ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარი“
ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარის“ ანოტაციებს თუ გადახედავთ, თითქმის ყველგან წერია, რომ ეს წიგნი სომხების გენოციდზე და თურქულ-სომხურ დაპირისპირებაზეა, მაგრამ არ დაიჯეროთ. ეს ძალიან კარგი წიგნი ქალებზეა, ჯონი კეშზე, სანელებლებზე და, რა თქმა უნდა, სტამბოლზე.
ჯერ ქალების ამბავი ვთქვათ: წიგნში სრული მატრიარქატია. ორი ოჯახის ისტორიაა, უფრო სწორად, ოჯახის ქალების ისტორია – თურქებისა და სომხების. საოცარი ამბები ხდება: ისეთი ტკივილებია, ისეთი აჯანყებები, იმხელა სიყვარული, როგორი კომპრომისები და დაუმორჩილებლობები, როგორი მუდმივი ცქერა წარსულისკენ… აქეთ თურქი დები, ტრადიციული ოჯახი, სადაც მეამბოხე, ლამაზი და სექსუალური ზელიჰა უკანონო შვილს აჩენს, იქით ამერიკაში ემიგრირებული ჩახმახჩიანები თავისი სამი დით და ერთი ძმით, წარსულის მოუშუშებელი ჭრილობებით. რამ შეიძლება, გადაკვეთოს ამ კილომეტრებით დაშორებული ოჯახების ისტორიები, თუ არა საერთო წარსულმა.
ეს საერთო წარსული ნელ-ნელა იკვანძება წიგნში და უფრო და უფრო რთულდება. საერთოდ, დიდი ჩახლართული საიდუმლოებები და ვნებები ტრიალებს, ალაგ-ალაგ ჯადოსნობები და ჯინ-იფრითებიც კი ერევიან საქმეში – აღმოსავლეთია, სხვანაირად არ გამოვა. საბოლოოდ, ყველა ტკივილი ერთიანდება, ყველა იარა პირს აღებს და გაოგნებულს გტოვებს – რისთვის შეიძულეს ასე ერთმანეთი ადამიანებმა.
ორივე ოჯახს ჰყავს უმცროსი წევრი გოგოები – ასია კაზანჯი, სწორედ ის სტამბოლელი ნაბიჭვარი, და ამერიკაში საუკეთესო განათლებამიღებული, არმანუშ ჩახმახჩიანი. ცა და დედამიწა, მაგრამ ნეტა იცოდეთ, როგორი გოგოები არიან. რა ჭკვიანები და მამაცები, რა მეამბოხეები და გამბედავები, ან როგორ გაბედულად უყურებენ წარსულს თვალებში, ან როგორ ატარებენ წინაპრების ცოდვებს იმ სიფრიფანა მხრებით. იმდენი ნაკლი აქვთ, ვერ მოთვლით, მაგრამ ისეთი სილამაზეა იმათ გაქუცულ ჯინსებში და ჭრელ ზურგჩანთებში, მათ უხამს სიტყვებში და სიგარეტებში, წიგნებში და ლეპტოპებში.
ყველა ფურცელზე ახალი ტრაგედიაა, მაგრამ სულ სიცილით მოყოლილი. შაფაქი ძალიან რთულ თამაშს თამაშობს – ეთნიკური ხუმრობების ბეწვის ხიდზე დადის, მაგრამ ბალერინასავით ლაღად და მსუბუქად. ტაბუდადებულ თემებს ეხება – გენოციდს, მაგრამ არც არავის ამართლებს და არც ამტყუნებს. საერთოდ, მოსამართღლე და მსაჯული ამ წიგნში მხოლოდ ერთია, და ის ერთი ავტორი ნამდვილად არ არის.
სტამბოლში თუ ყოფილხართ, ალბათ, სამშობლოში დაბრუნებულს ხშირად გესიზმრებათ უცნაური გუგუნი და მხოლოდ გამოღვიძებისას აცნობიერებთ, რომ სტამბოლი დაგესიზმრათ. აი, ეს გუგუნი ისმის წიგნში და კიდევ ჯონი კეში. წარმოიდგინეთ, აგუგუნებული ტაქსიმი, გალათას ხიდი, აყაყანებული ბაზრები და თან ჯონი კეში და თქვით, რომ ეს წიგნი თქვენი წიგნი არ არის. შეიძლება, ამ წიგნის გმირი ქალები ერთმანეთს ნათესავების დახოცვაში ადანაშაულებდნენ და საერთო არაფერი ჰქონდეთ, გარდა სიძულვილისა, მაგრამ ათვლის საერთო წერილს ვერსად წაუვლენ – ეს სტამბოლია, რომელიც, ერთხელ თუ შეგეყარა, თავს ვერ დაიხსნი, გინდა კაზანჯი იყავი და გინდა ჩახმახჩიანი.
ალბათ იკითხავთ, სანელებლები რაღა შუაშიაო და გეტყვით, რაშიც არის საქმე – წიგნის ყველა თავს სანელებლების სახელი ჰქვია, აი, მაგალითად: დარიჩინი. ვანილი. ფორთოხლის კანი. იგრძენით სურნელი?
ჯონი კეშის ჩართვა არ დაგავიწყდეთ.
გაზეთ „ბათუმელების” რუბრიკიდან.