ლიტერატურაწიგნები

უმბერტო ეკო – ვარდის სახელით

მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მიმდინარეობა, რომელმაც კოლოსალური ცვლილებები განაპირობა კაცობრიობის ისტორიაში და თავდაყირა დააყენა ხელოვნების ყველა დარგი თავისი ინოვაციებით, გახლდათ მოდერნიზმი. ეს იყო მიმდინარეობა(თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ) , რომლის დროსაც ყველაზე კარგად გაიაზრა კაცობრიობამ თუ რა ძალა ჰქონდა სიტყვას. სწორედ ამ ახალი იდეოლოგიის საფუძველზე გაჩნდა სერიოზული ეჭვები, როგორც სამყაროში არსებულ კანონებზე, ასევე წმინდა კრეაციონიზმის თეორიებში, რასაც მოჰყვა მასობრივი ათეიზმის ხანა, ნიჰილიზმი, დეპრესია და ათასი სხვა ფაქტორი. თუმცა ამ მიმდინარეობამ ცვლილება მალევე განიცადა და რამდენიმე წელიწადში მივიღეთ მისი ახალი სახე, რომელსაც დღეს პოსტმოდერნიზმის სახელით ვიცნობთ, თუმცა ამ უკანასკნელ მიმდინარეობაზე მსჯელობისგან თავს ბევრი ხელოვნებათმცოდნე იკავებს, რადგან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იდეოლოგიური კავშირებისგან შემდგარი მიმდინარეობაა. თუმცა მისი აშკარა ნიშნები უკვე ხელოვნების ბევრ დარგში შემიჩნევა. მათ შორის ლიტერატურაშიც. 
პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი არის იტალიელი მწერალი უმბერტო ეკო. საკმაოდ ბევრი საინტერესო ნაშრომის ავტორია ეს ადამიანი, თუმცა მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ,,ვარდის სახელი“ ითვლება და მიმაჩნია, ამას საკმაოდ ლოგიკური მიზეზებიც აქვს. ეს არის ისტორიული დეტექტივი, რომელიც თავის თავში აერთიანებს საკმაოდ ღრმა ფილოსოფიას, ბიბლიურ ალუზიებსა თუ სხვა მნიშნველოვან ელემენტებს. სათაურიც საკმაოდ სიმბოლურია და შესაბამისად მისი ცალსახა განმარტება არ არსებობს. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ვარდი ქრისტიანულ სიმბოლიკაში ღმერთთან ასოცირდება, გამოდის წიგნის სახელი ,,ღმერთის სახელით”, რაც შეიძლება ლოგიკური ახსნა იყოს, რადგან მიმდინარე პროცესებში ღმერთის ფენომენს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ინკვიზიტორების შემოსვლა კი საერთოდ ამართლებს სათაურის ამგვარ ახსნას. თუმცა არსებობს კიდე სხვა საიტნერესო ვერსიებიც. თვითონ წიგნის ბოლოში მწერალიც საუბრობს ნაწარმოების სათაურზე და მსურველს შეუძლია წაიკითხოს კიდეც. მაგრამ ფაქტია რომ სათაურით ვერ მიხვდები წიგნში არსებული სიუჟეტის შინაარსს. შინაარსი კი ნამდვილად საინტერესო და დამაინტრიგებელია. ფრანცისკელი ბერი თავის მოწაფესთან ერთად ჩადის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც დიდ გაურკვევლობაშია გახვეული. მონასტერი, რომელმაც თავის არსებობის ისტორიაში არ იცოდა მკვლელობა რა იყო, სწორედ ამ დანაშაულის ადგილი ხდება. ბერები ყოვლად გაურკვეველ სიტუაციაშ იღუპებიან. სწორედ ამ ვითარების გასარკვევად მიდის ფრანცისკელიბ ბერი, უილიამ ბასკერვილელი(აქ უდავოა ის ფაქტი, რომ ეს გვარი მოდის არტურ კონანდოილის წიგნიდან ,,ბასკერვილების ძაღლი) თავის მოწაფესთან – ადსოსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ამბის მთხრობელი სწორედ რომ ადსოა, იგი მთავარი მოქმედი პირი მაინც არ არის.
