ბიოგრაფია

გრიგოლ ხანძთელი

759-861

პოეტი, მწიგნობარი, მოაზროვნე, საეკლესიო მოღვაწე, ტაოდკლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ფუძემდებელი. მისი თაოსნობით აშენდა 4 მონასტერი კლარჯეთში (ხანძთა, შატბერდი, გუნათლე, მერე) და ერთიც დასავლეთ საქართველოში – უბე.

იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ,

ჰასაკითა სრულ, ყოლად კეთილ სრულიად,

გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.

გიორგი მერჩულე

გრიგოლი, წარჩინებული და მართლმორწმუნე დედ-მამის შვილი, ნერსე ერისთავის ოჯახში იზრდებოდა, რადგანაც ერისთავის ცოლის ძმისწული იყო და მამიდამ იშვილა. ყმაწვილს სწავლისადმი განსაკუთრებული გულმოდგინება გამოუჩენია. საღმრთო და ფილოსოფიური წიგნებიდან კეთილი შეუთვისებია, ხოლო „ჯერკუალი“ განუგდია. ასაკის მატებასთან ერთად სათნოებაც შეემატა, დიდი მჭევრმეტყველი დადგა.

ნერსე ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო, ქართლის გაძლიერებისათვის მებრძოლი. გრიგოლიც კარგად ხედავდა არაბების მიერ დაპყრობილი ქვეყნის მდგომარეობას, იცოდა, რომ სახელმწიფო და სარწმუნოება ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული და ერთის გაძლიერება მეორეს უშველიდა. ამ და სხვა მიზეზთა გამო 22 წლისამ მიატოვა ოჯახი და სამ თანამოაზრესთან ერთად სამხრეთ საქართველოში, ოპიზის მონასტერში წავიდა. იქ ორი წელი დაჰყვეს, მაგრამ მამა გრიგოლს განმარტოება ეწადა. ამ მიზნით ინახულა ხანძთა, ძალიან მოეწონა და თავის ძმობის წევრებთან ერთად იქ გადავიდა.

მშენებლობა ძნელი აღმოჩნდა. ხანძთა კლდიანი ადგილი იყო, მათ კი ცული და წერაქვიც არ ჰქონდათ, შიშველი ხელებით მუშაობდნენ. პირველად ააშენეს ხის ეკლესია, პატარა სენაკები და სასადილო.

გრიგოლი დარწმუნდა, რომ დაწინაურებულ საერო პირთა დაუხმარებლად დიდ მშენებლობას ვერ წამოიწყებდა. ამ მიზნით გაიცნო აზნაური გაბრიელ დაფანჩული და მისგან ნივთიერი დახმარება მიიღო. შემდეგ მეფე აშოტმა იხმო თავისთან. სასახლეში მისულს კურაპალატი ფეხზე წამოუდგა, ერთმანეთი დიდი სიმდაბლით მოიკითხეს. გრიგოლმა დალოცა ბაგრატიონთა გვარი  და უკუნისამდე მეფობა უსურვა. აშოტმა და მისმა შვილებმა – ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმა, უხვად გაიღეს ყოველივე, რაც მონასტრისათვის იყო საჭირო, ადგილებიც და სამშენებლო მასალაც.

სწორედ გრიგოლ ხანძთელი და აშოტ დიდი კურაპალატი გახდნენ ფიზიკურად დამარცხებული და სულიერად დათრგუნული მხარის აღორძინების მოთავენი და შეძლეს უდაბნო ქალაქად ექციათ. აშოტ კუროპალატის მიერ დაწყებულ გაერთიანებას ეკლესია მტკიცედ ედგა მხარში და მაგალითსაც აძლევდა – პოლიტიკურად დაქუცმაცებულ საქართველოს ერთი კათალიკოსი ჰყავდა. გრიგოლმა სწორად განჭვრიტა ქვეყნის მომავალი საჭიროება, წესის მცირე დარღვევას ყურადღება არ მიაქცია, და ქართული ეკლესიის კათალიკოსად გამოჩენილი ერისკაცის შვილი არსენი დაამტკიცა.

