ჭაბუა ამირეჯიბი – მოსე ზამთარაძე (დათა თუთაშხია)
ერთხელ კეტებით გაგვლახეს ეს ორი სახელიანი აბრაგი. ნამეტანი დაბეგვილები დავრჩით. მე ფეხი მქონდა მოტეხილი, დათა თუთაშხიას კისერი გაშეშებული და იარაც გაუმიზეზდა მკლავზე. ათ დღეს ცხენებზე ვერ შევჯექით ვერც ერთი. გასული კაცი ექიმთან მიხვალ თუ საავადმყოფოში დაწვები? ან სად იყო იქ და იმ დროში საავადმყოფოები.
მისი ბრალი იყო, რომ გაგვლახეს. კაცი თვითონ არის დამნაშავე, თუ მოუვა რამე. ამაზე ანდაზაც არის ერთი, ეეე… გადამიხტა გონებიდან. ის ანდაზა ვითომ სულელ კაცებზეა ნათქვამი, მარა ჭკვიან კაცებს უფრო ემართებათ ისე. ზოგჯერ მოწყვება საქმე არ ჩაერიო არ შეიძლება. ჩაერევი და გაილახები და გვერდში ვინც გყავს, ისიც გაილახება.
ფირალი კაცისთვის ზამთარია ძნელი. საირმის ტყეებში მასპინძელი მყავდა, მასთან ვაპირებდი გამოზამთრებას. დათა თუთაშხია წავიყვანე თან, საირმეზე არ ვყოფილვარო. ავედით. დავმალეთ ჩვენი იარაღი შორიახლოს, თითო რევოლვერი დავიტოვეთ მარტო. მივედით მასპინძლისას, სეთური იყო გვარად. მარტო ცხოვრობდა. ოჯახი ქუთაისში ყავდა. ერთგვარი მიწა იყო იმ ადგილებში, მუშებს ათხრევინებდა იმ მიწას, არჩევდნენ, რეცხდნენ, აშრობდნენ და ქუთაისში ჩაქონდათ საპალნეებით და ურმებით. ინგლისელები ყიდულობდნენ იქ. ნავთის, წყლის და მისთანების ამოღებაში ყოფილა გამოსადეგი. კაი გვარიან ფულს აკეთებდა. ადრე მასთან ერთი ზამთარი მქონდა გატარებული. მაშინ სამი მუშა ყავდა, მეოთხე თვითონ იყო, თვითონაც თხრიდა იმ მიწას. რომ მოვდიოდი, მითხრა სეთურმა, კიდევ მესტუმრეო. დიდი ყაჩაღობა იყო იმ ხანებში, სახელისთვის ჭირდებოდა ჩემი სტუმრობა, სხვები აღარ დამეცემიანო, თვარა, სხვაფრივ?! ქონდა, ალბათ, დასაცემი და გასაძარცვი. დათას ვინაობა არ გამიმხელია, სხვა გვარით გავაცანი, თვითონ დათამ ინდომა ასე:
ქვაზე მაგარია კაცი, თუ არ იცის საიდუმლო. გაიგებენ, სეთურისას უზამთრია თუთაშხიასო. დაცხებენ სეთურს, ათქმევინებენ, კიო. კიო, და ჩააგდებენ საპყრობილეში! ფორიად და ჩაჩავად თუ ვეცოდინები, დააჟინდება თავისას, ფორია იყო, თუთაშხიასი არ ვიცი არაფერიო, და დააჯერებს მათაც. ამოკრავენ პანღურს, გააგდებენ.
ფორიად გავაცანი სეთურს დათა. შეგვიპატიჟა. იქ თაბაგარი დაგვხვდა ერთი, ჩემი მარჯვენა ხელიაო. მედავითნედ ყოფილა წმინდა კვირიკეში. წაიკოჭლებდა პატარას და, ბოდიში ამ სიტყვისათვის, მისთანა ცინგლიანი და გაუშრობელი ცხვირი მეორე არ მინახავს არსად. მის შემაცქერალს საჭმელზე არ მიმივიდა გული. პირველად რომ სეთურისას ზამთარი ვიზამთრე, ეს თაბაგარი არ ყავდა მაშინ. მერე მოუყვანია.
გააწყო თაბაგარმა სუფრა, მოიტანა ყველაფერი და ფეხზე იდგა, სანამ სეთურმა არ უთხრა, დაჯექი ახლაო. რა ხმაზე ლაპარაკობდა ის მარჯვენა ხელი, ვერ გავიგონეთ კაი ხანს, კრინტი არ დაუძრავს იმ ღამეს. ცოტა ხანი გავიდა და სეთურმა გვითხრა, თაბაგარს კაკო ქვიაო, და სახელები თუა რამე ქვეყანაზე, ქალის იქნება თუ კაცის, ღმერთის სამსახურში აქვს ნასწავლი, ყველა იცის და ისიც იცის, რომელი საიდან წარმოდგებაო. ამაზე, ოჯახში რომ მიხვალ სტუმრად და ბავშვს რომ ეტყვი, რამისილამაზე ხარ, შენ დაურჩი დედაშენსო, და ბავშვი რომ დაირცხვენს, თაბაგარმა სწორედ ისე ქნა: დაბერა ტუჩები, ჩაღუნა თავი, დაირცხვინა და დაიწყო თითების ერთმანეთში ხლართვა. ასე მოკრძალებულად და მორცხვად იყო სულ. ერთი კია, სუფრას ქორივით დასტრიალებდა, ჩიტის რძეს არ გვაკლებდა. კოჭლი იყო, ტანმორჩილი, უზომოდ მსუქანი და მაინც ძალიან მარდად აუდიოდა ყველაფერს.
მოვრჩით ვახშამს. ოთახი მოგვიჩინა სეთურმა, იყავით, სანამდე მოგბეზოდებათო. შეგვპირდა, დედაბერს მოგიყენებთ, გემსახურებათო.
დავწექით, გვეძინა ერთხანს. ჯერ ღამე იყო კიდევ და ეზოში ზარს დაუწყეს რეკვა. მისთანა ალიაქოთი ატეხეს, კაცს ეგონებოდა, იწვის იქაურობა, აპა, ჰე, თავს უშველეთ როგორმეო! გამოგვეღვიძა და ვეღარ დავიძინეთ. ისაა ადგომას ვაპირებთ, გავიგოთ ერთი, რა მოხდაო მოაკაკუნა ვიღაცამ. შემოვიხმეთ. გაიღო კარი, დაკონკილი დედაბერი შემოვიდა. წელკავი ქონდა თუ სიბერით იყო მოხრილი, არ ვიცი, მარა მეტი მოკუზვა ნამდვილად აღარ შეიძლებოდა. მაინც ყოჩაღად შემოვიდა, ნამეტანი ყომაღად. იმას რა გამართავდა და გაიმართა წელში, რამდენიც შეძლო. წაიღო გაშლილი ხელისგული შუბლისკენ. კარგად გაწვრთნილი სალდათივით მოგვესალმა, მოგვახსენა რაღაც. ნახევარიც ვერ გავიგეთ მისი ნათქვამი. არც ერთი კბილი არ ქონდა, საცოდავს. გაათავა ჩიფჩიფი, ჩამოიღო ხელი, დადგა სმენაზე.
კაი ხანს ვერ დავძარით ენა ვერც მე და ვერც დათამ.
საჭმელიო, მგონია, და კიდევ, ხელ-პირის დაბანას ამბობს, – გადაველაპარაკე დათას.
ისევ დააპირა დედაბერმა მოხსენება. გააჩერა დათამ, ჩავიცმევთ და მერე მობრძანდიო, უთხრა.
წავიდა. გადავხედეთ ერთიმეორეს და დავიწყეთ ჩაცმა.
ვინ იყო და რა იყო ეს ქალი, მოსე-ჩემო, რას იტყვი შენ? მკითხა დათამ.
– ვინ იყო და, დედაბერს მოგიყენებთ და გემსახურებათო, სეთურმა რომ გვითხრა, ის დედაბერია, ალბათ. სხვა ვინ იქნება?.. კი მარა, მაინცდამაინც გადარეული რომ მოგვიყენა, რაო, ვითომ!
-არაა ეგ ქალი გადარეული. გიჟების ამბავი ვიცი მე.
-გიჟების ამბავი?
-კი ვიცი. გიჟებთან ლაპარაკი მიყვარს მე. ხანდახან ისეთს იტყვიან, იცოდე შენ, ბრძენისგან ძვირად გაიგონებ მისთანას. არაა მაგ ქალი გიჟი. რაღაც სხვა ამბავია აქ… რა მინდოდა, მეთქვა: წუხელის სეთურისას კაი მაგარი მთვრალი იყავი და არ გახსოვდეს, იქნება. ამ ჩვენს მასპინძელს მანამდეც და გუშინაც აბელს უძახდი შენ. აბელია მართლა თუ სხვა ქვია რამე?
– აბელია, შე კაცო, გამოთაყვანებული კი არ ვარ!
– აბელი თუა, რატომ შემოგაპარა ორჯერ, არქიფო მქვიაო?
– არქიფო მქვიაო?!
მეც გამახსენდა, მართლა შემომაპარა, მერე აბელი და არქიფო ერთი ჭირია-მეთქი, ვიფიქრე. როგორც მოეხასიათებოდა სეთურს, ისე დავარქმევდი და ამის დარდს არ ავყოლილვარ დიდად.