აღსანიშნავია ის მომენტი, რომ წიგნი არ არის მხოლოდ დეტექტივი, სადაც გამომძიებელი ებრძვის დამნაშავეს და სადაც გამომძიებელი ყოველთვის მართალი გამოდის ბოლოს . აქ აბსოლიტურად სხვანაირი სიტუაციაა. თვით დამნაშავეც კი არ არის ცალსახად გამოკვეთილი. ვერ იტყვი რომ მონასტერში მიმდინარე აურზაური ვინმეს გამოწვეულია. ერთი ადამიანის ახირებას, შეცდომას და მანკიერებას მოყვება სხვა დანაშაული, რომელთა ერთობლიობა საბოლოო ჯამში ისეთ ლაბირინთს ქმნის, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. მთელი ფილოსოფია იმაშია, რომ აქ უშუალოდ ფიზიკური თვალსაზრისით მკველობა არ უნდა ვიგულისხმოთ. წიგნში აღწერილი სიტოაციაა სერიოზული იდეოლოგიათა ჯახია, სადაც გამარჯვებული ვერ გამოდის ვერავინ. იკვეთება ყველა ის წინამდებარე ნიშნები და სულიერი განწყობილება, რომელიც რელიგიური ფანატიზმის წინმსწრები მოვლენაა. საინტერესოდ აქვს ეკოს წარმოჩენილი ის მომენტი, თუ რამხელა მარაზმულ სიტუაციაში შეიძლება ჩააგდოს ადამიანი ცოდნის დაუფლების წყურვილმა, ასეთი ადამიანიც უკვე ფანატიკოსად გარდაიქმნება და ,,მიზანი ამართლებს საშუალებაც” მისი კრედო ხდება.
რაც შეეხება პერსონაჟებს, როგორც ბევრ დიდ მწერალს ჩვევია, მთავარი მოქმედი პირი აქაც არ იკვეთება, ლიტერატურული გაგებით ,,გმირი” აქ არავინაა, ვერავინ ვერ ხასიათდება დადებითი თვისებებით, ზოგმა შეიძლება ასეთ ,,გმირად” უილიამი მოისაზროს , მაგრამ ეს ცალკე თემაა. უილიამი სერიოზულად მარცხდება, არ ვგულისხმობ იმ დამარცხებას, რომელსაც თავად აღიარებს. არის იქ კიდე რაღაც ნიუანსი რაც უფრო მიწაზე ანარაცხებს ამ ჩვენს პერსონაჟს. თავისი გამომძიებლური კრახის შედეგად რატომღაც ასეთ განათლებულ და გონებაგამჭრიახ ადამიანსაც კი ნიჰილიზმი იპყრობს და მიდის დასკვნამდე , რომ ,,ღმერთი და პირველსაწყისი ქაოსი შესაძლოა ერთი იყოს“. უილიამმა ჩათვალა, რომ ამ სამყაროში არსებული წესრიგი ზღაპარი ყოფილა, სინამდვილეში კი არანარიი კანონზომიერება არ არსებობს. ეს დასკვნა იმის საფუძველზე გააკეთა, რომ თავის დავალებას, რომელიც გულისხმობდა მკვლელობის გახსნას , სრულიად შემთხვევით გაართვა თავი. სრულიად შემთხვევით ჩაწვდა ჭეშმარიტებას და რომ არა ეს ,,შემთხვევითობა“, ამ ჭეშმარიტებასაც აცდებოდა. აი რას ამბობს უილიამი: ,,ძნელია მიიღო აზრი, რომ სამყაროში წესრიგი ვერ იარსებებს, რადგან ეს შეურაცყოფდა ღმერთის თავისუფალს ნებას და მის ყოვლისშემძლეობას.“ მაგრამ სანტერესოა, რატომ უარყო ის აზრი, რომ იმ მოვლენების განვითარების ტიპმა, რასაც მან არაკანონზომიერი უწოდა, შესაძლოა ძალიანაც კანონზომიერი ყოფილიყო, უბრალოდ არ დამორჩილებულიყო მოვლენების იმ განვითარებას, რასაც ლოგიკურობა ჰქვია? რატომ არ დაუშვა ის ფაქტი, რომ თვით ეს ,,შემთხვევითობებიც“ ერთი დიდი კანონზომიერის მცირედი ნაწილი იყო? პასუხი ერთია, იმ მოვლენებმა, რაც მონასტერში განვითარდა და პლუს ამას მისი გამომძიებლური კრახი, რასაც თვითონ იძახის, სულიერად გატეხა და სიტუაცისს ღრმა ანალიზის საშუალება წაართვა.
ვფიქრობ, საინტერესო ისიც, რომ თავად მთხრობელი, ანუ მორჩილი ადსო,უბრალოდ ამბის გადმოსაცემი გზაა, რასაც მწერალიც აღიარებს, თუმცა ბოლოს ეს პერსონაჟიც დამაფიქრებელ სიტყვებს ლაპარაკობს და როგორც თვითონ იძახის, სიცოცხლეში პირველი და უკანასკნელი თეოლოგიური დასკვნა გამოიტანა მონასტერში მიმდინარე ამბებზე დაკვირვებით და თამამად შესძლო თავის მასწავლებელს შეჰკამათებოდა ღრმა თეოლოგიურ საკითხებზე.

აქვე კიდე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მომენტი, რომ ამ ნაწარმოებში, მწერალმა როგორც თომას მანის ჯადოსნურ მთაში, ასევე ქარჩხაძის ქარავანში, კაცობრიობის ცოდნა , რომელიც ერთად თავმოყრილი იყო ბიბლიოთეკაში(არნახული რაოდენობის ცოდნასა და წიგნებზეა ლაპარაკი), გაანადგურა. როგორც ეს გააკეთა მანმა ჰანს კასტორფის პირველ მსოფლიო ომისთვის გაწირვით და ქარჩხაძემ ,,ქარავანში” გედეონ რევიას მკვლელობით. არ ვიცი რატომ ირჩევენ ასეთ გზას ეს მწერლები. მგონია, ალბათ რეალობას რომ არ მოწყდნენ. სინამდვილეში რა ცოდნაც არ აქვს კაცობრიობას, იმას ხომ ვერ გადაარჩენენ ლიტერატურაში?

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button