სამმა ადამიანმა ხელი მოაწერა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ტურისტული ფრენის კონტრაქტს
კომპანია Axiom Space-მა, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ შეიქმნა, განაცხადა, რომ გაფორმდა პირველი სამი კონტრაქტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ტურისტული ფრენები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ კომპანია SpaceX-ის პილოტირებული კაფსულა Crew Dragon-ით. პირველი ფრენა დაგეგმილია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ხელმომწერი სამი ტურისტის ვინაობა არ ხმაურდება. ათდღიანი კოსმოსური ტურის ბილეთის ფასი აღწევს დაახლოებით 55 მლნ აშშ დოლარს. ეკიპაჟის მეოთხე წევრი იქნება NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, რომელიც კომპანიამ ინსტრუქტორად დაიქირავა.
კომპანია Axiom Space დააარსა NASA-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის ყოფილმა ხელმძღვანელმა Michael Suffredini-მ. მიმდინარე წლის იანვარში Axiom Space-მა NASA-სთან გააფორმა კონტრაქტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის განკუთვნილი კომერციული მოდულების დაპროექტებისა და დამზადების შესახებ, რომლებიც სადგურის ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ დარჩება ორბიტაზე, როგორც სავაჭრო ორბიტალური სადგურის საფუძველი.
ამ მოვლენიდან ორი თვის შემდეგ, მარტში, Axiom Space კონტრაქტს აფორმებს SpaceX-თან კოსმოსურ სადგურზე სამომავლოდ ტურისტების გაშვების შესახებ, რისთვისაც კომპანიამ მოისურვა პილოტირებული Crew Dragon-ის ქირაობა. პირველი ტურისტული მისიის წევრები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე დადგენილია, თუმცა მათი ვინაობა არ ხმაურდება.
ჯამში, 2021 წელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და მისი ეკიპაჟისთვის ტურისტული სეზონი იქნება. ამ დროისთვის სადგურის მიმართულებით დაგეგმილი რუსული კომპანია Space Adventures-ის მისიაც.
Crew Dragon-ით ტურისტების წარმატებული გაშვება დიდი ალბათობით ინტერესს გაზრდის კოსმოსური ტურიზმისადმი, თუმცა ამჟამად ამ არხის გამტარობა ძალიან მცირეა. ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს პილოტირებული Crew Dragon-ის პირველი რეგულარული ფრენა ოთხკაციანი ეკიპაჟით. NASA იუწყება, რომ ამინდის პროგნოზი 60%-ით ხელსაყრელია.