ჯოან აიკენი – საშობაო საჩუქრები
შობის წინა კვირები ყოველთვის სიხარულით, მოლოდინითა და აღტაცებით იყო სავსე. ოჯახი ბიძებს ელოდა, რომლებიც გაზაფხულზე სახლიდან სამოგზაუროდ და სავაჭროდ მიდიოდნენ, შინ კი საშობაოდ ბრუნდებოდნენ. ოთხივე ბიძა ერთდროულად გადიოდა სახლიდან. ერთად ჩაირბენდნენ ციცაბო ფერდობს და ჩაივაკებდნენ. მაგრამ ქვევით მთის ძირას, ვიწრო ტაფობზე მათი გზები იყრებოდა.ძია მარკი და ძია აკრაუდი აღმოსავლეთით,უზარმაზარი ვაკისკენ გასწევდნენ. ძია ემერი და ძია გონფილი კი- დასავლეთისაკენ, სადაც მდინარეები, ქალქები და დასავლეთის ზღვა მდებარეობს. მერე, სანამ მთებს საბოლოოდ გამოემშვიდობებოდნენ, წყვილები ერთხელ კიდევ განცალკევდებოდნენ: ძია აკრაუდი სამხრეთის გზას დაადგებოდა, ხოლო ძია ემერი -ჩრდილოეთის. ასე რომ,შინ დრჩენილი ბავშვები, რომლებიც მაღალი მთიდან თვალს ადევნებდნენ მიმავალ ბიძებს, ზოგჯერ ფიქრობდნენ, უხილავი სიმები ჩვენი ოჯახიდან ოთხივე კუთხით, მთელს მსოფლიოში იბმებაო.
მთაში გაზაფხული და ზაფხული ჩვეულებრივ საქმიანობაში გადიოდა- ფერდობებზე ხნავდნენ და თესავდნენ. თევზაობდნენ, კურდღლებზე ნადირობდნენ, კენკრასა და მარწყვს კრეფდნენ. მერე თივის ზვინებს დგამდნენ. მაგრამ შემოდგომაზე, როდესაც ცივი ქარი დიუბერავდა, ხოლო თოვლი მაღალი მწვერვალებიდან ძირს ნელ-ნელა მოცოცავდა და მთის ფერდობებზეც ჩამოთოვდა, სწორედ მაშინ დიდედას მოსვენება ეკრგებოდა.
მთელი ზაფხული აივანზე თავის სარწეველა სავარძელში მშვიდად იჯდა. მუხლებზე ჭრელი, დალიანდაგებული საბანი ეფარა და ჩინდაკარგული თვალებით აღმოსავლეთს გასცქეროდა, საითკენაც მისი უფროსი და უსაყვარლესი ვაჟი წავიდა. მაგრამ როდესაც ქარებთან ერთად მგლებიც უფრო გაბედულად იწყებდნენ ყმუილს, ბავშვები კი მალი-მალ ჯირკებით სავსე ტომრებს შინისკენ ეზიდებოდნენ, ხოლო საქონელს სახლის ქვედა სართულზე ბოსელში გულდაგულ აბინავებდნენ, დიდედას მღელვარება ემატებოდა.
უფროსს შვილიშვილს სემლეს დიდედასთან ცხელი რძე მიჰქონდა ხოლმე. მოხუცი გოგონას გამხდარ მზედაკრულ მაჯას ხელს მოჰკიდებდა და შვილიშვილს ეკითხებოდა: ,, მითხარი, შვილო, რამდენი დღეა დარჩენილი წმინდა ფროიდამდე?” ( ეს დღესასწაული პირველ დეკემბერს აღინიშნება).
-თვრამეტი, დიდედ,-ეუბნებოდა ღიმილით სემლე და მოხუცს დაღარულ-დანაოჭებულ ლოყაზე კოცნიდა.
-ასე ბევრი? ნუთუ ამდენი დარჩა მათ მოსვლამდე?-უკვირდა მოხუცს.
-ნუ ღელავ, დიდედ. ბიძებს არაფერი მოუვათ, უვნებელნი დაგვიბრუნდებიან. შესაძლოა წელს ადრეც კი მოვიდნენ, წმინდა მელინის დღესასწაულამდე. ( ეს დღესასწაული კი თორმეტ დეკემბერსაა).
