პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჰიტლერის გულში უდავო ..

ჰიტლერის გულში უდავო
რღვევის და გახრწნის ტბორია,
რად უნდა, აბა რად უნდა
სხვა ერთა ტერიტორია?

რად ენატრება მსოფლიო
ფალავნის მძლეთა-მძლეობა,
ოდეს სულშეხუთულია
თვით მისი მოსახლეობა.

სად ეძებ ნავთს და ქვანახშირს,
რად გინდა რკინის მადანი,
რომ იმ მაღარომ დაგმარხოს
სიმძიმე ვერასატანი?

რად გინდა თუჯის, ფოლადის,
ოქროს და ვერცხლის ბუდობი,
გამოგლეჯილი სხვათაგან
დაუნდობლობა-მრუდობით?

კიდევ და კიდევ რამდენი
მომზადებაში ეფლობა
სიუხვე კაუჩუკისა
და გემთა ამშენებლობა?

ან შვრიის, ჭვავის, ხორბალის,
ველები ოქრო-სიმინდთა,
რად გინდა ბამბის ფართობი,
ქერი, კანაფი რად გინდა?

რად გინდა, რისთვის გაშენდა
ველთ-საძოვარი ხშირისა,
რქიანთა, ცხენთა და ცხვართა
ველები იორქშირისა?

ხლართები რკინიგზებისა
და გემთა მძიმე ტონაჟი,
ფრანკების, მარკის, ლირების
და დოლარების კონაში.

ჰაეროპლანი, ტანკები,
ავტომობილი ამდენი,
მრავალი ვალის და ვახშის
გზით მშრომელების გამდენი.

რად გინდა აელვარება
ქვათა ძვირფასთა ფერების?
არ არის, შენთვის არ არის
აქ წვეთი ბედნიერების!

ჰმ! ვინ სთქვა, თითქოს მსოფლიოს
დაპყრობას დიდი დრო უნდა,
ელვისებური სისწრაფით
გაბატონება მოუნდა…

აგერ მოადგა ჩვენს საზღვარს…
რა მადა, რა სიხარბეა.

  • შესდექ! ჰა, კიდეც დაიძრა
    ჩვენი წითელი არმია!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button