ამ ლაპარაკში ჩაცმა დავასწარი დათას. ფანჯარასთან მივედი, გადავიხედე. ეს ვაი-უშველებელი რომ ატეხეს და ქათმებივით უთენია წამოგვყარეს, რისი იყო, მინდოდა გამეგო რამენაირად. პირდაპირ მინაზე მისვლა აბრაგის წესი არ არის, შორს დავდექი ფანჯრიდან და ისე გადავიხედე ეზოში. არაფერი, ერთმა კაცმა გადაიარა და მიწურში შეძვრა მგელივით. ბნელოდა, თოვლი რომ არ დებულიყო, ვერც ამას დავინახავდი. ფანჯრის წინ აივანი გვქონდა. ჩვენი ოთახის კარიც აივანზე გადიოდა. დედაბერი ამ კარებთან ატუზული დავინახე. მივჩერებივარ და ვფიქრობ, – რომელი გენერლები ჩვენ ვიყავით და რომელი ფელდფებელი მაგი იყო, სალდათურად რომ მოგვესალმა-მეთქი… ამ დროს დახრა და დაკუზვა მას არ ჭიროდა და, კარის ჭუჭრუტანას მოუმარჯვა თვალი. არის ასე და ათვალიერებს ჩვენს ოთახს. აფაცურდა რაღაცაზე, მივხვდი, მარტო დათას ხედავს და უკვირს, ალბათ, მეორე სად გაქრა, ნეტავიო. ისიც იფიქრა, ეშმაკმა-მამაძაღლმა, ფანჯარასთან ხომ არ დგას ის მეორე და ხომ არ მხედავს, ჭუჭრუტანაში რომ ვიყურებიო. ერთი ამოხედვა ამოხედა ფანჯარას, მარა ვერ დამინახა, შორს ვიყავი გაჩერებული. ვანიშნე დათას, მივეპარე კარს, ყურთამდე გამოვაღე უცბად. ამას აღარ მოელოდა დედაბერი და რანაირადაც იყო წაკუზული ჭუჭრუტანასთან, ისე დარჩა ღია კარში.
– გაიმართე აწი, დედიკო, და შემოდი შიგ, – უთხრა დათამ.
შემოვიდა, შემოიხურა კარი.
– სხვის ოთახში ჭვრიტინი სადაური წესია, ბიცოლა! – ვუსაყვედურე მე.
– სადაური წესია და აქაური წესია!
უყურე შენ ამ კუდიან დედაბერს, რაფერ გამართულად თქვა ყველაფერი.
– რისთვისაა შემოღებული და ვისი შემოღებულია მაგ წესი, მითხარი, თუ ღმერთი გწამს? – კითხა დათამ.
– ხართ აქ ორი კაძახი და უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რას ფიქრობთ და რას აკეთებთ. აპა, როგორ?! მარჩენალმა ყველაფერი უნდა იცოდეს არ შეიძლება ისე!
– თუ უკაცრავად არ ვიყო და, მაგ შენი მარჩენალი ვინ ოხერია, ნეტავი? – გული მომივიდა ძალიან.
– ვაი შენს პატრონს! – შემომიტია დედაბერმა – ვისაა, ოხერს რომ უძახი! ოხერიც ხარ და ტილიანიც. სარკეში ჩაგახედა, რას გავხარ, ნეტავი, შე ღვთის გლახა შენ! – ამ სიტყვებს საკუთრივ მე მეუბნებოდა. – ვინ არის ჩვენი მარჩენალი და, არქიფო სეთური არის ჩვენი მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი. აპა!
დედაბერი კიდევ კაი ხანს ილანძღებოდა. დათა ისე უსმენდა, ვითომ სოლომონ წინასწარმეტყველი იდგა მის წინ. მე აქეთ-იქით ვიყურებოდი, სარკეს ვეძებდი, ერთი ჩამახედა, ნეტავი, რას ვგავარ ისეთს, რომ ეს მახინჯი დედაბერიც კი შევაწუხე და შევაზარე-მეთქი.
– გამაგებინე, დედიკო, აბელი ქვია სეთურს თუ არქიფო? – მოახერხა სიტყვის ჩაკერება დათამ.
– აბელი ერქვა უწინ. ახლა არქიფო ქვია! თვითონ გადაირქვა. ასეა საჭირო და იმიტომ.
სიჩუმე იყო პატარა ხანს და მერე თქვა დათამ:
– კაი, აბა, წავიდეთ ახლა და დაგვაბანინე ხელ-პირი.
გაგვიყვანა დედაბერმა სახლის უკან, დაგვისხა ტოლჩიდან წყალი, შეგვამშრალებია ხელ-პირი და ამ დროს ისევ გაისმა ის ზარი და გუგუნი, დილაუთენია რომ წამოგვყარა ლოგინიდან. დასანახავზე გამოვიწიეთ, გამოვხედეთ იქაურობას.
მე რომ სეთურისას ზამთარი გავატარე, მაშინ აქ მისი პატარა ქოხი იდგა მარტო. ახლა იმ ქოხის მაგიერ კაი ოდა იყო და მის წინ მოედანს მიწური სახლები ერტყა გარშემო, ბარე თხუთმეტი-ოცი. ჯერ ისევ რეკდა ზარი, რომ გამოცვივდა მიწურებიდან კაცი და ქალი, ბებერი და ახალგაზრდა. ყველა სეთურის სახლისკენ წავიდა ძუნძულით. როგორი ფაციფუცი და მირბენ-მორბენა იყო! თხუნელებისთვის გოგირდი რომ შეგიბოლებია და ძაღლთუმრავლესი რომ ამოცვენილა ზოგი საიდან და ზოგი საიდან – ისეთი სწორედ. ერთ წუთში მიწყდა და მიწყნარდა ყველაფერი, ბუზის გაფრენას გაიგონებდი. მიწყნარდა და მაშინ ვიღაც კაცმა დაიწყო ლაპარაკი, მარა როგორი, თუ იცი? როგორი და, – პუტი-პუტი-პუტი-პუტი – ასეთი. რას ამბობდა და რას ლაპარაკობდა, ჩვენ რომ ვიყავით ამ სიშორეზე, გელათელი მელანია ვერ მიხვდებოდა ვერაფერს. რომ გაათავა ამ კაცმა ლაპარაკი, ახლა მიწურებიდან ამომძვრალმა ხალხმა დაიწყო ბუტბუტი. ვერც მათსას გაიგონებდი რამეს, ყველა ერთმანეთის გადასწრებას ცდილობდა.
– წამოდი, მოსე, მივიდეთ ახლოს და ვნახოთ, რასაა, რომ სჩადის ეს ხალხი, – მითხრა დათამ.
მოედნისკენ გამოვიწიეთ კიდევ. გავჩერდით და აგერ გეტყვი, რაც ამბავი ვნახეთ: ის კოჭლი მედავითნე თაბაგარი – წუხელის რომ გვემსახურებოდა და სეთურმა თავის მარჯვენა ხელად რომ გაგვაცნო, – საგულდაგულოდ გადახერხილ კუნძზე გასულიყო და გულხელდაკრეფილი იდგა ზედ. მის წინ ორ მწკრივად გაშტრინგული ოცი თუ ოცდახუთი ქალი და კაცი რაღაც ლოცვას თუ ლექსს ლაპარაკობდა გაცხარებით. ილაპარაკეს, ილაპარაკეს და გაჩუმდნენ. ისინი რომ გაჩუმდნენ, მაშინ კუნძზე შესკუპებულმა თაბაგარმა ჩაიბუტბუტა:
– ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს!
ნიშანი მისცა თაბაგარმა და დაიწყო ისევ მრევლმა ბუტბუტი.
კაი ხანს იბუტბუტეს, იმსიგრძეს რა დაიხსომებდა, მარა ერთი კია, ყველა პწკარი არქიფოთი თავდებოდა და – პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონით! – ეს სიტყვა მიტომ დამამახსოვრდა, რომ საჩხერეში იმედაძეს ერქვა ერთს. პოლიქრონიონი ქართულად მრავალჟამიერს ნიშნავს, თურმე.
დამთავრდა ეს ამბავი და თავისუფლადო, უბრძანა თაბაგარმა იმ ხალხს.
მოკეცეს ცალი ფეხი მუხლში.
– სპრიდონა სულანჯია, შე მამაძაღლო, არ არის შენთვის დღეს სამუშაო! – პუტპუტით გამოაცხადა თაბაგარმა. – პილატე სვანიძემ ჩაცხოს კისერში ერთი და გააგდოს მაქედან!
პილატე სვანიძემ ჩაცხო კისერში სპირიდონა სულანჯიას და მუჯლუგუნით გამოაგდო მწკრივიდან. მსჯავრდადებული კაცი განზე გავიდა, თოვლზე დაჯდა, მოთქმა დაიწყო, ვაი ჩემს ცოლ-შვილს და ვაი მეო! არავინ მიაქცია ყურადღება სპირიდონა სულანჯიას.
სმენა ბრძანა თაბაგარმა. მერე მარჯვნისკენო, მერე – ნაბიჯითო, და წავიდა სადღაც ეშმაკებისკენ ის შემოფხრეწილ-შემობღლანძული ხალხი.
– საით მიდის ეს ხალხი, დედიკო? – კითხა დათამ ჩვენს დედაბერს.
– სამუშაოზე.
– ეგერ, ის დაგვალული კაციც სამუშაოზე მიდის, თუ?
– ეგ მიდის, თუ მიდის, თვარა…
– სპირიდონა სულანჯიამ რა დააშავა?
– მეტი ეკუთვნოდა, მაგ სასიკვდილეს. არქიფოს უმადლოდეს – დედაბერმა ენაზე იკბინა და ჯორი შემოაბრუნა: – არაა თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თვარა, ვნახავ თქვენი კუდებით ნასროლ ქვას და ვაი-უბედურებას!