ოჯახი გულდაჯერებული ელოდა მათ გამოჩენას. ზოგჯერ მოულოდნელად დეკემბრის შუა რიცხვებში ქარის ზუზუნს ურმების ჭრიალისა და ზანზალაკების შორეული ხმა შეერეოდა. ძია ემერის ვაჟი ახალგაზრდა მარკი, რომელიც მაღალი კლდის თავზე ამოსულ ფიჭვის ხეზე მეთვალყურედ იჯდა, შორს ჰორიზონტზე თვალს მოჰკრავდა ბარგაკიდებული ჯორების შუბლზე სპილენძის მედალიონებისა და მზეზე კარაბინის ლულების შორეულ ბრჭყვიალს და გახარებული შინ გარბოდა, რათა ბიძების მოსვლის ამბავი ყველასთვის ეხარებინა.
-დიდედაა… დიდედა ბიძები მოდიან,-გაჰყვიროდა მარკი.
ამის თქმა იყო და მთელი ოჯახი და მთელი სოფელი ისე აფორიაქდებოდა, როგორც ჭიანჭველები, როდესაც შემთხვევით ბარით ბუდეს დაუნგრევენ. ღმერთმა იცის, ვინ სად გარბოდა, ვის რა მოჰქონდა. იყო ერთი გნიასი და ფაცი-ფუცი. ბიცოლები ცეცხლს აჩაღებდნენ. უჯრიდან საუკეთესო თეთრეულს იღებდნდნ. სუფრაზე ღვინო, ლორი და ძმარში ჩაწყობილი მოხარშული კვერცხი მოჰქონდათ. ცომს აფუებდნენ თაფლაკვერების გამოსაცხობად.სარდაფიდან დაკონსერვებული მარწყვის ქილები ამოჰქონდათ. ამასობაში ბავშვები მოსამსახურეებთან და დაახლოებით ნახევარ სოფელთან ერთად ბიძებთან შესახვედრად სახიფათო, დაკლაკნილი ბილიკით მთიდან დაბლა ვაკეზე ეშვებოდნენ. ციცაბო ბილიკზე ურმით ამოსვლა შეუძლებელი იყო. ამიტომ ურმებს ქვევით გადმოტვირთავდნენ, მეურმეებს გასამრჯელოს გადაუხდიდნენ და გაისტუმრებდნენ. მერე სიცილ-სიცილით, შეძახილებითა და ბავშვების კითხვებით თავბრუდახვეულნი დაადგებოდნენ მთის ბილიკს. ვისაც რამდენის ზიდვა შეეძლო, იმდენი მოჰქონდა. ზოგ ბარგსაც ჯორს აჰკიდებდნენ და ფრთხილად, ტაატით ადიოდნენ მაღლა. ზოგჯერ ბიძები თოვლში ღამით ბრუნდებოდნენ. ხელში მხრჩოლავი მაშხალები ეჭირათ. მაგრამ ბავშვებიცა და მეზობლებიც დაბარებულებივით მაინც ქვევით ელოდნენ.
– ძია მარკ, დიდედას ჩინური ხილაბანდი ჩამოუტანეთ? ძია ემერ, დეიდა გრიფამ რომ გთხოვათ ბურნუთის ჩასაყრელი ემალის კოლოფი? ძია აკრაუდ – შუშის შანდალი? ძია გონფილ – წიგნები? – არ ისვენებდნენ ბავშვები.
– დაწყნარდით ბავშვებო, ყურები ნუ გამოგვიჭედეთ შეკითხვებით. ყველაფერი ჩამოვიტანეთ. ერთი ეს ჯოჯოხეთური მთა ავიაროთ. ყველაფერი აქაა: ხილაბანდიც, ყუთიც, წიგნებიცა და კიდევ სხვა ათასი რამ: ქინძისთავები, ნემსები, ეგზოტიკური ხილი და ღვინო. მეზობლებისთვისაცაა საჩუქრები, მაგრამ ჯერ ცოტა გვაცალეთ, ამოგვასუნთქეთ.
მომცრო ფუთებაკიდებული ბავშვები ხტუნვა- ხტუნვით გარს უვლიდნენ ბიძებს და დაკითხვას განაგრძობდნენ.
– ჩინეთში იყავით? უძლეველ ხანს შეხვდით? რომი ნახეთ? მოსკოვი? დალაი-ლამა? გემით იმოგზაურეთ? აქლემებითა და სპილოებით?- ბოლო არ უჩანდა ბავშვების შეკითხვებს.
