მანგუსტი
მანგუსტები ძირითადად აფრიკის ტერიტორიაზე გვხდებიან, მათი საბინადრო არეალი მთელ კონტინენტს ფარავს. ზოგიერთი სახეობა არის სამხრეთ აზიასა და იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძულზეც. ბინადრობენ როგორც მთიან ტერიტორიებზე, ისე ტყიან ადგილებსა და სათიბ-საძოვრებში. ძირითადად მიწის ძუძუმწოვრები არიან, თუმცა ასევე არიან ნახევრად წყლისა და ხეზე მცხოვრები მანგუსტებიც.
მანგუსტების ზომა მერყეობს 18 სმ-დან (ჯუჯა მანგუსტი) 60 სმ-მდე (ეგვიპტური მანგუსტი), წონა კი 340 გრამიდან 5 კგ-მდე. ამ ბზინვარე ცხოველებს აქვთ გრძელი სხეული, მოკლე ფეხები და წაწვრილებული დინგი. როგორც წესი, მათი ბეწვი ყავისფერი ან ნაცრისფერია. იშვიათად რამდენიმე სახეობა გამოირჩევა ლამაზი რგოლებით.
მდედრი მანგუსტი წელიწადში ორჯერ 2-4 ნაშიერს აჩენს. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 2 თვე, ცალკეული სახეობისთვის შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს. 6 კვირამდე პატარები დედასთან არიან, შემდეგ კი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.
ცხოვრობენ სოროებში და არიან კარგი მტაცებლები. უმეტესად მარტოსულები არიან, იშვიათად წყვილებად ცხოვრობენ. საკუთარ ტერიტორიას შარდით ნიშნავენ, რომ “უცხო პირები” არ შემოიჭრან. იკვებებიან პატარა ცხოველებით: მღრღნელებით, ჩიტებით, კიბოსნაირებით, რეპტილიებით, ბაყაყებით, მწერებითა და ჭიებით. ზოგიერთი სახეობა თავის საკვებ დიეტას ამდიდრებს ხილით, თხილეულითა და მცენარეული ფესვებით. ეტანებიან ჩიტების კვერცხებსაც: იღებენ წინა თათებით, დგებიან უკანა ფეხებზე და რაიმე მყარ ობიექტს ესვრიან, გატეხვის შემდეგ კი მშვიდად შეექცევიან.
როცა მანგუსტი საფრთხეს გრძნობს, ხმამაღალ ძახილს იწყებს, რომელსაც “ხითხითს” ეძახიან. ამით მის თანამოძმეებს აფრთხილებს, რომ საშიშროებაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც ისინი მოკლე ნაბიჯებით გარბიან თავიანთი სოროებისკენ ან სხვა სახის თავშესაფრისკენ.
1800-იან წლებში მანგუსტები ჰავაისა და კარიბის კუნძულებზე შეიყვანეს, რათა ხელი შეეშალათ მღრღნელების უზომოდ გამრავლებისთვის და დაეცვათ შაქრის ლერწმის პლანტაციები. თავიდან საქმე კარგად წავიდა, თუმცა მოგვიანებით უარყოფითი შედეგებიც გამოიღო, რადგან მანგუსტებმა ადგილობრივ უნიკალურ ჯიშებს შეუტიეს და მათი რაოდენობა შეამცირეს, განსაკუთრებით ჩიტების. ამჟამად კი საბინადრო არეალის შემცირების გამო თავად მანგუსტები არიან საფრთხეში.
მანგუსტებისა და ადამიანის ურთიერთობა საკმაოდ შორეულ წარსულში იღებს სათავეს: მუმიფიცირებული მანგუსტები და მათი გამოსახულებები კედლებზე ეგვიპტურ აკლდამებში მრავლად აქვთ აღმოჩენილი.
ყველაზე ცნობილი სახეობები:
ზოლიანი მანგუსტი (Mungos mungos)
ყვითელი მანგუსტი (Cynictis penicillata)
ჯუჯა მანგუსტი (Helogale parvula)
ეგვიპტური მანგუსტი (Herpestes Ichneumon)
ინდური ნაცრისფერი მანგუსტი (Herpestes edwardsii)
მანგუსტის რამდენიმე სახეობა, ძირითადად ინდურები, ცნობილია ქვეწარმავლებთან ბრძოლით: ისინი თავს ესხმიან და ამარცხებენ ისეთ საშიშ შხამიან გველებს, როგორიცაა კობრა. მათგან ყველაზე ცნობილია რედიარდ კიპლინგის რიკი-ტიკი-ტავი, რომელიც იგავ-არაკებზე დაფუძნებული “ჯუნგლების წიგნის” პერსონაჟია.
მანგუსტი თავისი სიმარჯვითა და საოცარი სისწრაფით კობრას ღირსეული მოწინააღმდეგეა. ბასრი კბილებითა და მძლავრი ყბებით შეუძლია გველის თავის ქალა ან ხერხემალი ერთი კბენით დაამხვრიოს. კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მის ორგანიზმს თავდაცვითი უნარი აქვს გამომუშავებული გველის მიმართ – იმუნიტეტი საკმაოდ მძლავრი აქვს საიმისოდ, რომ შხამმა არაფერი ავნოს. მართალია, ბოლომდე იმუნური მაინც არაა, თუმცა 7-8-ჯერ მეტი დოზა მაინც სჭირდება დასარეტიანებლად, ვიდრე ვთქვათ, კურდღელს.
კობრას, მამბას, ბუნგარუსისა და ავსტრალიური გველის შხამი შეიცავს ნეიროტოქსინურ ნივთიერებას, რაც ახდენს შეტევას ნერვულ სისტემაზე, იწვევს კუნთების პარალიზებას. სასუნთქი გზები წყვეტს მოქმედებას და მსხვერპლი იგუდება. მანგუსტის ორგანიზმს კი სწორედ ნეიროტოქსინზე აქვს იმუნიტეტი.
იმის მიუხედავად, რომ გველთან ბრძოლას ხშირად იგებს, სიფრთხილე მაინც სჭირდება. გველს როგორც წესი, მთლიანად ჭამს და ამ რეპტილიის ორგანიზმში არსებული შხამი საკმარისი იქნება, რომ სიკვდილის შემდეგაც კი მანგუსტი თან გაიყოლოს.
მართალია, მანგუსტი კარგ და შემტევ მონადირედ ითვლება, მაგრამ ადამიანებს არ ვნებს. პირიქით, ხშირად სახლშიც ზრდიან, როგორც შინაურ ცხოველს. ადვილად ითვისებენ ახალ უნარებს, ექვემდებარებიან წვრთნას. იცავენ სახლს მღრღნელებისა და მწერებისგან. თუმცა ზოგჯერ ახალ გარემოსთან შეგუება უჭირთ, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანასა და ქალაქში მათი იმპორტი აკრძალულია.