ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გააფართოვა კვლევა ციფრული ვალუტების სფეროში
ფედერალური სარეზერვო სისტემის ინიციატივას ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) შესწავლის შესახებ რამდენიმე ფედერალური რეგიონალური ბანკი შეუერთდა. ცხრა სპეციალისტს შორის არიან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებიც – აცხადებს ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი ლორეტი მესტერი.
მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭო ფლობს ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს. ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია განაწილებული რეესტრის სხვადასხვა პლატფორმის შექმნითა და ტესტირებით, რათა გაარკვიოს მათი პოტენციური უპირატესობები და კომპრომისები.
მონეტარული ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ CBDC-ის გამოშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ექსპერიმენტები მნიშვნელოვანი კომპონენტია CBDC-ის სარგებლისა და ხარჯების შეფასებისას. საკითხები, რომლებიც წარმოიშვა ფინანსურ სტაბილურობასთან, ბაზრის სტრუქტურასთან, უსაფრთხოებასთან, კონფიდენციალურობასა და მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში – კვლავ საჭიროებს ფრთხილად შესწავლას, ”- აცხადებს კლივლენდის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი.
აგვისტოში გამოცხადდა ჰიპოთეტური ციფრული დოლარის ექსპერიმენტირების დაწყება ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ.
ივნისში ნიუ-იორკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ინოვაციური ცენტრის შექმნის იდეით, რომელიც ფოკუსირდება ციფრულ ვალუტებსა და გადახდებზე.
ივნისშივე ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ციფრული დოლარის გამოშვება კომერციულ ბანკებს დაასუსტებს და ცენტრალური ბანკის ძალაუფლებას გააძლიერებს.