მთის წვერზე, სახლის გადახურულ აივანზე დიდედა იჯდა. რაგინდ გვიანი და საშინელი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, დიდედა თავის ვაჟებს იქ ხვდებოდა. წელგამართული, ამაყად იჯდა. დალიანდაგებული საბანი მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული. რძლები კი სახლიდან აივანზე წინ და უკან შერბი-გამორბოდნენ, გახურებული აგურები დიდედას ფეხებთან რომ დაეწყოთ, რათა ფეხები არ გაციებოდა. ვაჟები დიდი სიყვარულითა და მოწიწებით პირველად დედას გადაეხვეოდნენ, მერე თავ-თავიანთ ცოლებსა და რძლებს. ამის შემდეგ იწყებოდა მეზობლებისათვის ჩამოტანილი ნაირ-ნაირი ხელსაწყო-იარაღების, მაკრატლების, წამლების, ნერგების, ქსოვილების, ლიქიორების, თოფებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების განაწილება. მერე იმართებოდა დიდი ნადიმი. ხოლო დიდედა, ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები საჩუქრებს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესის მიხედვით მხოლოდ შობა დღეს დილით იღებდნენ. ძია მარკი დიდედას სავარძლის უკან დგებოდა, გულისჯიბიდან პატარა სალამურს იღებდა, რომელიც ერთ-ერთი მოგზაურობის დროს შეეძინა და დაკვრას იწყებდა. სალამურს, რომელიც შავი, პრიალა ხისგან იყო გაკეთებული, ქარვის მუნდშტუკი და ნახვრეტებში ჩასმული ვერცხლის რგოლები ამშვენებდა. ძია მარკი ყოველთვის ერთსა და იმავე მელოდიას უკრავდა. ეს ნაზი მელოდია მაშინ მოესმინა, როდესაც ერთხელ, ჯერ კიდევ ბიჭობაში, შემთხვევით ყინულის ნაპრალში კინაღამ ჩაიჩეხა. ამ დროს მთის მწვერვალიდან სიმღერასავით ხმა ჩამოესმა: -დახედე ფეხს სადა დგამ. ფრთხილად ოჯახი არ გააუბედუროო.
ეს ნაზი და დამაფიქრებელი მელოდია შუათანა შვილიშვილს, სანდრას, გაზაფხულის ხმებს აგონებდა. თბილი ქარებისა და თოვლის დნობის ხმას. ყინულის ლოლოებიდან ჩამოვარდნილი წვეთების წანწკარსა და ჩიტების მოძახილს, როდესც თავიანთ გულისწორს უხმობენ ხოლმე.
სანამ ძია მარკი სალამურზე უკრავდა, ძია ემერს თითოეული საჩუქარი დიდედასათვის ხელში უნდა ჩაედო. აქ კი სასწაული ხდებოდა. დიდედა, რომელსაც თვალისჩინი წართმეული Qქონდა და მთელი წელი თითქმის ვერაფერს ხედავდა, საგანს ხელს შეახებდა, თითებს გადაუსვამდა თუ არა შეუცდომლად, წამსვე იწყებდა მის აღწერას: -ეს სადაფის სავარცხელი, რომელიც ბაბილონშია გაკეთებული და რომელსაც ვერცხლის ღილი ამშვენებს ტასის იყოს. ეს ცისფერი და ალაგ-ალაგ ვარდისფერი ინდური აბრეშუმის ხილაბანდი არჯილას მივართვათ. დამასკოური ხის სათამაშო- ახალგაზრდა ემერს. ოქროს გულსაბნევი-გრიფას. ხოლო პარიზში ნაყიდი წითელი ტყავის ყდაში ჩასმული ლექსების წიგნი სემლეს ჰქონდესო.
გადაუსვამდა თუ არა საგანს თავის გამხდარსა და დაშაშრულ-დანაოჭებულ მოხრილ თითებს, დიდედა, რომელიც სრულიად ბრმა იყო და რომლისთვისაც მთელი წელიწადი ერთი გრძელი ღამე გახლდათ, შეუცდომლად გამოიცნობდა არა მარტო საგანს, არამედ მის ფერსა და დამზადების ადგილსაც ასახელებდა. უმცირესი დეტალიც კი არ გამორჩებოდა: ეს ნაქსოვი, ბამბის ქურთუკი ფოთლებითა და ყვავილებითაა მოჩითული. ფერები კი ოქროსფერი, ყავისფერი და მუქი ლურჯია,-ამბობდა იგი.