წარმოიდგინე, კრინტი აღარ დაგვიძრავს არც ერთს.
მიყვებოდა გვერდში მედავითნე თაბაგარი თავის ხალხს კოჭლობა-კოჭლობით და იძახდა:
– ატ, ტვა, ტლი! ატ, ტვა, ტლი!
– ავყევით დედაბერს. შეგვიძღვა სეთურის სახლში.
მუთაქებით და ჭრელი ბალიშებით მორთული ტახტი ქონდა სეთურს, იმაზე იყო წამოგდებული. დაგვინახა შესულები, ადგა, დიდი ამბით ჩამოგვართვა ხელი. მზამზარეული სუფრა ედგა წინ: რა გინდა, სულო და გულო, ყველაფერი იყო ზედ, მიგვიწვია, დაგვსვა და მერე კითხა დედაბერს:
– ხომ კარგად მოუარე სტუმრებს, ასინეთა?
– უწესო კაცებია ორივე!
მასპინძელმა წარბი შეიკრა, დაფიქრდა და მიუგო:
– აჰააა!.. კაი, წადი შენ. მე მოვუვლი ამათ.
გაიხურა კარი ასინეთა-კუდიანმა. გადაგორდა ტახტზე სეთური. იმდენი იცინა და იხარხარა, მეგონა, ფაშვი ჩაწყდებოდა და დასამარხი შეგვექნებოდა.
იჯერა სიცილით გული, შეიმშრალა ცრემლები და გვითხრა:
– ასეა, მამა და შვილო, უწესო კაცები ხართ. ხომ გაიგონეთ, რა თქვა ასინეთამ!
სიმართლე თუ გინდა იცოდე, რაც იმ დილით ვნახე, ისეთ გუნებაზე დაგვაყენა იმან მეც და დათაც, ორივე, რომ იქნებ არაფერი გვეკითხა და ჩუმად გავპარულიყავით, მარა თვითონ დაიწყო ხუმრობა სეთურმა და შევგულიანდი მაშინ. ვიფიქრე, ვინ რას გაგვიბედავს ამ ორ სახელიან აბრაგს-მეთქი. მეც იმ ხუმრობის კილოზე ვკითხე ბალიშებში ჩაფლულ მასპინძელს:
– რა იყო, შე კაცო, ღამიანა რომ აგვაყენა მაგ შენმა ასინეთამ!
– ხუთ საათზე ვაყენებთ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი, რომ წესი ერთნაირია ყველასთვის, თვარა, თვითონაც შუადღემდე ძილს მომთხოვს და საქმე დაზარალდება. საქმეს რომ ვამბობ, სამუშავარს კი არ ვფიქრობ – კაცებს ვფიქრობ, მათი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის ვლაპარაკობ… გრძელი ამბავია ეს, მოსე-ბატონო!.. ერთი სახარება შეგვეწიოს, აგერ, ეს გადაზელილი ნამეტანი უხდება არაყს.
დავილოცეთ, დავლიეთ და კიდევ ვეუბნები სეთურს:
– სპირიდონა სულანჯიას რომ დაცხეს ამ დილას და კატის ცინდალივით გამოათრიეს იქიდან, ის, რავა, მისი ცხოვრების და კეთილდღეობის იყო?
– მასეა, აპა, რავა გგონია შენე?! კაცი შიშს და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. არ იტყვი, რა აქვს ნათქვამი სპირიდონა სულანჯიას? არქიფო სწორედ იმდენს გვაძლევს, შიმშილით რომ არ დავწყდეთო! სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა. ვთქვათ, და, მივეცი სპირიდონა დოყლაპიას, რომ ვაძლევ, იმაზე მეტი. კიდევ მეტი მოუნდება და რომ აღარ ექნება, მაშინ გაუბედურდება – პარვას და შურიანობას მოკიდებს ხელს. თხა თუ გაძღა, მგელზე ნადირობას მოინდომებს, ხომ გაგიგონია? რა გამოდის აქედან? კაცისთვის კაი თუ გინდა, არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო. რატომ თქვა სპირიდონა სულანჯიამ ის, რაც თქვა? გოჭები დააზარდა მაგან. ცხრა იყო, ექვსი მე წამოვიყვანე და სამი მას დავუტოვე. გაყიდა, ფული შეუვიდა ოჯახში და მიტომ. რვა უნდა წამომეყვანა, მისთვის ერთი დამეტოვებინა და არაფერს იტყოდა მაშინ. ასეა ეს. ახლა, ერთ კვირას არ გაიყვანს კაკოია თაბაგარი სამუშაოზე სპირიდონა ყბედს, დააკლდებათ მის შვილებს და ინანებს, რატომ ვთქვიო. სხვისთვისაც მაგალითი იქნება ეს, აღარავინ იტყვის მისთანას და თვითონ სპირიდონაც სიხარულით ცას ეწევა, ისევ რომ მისცემენ სამუშაოს და საშოვარს. სპირიდონას ნათქვამი დიდი ცოდვაა ნამდვილად. თვითონ შეცდა და დაზარალდა, ეს არაფერი კიდევ, მარა სხვასაც რომ წაუჯიკავა და უბიძგა, შენც თქვი და გაუბედურდიო – ისაა, რაცაა. მე თუ ამ ხალხის პატრონი ვარ, იმაზეც უნდა ვიფიქრო, რომ რაც ხალხს დააზარალებს და გზიდან გადააცდენს, სანამდე გაზრდილა და მოღონიერებულა ის, იქამდე უნდა ჩაიქოლოს და ჩაქვავდეს. ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აპა, რისთვის ვარ მე! მოხვიდე ამ ქვეყანას, ჭამო, სვა, დრო ატარო და ხალხისთვის არაფერი სიკეთე არ ქნა, რა ცხოვრება იქნება ასეთი ცხოვრება?! ორი სახარება შეგვეწიოს! აგერ ეს დოში მაგ გადაზელილზე უკეთესია, ნახეთ, თუ არა.
ნახა ჩვენმა მასპინძელმა, მეც და დათაც გულდასმით რომ ვუგდებდით ყურს, წახალისდა უფრო და განაგრძო:
– ასეა, ჩემო ბატონო, შიში თუ არ აქვს ადამიანს, შიში – დაიღუპება უეჭველად. მარა მარტო შიშიც არ კმარა. სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი, რომ კაცი ჩონგურის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი, მოდუნდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას. მერე, რა იცის დაძაბუნებამ?! ხო ხო, ხო! ათასი სენი, ავადმყოფობა შეუჩნდება სხეულს და მიდის კაცი საიქიოს. მიდის! რავარც მოაკლებ საზრუნავს და რავარც მოსუსტების და მოდუნების საშუალებას მიცემ, უმოკლდება წუთისოფელი. ასეა ეს. აბა, რატომაა, ღამიანად რომ ვაყენებ და სალდათურ ცხოვრებაზე რომ მყავს გადაყვანილი? აგერ, კუზიანი ასინეთა მასე რომ არ მყავდეს, რა აცოცხლებდა ამდენ ხანს. იცის, სიცოცხლეს რომ ვუგრძელებ, და მიტომაა ჩემი მადლიერი და ერთგული. ახლა, რაა კიდევ, თუ იცით? გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო, – კაკოია თაბაგარმა იცის მალ-მალე ამის თქმა და ნამდვილი ნათქვამია ეს. ადამიანი უგუნურია და მე მათთვის რომ ვარ, ისინი ჩემს წინააღმდეგ და ეშმაკეულის მხარეს არიან აპააა! სიკეთე თუ გინდა ხალხისთვის, სიყვარული უნდა ჩაუთესო გულში. უგუნური თუა, სიყვარულს რანაირად ჩაუთესავ? მარტო შიშით ვერ ჩაუთესავ. აპა, როგორ? რაფერ და, დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებიო და შენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევიო. თაბაგარი ამისთვის წამოვიყვანე კვირიკედან. დავაწერინე ლოცვები – ზოგი ლექსად, ზოგი სიმღერად და ზოგიც ისე. ნამეტანი კარგად და ძვირფასად აკეთებს ამას. უყენია ეს ჩემი ხალხი, ამეორებიებს დღეში სამჯერ: ერთს – დილით, მეორეს – სამუშაოზე და მესამეს – შინ რომ ბრუნდებიან საღამოთი, მაშინ. დროდადრო გამოცვლა უნდა ლოცვებს. ბერდება ლოცვა და ძალას კარგავს, დიდხანს ერთი და იგივე თუა… დავლიოთ ახლა და მთლად მთავარი რაცაა, გეტყვით იმასაც. სამი სახარება შეგვეწიოს! ზეთისხილს არ ჭამთ არც ერთი. არ გიყვართ, ალბათ. მიატანეთ ზეთისხილი, ნამეტანი კაი გემოს დატოვება იცის პირში.
– აბელი რომ გერქვა, არქიფო რატომ დაირქვი? – ლაპარაკის ხასიათზე იყო სეთური და, კითხვა თუ იყო, ახლა უნდა მეკითხა.
– რატომ და, აბელი ბერძნულად რას ნიშნავს, თუ იცი? აბელი ნიშნავს… მომაწოდე, ეგერ რომ წიგნი დევს, თუ კაცი ხარ… მასე. აგერ, ა!.. მოფუსფუსე, შეწუხებულ კაცს ნიშნავს და, სხვაფრად, არარაობას და მოჩვენებას… ბნელი ხალხი იყო ჩემი მშობლები, არ იცოდნენ ეს. ახლა, არქიფო… არქიფო! აგერ, ა, თავლის უფროსს, ცხენთა უფროსს ნიშნავს არქიფო.
