იდუმალი პანკისის ხეობა! ფოტოგრაფი: გიორგი წიკლაური
პანკისის ხეობა — მდებარობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში (ბახტრიონიის ზემოთ) კავკასიონის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სიგრძე 34 კმ (მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე). შემოფარგლულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებებით — პანკისისა და დიდგვერდ-ნაქერალის ქედებით.მდინარე ალაზნის აუზის ზემო ნაწილი ქოჩარის ქედით იყოფა ორ ხეობად, რომლებიც მდინარეებს წიფლოვანისწყალსა და სამყურისწყალს ეკუთვნის. ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლეზე ეს მდინარეები ერთდებიან და წარმოშობენ ალაზანს. ამ ადგილის ქვემოთ პანკისის ხეობისთვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. ხეობა გამომუშავებულია იურულ თიხაფიქლებში. რელიეფში ძირითადად ეროზიულია, მაგრამ სამყურისწყლის აუზში შეინიშნება მეოთხეული მყინვარის ნაკვალევი (ტროგები, ცირკები, დაკაწრული კლდეები). ხეობის ფერდობები 2000-2200 მ-მდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. ალაზნის მარჯვენა შენაკადის ბაწარის ხეობაში არის უთხოვრის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.
საკუთარისახელწოდება: ქისტი
თვითშეგნება: ქისტურ-ვაინახური (ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდება და ნიშნავს „ჩვენ ხალხს“).
რელიგია: მუსულმანობა.ენა: ვაინახური ენის ქისტური დიალექტი, ქართული. მოსახლეობა: დაახლოებით 5455 (0,09%) (1989 წ. აღწერით); 7110 (0,2%) (2002 წ. აღწერით).
პანკისის სოფლებია; დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ძიბახევი, ომალო,
ხალაწინი, წინუბანი, დუმასტური.
ქისტები, როგორც მუსლიმანურ ისე ქრისტიანულ და წარმართულ დღესასწაულებს (ამ უკანასკნელს ქართველებთან ერთადაც) აღნიშნავენ.
ნაციონალური საჭმელები
1. დჯიჯიგ–გალანიშ: არის ტრადიციული ჩეჩნური კერძი,რომელიც დღემდე პოპულარულია ქისტებში
2. სისკალ–ნეხჩ: ტრადიციული ქისტური საჭმელი,
3. ხინკალი: პოპულარული ქართული საჭმელი (მზადდება როგორც ხორცისგან ასევე ყველისგან სოკოსგან და ა.შ)
4. ქისტური ხაჭაპური (ჭააბილგიშ): მზადდება რამდენიმე სახეობის.
პანკისელი ქისტების ოჯახში მკაცრად არის დაცული უფროს-უმცროსობის მამაპაპური წესი, რაც ყოფის ნებისმიერ სფეროში იჩენს თავს. ოჯახის უფროს მამაკაცს და უფროს დიასახლისს განსაკუთრებული პატივისცემით ექცევიან.
ყოველი ქისტის ოჯახი დაინტერესებული იყო მოყვრობითი ნათესაობა დაემყარებინა თავისივე სოფელში. ყურადღება ექცეოდა სასიძოს ავტორიტეტს, ეკონომიკურ მდგომარეობას და შეხდულებას. აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურის გავლენით, პანკისელ ქისტებში შარიათით ნებადართული მრავალცოლიანობა აკრძალულია. თანამედროვე პირობებში შეიცვალა ქორწინებასთან დაკავშირებული ძველი წესები, დღეს იმ ფორმებიდან შემორჩენილია ქალის დანიშვნით წაყვანა და ქალის ოჯახიდან გაპარვა. კვლავ აქტუალურია მზითევის ინსტიტუტი
XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფ. ჯოყოლო პანკისის ხეობის კულტურული ცენტრი გახდა. 1888 წელს „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ“ ჯოყოლოში არსებული ფიცრული ეკლესიის ნაცვლად ააშენა ქვითკირის ეკლესია და ყოფილი ეკლესიის შენობასი გახსნა სასულიერო სასწავლებელი. ეს იყო პანკისის ხეობაში განათლების პირველი კერა. 1902 წ. მაჰმადიანმა ქისტებმა სოფ დუისში კავკასიის მუფტისა და ადგილობრივ მაჰმადიანთა ინიციატივით ააშენეს მეჩეთი. საბჭოთა რუსეთმა 1918 წ. 23 იანვარს გამოსცა დეკრეტი თავისუფალ მორწმუნეობის შესახებ. ამის შემდეგ დაიწყო დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან მუსლიმანი მოლების გადმოსვლა ხეობაში, რომლებიც ის–ეფენდის და კუნ–ჰაჯის მოძღვრებების მიმდევრები იყვნენ. ქისტებში გავრცელებულ სექტებს საფუძვლად ედო მისტიური ქადაგება „ტარიკატი“, რომელიც კავკასიაში იწოდებოდა „მიურიდიზმად“, რაც ნიშნავს „გზა ღვთისაკენ“. ის ქადაგებდა „ადამიანის ნამდვილ გადარჩენას“, რომელიც შემდგომ სულიერი და მორალური სრულყოფით „უახლოვდება ღმერთს“. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პანკისში დახურეს ყველანაირი რელიგიური დაწესებულება, მათ შორის ქრისტიანულიც. ბოლო პერიოდში, კერძოდ ჩეჩნეთის ომის შემდგომ, „ნაყშბადის“ და „კუნტჰაჯის“ მიმდინარეობის გვერდით პანკისის ქისტებში გავრცელება იწყო ვაჰაბიზმმა. ეს მოძღვრება მოითხოვს მუჰამედის დროინდელი, ადრეული ისლამისკენ დაბრუნებას. ღმერთია მხოლოდ ალაჰი, მხოლოდ მასზე უნდა ილოცო, მხოლოდ მას უნდა შესწირო, განუდგე არავაჰაბისტს, ჯიჰადი ურწმუნოთა წინაარმდეგ. პანკისში სულ ხუთი მეჩეთია. აქედან ერთი ვაჰაბისტებმა ააგეს სოფელ დუისში.
თანამედროვე პირობებში ქისტები ქალაქურ ყაიდაზე იცვამენ. ქალები ატარებენ გრძელ თმას და თავსაბურავს, რომლის გარეშე საზოგადოებაში არ გადიან. წინათ მამაკაცები თავზე თმას იპარსავდნენ და ატარებდნენ წვერს, ბოლო ხანებში კი თმას მოკლედ იჭრიან.
წყაროები: www.nplg.gov.ge ; ka.wikipedia.org ;
ფოტოგრაფი: გიორგი წიკლაური