დიდედა ყოველთვის ბრმა როდი იყო. ახალგაზრდობაში ისიც მშვენივრად ხედავდა.
– დედაჩემო, ეს შენი საჩუქარია. მარკმა მოგართვა,-ეტყოდა ძია ემერი და ხელში ქსოვილის ფუთას ჩაუდებდა.
დიდედა მყისვე სიხარულით წამოიძახებდა:
-რა ლამაზი მოსასხამია. ღია მწვანე ფერი მხოლოდ ნაკეცებში ჩანს. თითქოს თეთრ თოვლზე ჩრდილები თამაშობენო. მონაცრისფრო ღილები მარგალიტებს გავს. გახამებულ საყელოზე კი თეთრი ვარდებია ამოქარგული.
-ჩაიცვი, დედი!-შეეხვეწებოდნენ ვაჟიშვილები და რძლები. ხოლო შვილიშვილები, რომლებსაც თავ-თავიანთი საჩუქრები გულში ჩაეხუტებინათ, ჟრიამულითა და ცეკვა-ცეკვით გარს უვლიდნენ დიდედას.
-ჩაიცვი, დიდედ, ჩაიცვი!-გაიძახოდნენ ისინი. და როდესაც დიდედა მოსასხამს მოიხურავდა, ბავშვები აღფრთოვანებულები შესძახებდნენ:
-დიდედ, დედოფალს ჰგავხარ; მთელი მსოფლიოს დედოფალს. უფრო სწორად, მთის დედოფალს.
დიდედასათვის შობის შემდგომი თვეები უბედნიერესი იყო. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ვაჟიშვილები შინ მშვიდობით დაუბრუნდნენ. დიდ ოთახში დანთებული ბუხრის კუთხეში იჯდა. გარეთ ქარი ღმუოდა და არე-მარეს თოვლით ავსებდა. მაგრამ ამას მისთვის აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან მის ოჯახში და მეზობლების ოჯახებშიაც ფქვილის, ხორცის, ცხიმის, შეშისა და სამკურნალო ბალახების საკმაო მარაგი იყო. ბავშვებს არც წიგნები აკლდათ და არც სათამაშოები. გაკვეთილებს მოხუცი მღვდელი უტარებდათ. ხან სწავლობდნენ და ხანაც საქსოვ დაზგაზე ქსოვდნენ ან რთავდნენ. ზოგჯერ კი ბიძების ჩამოტანილი საჭრეთლითა და სხვა ხელსაწყოებით სკამებსა და ზანდუკებს აჩუქურთმებდნენ. ბიძები კი ამ დროს ისვენებდნენ და ნება-ნება ყვებოდნენ მოგზაურობის ამბებს. ძია მარკი საათობით უკრავდა სალამურზე, ძია აკრაუდი კი ხატავდა იმ საოცარ პეიზაჟებს, რომელიც მოგზაურობისას ენახა. დიდედა ხელს დაადებდა ნახატს და მარკის მუსიკის თანხლებით იწყებდა მის აღწერას:
-ჰორიზონტზე მოჩანს დიდი, ყავისფრად დანაოჭებულ-დატალღული მთაგრეხილი. ქვევით ცხელი, ქვიშიანი დაბლობია. ღია ლურჯი ფერი ჩანს. არა მგონია წყალი იყოს. ეს ჰაერისა და ცის ფერია. ქვიშა უცნაური ზოლებითაა დახაზული. ეს ალბათ ადამიანის ნაკვალევია. ერთ ადგილას მწვანე ფერი საკერებელივითაა ჩასმული. ამ წალკოტს გარდი-გარდმო გზა კვეთს. ალაგ-ალაგ ქლიავისფერი და ვარდისფერი მოწითალო-ჟანგისფერს ერწყმის. ეს მიწა უნდა იყოს, რომელიც მაღლა მთებზე უფრო გამომშრალი ჩანს, ხოლო აქა-იქ პაწაწინა მინერალები მზეზე ბრწყინავს და ელვარებს.