– შენმა ხალხმა თუ იცის, ცხენების და თავლის უფროსი რომ დაირქვი?
– იცის აპა, რავა გგონია შენე?! ხალხს თუ უთხარი – ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია, შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო. გამოხვალ, დაჯდება შენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას. თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარა პირდაპირ არ უნდა ელაპარაკო, შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით!
ესეც რომ გვასწავლა თავლის უფროსმა კარს მიაყურა და დაიძახა:
– შე სასიკვდილე, ასინეთა, შემოდი ახლავე, ტკიპასავით რო მოკვრიხარ მაგ კარს!
შემოვიდა ასინეთა და, ჩვენ რომ მოგვესალმა, ისე მიესალმა სეთურსაც.
– დამითვალე და ჩამიანგარიშე ნათქვამი, ხომ? წადი ახლა და ჩაჯექი ნაობახტში შენით! ცეცხლის დანთება არ გაბედო, თვარა სამ დღეს არ გაკმარებ, დაგიმატებ კიდევ!
– კი წავალ ნაობახტში და ჩავჯდები, მარა შენთვის არ მიგდია ყური მე. ამ კაცებზე ვიყავი მიყურადებული.
– რავა, ამათ ნათქვამს მე ვერ გავიგონებდი, თუ?
– კი გაიგონებდი, მამავ და მარჩენალო, გაიგონებდი, აპა, ვერ გაიგონებდი? მარა ორი ადამიანი რომ გაიგებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გაიგებს და მიხვდება ისე?
სეთური დაფიქრდა, ხელი ნიკაპზე მიისვ-მოისვა და თქვა:
– კაი. ნაობახტში ნუ წახვალ, მიპატიებია. შედი კოკინაშვილისას და მის პელაგიას შეაპარე ლაპარაკში, ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს, რომ არქიფოზე ულაპარაკია რაღაც და მისი ნალაპარაკევი თაბაგართან კოლპინოვს მიუტანია-თქვა. გაიმეორე!
დაემხო დედაბერი მუხლებზე და კაკოია მედავითნის შეთხზული ლოცვა � ჩაბულბულების რა მოგახსენო, ენა ღრძილებიდან უვარდებოდა და ყვავის ბახალის ხმაზე ლაპარაკობდა � მარა სხაპასხუპით და ყოჩაღად თქვა. ადგა ზეზე. თავისი მარჩენალის ნათქვამი გაიმეორა, ისევე სალდათურად გამოემშვიდობა, გაბრუნდა და კარებამდე ნაბიჯი აკლდა, გააჩერა სეთურმა.
– კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა შინ, კოლპინოვებისას შედი და მის ტერეზიას შეაპარე ლაპარაკში, სპირიდონა სულანჯიას ნათქვამი თაბაგართან კოკინაშვილმა მიიტანა-თქვა. უკუღმაა ეს, მარა სულერთია. აპა-ჰე!
წავიდა ასინეთა დედაბერი და ისევ ჩვენ მოგვიტრიალდა სეთური:
– ადამიანი სანამდე მარტოა და არავის არ ენდობა, იქამდე ვარგა სხვისთვისაც და თავისთვისაც. პირის შეკვრას რომ ისწავლიან, მერე კაი აღარაფერი გამოვა მათი ხელიდან. მერეა, ყველაფერ უბედურ საქმეს რომ ბედავს კაცი. ისე, რომ თქვას ადამიანმა, არ ვქენი ღვთისნიერი საქმე, ასინეთა რომ ენის მისატანად გავაგზავნე, ხომ ასე გამოდის ვითომ? მარა, სინამდვილეში სწორედ ღვთისნიერ საქმეს ვაკეთებ მათთვის: ნდობა აღარ ექნებათ ერთმანეთის, მარტო იქნებიან, რამდენნიც არიან, და ყველა სათითაოდ მოერიდება პირის შეკვრას, ცუდ საქმეს და გაუბედურებას. ბრალი ჩემი, რომ ეშმაკობა მიხდება და გაწვალებული ვარ, მარა სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია, თვითონ თუ არ დაიჩაგრე და თუ არ დაიტანჯე. დაინანებს თავს კაცი – კეთილ საქმეს ვეღარ იზამს… სამი სახარება შეგვეწიოს!
– სამი სახარება იყო უკვე! – შევახსენე სეთურს.
– აჰ! არ ყოფილა სამი სახარება. სამი სახარების მადლი შეგვეწიოს… რაცხა, არ ჭამთ არაფერს და მიწუნებთ, მგონია, პურ-მარილს.
არ ღირდა შედავება და მეოთხე სახარების მადლი მესამე სახარებად დავლიეთ, მარა არც მერე აღარ მოგვეშვა სეთური, უზომო დაგვალევინა კიდევ და რამდენი ჭიქა ასწია, იმდენი მესამე სახარება დაარქვა. არ ქნა, არ მოუმატა არც ერთი, მამაძაღლმა. უარის თქმა, სასმელზე იყო თუ საჭმელზე, არ გაგვივიდა არც მე და არც დათას. ისეთები გვითხრა, ისე შეგვაგდო ნამუსზე, რომ სირცხვილით დავიწვით ორივე. ტიკი არაყი ეთქვა და შამფურზე დატრიალებული დეკეული – ან დავლევდით და შევჭამდით და ან დავიხოცებოდით.
– წავიდეთ ახლა, თუ გნებავთ, და გაჩვენებთ იმ ჩემ სამუშავარს და ჩემი ხალხის საშოვარს, – შემოგვთავაზა სეთურმა.
დათამ თავი დამიქიცინა, – წავიდეთო. მართალი გითხრა, სეთურის ლაპარაკის შემდეგ მეც მომინდა, მენახა, სად და რანაირად ირჯებოდა მისი ხალხი.
მალე მივედით და მასპინძელმა ხევს გადაღმა კლდეში გამოქვაბული დაგვანახა, – ისაა მაღარო და იქ მუშაობს ჩემი ხალხიო.
– ასე, ორასი საჟენი იქნება მაგ გვირაბის სიგრძე. აღმართში თხრიან და დაღმართში გამოაქვთ ზურგით. აქაურობა სულ მასეთი მიწაა. ის მთაც სულ მასეთი მიწაა და სხვაც, მარა ხალხს სარჩო ადვილად თუ აშოვიე, გაფუჭდებიან. ძნელი რომ არის და იმ სიღრმიდან ზურგით რომ უნდა ატარო – შეგიყვარდება საქმე. სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება. სნეული და ძნელი მოსავლელი ბავშვები რომ უფრო უყვარს დედას, თუ შეგინიშნავთ ეს? მარა აქ სხვაც არის კიდევ. აგერ გეტყვით. ხალხის ბედნიერებისთვის რაა საჭირო? შიმშილი – ერთი. ახლა, მთლად შიმშილი კი არა, მარა მთლად სიმაძღრეც არაა კაი. მეორე – შიში. სიყვარული იცის შიშმა და ქება-დიდება და ლოცვაც სიყვარულისთვისაა საჭირო – ორივე ერთად უნდა. კიდევ რაა ხალხის ბედნიერებისთვის საჭირო? ჯანმრთელობა. ჯანმრთელი მაშინ იქნება ეს ჩემი ხალხი, თუ არ მოვადუნე და დაჭიმული თუ მეყოლება მუდამ. დაჭიმული – აუცილებლად. ერთია კიდევ მთავარი და უამისოდ არ გამოვა არაფერი: იმედი! სადაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე ჩემი ხალხისთვის იმედი და ნამეტანი იმედიანად მყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად. მოდით, აგერ მომყევით, განახვებთ, როგორი იმედი მოვიგონე ჩემი ხალხისთვის.
გადაუხვია სეთურმა გზიდან, გავიარეთ ცოტა და მივადექით ჭას. ჭის თავზე ბოძი იდგა. ბოძზე კაი მოზრდილი ზარი ეკიდა. ზარის ენაზე წაბმული ბაწარი ჭაში იყო ჩაშვებული. ჭაში კაცი იჯდა და ეჭირა ხელში ბაწრის მეორე ბოლო.
– ეს ის ქონდრისკაცია, დილით თაბაგარმა რომ სამუშაოზე წამოიყვანა სხვებთან ერთად! – ვიცანი მე.
– კი, ისაა, – დამიდასტურა სეთურმა. – ხუთ შაურს ვაძლევ დღეში და ყველამ იცის ეს. მუნჯი და ყრუა.
– ზის მასე დილიდან ღამემდე და უჭირავს ხელში მაგ ბაწარი? – იკითხა დათამ.
– კი. მანდ ზის და უჭირავს.
– რას აკეთებს ამსიღრმე ჭაში მაგ დალოცვილი? – კაი ღრმა იყო ის ჭა და გამიკვირდა, წყალი რომ არ იდგა შიგ.
– იმედს აკეთებს, მოსე-ჩემო, ე იმ ხალხის იმედს! – გვითხრა სეთურმა და ხევის გადაღმა მაღაროსკენ გაიშვირა ხელი.
– კაცო, ღმერთი ცაშია, მის იმედად ჩემი მტერი დადგეს თუ უნდა, და ამ ჭაში ჩაგდებული კაცის იმედი ვისაა, რომ აქვს!
– გეტყვით აგერ და გაიგებთ, როგორ მაქვს დაყენებული საქმე. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის, მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან.
– მოიცა, არქიფო თუ კაცი ხარ! – შევაწყვეტინე ლაპარაკი. – შენ თვითონ არ თქვი ის ხვრელი სულ აღმართში მიდის და იქით მიდისო?!
