იცით თუ არა...სხვადასხვაცნობილი ადამიანები

10 რამ, რაც ვან გოგის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ

ყველასთვის ცნობილია სახელი ვინსენტ ვან გოგი და ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ პოსტ იმპრესიონისტი ჰოლანდიელი მხატვრის მზესუმზირების ნახატს მაინც არ იცნობდეს.

თუმცა, არის ფაქტები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ამ საიდუმლოებით მოცული პირების შესახებ ნაკლებად არის ცნობილი.

1. ალბათ ბევრმა არ იცით, რომ მხატვარს ვინსენტი თავისი ბაბუისა და ერთი წლის ძმის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ვან გოგის დაბადებამდე გარდაიცვალა.

2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდველად დააწყებინა მუშაობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა.

3. აღსანიშნავია, რომ მისი ძმა თეო, რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე ფინანსურად და მორალურად ეხმარებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი.

4. როგორც ყველა შემოქმედს, ვან გოგსაც ჰყავდა საყვარელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებითაც ის საზრდოობდა. იგი ჟან ფრანსუა მილეს გლეხური ფერწერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც ვინსენტის ნახატებშიც ჩანს, თუმცა, 1886 წელს პარიზში დასახლების შემდეგ, მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია იმპრესიონისტებისა და ნეოიმპრესიონისტების ნახატებმა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში შედარებით მსუბუქი და ნათელი ფერები გაჩნდა.

5. ვან გოგმა 10 წლის მანძილზე დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი “წითელი ვენახები არლში” მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა.

6. ალბათ ყველას გსმენიათ ვან გოგის ყურის ბიბილოს მოჭრის უცნაური ისტორიის შესახებ. გადმოცემის თანახმად, მან ყურის ნაწილი თავის მეგობარ მხატვარ პოლ გოგენთან კამათის შემდეგ სამართებლით მოიჭრა, ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ მეძავ ქალს უსახსოვრა. თუმცა, ამ ისტორიას აქვს მეორე მხარეც, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყურის ბიბილო კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგს, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა.

7. ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში “ვარსკვლავიანი ღამე” , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლადარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : “ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა”.

8. ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვლით გამოვლინდა.

9. ვან გოგის სიკვდილი დიდხანს იყო ბურუსით მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხელოვანმა სიცოცხლე პურის ყანაში ხატვისას თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრის სიკვდილის შესახებ ალტერნატიული თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით, 1890 წელს ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. დაშავებული მხატვარი სახლამდე მისულა და იქ 2 დღის შემდეგ გარდაცვლილა. ვან გოგის ბიოგრაფების აზრით, მან ხელი დააფარა ბიჭუნას, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა, როდესაც თავის ძმას იარაღის სროლას ასწავლიდა. მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ეს იყო მხატვრის კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი, როდესაც მან დამნაშავე არ ამიხლა და თვითონ დაიბრალა მომხდარი. მისი ძმის თეოს, გადმოცემით, დიდი გენიოსის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის სარეცელზე იყო: “მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება.”

10. ალბათ, ბევრს შეგიმჩნევიათ ვინსენტის ნახატებში სწრაფი და ცოტა უხეში ფუნჯის მონასმებით შესრულებული ობიექტები, რომელბიც მოძრაობის იმიტაციას ქმნიან. ხელოვანის ნახატებზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს რომ ვინსენტი თავის ნამუშევრებში,რომლებიც ცხოვრების ქაოტურ პერიოდში შექმნა, ასახავდა უცნაურ ბუნებრივ მოვლენას ტურბულენტობას. ეს არის სითხის ან აირის მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ხასიათდება დინების ქაოსური ცვლილებით. ის მეცნიერებაში ერთ-ერთ ურთულეს ცნებად და კომპლექსურ მათემატიკურ პრინციპად ითვლება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოკვლეული. სხვა იმპრესიონისტების ნახატების ანალიზის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი არ შეესაბამება ისეთ მათემატიკურ სიზუსტეს, როგორც ვან გოგის ნამუშევრები. თვით მუნკის შედევრი “კივილიც” კი შორსაა ტურბულენტობისგან.

წყარო: allnews.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button