გიორგი ლორთქიფანიძე – შიდსის ტრიუმფი ლეთიქობში
შიდსის ძლევამოსილი იმპერიის ვეებერთელა ლაშქრის ერთი პატარა, რიგითი მეომარი გახლავართ. ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა და სამხედრო წოდება თუ გაინტერესებთ, ამასაც სიამოვნებით გაგანდობთ _ შავიზღვისპირეთის არმიის კონტრდაზვერვის შტაბის კაპიტანი ვარ _ ჯერჯერობით მხოლოდ კაპიტანი.
გუშინ, ჩვენი შტაბის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარსარდალმა ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო: ლეთიქობი უახლოეს მომავალში უნდა ავიღოთ. ვინაიდან ოპერაცია სავსებით მომზადებულია, მის გადადებას აღარ ვაპირებთ. სწორიცაა _ ამ სტრატეგიული დასახლების დაუფლების გარეშე ჩვენს წინაშე მდებარე მთიანი და მზიანი ტერიტორიის ბოლომდე დაპყრობა ფრიად გაგვიჭირდებოდა. დასტურია, შტურმი დაიწყება ზეგ, გვიან საღამოს, სანაპიროს მხრიდან.
მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ერთხელ, ასე ხუთიოდე წლის წინათ, მთავარსარდლობამ ლეთიქობში შეჭრაზე ხელი აიღო, თუმცა ინვაზიის გეგმაც არსებობდა და მის დამტკიცებასაც ბევრი არაფერი აკლდა. მაგრამ ჩვენ, კონტრდაზვერვამ _ მაშინ სრულიად ახალგაზრდა უმცროსი ოფიცერი ვიყავი, _ უფროსებს თავშეკავებისკენ მოვუწოდეთ და გადავადებინეთ კიდეც ოპერაცია. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უწყება, პირველ ყოვლისა, რეალისტების უწყებაა.
ჩვენი იმდროინდელი პოზიციის გამოხატვა მოკლედ ასე შეიძლება: ჯერ ადრეა. წინასწარი მონაცემებით ლეთიქობის დაცვითი, იმუნური რესურსები მაშინ მძლავრი იყო, ხოლო შინაგანი წესრიგი ქალაქში _ საკმაოდ მყარი. ჩვენი საერთო მომზადების დონეც ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე. ლეთიქობის ზონა ოდითგანვე დიდი სირთულით გამოირჩეოდა, ამიტომაც საცდელ პოლიგონებად პლანეტის სხვა, გაცილებით უფრო შეღწევადი ტერიტორიები დავიგულეთ: ეკვატორული აფრიკა, კარიბის კუნძულები, ჩრდილო ამერიკა…… რაც შეეხება ლეთიქობს… ალყას კი შემოვარტყამდით, გვარიანად გავამწარებდით კიდევაც მოსახლეობას, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ნამდვილად არ გვქონდა გარანტირებული. აი, ახლა კი ჩვენი ტრიუმფი განაღდებულია.
შტაბში, ბუნებრივია, დიდძალი ინფორმაცია იყრის თავს და ჩვენც შესანიშნავად ვუწყით, თუ რა გულუბრყვილობას იჩენს კაცობრიობა შიდსის პრობლემის მიმართ. ჩვენთვის ესოდენ მომგებიანი გულუბრყვილობის ძირითადი მიზეზი კაცობრიობის მესვეურთა ინტელექტუალური ამპარტავნობა და არცთუ გამოჩენილი უბრალო ადამიანების უმეცრებაა _ ელიტის გულზვიადი თავდაჯერებულობისა და ხალხის უსინათლობის ამგვარი შეხამება წყალს სწორედ რომ ჩვენს წისქვილზე ასხამს. საბედნიეროდ კაცობრიობას ვერაფრით წარმოუდგენია, რომ მშობლიურ პლანეტაზე ჩვენი სახით გონიერი კონკურენტი გამოუჩნდა: მათ, ჰა-ჰა, უგუნური ვირუსები ვგონივართ. ეგონოთ რა! არადა, მაგ ამპარტავან და ბრიყვ ორფეხა ხერხემლიანებზე გაცილებით ნიჭიერები ვართ. სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში ისეთი ევოლუცია განვიცადეთ, კაცობრიობამ მილიონი წელიც რომ ეცადოს _ არაფერი გამოუვა. აი, თუნდაც, ლეთიქობის ამბავი. ადრე მოგახსენეთ, რომ ლეთიქობის ოკუპაცია სამომავლოდ იმიტომ გადავდეთ, რომ ხუთი წლის წინათ შინაგანი წესრიგი იქ გაცილებით მყარი იყო. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა, მაგრამ… მაგრამ არასრული სიმართლეა. ასე განსაჯეთ, სამხედრო საიდუმლოებას თუ არა, ფასეულ ინფორმაციას გაწვდით და ისევ თქვენი უბადლო ტაქტის იმედი მაქვს, ეს ისე, მუქარა არ გეგონოთ. მაშ ასე… მაშინ ჩვენც განუზომლად უფრო სუსტები ვიყავით, ვიდრე დღეს. მაშინდელი ჩვენი ტაქტიკა ერთობ ცალმხრივი, სწორხაზოვანი და მოსაგერიებლადაც შედარებით ადვილი გახლდათ, განსაკუთრებით კი ისეთი ხანგრძლივი საბრძოლო კამპანიისთვის, ლეთიქობის ზონაში რომ იყო მოსალოდნელი. იმხანად მარტივად ვომობდით: შევიჭრებოდით მტრის ორგანიზმში, ვაცამტვერებდით მის იმუნურ სისტემას და