– კი. ვთქვი. რაა მერე?
– რაა და, ის შენი ხვრელი თუ სულ უფრო ცილდება ამ ჭას და აღმართში იწევს სულ, რანაირად გამოვა გამოღმა და რანაირად გამოიხედავს ჭაში?
– არც გამოღმა გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. იმ მთას ხომ უყურებ შენ? მაგ მთაში იტრიალებს ხვრელი და არსად არ წავა იქედან. ასეა ნაანგარიშევი, – თქვა სეთურმა.
– ხალხმა თუ იცის ეგ?
– იცის, აპა რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის, რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის, და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო.
– ეს ზარი რისთვის კიდია აქ და ქონდრისკაცი რატომ ზის ჭაში?
– კითხა თუთაშხიამ სეთურს.
– ზებო ქვია მაგ ქონდრისკაცს. გრძნეულიაო, სახელი აქვს დავარდნილი, და ას საჟენზე რომ მოაწევს ხვრელი, გაიგებს ზებო. გაიგებს თუ არადა, ჩამოკრავს ზარს. რანაირად ელიან ამ ზარის დარეკვას, თუ იცით? აქეთ აქვთ ყურები გამობასრული სულ. არა, სიმართლეს ვიტყვი, ვაპირებ, მოვუმატო რამე, მარა ჭაში რომ გამოიხედავს გვირაბი, მერე რანაირად მოწყვება საქმე, იმაზე კიდია ყველაფერი. ერთია კიდევ: ახალი ფანდის მოგონება ჯობს სარჩოს მომატებას. უფრო სიამედოა ეს, მარა მოგონება არ გინდა?!
დათა თუთაშხიას სიცილი აუვარდა. იკავა თავი, იფარა პირზე ხელი, მასპინძელს არ ეწყინოსო. არ გამოუვიდა არაფერი.
ჩავიხედე ჭაში. ქონდრისკაცი მალ-მალე კლდეს ადებდა ყურს და ჩურჩულებდა რაღაცას.
– ყრუ არისო, ასე არ თქვი?
– ვთქვი.
– მერე, ყრუ თუა, რას გაიგონებს, ეგ უბედური?
– მოსე ჩემო, ამდენი რომ ვილაპარაკე, ვერაფერს ვერ მიხვედრილხარ შენ და თავიდან ლაპარაკი ძალიან მეზარება ახლა, – გული მოუვიდა სეთურს. – იქნები ამ ზამთარს აქ, მიაყურებ და ნახავ აქაურ ამბებს. გაიგებ, მართალი რომ ვარ, გაზაფხულისთვის.
დათამ თვალი მიქნა.
– ნუღარ შეწუხდები, არქიფო-ბატონო. მადლობელი ვართ დიდი, წავალთ აწი ჩვენ, დავისვენებთ პატარას და მერე ვიმუსაიფოთ კიდევ.
– კი, ბატონო, მიბრძანდით. საღამოთი, ვახშმობისას, უფრო კარგ ამბებს გეტყვით კიდევ, – დაგვაიმედა სეთურმა.
გამოვბრუნდით. დათასი არ ვიცი და მე ისე მქონდა თავი, ვითომ ათასი ჭრიჭინა მყავდა შიგ და ყველა ერთად სხვადასხვა ხმაზე ჭრიჭინებდა.
– სადილს ასინეთა მოგართმევთ, იცის მან, – მოგვაძახა სეთურმა.
წამოვედით. ვიარეთ ერთხანს ჩუმად. წყარო იყო გზად. გავისველეთ პირი და დათა მეუბნება:
– რა ვქნათ აწი, მოსე? ვიყოთ აქ თუ წავიდეთ სხვაგან?
ისეთ ბედნიერ ადგილს სხვას სად ვიპოვნიდით ეს ორი აბრაგი! მე შენ გეტყვი და, სტრაჟა ამოვიდოდა იმ გადასაკარგავში, ანდა სმაჭამას და მოსვენებას მოგვაკლებდა მასპინძელი.
– სხვაგან რატომ უნდა წავიდეთ, დათა-ბატონო?
– ეს ბოროტი კაცი და მის ხელში ჩავარდნილი ხალხი ძნელი საყურებელია მეტად. ჩემი ხასიათის პატრონი გადავეყრები რამე უბედურებას და სხვასაც უარესს შევამთხვევ, ალბათ. ვიცი მე ეს, პირველი არაა. ახალგაზრდა კაცი ვარ, შედარებით, მაგრამ ქვეყანა მაქვს მოვლილი და ასეთი გველეშაპის ნახვა არ მომხდენია არსად. ნახვა რაია – მსგავსი არ გამიგონია და არც წამიკითხავს არაფერი.
ვთქვი ყველაფერი, რაც სათქმელი მქონდა და მებადა. გლახას არავინ არაფერს გვიპირებდა და თუ დაგვიპირებდა ძღინკიანი აბელა… არქიფო, თუ რაცხა ეშმაკი სეთური რამეს, მის საიქიოში გაშვებას რა დიდი ამბავი უნდოდა?!
– დათა-ბატონო, რა ჩვენი საქმეა, რას უშვრება და რას უპირებს ამ ხალხს სეთური, – ვარწმუნებდი მე, მარა დაიჯერე, თურმე, და დაიკარგე აქედან, სანამ გვიან არ არის. – ბოროტებას სჩადის, მართალია, მარა, თუ მაგ ხალხს ღვთის რისხვა მამაო ჩვენო გონია, დამნაშავე სეთურია ვითომ? უარესის ღირსნი არიან მაგ ოხრები და მუდრეგები! შედგომიან ყმებად და მონებად დაფეხვილ კაკოია თაბაგარს. უნდათ, ალბათ, ყმობა და მონობა, თვარა, აგერ გზა და აგერ სავალი – იჭერს ვინმე, თუ? ასე ვქნათ ჩვენ: თუ დაგვიშავეს რამე და თუ იმდენი დაგვიშავეს, წასვლა რომ არ იკმაროს, მაშინ გადავკიდოთ კაპზე ხურჯინივით აქეთ სეთური, იქით თაბაგარი და ისე წავიდეთ.
იფიქრა დათა თუთაშხიამ კაი ხანს და გადაწყვიტა:
– იყოს მასე. ამ ზამთარში არ მიმიწევს მაინცდამაინც გული სხვაგან.
დავიძარით ისევ.
გასული კაცისთვის, საირმეზე იქნება თუ სხვაგან იქნება, გზებზე და ბილიკებზე სიარული არ ვარგა არაფრად. გასულმა კაცმა ისე უნდა იაროს, რომ გზას და ბილიკს ზემოდან ხედავდეს. ხომ გესმის, რაფრად გელაპარაკები? ზემოდან! მოვდივართ ასე, ტყე-ტყე, გზას მოშორებული. გაჩერდა დათა და გაიხედა იქით, ხევის გადაღმა.
– მოსე-ბატონო, ეგერ, იმ ბუჩქნარში რა ხდება, თუ მეტყვი?
დავაკვირდი.
– თვალი თუ არ მატყუებს, ბოვშვები გადარბიან და გადმორბიან, თამაშობენ. ომობანა იქნება ან ყაჩაღობანა. ხის ხმლები უკავიათ და მშვილდ-ისრებიც აქვთ, ეგერ, ე!
– კაი ორმოცი, ორმოცდაათი იქნება.
– კი იქნება.
– ამ ერთ მუჭა გასაცოდავებულ ხალხს ამდენი შვილები ვინ მიცა, ნეტავი!
– ღმერთმა, დათა-ბატონო, მშიერ-მწყურვალისთვის ღმერთს ბოვშვები არ ენანება, ქე იცი ეს შენ.
იყო ერთხანს დათა ჩუმად და მითხრა:
– ბოგაზე ნუ გადავივლით. არც წესია და… რას იტყვი შენ?
არ გადავსულვართ ბოგაზე. ჩავედით ხევში, მოვითქვით სული და ავყევით აღმართს. კაი გრძელი აღმართი იყო და ნამეტანი ძნელი ასავალიც. ბოგირი ხელმარჯვნივ მოვიტოვეთ, ასე, ორას-სამას ნაბიჯზე. ირიბად მივდივართ და სულ უფრო ვცილდებით ბოგას. ნახევარი რომ ავიარეთ, სიმღერა მოისმა, ბოგა რომ იყო გადებული, იმ ადგილიდან.
– იქ არიან ისევე, – ვთქვი მე.
– ბოვშვებზე ლაპარაკობ?
– დიახ.
დათა თუთაშხიამ გაიცინა:
– ვაითუ არ გამოვიდეს ის, მე რომ მგონია, და შევრცხვები კაცი. მშვიდობით მიგვიყვანოს ღმერთმა ასინეთასთან და გეტყვი მერე.
კაი, ბატონო, მარა ვერ მოვისვენე, ვერ იქნა. ჭია რომ ფიცარს შე-
უჩნდება, ისე შემიჩნდა რაღაც.
– თუ სასაცილოდ გვაქვს საქმე, მითხარი, შე კაცო, და გავიცინებ მეც!
დაინახა დათამ, რომ მეწყინასავით და მითხრა:
– ბოგასთან ორი თუ სამი ბიჭი რომ დატოვეს ბოვშვებმა, – იმღერეთო, ჩვენს მოსატყუებლად ჭირიათ ეს. თვითონ აქ არიან სადმე ჩასაფრებული და დაგვეცემიან მალე, ნახავ, თუ არა.
