამ ოც წელიწადში გამოცვლილა. მიდიოდნენ დინჯად, აუჩქარებლივ. უფრო შუა ქუჩას ეტანებოდნენ. ფეხქვეშ არ იყურებოდნენ, ქვიდან ქვაზედ არა ხტებოდნენ. იცოდნენ, რომ მანძილი არ იყო დიდი და აჩქარება საჭირო; რომ შუა ქუჩაზე უფრო ნაკლები იყო ღრანტე, ხოლო ტალახი უფრო გათქვეფილი და ადვილად საპობი. ესენი ქუდს არ უხდიდნენ ერთმანეთს, მხოლოდ თავს უკანტურებდნენ. არც რას საუბრობდნენ; ნაწყვეტ სიტყვას თუ ესროდნენ ერთმანეთს. – თენგიზ! ქეიფზე? – კარგად! – კონჩხა! რა მიგაქვს? – კარტოფილი. – თხუთმეტი საური? – თხეუტმეტი! ამათ ზეპირად იცოდნენ ერთმანეთი, მოწყენილი ჰყავდათ ერთმანეთი, როგორც იცოდნენ მთელი აქაურობაც. ესენი აქაურები იყვნენ. სხვები უფრო პანელს ეტანებოდნენ, ქუჩის ნაპირებს. მოგებაში კი ვერ იყვნენ: მათი ხვედრი იყო დასიპული სასხლტომები, მოლიცლიცებული ფოსოები, ნაჟონი კრამიტებიდან თუ ჟანგით შეჭმული მილებიდან. ესენი ფეხაჩქარებით მიდიოდნენ, რადგან ეს პატარა ბაზარიც სოფელთან შედარებით მანძილად მიაჩნდათ. მათ ქალებს მაღლა აეწივნათ კალთა, დაეკარწახებინათ. ხშირად ჩერდებოდნენ დუქნების წინ და შესცქეროდნენ სათამაშოებს. ნაცნობებს ქუდს უხდიდნენ, სალამს აძლევდნენ, ხელს უწვდიდნენ, მოუკითხავს არ უშვებდნენ, საკოცნელად იწევდნენ. ესენი მოსულები იყვნენ, სოფლელები. ბულვარშიაც შესულიყვნენ ყელმოღერებულნი: ნევის პროსპექტი ეგონათ გუბეებით სავსე ბაკი. რამდენჯერმე გაველ ბაზარში და დავბრუნდი დაბარგული. – დაიწერე, კაცო, სავაჭრო რომ ათასჯერ არ ირბინო! – ჭკვიანი რჩევაა! მაგრამ ასრულება არ უნდა? ახლა ჩაიწერე ყველაფერი და ბაზარ-ბაზარ სიით იარე! ან რა საჭიროა? თუ დამავიწყდება რამ, კიდევ გავალ. რა დიდი მანძილია?! საინტერესოც არის არეულ ხალხში გარევა. რას არ გაიგონებ კაცი, რა სახეს არ ნახავ! სახე უდარდელი, სახე მოღუშულ-დაღვრემილი, სახე ალქაჯი, სახე აზრიანი; თვალი სასტიკი, თვალი მაცდურად მოღიმარე; ღიმილი ქლესა, ხარხარი გულახდილი, მოსწრებული სიტყვა; პირმოხეული ლანძღვა; ხვნეშა მუშისა ცხრა ფუთიანი ტომრის ქვეშ და ტორტმანი გალიპულ ქვებზე. ათასი სურათი ჰხვდება თვალს, ათასი ხმა სწვდება ყურს და ართობს ადამიანს. ფიქრს თუ გრძნობას უღვიძებს. ამ სახითაც უნდა შევიქციოთ თავი წუმპეში მომწყვდეულებმა, თორემ ბოღმა დაგვახრჩობს. სულ წვრილმანზედაც არ ხურდავდება ყურადღება, მომსხო შთაბეჭდილებასაც შეჰხვდებით. აი ეხლაც, ყანთართან რომ გაველ, კონჩხამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, მომსხო შთაბეჭდილესაც შეჰხვდებით. აი ეხლაც, ყანთართან რომ გაველ, კონჩხამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვერ იცნობ კონჩხას?! აქაური არა ხარ, თორემ კონჩხას მოხარშულსაც იცნობდი. იჯდა კონჩხა ფარდულქვეშ ფქვილის ტომრებზე. მიჰყრდნობოდა კურტანს როგორც სავარძელს, ფეხები სხვა ტომარაზე ჩამოეწყო. სიამე გადაჰფენოდა სახეზე, ფეხსაცმელს იცვლიდა. ფეხი ძველებით გაიმშრალ-გაისუფთავა, აიღო ახალი წინდა-პაჭიჭი, გადაბრუნდ-გადმოაბრუნა; შიგ ჩაიხედა, გაჭიმ-გამოჭიმა, წინდას სახვევი გაუსინჯა. გულდინჯად იცვამდა, აუჩქარებლივ, სასიამოვნო წამებს აგრძელებდა, ქეიფს ეწეოდა. კოხტად ჩაიტანა პაჭიჭი წინდის ყელში და მარჯვედ შემოახვია სახვევი. ჩაიცვა მესტებიც და დაკვირვებით დაუწყო ფეხს სინჯვა: მაღლა ასწია, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, დახედა ზევიდან, შეხედა გვერდიდან. ფეხი იყო, ადამიანური ფეხი! სუმბუქი, პატარა, კოხტა. ისეთი კი არ იყო, როგორც ძველებში: გატყაპნული, მოსვრილი, ნალოსავით მძიმე , ტლანქი რამ უსახო. ფეხი სასიამოვნოდ იდგა მშრალ სამოსში, აღარა გრძნობდა კონჩხა იმ საზიზღარ ლიპ სისველეს, რომელიც ცივად ჭუპჭუპებდა ძველებში ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე. ნესტის მოგონებაზე შეაჟრჟოლა კონჩხას, უსიამოვნოდ დაეღრიჯა სახე. რა ცუდები იყო ველები! კონჩხამ დამცინავი ღიმილით გადახედა ძველმანს, რომელიც იქვე ეწყო ტომარეზე მწვირიანი, შესვრილი, პირდაღრენილი, დაკონკებულ-დაჯღანებული, საძაგელი. განა მოიფიქრებდა კონჩხა, ხელღონიერი, მხარბეჭგადაშლილი კონჩხა, რომ ისე დაძაბუნდებოდა, ისე დაეცემოდა, რომ იკადრებდა ამისთანა ლაფიან ჯღანების ფეხზე ამოცმას, ამისთანა ფეხსამოსით შუა ქალაქში სიარულს! რას მოიფიქრებდა იმედებით სავსე მოხდენილი ახალგაზრდა, რომ მხოლოდ მისი ფართო ბეჭები, მხოლოდ მისი ძალუმი ზურგი შეიქმნებოდა იმის ცხოვრების ღონედ?! განა ესეთი იყო მაშინ კონჩხა და ესე იცვამდა?! ვინ დასდებდა მაშინ წუნს მის სუფთა წინდა-პაჭიჭს, მის კოხტად ჩახლართულ ქალმებს, მის გამოწყობილ ჩოხა-ახალუხს! მაშინ ვინ შეჰხედავდა ალმაცერად მოსხეპილ ბიჭს ნაბდის ქუდით ქოჩორზე? ვინ გაიფიქრებდა მის გაჩაგვრას?! თავმომწონე და მოსაწონი კონჩხა ყველასთვის სასიამოვნო იყო მაშინ, არავისაგან არ იყო დასაწუნ-დასაგმობი. დასაწუნი კი არა ბევრ ოჯახს ეჭირა მაშინ თვალი ამ მარტოხელა მამაულის მექონ ვაჟკაცზე, ბევრ ქალს უძგერდა მისთვის გული. თითონაც ეჭირა თავლი მეზობლის ქალზე და სათავისოდ გამოელოდა მას. შორს დარჩა ყოველივე ეს! – რომ მნახოს ვინმე მათგანმა ტვირთით ზურგზე, დაკონკებულ-დაჯღანებული, ხვირთქლიან-ტალახიანი! – გაიფიქრა კონჩხამ და ალმურმა აჰკრა სახეზე. ჩაითრია ქალაქმა, დახარა, დააძაბუნა, მონობის უღელი დაადგა ქედზე და კისერწაწვდილს ამუშავებს მშიერ-ტიტველს, როგორც პირუტყვ რასმე საქონელს. სულ უბრალო შემთხვევამ კი აქნევინა მას პირი ქალაქისაკენ და ჩააგდო იგი ამ ყოფაში, ამ გაჭირვებაში, თორემ ეხლა კარგად მოწყობილი ოჯახიშვილი იქნებოდა, პატივცემული და პატივსაცემი. ამისთანა საზიზღარ ჯღანებს ფეხზე კი არა ეზოშიაც არ დააყენებდა, ნიჩბით გადაჰყრიდა ღობის გარედ – რა დარაკრაკებული ეზო ედგა! ზიზღით გადჰხედა კოჩხამ ჯღანებს, როგორც მის ბეჩავ ცხოვრების გამომხატველებს, და განზე გაიწია, თითქო ჰსურდა მოშორებოდა მათ. – მუშა, მუშა! – გაისმა რიხიანად. კონჩხა მსწრაფლ გამოერკვა ოცნებებს, წამოხტა, დაავლო ჯღანებს ხელი, ამოიჩარა იღლიაში და გაძუნძულდა კურტნის სწორებით.
1908 წ.