ისტორიასაინტერესოსაქართველოყველაზე

ვინ იყო ყველაზე სიმპათიური პარლამენტარი პირველი რესპუბლიკიდან?

ზაქარია დავითის ძე გურული დაიბადა 1878 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ წირქვალში, ღარიბი გლეხის ოჯახში; ეროვნებით ქართველი.

1890 წელს დაამთავრა სოფელ წირქვალის ერთკლასიანი სამონასტრო სკოლა.

თავდაპირველად მუშაობდა მოჯამაგირედ; შემდეგ – შავ მუშად ჭიათურის მაღაროებში; ეწეოდა ჩალვადრობას.

1902 წელს დაამთავრა ოთხთვიანი ტექნიკური კურსები ქალაქ ჭიათურაში და გახდა მაღაროს ტექნიკოსი.

1901 წლიდან იყო იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; ჭიათურის ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი.

იყენებდა პარტიულ ფსევდონიმებს – „კაკი“, „გოგლა“.

1904 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ჭიათურის კომიტეტის წევრი.

1905 წლიდან მუშობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში.

აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში შორაპნის მაზრაში; იყო „წითელი რაზმების“ ორგანიზატორი.

1906 წელს, რეაქციის დაწყების შემდეგ, ზაქარია გურული დააპატიმრეს სისხლის სამართლის დებულების 102-ე მუხლის ძალით და იმყოფებოდა ქუთაისის ციხეში, საიდანაც ამავე წლის 13 ივლისს (ძველი სტილით) გაიქცა; ის ხელმძღვანელობდა გვირაბის გაყვანას, რომლის საშუალებითაც 1907 წელს სიკვდილმისჯილი და კატორღაში გასაგზავნი პოლიტპატიმრები ქუთაისის ციხიდან გაიქცნენ.

1907-1910 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში; იყო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული („მენშევიკების“) ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი.

1910 წელს მცირე ხნით მეორედ დააპატიმრეს ბაქოში.

მესამე დაპატიმრების შემდეგ, 1910 წლის 10 ივლისს (ძველი სტილით), იონა ნოეს ძე ავალიანის ყალბი პასპორტით კვლავ ქუთაისის ციხეში გადაგზავნეს, სადაც 1905 წლის „ჭიათურის საქმეზე“ სასამართლომ ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო.

გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა მუშაობას ჭიათურის მაღაროებსა და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტში; დასავლეთ საქართველოში არალეგალურად აგროვებდა ფულს ტფილისში სოციალ-დემოკრატიული გაზეთის გამოსაცემად.

ზაქარია გურული დააპატიმრეს 1912 წლის მარტში (ძველი სტილით) და ხუთი წლის ვადით როსტოვში გადაასახლეს, საიდანაც ამავე წლის აგვისტოში გაქცევა მოახერხა და დაბრუნდა ჭიათურაში; აგრძელებდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობას და თანამშრომლობდა პრესაში „ღალღას“, „მუშა ვანოს“, „დათიაშვილის“, „ზლის“, „ზ. დ-ლის“ და „ზ. ღ-ლის“ ფსევდონიმებით.

1912 წლის 14 ოქტომბერს (ძველი სტილით) კვლავ დააპატიმრეს ტფილისში – მიხეილ პეტრეს ძე შაქარაშვილის ყალბი პასპორტით და დააბრუნეს როსტოვის მხარეში (ნოვოჩერკასკში), საიდანაც მიმალვა მაინც მოახერხა და დაბრუნდა კავკასიაში; მუშაობდა ბაქოში, ტფილისსა და დასავლეთ საქართველოში. 1915 წელს, სოციალ-დემოკრატიული გაზეთის „თანამედროვე აზრის“ რედაქციის დაპატიმრების შემდეგ, თავად არალეგალურად ხელმძღვანელობდა განახლებულ რედაქციას. იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი, სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის წევრი; ხელმძღვანელობდა ქალაქ ტფილისის სათათბიროს საარჩევნო კამპანიას.

1916 წლის ივლისში (ძველი სტილით) ზაქარია გურულმა ჭიათურაში მოაწყო ქალთა არალეგალური ყრილობა, რომელთაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჭიათურის ქალთა წრე დააარსეს.

1916 წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით) ზაქარია გურული ჭიათურის სადგურზე კვლავ დააპატიმრეს რსდმპ ამირკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრობის ბრალდებით და გადაასახლეს ირკუსტსკის გუბერნიაში, ვერხოლენსკში, სადაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და სამშობლოში დაბრუნდა.

1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის, ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.

არჩეული იყო ჭიათურის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. იყო ჭიათურის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი.

1918 წელს აირჩიეს შორაპნის სამაზრო ერობის ხმოსნად.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო და საპენსიო კომისიების წევრი.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში.

საბჭოთა რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგების მასობრივი დაპატიმრების პირველი ტალღისას, 1921 წლის 30 აპრილს სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს ჭიათურაში და ქუთაისის ციხიდან გადაგზავნეს თბილისში, საქართველოს ჩეკაში, შემდგომ კი მეტეხის #2 „გამასწორებელ სახლში“იზოლაციის წესით.

ზაქარია გურული 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად ეტაპით გადაგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. სსრკ შინსახკომის კომისიის 1923 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში 3 წლით.

1926 წლის 15 იანვარს, სასჯელის ვადის ამოწურვისთანავე, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ 3 წლით გადაასახლა ტამბოვში; 1928 წლის 21 დეკემბერს კვლავ 3 წლით გაუხანგრძლივა გადასახლების ვადა; 1931 წლის 14 დეკემბერს კი სსრკ-ის 12 პუნქტში ცხოვრება აუკრძალა და გადასახლების ადგილას დატოვა 3 წლით.

სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ გადაასახლეს ომსკის მხარეში; ცხოვრობდა ქალაქ ტარში.

1935 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში.

მარქსიზმ-ლენინიზმის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის თხოვნით დაწერა მცირე მოგონება 1904-1905 წლებში ჭიათურის მაღაროს მუშებს შორის იოსებ სტალინის მუშაობის შესახებ, სადაც ობიექტურად გადმოსცა მისი საქმიანობის ხასიათი; მოგონება არასოდეს გამოქვეყნებულა.

კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, სავარაუდოდ, 1936 წელს და გადაასახლეს ციმბირში.

დიდი საბჭოთა ტერორის დროს ზაქარია გურული დააპატიმრეს 1937 წლის 16 სექტემბერს.

სსრკ შინსახკომის ომსკის მხარის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 26 ოქტომბერს ზაქარია გურულს დახვრეტა მიუსაჯა.

დახვრიტეს 1937 წლის 1 დეკემბერს, ქალაქ ტარში.

რეაბილიტირებულია 1957 წლის 4 დეკემბერს, ომსკის სამხარეო სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ.

Source
firstrepublic.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button