განხილვაწიგნები

თეონა დოლენჯაშვილი – Teona Dolenjashvili – მემფისი

რომანი
Novel
პრემია “საბა”
2009 წლის საუკეთესო რომანი
SABA PRIZE
The Best Novel 2009 სიესტა 2008
Siesta 2008
პირველი გამოცემა
ISBN 978-9941-9051-0-0
გვერდების რაოდენობა: 247
ყდა: რბილი

რომანში მოქმედება ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში იწყება და ის თბილისელი მხატვარი გოგოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზღვარგარეთ საკუთარი ქვეყნის მძიმე ცხოვრებასთან ერთად მარტოობასა და უსიყვარულობასაც გაურბის. ევროპაში ის წარმატებული მხატვარი ხდება, მაგრამ სიმშვიდისა და სიყვარულის პოვნას ვერც იქ ხერხებს. სამშობლოში იმიტომ ბრუნდება, რომ იქ ავადმყოფი შვილის გულის დონორი იპოვოს. მაგრამ მისი გზა მზრუნველობასმოკლებული ბავშვების ორგანოებით მოვაჭრე ორგანიზაციასთან გადაიკვეთება, უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგება და ბავშვობაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული დედის საიდუმლოსაც ამოხსნის.
რომანში ავტორი მოგვითხრობს თანამედროვე დასავლური სამყაროს კრიზისსა და საკუთარი ქვეყნის როლზე თანამედროვე მსოფლიო წესრიგში: არის მისი ქვეყანა მხოლოდ როგორც დონორი, ჯერ კიდევ ჯანმრთელი ტრანსპლანტანტი ბებერი ევროპისთვის თუ მას სხვა უფრო მნიშვნელოვანი მისიაც აკისრია?.. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არის წიგნი გაუცხოების, გულგრილობის, ღალატის, უსიყვარულობის წინააღმდეგ. წიგნი, სადაც ცოცხალი და მართალი გულის ფეთქვა ისმის.

“დასავლური სამყარო დაბერდა, დაძაბუნდა და სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანო _ გული დაუავადდა. ამ მაგიური და ყოვლისშემძლე მემფისის მოჩვენებით სიძლიერეს თავშეფარებული ადამიანები ყველაზე უბედური, სიყვარულისა და იმედებისგან დაცლილი, თოჯინებად ქცეული ადამიანები არიან. ასეთივეა თბილისელი მხატვარი გოგონა, რომელიც 90-იანი წლების თბილისს ევროპაში გაურბის, თუმცა ცივილიზებულ და ბრწყინვალე გარემოში მოხვედრილი ახალი მემფისის ცრუ ღმერთების ნებაყოფლობითი მსხვერპლი ხდება”.

________________________

“ჩვენ ვცხოვრობთ მემფისში – უძველეს და მაგიურ ქალაქში, სადაც თავმოყრილია მასალის, ფორმისა და ფაქტურის პარადოქსალური ნაზავი, სადაც არ შეიძლება წინასწარგანზრახულ ხატებს და სქემებს მივეჯაჭვოთ, სადაც რეალობა მუდმივ განახლებას გვაიძულებს”. თანამედროვე მემფისი ახალი ტიპის ადამიანებითაა დასახლებული. ესენი არიან ადამიანი-მანქანები, ადამიანი-ავტომატები, რომლებიც გამოგონილი, ილუზიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხოვრებით, სადაც ადამიანურ შეგრძნებებსა და ურთიერთობებს წარმატებით ენაცვლება საგნები და ნივთები. ნივთები კომფორტს ქმნის. კომფორტი სასიამოვნოა, თუმცა, ამასობაში იკარგება მთავარი – გული, რომელსაც შეუძლია განცდა, ტკივილი, დაღლა. ამას კარგად აცნობიერებს ანა, ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც ბედისწერა თბილისის ძველი, აივნიანი სახლიდან ციურიხის ზეპურ საზოგადოებაში გადაისვრის. ექიმები მისი პატარა გოგონას ხსნას ხელოვნური გულის გადანერგვაში ხედავენ, ანას კი არ სურს შვილი-რობოტი, რადგან საგნები ირგლივ ისედაც ბევრია. დონორის სანახავად სამშობლოში დაბრუნებული შემზარავ ამბებს აწყდება. რეალობა ამაზრზენია: მდიდარი ავადმყოფის სიცოცხლეს ღარიბი, ხშირად, უპატრონო ადამიანების ორგანოები ეწირება. მათ შორის მაწანწალა ბავშვებიც არიან. შემზარავია იმის აღმოჩენაც, რომ წლების წინ უკვალოდ გამქრალი დედა ანას გამოსაკვებად გაყიდული თირკმელის ოპერაციას შეეწირა.ჟურ. “ლიტერატურა, ცხელი შოკოლადი” 2009

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button