წმინდა მამას აშოტ ბაგრატიონი ბიბლიური დავით წინასწარმეტყველის შთამომავალად მიაჩნდა, ამიტომ თავს უფლება მისცა, კურაპალატის პირად ცხოვრებაშიც ჩარეულიყო. ხორციელი სიბილწე ააშორა, წაართვა სიძვის დიაცი და დედა ფებრონიას ჩააბარა. „გარდარეული სიყვარულის“ მიუხედავად მტერთან შეუპოვარი მეფე იძულებული გახდა ბერის ნებას დამორჩილებოდა.

გრიგოლის სახელი გასცდა კლარჯეთს. ასევე დიდი სიხარულით, ფეხზე წამოდგომით შეხვდა მას დასავლეთ საქართველოს, აფხაზთა მეფე დემეტრე.

ხანძთის ძმობა თანდათან იზრდებოდა, ბევრს უნდოდა წმინდა მამასთან მოხვედრა, მაგრამ გრიგოლი უღირსს არავის იღებდა. ის უცხოეთშიც ეძებდა კავშირებს, ცდილობდა იქიდან ახალი და ღირსეული შეეთვისებინა.

სამონასტრო წესების  დასადგენად საბაწმინდის ლავრიდან ჩამოატანინა წესდება და ამის მიხედვით შეადგინა  ბრძნული და ცოდნით გასხივოსნებული კანონი. გრიგოლმა  საბასთან ერთად მეორე იერუსალიმის ანუ კონსტანტინოპოლის წმინდა ადგილები ინახულა. რადგან მრავალი ენა იცოდა, არ გასჭრვებია იქ დაცულ წიგნებს გასცნობოდა.

ტაოში დაბრუნებულმა აშოტ კურაპალატის მოკვლის ამბავი გაიგო და ძლიერ დამწუხრდა, კურაპალატის შვილებთან მივიდა და ნუგეში სცა.

გრიგოლმა ყველა დღესასწაულის წესისამებრ გაძღოლა იცოდა. რაც კი ოდესმე ესწავლა, ყველაფერი კარგად ახსოვდა, ამასთანავე სასიამოვნო ხმა ჰქონდა და როდესაც ფსალმუნებს წარმოთქვამდა, ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა. ხანძთაში ინახებოდა სულიწმინდის კარნახით და გრიგოლის ხელით დაწერილი „საწელიწადო იადგარი, რომლისა სიტყვანი ფრიად კეთილ არიან“.

გრიგოლის მოწაფეებიც ღირსეული მამები დადგნენ. არსენი 27 წელი იყო კათალიკოსად. ეფრემმა იერუსალიმის პატრიარქის ნებართვით ქართლში მირონის კურთხევის უფლება მოიპოვა. გრიგოლ ხანძთელის დაარსებულ მონასტერში შემუშავდა საქართველოს გაერთიანების იდეა, რომელიც დავით აღმაშენებელმა სრულყო: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“

გრიგოლის თაოსნობით ოთხი მონასტერი აშენდა კლარჯეთში: ხანძთა, შატბერდი, მერე, გუნათლე და ერთიც დასავლეთ საქართველოში – უბე. მისმა ნამოწაფრებმა ააგეს და განაახლეს დაქვრივებული ეკლესიები: იშხანი, ნეძვი, კვირიკეთი, მიძნაძორი,  წყაროსთავი, ჯმერკი და სხვა. ამ მონასტრებში შეიქმნა მძლავრი საეკლესიო, ლიტერატურული და   კულტურული კერა, გაიშალა რელიგიური, ფილოსოფიური და სახელმწიფოებრივი საქმიანობა.

მამებმა გრიგოლი მთელი კლარჯეთის არქიმანდრიტად დაადგინეს და გარდაცვალებამდე ის განაგებდა მამათა ცხოვრებას.

გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის, დაკრძალეს ხანძთაში. წმინდა მამის ცხოვრება და ღვაწლი  აღწერა გიორგი მერჩულემ, მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button