– დედი, ეს პეიზაჟი შენ ჩემზე უკეთ დახატე,- წამოიძახებდა ძია აკრაუდი. ბავშვები კი დიდედას გარშემო იატაკზე ფეხმორთხმით ისხდნენ და სულგანაბულნი, ინტერესით უსმენდნენ.
-მე ხომ ვერფერს დავინახავდი, თავიდან შენ რომ არ გენახა და არ დაგეხატა და მარკიც რომ არ მეხმარებოდეს თავისი მუსიკით,- მიუგებდა დიდედა.
– დიდედა ამას როგორ ახერხებს?- ეკითხებოდნენ ბავშვები თავ-თავიანთ დედებს.
-არავინ იცის. ასე მარტო მას შეუძლია. ეს მისი ნიჭია- პასუხობდნენ ისინი.
დროდადრო საღამოობით მეზობლები მათთან თავს იყრიდნენ. ზოგჯერ დიდი ოთახი მთლად ხალხით ივსებოდა. ისხდნენ და სუნთქვაშეკრულნი უსმენდნენ დიდედას. ბოლოს, როდესაც დაღლილ-დაქანცული დიდედა დასაწოლად მოემზადებოდა, მეზობლები ღრმად ამოიოხრებდნენ, წყნარად ჩაილაპარაკიბდნენ, ქვეყანა მართლაც დიდი ყოფილაო და თითო-თითოდ გაიკრიფებოდნენ.
ასე გადიოდა ზამთარი. მაგრამ როგორც კი ჰაერში გაზაფხულის სუნი ოდნავ დაირხეოდა, ბიძებს კვლავ მოსვენება ეკარგებოდათ. იწყებდნენ აღჭურვილობის მომზადებას. მსჯელობდნენ რუკებსა და მარშრუტებზე. კემსავდნენ და აკერებდნენ ხურჯინებსა და ჩექმებს. წამდაუწუმ გარეთ იყურებოდნენ და სულმოუთქმელად ელოდნენ გზის გახსნას.
დიდედა ამ დროს სულ უფრო და უფრო ჩუმი ხდებოდა. შვილებს დარჩენას არასოდეს თხოვდა. არც ექნებოდა ალბათ ამას აზრი. მოკუნტული და დაპატარავებული ჩანდა დალიანდაგებული საბნის ქვეშ. ხოლო ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბიძები მხიარულად, სიცილ-სიცილით დიდედასა და ოჯახის სხვა წევრებს გამოემშვიდობებოდნენ და დნობაშეპარულ თხელ თოვლში ხმაურით გააბიჯებდნენ, დიდედა დამუნჯდებოდა დ აღარავის ელაპარაკებოდა. მისი სიჩუმე ზოგჯერ ხუთ- ექვს კვირას გრძელდებოდა. მთელი დღე უსიტყვოდ, უმოძრაოდ იჯდა და აღმოსვლეთს გასცქეროდა. მერე თავის წილ რძეს დალევდა და დადარდიანებული წვებოდა. მოგვიანებით მაისის თბილი მზე თუ გამოაცოცხლებდა. ნელ-ნელა უბრუნდებოდა სიცოცხლის ხალისი. – ექვსი თვეღა დარჩა მათ მოსვლამდეო,- ამოოხვრით იტყოდა.
– დიდედა ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ძნელად ეგუება ბიძების წასვლას,- უთხრა ერთხელ ახალგაზრდა მარკმა თავის ბიძაშვილ სემლეს.
გოგონას შეაჟრჟოლა, თუმცა მაისის თბილი მზე ანათებდა.
– ერთ დღესაც, როდესაც ისინი დაბრუნდებიან, შესაძლოა დიდედა ჩვენს შორის აღარ იყოს. ისეთი გამხდარია. დღითი-დღე კი სულ უფრო ილევა. ხელებში ლნდი გასდის,- თქვა სემლემ და თავისი თხელი, მზედაკრული ხელი ასწია და მზის შუქზე გახედა.
-არ ვიცი ამას როგორ გადაიტანენ,-მიუგო ფიქრებშიწასულმა მარკმა.
მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
ერთ წელიწადს დეკემბრის თვეში ბიძები შინ ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან დაბრუნდნენ. სადღა იყო ის ძველებური მხირულება და ჟრიამული. სახლს დამუნჯებულები მოადგნენ. დიდედამ მყისვე იგრძნო, რომ რაღაც საშინელი მომხდარიყო და მოუთმენლად იკითხა:
– სად არის ჩემი მარკი? მისი ხმა რატომ არ მესმის?