იმის გაფიქრება მოვასწარი მარტო, რასაა, ეს კაცი რომ მელაპარაკება-მეთქი, და დაიკივლა ვიღაცამ, მარა რა დაიკივლა თუ იცი! აქანა რომ დამკრა ჟრუანტელმა, ე, იქ ჩაიტანა ჟრიალი, ქუსლებში. იმ მამაძაღლს, ვიღაც იყო, არ ქონდა ჯერ ბოლომდე დაკივლებული, რომ ერთად იღრიალა ორმოცმა თუ ორმოცდაათმა ბოვშვმა და წამოვიდა ქვის, გორახის, ჯოხების, ისრების სეტყვა. შურდულის ზუზუნი დააყენეს მისთანა, რომე ცას რომ ექუხა და ჩამოქცეულიყო, ამას ვერ გაიგონებდა კაცი. გავშტერდი და სანამდე ნიკაპში არ მომხვდა მუშტისხელა ქვა და ღრანჭი არ მომიქცია, ასე, ა, – ვერ მოვიცვალე ფეხი… იბრუნა დათა თუთაშხიამ პირი და დაეშვა დაბლა. ისეთი თავპირისმტვრევით და შიშით გაქცეულს თუ როდისმე ვნახავდი დათა თუთაშხიას – არ მეგონა, სწორედ… პირი იბრუნაო! წამოიშალა ის, – სად და რანაირად ჩამალულ-ჩასაფრებული ბოვშვები და წამოვიდნენ, მძორზე სვავების გუნდი რომ წამოვა, ისე.
– აწი გჭირია კაცობა, მოსე ზამთარაძე!- გავიფიქრე მე, შევაპარე უბეში ხელი, ვიშიშვლე რევოლვერი და ვისროლე. ეს დომებია, თურმე, და სხვა არაფერი: ზოგი მიბრუნდა და გაიქცა, სხვებმა დაყარეს ქვები და შემომცქეროდნენ პირღია და გაფითრებულები.
– ფეხი არ გამოადგას ვინმემ, თვარა, დაგხოცავთ სათითაოდ, თქვე გველის წიწილებო და ტურის ლეკვებო, თქვენ! – მაინც ვიყვირე კიდევ.
ქვემოდან დათა თუთაშხიას ხმა მომესმა:
– მოსე, არ შეგცდეს, შიშმა არ აგიტანოს და არ დაიდვა ბოვშვის ცოდვა, არ გაგიწყრეს ღმერთი! რას გეუბნებოდი მე, ბოგასთან რომ სამღერად ბიჭები დატოვეს-მეთქი… არ გჯეროდა, ხომ?
– რას გვერჩიან, ეს გასაწყვეტლები, თუ იცი? – ჩავძახე, მარა სიცილით კვდებოდა და არ გამცა პასუხი.
– ვინ ხართ, თქვენი სინსილა გაწყვა, და რა გინდათ ჩვენგან! – ვკითხე იმ ხალხს.
ხმა არ გაუღია არავის. შეკრეს ტუჩები და იყვნენ გაბუსუნებული.
ამოვიდა დათა თუთაშხია ხრამიდან და მეუბნება:
– ველურები არიან აგენი. უცხო კაცი არ დაუნახავთ, ისე გაიზარდნენ. მატარებელი კი არა და, ეტლი რომ დაინახონ, ქვას ესვრიან უეჭველად. ბოვშვებთან და დედაკაცებთან ჩემ მტერს ქონდეს საქმე. იარაღს მათთან ვერ იხმარ და რომ შეინახავდე…
– ხომ არ გაგიჟებულხარ, დათა-ბატონო! კინაღამ დაგვხოცეს ამ ძაღლისშვილებმა. იარაღს ვერ ვიხმარ კი არა… სამარემდე გზა ქონიათ. დავწყვეტ ყველას! რავა, ბოშო, ჩემი ხელის შემომკრავი ამ საქართველოში კაცი არ მეგულება და…
დედა, რას გავდნენ, აუუ! ჩამოდღლეზილები ჭუჭყიანები, გაუბედურებულები. გალიაში ჩამწყვდეული მელიები თუ გინახავს, სწორედ ისე აბრიალებდნენ თვალებს.
– არ შეშინდეთ, ბიჭებო, – მოუწოდა თავის ამხანაგებს – ერთი გოგო იყო – ჩვენში რომ სამ-სამი შვილი უკვე ყავთ და მეოთხეზე რომ არიან ორსულად – მისთანამ, – ბოვშვები ვართ ჩვენ და არ გვესვრიან მაგენი ტყვიას.
– რა ვქნათ, აწი? – გადაველაპარაკე დათას.
დათამ მხრები აიჩეჩა, არ თქვა არაფერი.
– კაცო, ვინ ხართ და რა გინდათ ჩვენგან, არ იტყვით?
– არქიფოს მტრები ხართ თქვენ! – დაიყვირა გოგომ და აიღო ისევ ყველამ თავ-თავისი ქვა და იარაღი.
– ჩვენ ვართ, გოგო, არქიფოს მტრები? არქიფოს სტუმრები ვართ ჩვენ და ძმასავით ვუყვარვართ ორივე. ვინ გითხრათ მაგ ამბავი, რავა გეკადრება მაგხელა ქალს!
– ასინეთა ბებიამ თქვა და მართალია ეს!
– შეხედე, კუზიან მამაძაღლს! გაიგონე, სიდან მოდის ეს ამბავი, დათა-ბატონო?!
– წადით, ბავშვებო, და ითამაშეთ. აბა, ჰე! – ისე უთხრა დათამ, ვითომ საკუთარ შვილებს ელაპარაკებოდა.
ჩვენი დაძვრა იყო და, დაიძახა ვიღაცამ, – არ გაუშვათო! – შემოგვიარეს ყველა მხრიდან, შემოგვარტყეს ალყა…
– მართლა შემომაკვდება, ვინცხა იქნება! – ვთქვი მე.
– გაჩერდი, მოსე, კარგად იცი ძალიან, ამ პატარა გოგო-ბიჭებზე იარაღს ვერ იხმარ და ნუ ლაპარაკობ ტყუილად.
ასე იყო, მეც მივხვდი, მარა რო მოიწევდნენ და რკალი რომ სულ უფრო ვიწროვდებოდა გარშემო, ამას რა ეშველებოდა, ნეტავი! იმდენი წლის აბრაგობაში, კატორღაში თუ კატორღის მერე გინდა, რა არ გადამხდენია – ბოვშვებთან არ მქონია საქმე არასდროს. გავიხედ-გამოვიხედე, აგერ, ბიჭი მოიწევს და დიდ, შამფურისხელა ისარს მიმიზნებს… ეგერ, ე, მთელი გუნდი მოდის, დიდი ქვები უკავიათ ორივე ხელში და უბეებში ცალკე აქვთ კიდევ… უკავიათო? საქმე ისაა, რა ხელს უკავია და რა გუნებაზეა ის კაცი ვიღაცას უკავია! რა გუნებაზეა და იმფერი კაცისხორცმოშიებული ბრბო სადმე თუ უნახავს ძეხორციელს ვინმეს, არ ვიცი მე.
შევხედე დათას, ფერი აღარ ადევს სახეზე.
– ხმა გაიღეთ, ქე მაინც, თქვე კაი კაცის შვილებო. არ იტყვით, რას გვიპირებთ?. – ვთქვი მე.
– მოსე-ბატონო, სახუმარო საქმე არ არის ეს საქმე. მასე ვერ გავხდებით ვერაფერს. მოვიგონოთ რამე, თვარა, ბავშვის სიკვდილის ცოდვას კისერზე ვერ ჩამოვიკიდებთ და აგენი სამწვადედ აგვქნიან იცოდე!
დათა თუთაშხია ხელმწიფის ტახტის ფასად ვერ მოახერხებდა ტყუილს, ყველამ იცის ეს და ეშმაკობის და სიცრუის ოსტატი არც მე ვიყავი დიდი. მარა, ნათქვამი რომ არის, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, მართალია ეს. კაცს რომ გაგიჭირდება, ჭკუა და გონება ხანდახან ისე გიყოჩაღებს და გიმარჯვებს – დრო გაივლის და გაგიკვირდება მე ვთქვი და მე გავაკეთე ესო?!
– რომ ლაპარაკობთ, არქიფოს მტრები ხართო, ახლა არ ვიყავით ერთად არქიფო, აგერ, ბატონი ფორია და მე ჭაზე? მტრები თუ ვიქნებოდით, ჭაზე რა გვინდოდა ერთად? – იმ ზღარბივით აფაფრულ ჭინკებს და ეშმაკებს ვუთხარი და, წარმოიდგინე შენ, მოუკლეს ნაბიჯს.
კაი, ბატონო, ვთქვი, ნაბიჯსაც უკლეს, მარა მთლად კი არ გაჩერებულან. მოიწევდნენ და კიდევ უნდა მეთქვა რამე. რა მეთქვა, აწი? გეტყვი რა ვთქვი:
– რა ვნახეთ იქ, თუ იცით? ისეა საქმე, რომ მამათქვენების ხვრელი საცაა უნდა გამოვიდეს ჭაში!
გაქვავდა ყველა და ისეთი თვალებით შემომაშტერდნენ, ვითომ ქრისტეს გამოცხადების ამბავი მეთქვას.
– ვინ თქვა ეგ? � ის მკივანი გოგო რომ იყო, მასაც სანახევროდ ყრონტში გადავარდნოდა ენა.
– ზებომ! აგერ, ბატონმა ფორიამაც თქვა. ვინაა, თუ იცით, ბატონი ფორია? ბატონი ფორია ხვრელების, გვირაბების და სხვა მისთანა მამაძაღლობის პირველი ოსტატია ამ ქვეყანაზე. ლიხის მთაში რომ გვირაბია გაჭრილი, ვისი გაჭრილია ის? აგერ, ა, ბატონ ფორიას გაჭრილია! სეთურმა საგანგებოდ ამომაყვანინა ქუთაისიდან ბატონი ფორია და ისეა საქმე, რომ ზემობ აგერ-აგერ უნდა ჩამოკრას ზარს და მერე ნახეთ თქვენ!