პნევმონიით, სარკომით ან კიდევ რაღაც საძაგლობით ვასნებოვნებდით მას. მიკვირს კიდეც, როგორ ვერაფერი მოიგონა ამ უგუნურმა კაცობრიობამ ასეთი უბრალო ტაქტიკის დასაძლევად. მართალია, აქამდე ვერ მოიგონა, მაგრამ ხვალ თუ მოახერხებს და მოიგონებს, რა ვქნათ? ომში ერთი ალაგის ტკეპნა დაუშვებელია, ჰოდა ჩვენც განვაახლეთ შეიარაღება და უსიამო სიურპრიზები მოვუმზადეთ მტერს. თანაც კაცობრიობა რაღაც-რაღაც პროფილაქტიკურ ხრიკებს მაინც გვიპირისპირებს და, საერთოდ, ყოველნაირად გვიშლის ხელს. ეს ერთჯერადი შპრიცებიო, ეს რეზინის ხელთათმანებიო, ეს საერთაშორისი პროგრამებიო, ეს… და ასე შემდეგ. ჩვენ კი მათ ამ ზომებს გაცილებით უფრო ძლიერ იარაღს, საკუთარ ევოლუციას ვუპირისპირებთ! ამ ხუთიოდე წელიწადში ჭეშმარიტად სახელოვანი გზა გავიარეთ, გზა მამაცი, მაგრამ მოუწესრიგებელი ჩხუბისთავებიდან, რთულად აწყობილ, მტკიცე და დისციპლინირებულ ჯარისკაცებამდე. დღეისთვის ჩვენ არათუ შეტევის ძველებური და ნაცადი ხერხები დავხვეწეთ, არამედ უახლესი საბრძოლო საშუალებებით გავამდიდრეთ ჩვენი არსენალები. უთუოდ არ გეცოდინებათ, რომ აქტიური დიპლომატიის წყალობით კოღოების თემთან დავდეთ ხელშეკრულება და ეხლა მათი მეშვეობითაც ვაპირებთ ინფექციის გადატანას, _ აბა, წარმოიდგინეთ, რაოდენ ძნელია, განსაკუთრებით დაჭაობებულ ტერიტორიებზე, ასეთ ბომბდამშენ კოღოებთან გამკვლავება! ასევე არც ის გეცოდინებათ, რომ ამიერიდან ადამის მოდგმა ხელის უბრალო ჩამორთმევასაც კი სასტიკად უნდა ერიდოს, არადა ეს ხომ ადამიანთა ურთიერთმისალმების აღიარებული და ტრადიციული ფორმაა. თავს უფლებას მივცემ ერთ პიკანტურ გარემოებას მივაქციო თქვენი ყურადღება: ეთნიკურად გასხვავებული პიროვნებების ხელის ჩამორთმევა გაცილებით მეტ ხიფათთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეთნიკურად ახლობლებისა _ ამან კიდევ უფრო უნდა გათიშოს ისედაც დასუსტებული კაცობრიობა. და მაინც, ყოველი ეს თავისთავად ფასეული მიღწევა თითქმის არარაობაა ჩვენს ხელთ ამჟამად არსებულ უახლეს და უაღრესად ეფექტიან იარაღთან შედარებით. ხანგრძლივი გამოკვლევებისა, დიდი ჯაფისა და გარჯის შედეგად, ჩვენმა სამხედრო ქირურგებმა უნიკალური გენეტიკური ოპერაცია აითვისეს. ამ ოპერაციის მერე შიდსის რიგითი ვირუსი სრულიად ახალ თვისებას იძენს: ადვილად აღწევს ინფიცირებული ადამიანის თავის ქალაში, იპყრობს მის ტვინს და უქვემდებარებს ტვინის ცხოველქმედებას შიდსის იმპერიის ინტერესებს. დამეთანხმეთ, რიგითი მეომრების მიერ ესოდენ ძვირფასი უნარის შეძენა მთელ ჩვენ არმიას უძლეველობის ნიშან-თვისებას ანიჭებს. საგულისხმოა, რომ შიდსის მოდერნიზებული ვირუსით შეპყრობილი ადამიანი თანამოქალაქეებისგან გარეგნულად არაფრით განსხვავდება, _ თანდათანობით ოდნავ მეტ და მეტ ჭირვეულობას იჩენს, ესაა და ეს. პროგნოზის მიხედვით მან შეიძლება დიდხანს იცოცხლოს და, რაც მთავარია, უაღრესად აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შარშანწინ ჩვენ ასეთი გზით მოვახერხეთ რამდენიმე ლეთიქობელის ინფიცირება, მას მერე საიდუმლოდ ვაკვირდებით და, მაქვს პატივი მოგახსენოთ, მათი საქციელი ჯერჯერობოთ სავსებით ადასტურებს ამ პროგნოზს _ ისინი მართლაც ჩვენს ყურმოჭრილ მონებად გადაიქცნენ. სნეულების პირველადი სიმპტომები თითქოს უმნიშვნელოა: ზედმეტი ნერვიულობა ისეთ სიტუაციებში, როდესაც გონიერი ადამიანისთვის სანერვიულო არაფერია, იდეალური სურვილების აკვიატება, უზომო ეჭვიანობა, ცხოვრების ნებისმიერი არცთუ სასიამოვნო გამოვლინების რაღაც დახლართული მიზეზით _ მაგალითად, შეთქმულებითა და ახლობლების ღალატით _ ახსნა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი თავდასხმის ამ უახლესი ხერხის უაღრესად მაღალი ეფექტიანობა: საკმარისია ერთადერთი საგანგებოდ შერჩეული მსხვერპლის ინფიცირება, რომ მის გარშემო მყისვე უკმაყოფილების სწრაფად მზარდი კერა წარმოიშვას, დამსწრე საზოგადოების პარალიზება კი ისე მოხდენილად ხდება, რომ იგი ვერც კი ხვდება საკუთარ შეუქცევად გადაგვარებას და ყოველივეს, ასე ვთქვათ, ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვავს. აი, დავუშვათ, მათ რაიმე უმარტივესი საკითხი აქვთ გადასაწყვეტი: ახალი ქუჩის სახელია დასადგენი ან დაწესებულების თანამშრომლებს შორის პრემიალური თანხაა გასანაწილებელი. მერწმუნეთ, ადრე, მოდერნიზებული ვირუსით ინფიცირებამდე, ადამიანები ამ მესამეხარისხოვან საკითხებს საკმაოდ სწრაფად მოაგვარებდნენ. გადაწყვეტილება, ცხადია, იდეალური ვერ იქნებოდა _ ეს პრინციპულადაა შეუძლებელი, მაგრამ არც არავის აღაშფოთებდა იმდენად, საკითხის გარჩევა თავიდან დაწყებულიყო. სულ სხვაგვარადაა საქმე, თუ ასეთი უმარტივესი საკითხების განხილვასთან მიუშვეს ვირუსით შეპყრობილი, ვითომდა ჯანმრთელი კაცი. ან გნებავთ ქალი, _ მანდილოსნებისთვის შიდსის ეს ფორმა კიდევ უფრო მძიმედ ასატანია. უთუოდ მოგეხსენებათ, ნებისმიერი საკითხის განსჯისას, როგორც წესი, თავს იჩენს აზრთა ბუნებრივი სხვადასხვაობა, ნორმალურ პირობებში ერთი რომელიმე აზრი იმარჯვებს, თანაც უფრო ხშირად არა წმინდა, არამედ კომპრომისული სახით და დამარცხებულთათვის ამაში დამამცირებელი არაფერია. გამონაკლისებს თუ გამოვრიცხავთ, ადრე ლეთიქობშიც სწორედ ასე ხდებოდა და განსხვავებულ ინტერესთა შეჯერების ბუნებრივ კანონს ლეთიქობელები დიახაც რომ ისტორიული კანონზომიერების უზენაესობას მიაწერდნენ. მაგრამ ინფიცირებულის საერთო განსჯის პროცესში ჩართვისას, ამ პროცესის თანამონაწილე ყველაზე ჯანსაღი ადამიანის გონებაც კი დეფორმაციას განიცდის. ერთის სიტყვით, თანდათანობით მყარდება სისულელისა და სულელების დიქტატი! მერე და რა ოსტატურადაა შენიღბული ეს სისულელე! ინფიცირებულ პიროვნებას არც ესმის და არც სურს გაიგოს, რომ სწორედ გონივრული კომპრომისია ის ფასი, რასაც საზოგადოება იხდის იმისთვის, რომ ქუჩას საბოლოოდ რისიმე ან ვისიმე სახელი ეწოდოს, ხოლო პრემიები ერთ მშვენიერ დღეს გაიცეს სალაროდან. იდეალური სამართლიანობის დამყარების სრულიად განუხორციელებელი სურვილით აკვიატებულ ავადმყოფს უჭირს იმის შეგნება, რომ სამართლიანობა თავისთავად უაღრესად სუბიექტური ცნებაა. ამიტომ იგი ადვილად ღიზიანდება, ჰიპერტროფიულადაა აღგზნებული და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებითაა მომგებიანი, პრაქტიკულად მოკლებულია საღი და ლოგიკური აზროვნების უნარს. წარმოიდგინეთ: თან ვითომ ამაღლებულად და მიზანსწრაფულად აზროვნებს და თან აზროვნების ელემენტარულ კანონებს უმოწყალოდ არღვევს. ვირუსი ისე კოხტად აბრუნებს დასნებოვნებულის ტვინს, რომ ის ერთმანეთისაგან აშკარად განზე მდგომი ფაქტორების ხელოვნური დაკავშირებით არაჩვეულებრივ, ლამის სექსუალურ სიამოვნებას ღებულობს და მისი ასეთი საქციელი _ რასაც მე “ინტელექტუალურ დამბლას” ვუწოდებდი _ აბსოლუტურად გულწრფელია. ასეთი ტიპის გულწრფელობა ჩვენთვის, პირველ რიგში, იმითაა კარგი, რომ მას თან სდევს ნებისმიერი ლოგიკურად გამართული კომპრომისის ჩაშლა. ასე, ინფიცირებული პიროვნება ქუჩისთვის სახელწოდების შერჩევას კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას უკავშირებს, ხოლო მოსამსახურეთათვის პრემიალური თანხის ოდენობის განსაზღვრას _ სარკინიგზო განრიგის დაუყოვნებლივ მოწესრიგებას. არადა, საკუთარ უმწიფარ მოსაზრებებს ისეთი თავგამოდებით იცავს, რომ დამსწრე საზოგადოება _ ძალაუნებურად _ თანდათანობით რაღაც მაგიური გრძნობით იმსჭვალება აშკარად მიამიტი და ერთობ ბავშვური არგუმენტების მიმართ. რაც მთავარია, დაავადებული ადამიანებთან ურთიერთობას, ძირითადად, ულტიმატუმების საშუალებით ამყარებს, ულტიმატუმი კი, მოგეხსენებათ, უამრავი ჯადოსნური თვისებით ხასიათდება: შუაზე ხლეჩს ადამიანთა დიდ და პატარა ჯგუფებს, ცალკეული პიროვნებების სიამაყეს თრგუნავს და, საზოგადოდ, შესანიშნავი იარაღია კაცობრიობის დამანგრეველთა ხელში. თავად შეგიძლიათ შეაფასოთ, თუ რა სიძლიერის იარაღს ვფლობთ და რარიგ გაუჭირდება ანგარებისა და გარყვნილების მორევში გვარიანად ჩაფლულ კაცობრიობას ამიერიდან თავის დაცვა. ეხლა კი, მოდით, ისევ ლეთიქობის ამბავს მივუბრუნდეთ.