– დედი, შენი მარკი ვეღარასოდეს დაბრუნდება შინ. მოკვდა,- ძლივსძლიობით უპასუხა ძია აკრაუდმა.
– რაო, მოკვდაო? რას ამბობ? შენ საიდან იცი? თქვენ ხომ თქვენი თვალით არ გინახავთ,- ხავსს ეჭიდებოდა დიდედა.
მაშინ ძია აკრაუდმა ეს ამბავი მოუყვა:
– მარკს დათქმულ ადგილას დიდხანს ველოდით. ბოლოს, როგორც იქნა, შიკრიკი გამოჩნდა, რომელმაც გვითხრა, რომ მარკი თავისი ქარავნით მეკობრეებსა და ბანდიტებს გადაეყარაო. მათ მარკი და მისი ხალხი დახოცესო. მე თავი ძლივს დავაღწიეო.
-კი მაგრამ საიდან იცი, რომ სიმართლე გითხრა,- ჰკითხა დიდედამ.
– მარკის ბეჭედი გადმომცა.
ემერმა დიდედას ხელში ბეჭედი ჩაუდო. დიდედამ თითებით მოსინჯა და ამოიგმინა:
– ჩემი მარკი ცოცხალი აღარა მყავს!
-დედი, იმ კაცმა ეს პაწია ყუთიც მომცა. თურმე მარკს შენთვის მოჰქონდა,- უთხრა ძია ემერმა და ყუთი გახსნა. შიგ სპილოს ძვლის ფერი მარაო აღმოჩნდა, რომელზეც მინდორში გაფრენილი ჩიტი ეხეტა. ჩიტის თვალებში ძვირფასი საფირონის ქვები ჩაესვათ.
დიდედა გახევებული იჯდა. ხელში მარაო ეჭირა.
– ეს რა არის?-იკითხა მან ბოლოს. -არჯილა, მითხარი, რა არის? თუმცა არ მითხრა, არ მაინტერესებს. ჩემი მარკი აღარა მყავს.
დიდედას თითქოს თავზე ცა ჩამოექცაო. მისი მწუხარება მთელმა სოფელმა გაიზიარა.
იმ წელიწადს გაზაფხული ადრე დადგა. დადარდიანებულმა ბიძებმა, რომლებსაც აღარ შეეძლოთ მეტის მოთმენა, თითქმის სიხარულითაც კი დატოვეს მშობლიური სახლი. დიდედამ მათი წასვლა ძლივს შეამჩნია.
რამდენიმე დღის შემდეგ სემლემ უმცროს მარკს უთხრა:
-მარკ, შენ ხომ ყველაფერი გამოგდის ხელიდან. ნუთუ არ შეგიძლია, მამაჩემს რომ ჰქონდა ისეთი სალამური გააკეთო.
– სალამური? კი მაგრამ რისთვის?
– იქნებ მამაჩემივით დაკვრაც შეძლო.
– მე? სალამურზე? რას ამბობ!
– მე მგონი, შეძლებ. სტვენით ხომ კარგად უსტვენ.
– მაგრამ სალამურს ხომ საგანგებო ჯიშის ხე სჭირდება.
– გახსოვს, ძია გონფილმა ზანდუკით წიგნები რომ ჩამოიტანა? მე მგონი, ის ზანდუკი გამოდგება.
-ჰო, მაგრამ რა სიგრძის ან სიგანის უნდა იყოს, რომ არ ვიცი?
– დაგიხატავ,- უთხრა სემლემ და სალამური თეთრად შეფეთქილი ბოსლის კედელზე ნახშირით დახატა.
– ეს რა არის,- არ მოეწონა მარკს. -ასეთი სულაც არ იყო. ნახვრეტებიცა და მუნდშტუკიც სხვანაირი ქონდაო.
მერე სხვა ბავშვებიც მოგროვდნენ. ზოგი რას გაიძახოდა, ზოგი რას. -ნახვრეტები შორი-შორს ქონდაო; სიგრძით უფრო გრძელი იყოო.
-ერთხელ ხელში მეც მეჭირა და ჩემი მკლავის სიგრძისა იყოო,-გაიხსენა სანდრამ.
-ნახვრეტებს ვერცხლის რგოლებს როგორღა ჩაუდგამთ?-იკითხა ახალგაზრდა ემერმა.
