ბიოგრაფია

თეონა დოლენჯაშვილი – Teona Dolenjashvili – ბიოგრაფია

თეონა დოლენჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და კინოსარეჟისორო ფაკულტეტები. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ ტელევიზიაში მხატვრული გადაცემების ავტორად და წამყვანად, ხოლო ქართულ პრესაში მუშაობის პერიოდში იყო რეპორტიორი, ხოლო შემდეგ პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიმომხილველი. პრესაში მუშაობის პერიოდში მოპოვებული აქვს “მკითხველთა სიმპათიის” და “წლის ყველაზე რეზონანსული წერილის ავტორის” პრიზები.
ლიტერატურული ნაწარმოებების გამოქვეყნება 2003 წელს დაიწყო. მოთხრობამ “ფიდაი”, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა გაზეთ “პარნასში” და სადაც თვითმკვლელი შაჰიდი ქალის სიცოცხლის ბოლო ორი საათია ასახული, მკითხველთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მოთხრობა დაჯილდოვდა გაზეთ “პარნასის” 2004 წლის საუკეთესო მოთხრობის პრიზით. სცენარმა “ფიდაიმ” კი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (ფილმის რეჟისორი გიორგი მგელაძე).
პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული “იანვრის მდინარე” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 2005 წელს გამოიცა. “იანვრის მდინარე” 2006 წელს ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებული გახდა “წლის საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში.
თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობები შესულია 2004, 2005 და 2006 წლის “15 საუკეთესო მოთხრობების” კრებულებში. არის ლიტერატურული კონკურსი “პენ მარათონის 2007” –ის მონაწილე და გამარჯვებული.
წერის პარალელურად თეონა მუშაობდა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე. იყო სხვადასხვა ლიტერატურული პროექტების (გოეთეს ინსტიტუტის, უკრაინული, აზერბაიჯანული და სხვ.) მონაწილე. ასევე ლიტერატურული კონკურსების “ალუბლობა” “წეროს” “საბას” ჟიურის წევრი. ჟურნალ “ფოკუსსა” და გაზეთ “24 საათში” მიჰყავს საავტორო რუბრიკები “საუბრები ლიტერატურაზე.” მისი მოთხრობები ნათარგმნია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ენებზე და გამოქვეყნებული ამავე ქვეყნების სხვადასხვა კრებულებში.
რომანი “მემფისი” 2008 წელს გამოსცა გამომცემლობა “სიესტამ”. რომანი ემიგრანტი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც ჯერ საქართველოს მძიმე ოთხმოცდაათიანი წლების – სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო შემდეგ ევროპის დიდ მეგაპოლისებში გრძელდება.
რომანი “მემფისი” ლიტერატურული პრემია “საბას” რჩეული და გამარჯვებული გახდა და ის 2009 წელს საუკეთესო ქართულ რომანად აღიარეს.

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button