ორი წლის წინათ, _ მოიერიშეთა პირველი რაზმი სწორედ მაშინ შევადგინეთ, _ ერთ-ერთი წარჩინებული ლეთიქობელის წარმატებით ინფიცირება მოვახერხეთ. ეს ფრიად განსწავლული და პატივდებული პიროვნება ადგილობრივი მუზეუმის გამგე გახლდათ. თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს იგი ლეთიქობის შემოგარენის დაცვას უთმობდა და, ამდენად, გარკვეული ავტორიტეტიც მოიხვეჭა წიგნიერი ლეთიქობელების თვალში. ამასთან, ეს კაცი გონიერი, ზომიერი და ლოიალური მოქალაქის რეპუტაციითაც სარგებლობდა და ლეთიქობის ხელისუფლებამ, მავან და მავან მიზეზთა გამო, ხელსაყრელად ჩათვალა მისი ქალაქის საკრებულოში შეყვანა. ბუნებრივია, რომ ბუნების ამ მოამაგეს ძაღლები უყვარდა. გავითვალისწინეთ მისი ეს სისუსტე და მოიერიშეთ დავავალეთ შემდეგი: ძაღლებისადმი ესოდენ კეთილშობილური სიყვარულის მაქსიმალურად გაძლიერება ინფიცირებულის თავის ტვინის სათანადო უბანში შეღწევისა და მისი შეუქცევადი დეზორგანიზაციის გზით. რამდენიმე დღის მერე კი ხსენებული ზომიერი დეპუტატი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა საკრებულოს მორიგ სესიაზე და უაღრესად მძიმე საგონებელში ჩააგდო როგორც ლეთიქობის ოფიციალური მესვეურები, ისე უბრალო მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა. გულწრფელი და წრეგადასული პათოსით ილაპარაკა მან ჰუმანიზმის მარადიულ ღირებულებებსა და ძაღლის ადამიანთან საუკუნოვან მეგობრობაზე, ხაზგასმით აღნიშნა უმწიკვლო ერთგულების როგორც ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მნიშვნელობა, საბოლოოდ კი მოითხოვა ლეთიქობის სანიტარული უწყების მაწანწალა ცხოველთა წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების დაუყოვნებლივ გაუქმება, ამ ქვეგანყოფილების მუშაკებს საქვეყნოდ “სატანის ლაქიები” უწოდა და მისი მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში ხელისუფალთ დაემუქრა უვადო შიმშილობის გამოცხადებითა და ეკოლოგიური გაფიცვის გამართვით _ ეს უკანასკნელი მუქარა ხელისუფალთ განსაკუთრებულ უსიამოვნებას უქადდა, ვინაიდან ქალაქის მოსახლეობა მართლაც შეწუხებული იყო ლეთიქობის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ზღვისა და ხმელეთის დაბინძურებითა და, აგრეთვე, ადგილობრივი კანალიზაციის ყოვლად უბადრუკი მდგომარეობით. გამოსვლას მოულოდნელად ფართო რეზონანსი მოყვა, ამიტომ რა გასაკვირია თუ შეშინებულმა ხელისუფლებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და სასწრაფოდ გამოიტანეს კიდეც დადგენილება სათანადო სამსახურის გაუქმების თაობაზე. ასე რომ, ქალაქი მოხსენებული ქვეგანყოფილების გარეშე დარჩა, მოწანწალე ძაღლებმა კი, ჩემო კარგო მეგობარო, სწრაფად იციან გამრავლება. ამ გარემოების შედეგები ლეთიქობელებმა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იწვნიეს: ქოფაქებმა ყეფით აიკლეს იქაურობა, საღამო ხანს, _ არადა, კურორტ ლეთიქობში ეს ადრე ოქროს ხანა იყო, _ არათუ ქალები და ბავშვები, მამაკაცებიც კი ერიდებოდნენ სახლიდან გასვლას, ხოლო რწყილებმა უმოწყალოდ დაჭამეს ლბილი ჰავისდა გამო ღია ფანჯრებში ძილს შეჩვეული გულუბრყვილო ლეთიქობელები. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ვითარება ამ მხრივ ბოლო ორი წლის განმავლობაში საგანგაშო გახდა, მაგრამ ქალაქში არაფერი შეცვლილა: ძველებურად აფრქვევს ნაგავს ქარხანა, ისევ სრული გაჩერების პირასაა კანალიზაცია, კვლავაც უმწეოა სანიტარული უწყება, სამაგიეროდ შესამჩნევად გაიზარდა დაკბენილ ლეთიქობელთა რაოდენობა, აღირიცხა ცოფის რამდენიმე შემთხვევა, რწყილები ისე გააქტიურდნენ, რომ უკვე მათ საველე მეთაურებთანაც კი ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, მუზეუმის გამგე კი… მუზეუმის გამგე დღესაც ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ და პრინციპულ პიროვნებად ითვლება, მოღვაწედ, რომლის უმწიკვლო ზნეობა და მხედრული სული არა მარტო ლეთიქობის, არამედ მთელი კაცობრიობის ზრუნვის საგანი გახლავთ. ნუ გეღიმებათ… არა, კაცობრიობამ ჯერ არ იცის… სადღეისოდ მხოლოდ ლეთიქობმა აღიარა, მომავალში რა იქნება, ძნელი განსაჭვრეტია. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, ჩვენი ახალი იარაღის რაობაზე სწორი წარმოდგენა რომ შეიქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ოპერაციის წარმატებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, უსასტიკეს შერკინებას მოველი. მსხვერპლი და ზარალი ორივე მხრიდან დიდი იქნება, ლეთიქობის დაუფლებას მრავალი შესანიშნავი მოიერიშე შეეწირება, ომი – ომია… სამაგიეროდ, ნადავლიც განუზომელი გველის, მოკავშირეებსაც თავისი წილი ერგებათ… დრო ჯერ საკმაოდ გვაქვს, ამიტომ იმასაც მოგახსენებთ, თუ რა აზრისაა ლეთიქობზე და მთლიანად ლეთიქობის ზონაზე ჩვენი კონტრდაზვერვა. ეს თქვენთვის, როგორს ჩვენი მომავალი საიმედო მოკავშირისთვის, უთუოდ ყურადსაღები უნდა იყოს.
მგონი უკვე გითხარით, რომ ლეთიქობში შეჭრას სანაპიროს მხრიდან ვაპირებთ. ოკუპაციის გეგმას საფუძვლად ერთი ორიგინალური გარემოება დაედო. საქმე ისაა, რომ სანაპიროს ხმელეთზე _ ასე, ასიოდე მეტრის დაშორებით, _ ფართო ზოლად მიყვება გზატკეცილი, გზატკეცილის გასწვრივ კი, ზღვის საპირისპირო მხარეს, ლეთიქობელთა კოხტა, ორსართულიანი სახლებია გადაჭიმული, რომლებშიც _ სხვათაშორის _ ბევრი ახალგაზრდა ბინადრობს. გართობის პრობლემა ლეთიქობში მოუგვარებელია. ჭეშმარიტ მიზეზებზე არ შევჩერდები, თუმცა, აღვნიშნავ, რომ ლეთიქობის ინერტული ხელისუფლება გართობის ინდუსტრიის _ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დარგის _ მოშლასა და ჩამორჩენას საბიუჯეტო სახსრების დეფიციტით ხსნის. ამავე დროს, ლეთიქობი საქვეყნოდ ცნობილი კურორტია, საერთო მდარე ფონზე მაინც გამორჩეულ ალაგად ითვლება, და რა გასაკვირია, რომ ზაფხულობით აქ _ ამჟამად კი, როგორც ხედავთ, გაგანია აგვისტოა, _ დიდძალი დამსვენებელი იყრის თავს. დამსვენებელთა მოზრდილი წილი ზღვისპირეთზე საარშიყოდ და საკეკლუცოდ ჩამოსულ ქალებზე მოდის. საღამო ხანს, ასე ცხრა საათის შემდეგ, მას მერე რაც შედარებით უფროსი ასაკის დამსვენებლები თავ-თავის ნაქირავებ სახლებსა თუ სასტუმროებში ბრუნდებიან, კურორტზე ენერგიული ახალგაზრდობის დრო დგება. ლეთიქობის ფართო სანაპირო მიმდებარე სკვერებითა და ხეივნებით უკვე ჩაბნელებულია, იშვიათ და სანახევროდ ჩამქრალ ლამპიონებს საერთო სურათის შეცვლა არ ძალუძთ, ჰოდა, წარმოიდგინეთ: ლამაზმანების გასაცნობად სანაპიროზე გზატკეცილის პირას მაცხოვრებელი ყმაწვილკაცების ლეგიონი გადმოდის. ჩვენი დაკვირვებით, ლეთიქობელი ყმაწვილების შემაკავებელი წამალი ბუნებაში არ არსებობს. როგორ აგიხსნათ… აი, წინასწარაც რომ გააფრთხილო, ამ ათ ქალში შვიდი მისასვლელად სახიფათოა-თქო, ტიპიური ლეთიქობელი ჭაბუკი მაინც გარისკავს და დაიკმაყოფილებს სექსუალური წყურვილის ვნებას. დონეა ასეთი. დამეთანხმებით, ასეთი სიტუაციის არგამოყენება ჩვენგან დიდი ცოდვა და დანაშაული იქნებოდა. ასე რომ, დაგეგმილი ოპერაციის დაწყებისთვის ლეთიქობში საუკეთესო, ოპტიმალური ატმოსფერო სუფევს. მას მერე, რაც ლეთიქობელთა დაცვის პირველი ხაზი გარღვეული იქნება _ ამას კი ორიოდე თბილ და მშრალ საღამოს მოვანდომებთ, _ ადგილობრივ მოსახლეობაში მასობრივი ფსიქოზის გავრცელებას ვეღარაფერი დაუდგება წინ. ჯერ კურორტ ლეთიქობს ავიღებთ, შევირგებთ, მოვინელებთ, შემდეგ კი ლეთიქობის ზონასაც მოვედებით და თანდათანობით მთლიანად დავეუფლებით მას.