ვთქვი ეს და იღრიალა ყველამ ერთად, დაიწყო მიწამ ზანზარი და ზეცამ ქანაობა. უნდა ვთქვა მართალი, კიღამ ძირს დამაგდო ელდამ: ისევე შეტევაზე გადმოსვლა მეგონა, მარა, თურმე, სიხარულისგან ღრიალებდნენ და მომეშვა გულზე.
– მოიცათ, გაათავეთ ყვირილი! – დაიძახა გოგომ. – გაჩუმდით ახლავე ყველა!
გაჩუმდა ყველა.
– არქიფოს მტრები თუ არ ხართ, რატომ არ გიხარიათ თქვენც! – თქვა გოგომ.
– ჩვენ არ გვიხარია? ჩვენ რომ გვიხარია, ვის უხარია ისე!
– რატომ არ იყვირეთ, თუ გიხარიათ?
– ვყვიროდით, აპა, არ ვყვიროდით? – კი ვთქვი, მარა ვერ დავაჯერე ვერავინ.
– ფეხი არ მოიცვალოთ არც ერთმა! – გვიბრძანა გოგომ.
ნამეტანი ახლოს მოვიდნენ ის მოსასპობები. გრძელი, წვეტიანი, მარგილივით კეტი ეკავა ერთს. ემძიმებოდა, ალბათ, და მკლავი რომ დაეღალა და დასვენება რომ იფიქრა, იმ კეტის წვეტი ქამარზე დამანდო.
დედა, რაფრა იყო გამახული!
გაიყვანა გოგომ განზე სამი მოზრდილი ბიჭი. იჩურჩულეს რაღაც და დაბრუნდნენ ისევ.
– ახლა გამოჩნდება, თუ გიხარიათ. იმღერეთ ჩვენთან ერთად!
აწია ერთმა ცხვირმოუხოცელმა ღლაპმა ხელები ლოტბარივით და დაიწყეს სიმღერა. შენს მტერს! თაბაგარი დილაობით რომ ლოცვას ალაპარაკებდა იმ ხალხს და ყველა პწკარი რომ არქიფოთი მთავრდებოდა – ის სიმღერა იყო. დათამ და მე არც სიტყვები ვიცოდით მისი და არც ხმა. მღერიან ისინი, ვდგავართ აწურულები. რომ არ ვმღერით, ბრაზდებიან თანდათან და გვეცემიან სადაცაა, ალბათ. რა გვექნა და რა გვეღონა, ამის ფიქრში რომ ვარ, მომაწვა მუცელში ის გამახული მარგილი, ჩემს ქამარზე რომ იყო ჩამოსვენებული. ასე სიმღერა-სიმღერაში დაგვხოცავდნენ, ლაპარაკი არ უნდოდა ამას.
– არ ვიცით მაგ სიმღერა ჩვენ! – ვიყვირე მე – კაცო, გვასწავლეთ ჯერ და ერთად ვიმღეროთ მერე.
გაწყვიტეს ხმა. დავჯექით კაი ძმაკაცებივით და დავიწყეთ სწავლა. არაფერი ძნელი არ იყო, რომ თქვას კაცმა. დაფეხვილ თაბაგარს მისი მრევლის ჭკუის კვალობაზე ქონდა შეთხზული სიმღერები. ადვილად ვისწავლეთ ორივემ. დათა იყო კარგი სანახავი – ნამეტანი ცდილობდა, დალოცვილი. რომ ვისწავლეთ, დადგნენ მწყობრში, ჩაგვიყენეს წინ. გამოვარდა ერთი ბზიკივით ბიჭი, სწორედ თაბაგარივით დაიპუტუნა და დავიძარით. დაბამდე სულ სიმღერით და არქიფოს ძახილით ვიარეთ. მერე პოლიქრონიონი გვათქმევინეს სამჯერ და, წარმოიდგინე შენ, გაგვიშვეს.
შევედით ოთახში, ჩავემხეთ ლოგინებში. სანამდე სათუოდ გვქონდა საქმე, კი ეშინოდა დათას, მარა მაინც სიცილის გუნებაზე იყო. მოვედით შინ და მოიშალა ჩემი ამხანაგი თანდათან და ახლა, დანა რომ დაგეკრა, წვეთი სისხლი არ გადმოუვიდოდა, ისეთ გუნებაზე შეიქნა.
– რას მოვესწარი ამას, დასწყევლოს ზეცა-უფალმა! სალდათობა რომ არ მინდოდა, გააბრაგებამ მიტომ მომიწია და შეხედე, ერთი… ჰა? – ვთქვი მე.
– წავიდეთ აქედან, მოსე-ბატონო, თვარა, ასე ხუმრობა-ხუმრობაში, იმ მიწასაც მოგვათხრევინებენ მაგენი.
ვიწექით და ვისვენებდით განსაცდელის შემდეგ. არქიფო სეთურის ხალხის სოროებიდან და ბუნაგებიდან სულ სიმღერა და ტაშ-ფანდური ისმოდა. მამის სულს ვფიცავარ, არ გაჩერებულან ღამემდე.
ასინეთა მობრძანდა, სადილი შემოგვიტანა.
– დღეს ანგელოზია რომელიმე, დღეობაა თუ რაა, ნეტავი, ეს ხალხი რომ მღერის და მხიარულობს? – კითხა დათამ.
– არაფერი დღეობა და ანგელოზი არ არის დღეს.
– აბა, რა დაემართათ?
– რომ არ დამართიათ და არ აწუხებთ არაფერი, მიტომ მღერიან სწორედ!
შევჭამეთ თითო ლუკმა, მივწექით ისევ და გვეძინა, სანამ მასპინძელმა ასინეთა-კუდიანი გამოგვიგზავნა, ჩემსას მობრძანდითო.
ნამეტანი უხალისოდ წამოვიდა დათა. არც მე ვიყავი ხასიათზე, მარა წაუსვლელობაც არ ივარგებდა.
შევედით სეთურისას. თავის ბალიშ-მუთაქიან ტახტზე იწვა. გვერდში თაბაგარი ყავდა ჯორკოზე იმ წიგნით ხელში, საიდანაც დილით აბელის და არქიფოს ამბავი გვითხრა. ფურცლავდა წიგნს და ეპუტუნებოდა თაბაგარი თავის პატრონს. სეთურმა გვანიშნა, დაბრძანდით და ჩუმად იყავით პატარა ხანსო. გვანიშნა, თვარა, არც განძრეულა და არც ხმა დაუძრავს. თაბაგარმა, – არ ვიცი, გართული იყო, თუ ადამიანებად არ მიგვიჩნია, – ჩვენსკენ არც კი გამოიხედა. წიგნს ფურცლავდა და პუტუნებდა თავისთვის.
უხერხულად ვიგრძენი თავი, მარა რას ვიზამდი. საჭმელ-სასმელს არავინ გვთავაზობდა და თაბაგარს მივაყურეთ, აბა, რა გვექნა!.. სახელებს კითხულობდა:
– ექვთიმე გულკეთილს ნიშნავს. გამოდგება ეს. ა, მელენტი, – მზრუნველი ყოფილა ბერძნულად. ვუკოლ – ხარების მწყემსი. არ გვინდა ეს. თავლის უფროსი ქე ხარ უკვე და ხარების მწყემსი აღარაა საჭირო. პოლიევქტი… კაია, დიდად სასურველს ნიშნავს. დომენტიც კაია � დამწყნარებელი. აბესალომი – ებრაული სახელი ყოფილა და მშვიდობის მამაა, თურმე. ესეც კაია ნამდვილად – ტიხონ! უჰ, ნამეტანი კაია, ბედნიერების მომტანს ნიშნავს და, აგერ ერთი მეგულება კიდევ… კალენიკე � ბრწყინვალედ გამარჯვებული. რამდენია? შვიდი, ხომ? იყოს. გვეყოფა შვიდი: ექვთიმე მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე, დარჩეს ასე?
– მასე დარჩეს.
ხელი აუქნია სეთურმა თაბაგარს. წავიდა თაბაგარი და გვეუბნება სეთური:
– ხალხზე ზრუნვას რომ იკისრებს კაცი, არც ძილი უნდა იცოდეს და არც მოსვენება. ცუღლუტობა შევატყე ზოგიერთს. არ შეიძლება, აიყოლიებენ სხვებს და ყველა გაუბედურდება. რაა საჭირო ასეთ დროს? რაა და, უნდა მოუჭირო! ყველას უნდა მოუჭირო ერთად. დააყენებს ხალხს კაკოია თაბაგარი, ასწავლის, აქ რომ სახელები ვილაპარაკეთ, ზეპირად. სახელებს რომ დაისწავლიან, მერე რომელი რას ნიშნავს, იმას დაასწავლის. შენი კაცის გონებას საქმე შენ თვითონ უნდა გაუჩინო, თვარა, კაცი თვითონ გაუჩენს საქმეს თავის თავს უშენოდ და რა უბედურებას გამოიგონებს, ვინ იცის! შენ რომ გჭირია, ის საფიქრალი უნდა მიცე. მაშინ იქნება მათი საქმე კარგად და ბედნიერად.
– კი, მარა, არ კითხავს ის ხალხი თაბაგარს, რად გვინდა, მაგ სახელებს რომ გვასწავლიო? – ვკითხე მე.