-მამაჩემის ნაჩუქარ რგოლებიან ვერცხლის სამაჯურს მოგცემთ,-თქვა სემლემ.
-კარგი, ვცდი. თან ფინს, ჩვენს მჭედელს, ვთხოვ დახმარებას,-მიუგო მარკმა.
ბიჭუნამ მოისაზრა რა და როგორ გაეკეთებინა და მუშაობას შეუდგა. მაგრამ ზანდუკის შავი ხე რკინაზე მაგარი გამოდგა. მარკმა სალამურის გამოთლას რმდენიმე კვირა მოანდომა. როცა ბოლოს და ბოლოს საქმეს მორჩა, გახრებულმა გაიფიქრა, ახლა კი დავუკრავო. მაგრამ, ნურას უკაცრავად, სალამური საცოდავად აფშუკუნდა. რაკიღა საქმეს ერთხელ ხელი მოჰკიდა, მარკი აღარ მოეშვა და ახალი სალამურის გამოთლას შეუდგა. ახლა მარტო სემლე ეხმარებოდა. სხვებს მობეზრდათ და მიმოიფანტნენ. მეორე სალამური გაცილებით უკეთესი გამოვიდა. და უკვე სექტემბრისთვის მარკი სალამურზე რამდენიმე ნოტსაც უკრავდა. ხოლო ოქტომბერში მარტივი მელოდიის შესრულებაც შეეძლო.
-ნეტავ ისე ვუკრავდე, რომ დიდედამ თავისი თითებით დანახვა შესძლოსო,- ინატრა ბიჭმა. -მაგრამ რომ დაინახოს, ის მელოდია უნდა გავიხსენო მამაშენი რომ უკრავდა. იქნებ შენ გახსოვს სემლე?- ჰკითხა მარკმა.
სემლე ჩაფიქრდა.
-ზოგჯერ ბუნდოვნად მესმის, თითქოს სადღაც შორს ტყეში უკრავენო. ნეტავ ყურს მივაწვდენდე, სხვა არაფერი მინდა,-ინატრა სემლემ.
-ეცადე სემლე,-სთხოვა მარკმა.
იმ დღიდან სემლემ ტყეში დაიწყო ხეტიალი იმ იმედით, რომ იდუმალ მელოდიას სადმე ყურს მოჰკრავდა. სახლში კი ქალები საყვედურებით ავსებდნენ: -შენ წილ საქმეს ნეტავ ვინ გააკეთებსო. ხელში საქსოვს აჩეჩებდნენ, თხებს აწველინებდნენ და ქათმებს აპურებინებდნენ. სემლე ყველაფერს მორჩილად აკეთებდა და თან გაფაციცებით უსმენდა. ხანდახან ღამით სიზმარში ყურს მოჰკრავდა იმ მელოდიას, მაგრამ დილით აღარაფერი ახსოვდა. გაიტანჯა გოგო. ცრემლმორეული უსიტყვოდ უხმობდა მამას: -გემუდარები მოდი და ჩემთვის დაუკარიო,- ეხვეწებოდა ფიქრებში.
სექტემბერში თანდათან აცივდა. და სუსხიანმა ქარებმა დაუბერეს. ოქტომბერში ჩამოთოვა. მერე კი თოვლმა ფანჯრის რაფებამდეც ამოაღწია. წმინდა ფელინის დღეს სამივე ბიძა დაბრუნდა. ჩუმი და დანაღვლიანებულები იყვნენ. მხიარულების ნიშან-წყალი არ ეტყობოდათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, უამრავი საჩუქარი, ყუთი თუ ბოხჩა ჩამოიტანეს. ბავშვები ჩვეულებრივ ქვევით დახვდნენ, ტვირთის ამოტანაში რომ შეშველებოდნენ. ბიძები უსიტყვოდ, მძიმე-მძიმედ დაადგნენ შინისკენ ამომავალ ბილიკს. ძველი, მხიარული ტრადიცია სადღაც გამქრალიყო. საღამოვდებოდა. ძლიერი ქარი ქროდა და სახეში თოვლს აყრიდათ.
-ბავშვებო ფრთხილად!-შესძახა ძია ემერმა,როდესაც ისინი ხრამის კიდეს ძალიან მიუახლოვდნენ. ,, ფრთხილად…. ლაად…ლად…ად…ად” დაუბრუნა ექომ.