უპრიანია თვით ლეთიქობის ზონის შესახებაც მოგაწოდოთ რამდენიმე საინტერესო ცნობა. ზონის მაცხოვრებლებს მე _ სიმარტივისთვის _ ასევე ლეთიქობელებს ვუწოდებ; მით უმეტეს, რომ კურორტის ძირძველ ბინადართაგან მათ მხოლოდ მცირედი რელიგიური თავისებურებანი თუ განასხვავებს. ლეთიქობის ზონას, ჩვენი მონაცემების თანახმად, მდიდარი, თუმცა მწარე და ნაირნაირი განსაცდელით აღსავხე ისტორია აქვს. ლეთიქობელი არაფრით არ დამიჯერებდა, მაგრამ თქვენ, იმედია, არაობიექტურობაში არ ჩამომართმევთ, იმასაც თუ მოგახსენებთ, რომ მსგავსი, ანუ ათასგვარი ჭირ-ვარამით დახუნძლული ისტორია დედამიწის სხვა ზონებსაც გააჩნია. ნებისმიერი ცალკე აღებული ზონის ტიპიური წარმომადგენლისთვის საკმაოდ დამახასიათებელია როგორც მუშტით გულის ფიცარზე პატრიოტული ბრაგუნი, ისე საკუთარი სულიერი ჭრილობებით უზომო კეკლუცობა. თითოეული ზონის მაცხოვრებელთა ეთნიკურ უმრავლესობას ეგრეთ წოდებული ერები, ხოლო უმცირესობას _ ანტიეროვნული ელემენტები შეადგენენ. ამ ელემენტებს _ ასევე სიმარტივისთვის _ თავი დავანებოთ, და ჩვენი ყურადღება მხოლოდ ერებზე შევაჩეროთ. ერთაშორის განსხვავებებზე თამაშს ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ შიდსი ყველა ერის შვილზე თანაბრად მოქმედებს, ჩვენთვის ხელსაყრელია მათ, ერებმა, არ იფიქრონ ასე. მაშინ მათ, ბუნებრივია, გაუძნელდებათ ჩვენს წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შეკრა. ერებისთვის დამახასიათებელ ერთ შესანიშნავ ფენომენზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას: თითოეულ ერს _ თავისი აქტიური წარმომადგენლების, ეგრეთ წოდებული ელიტარების, სახით _ მიაჩნია, რომ სწორედ ისაა უნიკალური ისტორიული ერთეული, რომლის გარეშე დაიქცევა ქვეყანა, მაშინ როცა სხვა, განსაკუთრებით კი მეზობელი ერების არსებობის პირობებს, რაგინდარა უვარგისი პირობებიც იყოს, კაცობრიობა აუცილებლად ტაშფანდურით უნდა ხვდებოდეს ან, უარეს შემთხვევაში, მშვიდობიანად ეგუებოდეს მაინც. ეგ ერების საერთო სენია: საკუთარი აქტივისტების ყიჟინას გაფაციცებით უსმენენ, მათი გულისთვის ხშირად მზად არიან კლდეზე გადაიჩეხონ კიდეც, მაგრამ თუ სკეპტიკურად განწყობილმა თავისიანმა ერთხელ გაბედა და რაიმე არასასიამოვნო, ზოგჯერ კი დამღუპველ გარემოებაზე მიუთითა _ იქვე სმენა უქვეითდებათ ხოლმე. ამ თვალსაზრისით დაშორებულ ტექნოლოგიურ საფეხურებზე მდგომი ერებიც კი თითქმის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ასეთია კაცობრიობის ის შესანიშნავი სადო-მაზოქისტური ფენომენი, რომელსაც მისსავე წინააღმდეგ წარმატებით იყენებს შიდსის იმპერია. მეც შემაქვს, რასაკვირველია, ჩემი მცირედი პირადი წვლილი… ნებისმიერ ერს საკუთარ თავზე შელამაზებული წარმოდგენა აქვს, _ ამიტომაც დარწმუნებულია, რომ საერთო-საკაცობრიო დაფასება აკლია. თითოეული ერი _ თავისი ელიტარების შიშით _ კრიტიკულ ვითარებაში იძულებულია აღიარებდეს, რომ სწორედ მისი ისტორიული ხვედრია ყველაზე გამორჩეული და სწორედ იგია გარშემორტყმული ყველაზე ბოროტი და ვერაგი მეზობლებით. ეროვნული შუღლის ნიადაგზე კაცობრიობის დაქსაქსვა ჩვენ, შიდსის რაინდებს, ადამიანების თანდაყოლილ გონებრივ პათოლოგიად მიგვაჩნია: კაცობრიობისამებრ ჩვენი ენერგია მსგავს უგუნურ ჭიდილზე რომ დაგვეხარჯა, ვერასოდეს მივაღწევდით მინიმალურ წინსვლასაც კი. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს სხვადასხვა ზონებში მაცხოვრებელ ერებს მართლაც ერთნაირი ისტორიული გზა გაეარათ, ან იდენტური სასიცოცხლო ინტერესები ჰქონოდეთ, არამც და არამც! მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ვირუსები, მსგავს ვითარებაში როგორმე მოვახერხებდით დაპირისპირების დაძლევასა და იმპერიის უზენაესი მისწრაფებებიდან გამომდინარე მშვიდობისა და ერთიანობის დამყარებას, – აი, ამაში ვჯობნით! ადამიანები უქმად ხარჯავენ დროსა და ნერვებს წარსულში ქექვასა და ძველისძველ, ობმოდებულ უთანხმოებათა უსარგებლო და ფუჭ გარჩევაზე, ჩვენ კი ყოველთვის და ყველა ვითარებაში თამამად ვიხედებით წინ, _ აი, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ძირითადი უპირატესობა! ისე კი, ლეთიქობელები სხვა ზონების ბინადართგან ბევრი არაფრით განსხვავდებიან, თუმცა თვალებს არც მათ სახასიათო ნიუანსებზე ვხუჭავთ. Aაგერ, ამ საქაღალდეში შენახული მაქვს ერთი ფრიად დელიკატური საბუთი: კონტრდაზვერვის ანალიტიკური განყოფილების მოხსენება, რომელიც ლეთიქობელთა ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ეძღვნება. თქვენს ყურადღებას მასში მოტანილ კონკრეტულ მაგალითებზე აღარ შევაჩერებ, მაგრამ დასკვნა უთუოდ მეტად საინტერესო და დამაფიქრებელი მოგეჩვენებათ. ჩვენი ანალიტიკოსების აზრით, ლეთიქობელები ძალზე ადვილად სამართავი ერია. მე არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოების ცივილიზებული ხერხებით მართვას, ანუ იმას, რითიც ასე იწონებს თავს ეგრეთ წოდებული დემოკრატიული კაცობრიობა, _ ასეთი ნაირსახეობის მართვა სრულიად უცხოა ლეთიქობელთათვის. მე ვგულისხმობ ხალხის პოლიტიკურ მართვას რაიმე გარეგანი ძალის მეშვეობით, თუნდაც შიდსის იმპერიის ან თვით რომელიმე ლეთიქობელი ავანტიურისტის მხრიდან, და არა ქვეყნის კონსტიტუციის ან სისხლის სამართლის კოდექსის განუხრელ და პოზიტიურ დაცვას. არადა, უაღრესად ადვილია ლეთიქობელთა მართვა მათი ურთიერთწაკიდების გზით, რამეთუ ტიპიური ლეთიქობელი _ ესაა ყოყოჩი, მაგრამ სუსტი მოჭადრაკე, რომელიც ვარიანტებს ვერ ითვლის, ხოლო ქიშის საშუალება თუ მიეცა, აცხადებს კიდეც მას, განურჩევლად იმისა, ღირს ქიშის გამოცხადება თუ არა. ლეთიქობელები გულადი ხალხია და მით უარესი მათთვის. ჩვენი პოლიტიკა ლეთიქობელთა მიმართ აგებულია მათი ისეთი თანდაყოლილი თვისებების გამოყენებაზე, როგორიცაა ეჭვიანობა, ერთმანეთის გაუტანლობა, ქედმაღლობა, პატივმოყვარეობა, ანარქიულობა. მეტსაც გეტყვით, მომავალში ვაპირებთ წარმატებით გამოვიყენოთ ლეთიქობელთა, ასე ვთქვათ, საუკეთესო თვისებები _ ბუნებრივი კეთილშობილება, მოყვასის სიყვარული, რელიგიურობის რანგში აყვანილი მეგობრობის გრძნობა, მიამიტობის სადარი გულწრფელობა, მიმნდობლობა. ცოდვაცაა არ გამოვიყენოთ, _ ლეთიქობელები თავად გვჩუქნიან ამგვარ შესაძლებლობებს. პირადად მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ულმობელი სამხედრო შეტაკების პირობებშიც კი მოვახერხებთ წარჩინებულ ლეთიქობელთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადმობირებას. კერძოდ, მივანიჭებთ მათ და მათი ოჯახის წევრებს გარკვეულ პრივილეგიას, მაგალითად რამდენიმე წლით დავიცავთ ჩვენივე მოიერიშეთა აღვირახსნილობისგან. ან, ვიცით რა იმის შესახებ, რომ ნიჭიერ ლეთიქობელთ, როგორც წესი, საკუთარი ნიჭის უკეთ წარმოსაჩენად მშობლიური ზონის მცირემიწიანი ტერიტორია ეცოტავებათ, პირდაპირ ჩვენ სამსახურში ავიყვანთ და ჩინ-მედლებსაც არ დავიშურებთ მათთვის. მერწმუნეთ, ყველა აგრესორი რომელიც კი ოდეს ლეთიქობის დაუფლებას ეცადა, სწორედ ასე იქცეოდა და ხშირად აღწევდა კიდეც საწადელს, რამეთუ ოსტატურად შეჰქონდა დაგეგმილი არევ-დარევა ლეთიქობის დამცველთა რიგებში.