– აუხსნის ჯერ და აღარ კითხავენ. მაგ ჩემი სახელებია ყველა. აწი ერთი სახელით, – არქიფოთი, ვეღარ მახსენებენ. რვა სახელი უნდა თქვას, ჩემს ხსენებას თუ მოინდომებს ვინმე. აპა, რავა!
– ბოდიშს მოვიხდი თქვენთან, მარა შეუძლოდ ვარ მე. უნდა წავიდე და მოვისვენო პატარა, – თქვა დათამ, ადგა, დაგვემშვიდობა და წავიდა.
ვერ გავყევი, მომერიდა, არ იწყინოს სეთურმა-მეთქი. კაი ხანს შევრჩი იქ. ილაპარაკა მასპინძელმა ამ მთის და იმ მთის. მალაპარაკა მეც. რომ წამოვედი იქიდან, შუაღამე გადასული იყო უკვე. შემოვუარე სახლს, მივედი. წამოუხურავს დათა თუთაშხიას ნაბადი, ზის კიბეზე, მიყუდებია მოაჯირს და ასცქერის ზეცას. შევედით, ჩავწექით ლოგინში. ნაბახუსევს ჩამეძინა მალე და არ ვიცი, დათამ ადრე დაიძინა თუ გვიან.
უთენია ისევ ატეხეს ზარის რეკვა და ალიაქოთი. ასინეთას მოსვლას აღარ დავლოდებივართ, ჩავიცვით, გამოვედით კარში. გავიდა პატარა ხანი, მოგროვდა ხალხი. დაეწყვნენ. მობრძანდა კაკოია თაბაგარი, შედგა თავის კუნძზე. თქვეს ჯერ ლოცვები. მერე აუხსნა თაბაგარმა, – დღეის იქით მარტო არქიფოდ გიხსენებიათ ჩვენი მამა და მარჩენალი, – არქიფომ იცოდეს და თქვენო! ჩამოუთვალა ის შვიდივე სახელი. გაყუჩდა ხალხი. მერე ვიღაცამ თქვა, დაგვასწავლე, თვარა, დავიღუპეთ და ის არისო. თაბაგარმა, – გასწავლით, აპა, რავაო.
– �რომელი არს არქიფო�! – აქამდე თქვით და გაჩერდით, აღარ თქვათ მეტი!
– ხოლო მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელი არს არქიფო…
– მიუმატეთ მაგას: ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე – და დაუმატეთ კიდევ, ძველად რომ იყო, ისე: იცოცხლოს მარადჟამს!
არაფერი არ გამოვიდა აქედან, ვერ დაიხსომეს სახელები. სამჯერ თუ ოთხჯერ ცადა თაბაგარმა – მაინც ვერ დაიხსომეს. გაწყრა სეთურის მარჯვენა ხელი, ძალიან გაწყრა.
– ასე უცბად, კაკო-ბატონო?! – თქვა ვიღაცამ.
– ლაპარაკი! – დაიპუტუნა თაბაგარმა.
გაწყვიტა ხმა ყველამ.
– რას ნიშნავს ეს სახელები, თუ იცით?
– არ ვიცით.
– საიდან უნდა ვიცოდეთ.
– არქიფოიანა რვაა ხომ? – თქვა თაბაგარმა.
– რვაა, ვითომ?
– რვაა, რვა!
– გეტყვით ახლა რვავეს, რომელი რას ნიშნავს, – დაიპუტუნა თაბაგარმა. – სახელები ამ საღამოსთვის უნდა იცოდეთ ყველამ. მიგდეთ ყური: თავლის უფროსი – ეს ქე იცოდით თქვენ.
– ვიცოდით.
– აპა, არ ვიცოდით?!
– ვიცით ახლაც.
– სმენა იყოს! მე რომ ჩამოვთვალე, ის სახელები ნიშნავს: გულკეთილს, მზრუნველს, დიდად სასურველს, დამწყნარებელს, მამას მშვიდობისას, ბედნიერების მომტანს და ბრწყინვალედ გამარჯვებულს. გაიგეთ?
– მასე ვისწავლოთ, კაკო-ბატონო. ქართულია ეგ და უფრო გვეხერხება ჩვენ.
– არ გამაგონოთ! ლაპარაკი, ახლა! ისე უნდა ისწავლოთ, როგორც გითხარით. არაფერი არ ვიცი მე.
– კიდევ გვასწავლე, თვარა…
– ვადა მოგვეცი, კაკო-ბატონო, ასე ერთ დღეში მაგდენ სიბრძნეს რა ისწავლის!
– კი, ვადა კაი იქნებოდა, ნამდვილად.
– ლაპარაკი! არ იქნება ვადა. ქაღალდზე დავწერ, მოგიტანთ და სერაპიონამ ქე იცის ასოების გარჩევა, მოგეხმარებათ სერაპიონა.
გაბრუნდა თაბაგარი ქაღალდის მოსატანად.
– ახლა დავიღუპეთ ფესვიანად და ცოლშვილიანად. წელებს დაგვწყვეტს სერაპიონა მისი წილი მიწის თრევით!
– ვინ მიცემს მაგის ნებას! იცის ასოები და უნდა მოგვეხმაროს უსასყიდლოდ, აპა, რავა!
– კი, აბა! მე წუღის შეკერვაც მეხერხება რა ვქნა აწი, წუღებიც უსასყიდლოდ გიკეროთ თუ?
იქ ჩოჩქოლი და ვაი-ვიში ატყდა, კაცს ეგონებოდა, კლდიდან გადაყრას უპირებს ყველას კაკოია თაბაგარიო.
– რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! – დაიძახა დათა თუთაშხიამ და გაინაბა ხალხი. – ერთი დღის მოსული კაცები ვართ ჩვენ, უცხო კაცები… ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელმა სეთურმა და, აგერ, ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?!
– რაო, რას ამბობს მაგ კაცი?
– რა ამბობს და, მარჩენალზე – მამაძაღლიო, და თაბაგარზე – მოსასპობიო!
– მამაძაღლი და მოსასპობიო!
– გაგვაუბედუროს უნდა, ხომ!
ერთი წამით გაინაბა ხალხი, მერე იყვირა ვიღაცამ, – დასცხეთ მაგათ, ბიჭებოო! ამის დაძახება იყო და, ცოფიანი ქოფაკებივით გვეტაკა ყველა… დათას უკნიდან მარგილი ჩაცხეს, დააგდეს ძირს და ამ დროს დამაყარეს მეც.
– დამბაჩები აქვთ მაგენს! – დაიყვირა ვიღაცამ.
თვალის დაფახუნებაში აგვართვეს იარაღი და გვირტყეს, მარა რა გვირტყეს! სანამდე მობეზრდათ – იქამდე. რომ მობეზრდათ, გამოიყვანეს თავლიდან ჩვენი ცხენები, მიგვაბეს კუდებზე და გადაკრეს მათრახები. ორასი, სამასი ნაბიჯი გვათრიეს დამფრთხალმა ცხენებმა.
კაი ხანს ვეყარეთ მიწაზე. არავინ მოგვკარებია. მოვითქვით სული, გავიხსენით, რავარც იქნა, ხელ-ფეხი, მარა სიარული არ შეგვეძლო და რაფრად ავფორთხდით ცხენებზე, ახლაც ვერ გამიგია. ავფორთხდით და ჯერ ჩვენი იარაღის სამალავს მივაკითხეთ. დიდი წვალება გადაგვხდა იქაც, სანამდე დავქვეითდებოდით, იარაღს ავისხამდით და ისევ შევჯდებოდით. მერე დავიძარით ამ უბელო ცხენებით, მთაში მეჯოგეების კარვები ვიცოდი – ავედით იქ და დავბინავდით.
ზამთარი იდგა. მეჯოგეები ქვემოთ იყვნენ, ჭალებში. კაცი პატრონი არ გვყავდა, არც წყლის მომტანი იყო ვინმე, თვარა, პურის ნატეხს ვინ ჩივის. ქე ვთქვი უკვე, ათ დღეს ვერც ცხენებზე შევჯექით, არც პირში ჭადის ნატეხი გვქონია და რანაირად ვიქნებოდით, უნდა
ამას ლაპარაკი?
მთლად დაბეგვილ-დალეწილები რომ ვიყავით, – ეს ცალკე იყოს. გული ცალკე მქონდა გასიებული. როდისმე ხომ მოვითქვამდი სულს?! ჩავიდოდი, ჩავჯდებოდი ბუჩქებში და სეთურით და მისი მარჯვენა ხელით დაწყებული, ქონდრისკაცით გათავებული – სინსილას
გავწყვეტდი მათსას, მარა დათა თუთაშხიამ არ დამანება:
– მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, მოსე-ბატონო, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი. ჩემი ბრალია ყველაფერი. იქ რომ მითხარი, უნდა, ალბათ, მაგ ხალხს ყმობა და მონობაო, – მასე ყოფილა მართლაც. აგერ შენ, აგერ მე და იქ, მაღლა ღმერთი – ფიცი დამიდვია, აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში, სანამდე არ დავრწმუნდები, ჩარევა ჯობს თუ ჩაურევლობა. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს.
ფოთთან ადგილია ერთი, სახელი აღარ მახსოვს მისი: ფერშალი იყო იქ, სანდო კაცი, და პატარა ლაზარეთი ქონდა საკუთარი. სხვა გზა და გამოსავალი არ იყო – მე მოტეხილი ფეხი უნდა მემკურნალა და დათა თუთაშხიას – გამიზეზებული იარა.
შევჯექით ცხენებზე, როცა შევიძელით, და დავეშვით საირმის მთიდან.