სემლე ელდანაკრავივით შედგა. ხელი მაგრად მოუჭირა ჩანთის სახელურს და გაიფიქრა: ,, გამახსენდა, ვიცი. ახლა ნამდვილად ვიციო” გოგონამ წაიღიღინა. ხოლო მარკი, რომელიც წინ მიდიოდა შეჩერდა.
-სწორია, ეგ არის. თუმცა არა, მაგრამ ძალიან კი ჰგავს. ოღონდ ის უფრო სწრაფი და აღმავალი მელოდია იყო. დასასრულს კი თითქოს ბანტივით ინასკვებოდა,-უთხრა მარკმა.
-არა, დარწმუნებული ვარ, დაღმავალი ტონით მთავრდებოდა,- მიუგო სემლემ.
გზაში ერთმანეთს ეკამათებოდნენ. აწყვეტინებდნენ, მერე ეთანხმებოდნენ და ისევ კამთობდნენ. მივიდნენ თუ არა შინ, ჩანთები დიდ ოთახში დაყარეს და ქვევით ბოსელში შევარდნენ, სადაც მარკი სალამურს ინახავდა.
სამი დღე მსჯელობდნენ და ასამდე სხვადასხვა მელოდია მოსინჯეს.
ჭამისთვისაც კი არ ეცალათ.
-მე ვფიქრობ, სწორია,- თქვა ბოლოს სემლემ. – და თუ არ არის სწორი, მაშინ აღარ ვიცი, კიდევ სხვა რა მელოდია შეიძლება იყოს.
-ეს მელოდია შეიძლება არც გამოდგეს,-მიუგო კამათითა და ვარჯიშით გადაღლილმა მარკმა.
-გამოდგება, გამოდგება,- დააიმედა სემლემ. გოგონაც საკმაოდ ქანცგამოცლილი ჩანდა. -თუ არა და შინ გამეფებულ ნაღველს ვეღარ გავუძლებ,- ამოიოხრა მან. -მარკ, შენ ახლა წადი და დიდედას სავარძლის უკან ჩუმად დადექი,- დაარიგა სემლემ.
საშობაო საჩუქრების მისაღებად დიდედას სარწეველა სავარძლის ირგვლივ მთელი ოჯახი ძველებურად შეიკრიბა. ბიძებს მოღუშული სახეები ჰქონდათ. მათ ცოლებს კი დარდიანი გამომეტყველება. მხოლოდ ბავშვები იყვნენ ხალისიანად. ბიძებს შეფუთული საჩუქრები დიდედას ფეხებთან დაეწყოთ. თვითონ დიდედა გრძნობებისაგან სრულიად დაცლილი, თითქოს უსიცოცხლოდ იჯდა თავის სავარძელში. როდესაც ძია ემერმა ხელში კოხტა, რბილი ფუთა ჩაუდო, დიდედას სახეზე გულგრილობა, თითქმის ზიზღი გამოეხატა. თითქოს ამბობდა, მე რატომ მაწუხებთო. მაშინ კი მარკმა, რომელიც თავიდან არავის შეუმჩნევია, დაკვრა დაიწყო. ბიძებმა აღშფოთებითა და ბრაზით შეხედეს, ხოლო ბიცოლა თეზიმ წამოიძახა:
-ო, მარკ, შე საძაგელო, როგორ ბედავ.
მაგრამ ამ დროს დიდედამ თავი ასწია და მუსიკას ყური მიუგდო. მარკი დაკვრას განაგრძობდა. ტუჩები უცახცახებდა და ქარვის მუნდშტუკი უსხლტებოდა, მაგრამ მაინც უკრავდა. სემლემ დიდედას წინ ჩაიჩოქა და თავის ბავშვურ, თბილ თითებში მოიქცია დიდედას გამხდარი და დანაოჭებული ხელი, რომლითაც ქსოვილი ეჭირა. სემლემ ზუსტად იგივე იგრძნო, რასაც დიდედა გრძნობდა. ამ დროს კი დიდედამ გარკვევით თქვა:
-ოქრომკერდით ნაქარგი ხილაბანდია, ღია აგურისფერი. მოვერცხლისფრო-მომწვანო ეკლებიანი ვარდებითაა მოჩითული. ეს სემლეს ჰქონდეს…
(მთარგმნელი: გოგაძე ლალი)