ლეთიქობი, საზოგადოდ, ლამაზი მითების ქვეყანაა. აქ სუფევს ჭეშმარიტად მითოლოგიური წარმოდგენები ლეთიქობელთა საგმირო საქმეებისა და შორსმჭვრეტელობის შესახებ. ლეთიქობის ხანგრძლივსა და მდიდარ ისტორიაში მართლაც მოიპოვება გარკვეული მასალა ასეთი წარმოდგენების არსებობისთვის. ლეთიქობის ზონა ოდითგანვე სიუხვით, სიტურფითა და ბუნებრივი მრავალფეროვნებით იყო განთქმული. ამიტომ, რა გასაკვირია თუ მისი გულისთვის ძლიერი ზონები მუდამ ერთმანეთს ექიშპებოდნენ და სამსხვერპლოდ განწირული ლეთიქობი ხშირად გადადიოდა ხელიდან ხელში. თუმცა ისტორიას ახსოვს შედარებით ხანმოკლე პერიოდები, როდესაც ერთიანი ლეთიქობი მართლაც აწარმოებდა პოლიტიკურ კონტროლს თავის და, ასე განსაჯეთ, სხვისი ზონების ტერიტორიებზეც კი, მაგრამ ეს პერიოდები, ლეთიქობელი პატრიოტების სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა და ამჟამად ახალ-ახალი მითების გენერატორად თუ გამოდგება მხოლოდ. რეალურად დღესდღეობით ლეთიქობის ზონა მტრულ გარემოცვაში მოქცეულ პატარა და სუსტ ფსევდოსახელმწიფოს წარმოადგენს და, შესაძლოა, ეს საუკეთესო გამოსავალია მისთვის, რადგან აქამდე _ როგორც მოგახსენეთ, ლეთიქობელთა გარკვეული სახასიათო თვისებების გამო, _ ის თითქმის ყოველთვის ძლიერ სახელმწიფოთა უიღბლო სათამაშო უფრო იყო, ვიდრე სოლიდური და ანგარიშგასაწევი, საკუთარ თავზე მზრუნავი ძალა. იმავდროს მხედველობის არედან არც იმ მოვლენებს ვუშვებთ, რომლებიც ლეთიქობის ზონის ირგვლივ, მის გარეთ შეიმჩნევა. მიმდინარეობს მეტად სახიფათო პროცესი: ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც დედამიწის თითქმის მეხუთედს მოიცავს, ინგრევა ძველი სახელმწიფო სტრუქტურები, თანაც ჯერჯერობით სათანადო კომპენსაციის გარეშე, ვინაიდან ახალი სტრუქტურების შექმნა გაცილებით უფრო ძნელი საქმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ადამიანებს თავიდან ჰქონდათ წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, კაცობრიობის ყოველნაირი ნგრევა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ სამართლიანობა იმის აღნიშვნას მოითხოვს, რომ ლეთიქობის _ და ზოგიერთი მისი მსგავსი ზონის _ პერსპექტივა ამ პროცესის ფარგლებში მაინც და მაინც სახარბიელო ვერ არის. ასეთი ზონები ძველს ანგრევენ ე.წ. “დამოუკიდებლობის” მოპოვების ლოზუნგით, თანაც ითხოვენ არა ფორმალურ, არამედ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას და ვერ ამჩნევენ, რომ კაცობრიობის განვითარების ბუნებრივმა სვლამ ცალკეულ ზონებს მხოლოდ ფორმალური დამოუკიდებლობა დაუტოვა, დღევანდელ მსოფლიოში ყველა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ამიტომ _ დაიგვიანა ლეთიქობმა. მაგრამ ხსენებულ ვრცელ ტერიტორიაზე ხალხებს უფრო მითოლოგიური წარსულის წყურვილი კლავს, ვიდრე რეალისტური მომავლისა, ეს კი დანარჩენი მსოფლიოს დიდი შეშფოთების მიზეზი გახლავთ. დანარჩენი მსოფლიო უაღრესადაა შეშინებული ვრცელი ტერიტორიის რღვევის უმართავი ტემპებით, ამიტომ იგი ფხიზლობს, მობილიზდება, კოლოსალურ თანხებს აბანდებს თანამედროვე ბიოლოგიური იარაღის შექმნა-წარმოების საქმეში და ამით ობიექტურად უპირისპირდება შიდსის იმპერიის სტრატეგიულ ინტერესებს. ამის გამო ჩვენ შევეცდებით რაღაც მომენტში შევაჩეროთ ვრცელი ტერიტორიის ნგრევის პროცესი და ცალ-ცალკე დავერიოთ მისი გავლენის ქვეშ დარჩენილ და ისტორიული რეალიზმის გრძნობას მოკლებულ ზონებს. ყველა შემთხვევაში უმძიმესი ბრძოლები გველის და ახალ-ახალ მოკავშირეებს ვეძებთ. თქვენი იმედიც გვაქვს. სამაგიეროდ, სამართლიანად გავიყოფთ მოპოვებულ ნადავლს.
ბოლო დროს ერთი უცნაური გრძნობა ამეკვიატა, იქნებ არც ღირდეს ამაზე ლაპარაკი, რადგან ჩვენ საქმიან საუბართან ამ გრძნობას საერთო არაფერი აქვს, მაგრამ მაინც გეტყვით. საოცარია, მაგრამ ზოგჯერ მგონია, თითქოს ლეთიქობელები შიდსის ვირუსები არიან, მე კი _ ლეთიქობელი. ვფიქრობ ასეთ დროს: რა უნდა შემომთავაზოს ვირუსმა ისეთი, მშობლიური ზონა რომ დავთმო და შიდსის მომა-მორჩილი გავხდე. ხომ ვიცი, გავა რამდენიმე ნაჩუქარი წელი და მაინც მომისწრაფებს სიცოცხლეს, რისი იმედი უნდა მქონდეს, ნუთუ ესაა ჩემი ადამიანობა და ამიტომ ვითარეშე პლანეტაზე ათასწლეულების განმავლობაში? არადა, პასუხს ვერ ვპოულობ. ჩვენ ხომ სინამდვილეში მათ რამდენიმე ნაცოდვილარი წელი სიცოცხლისა და სასაცილო, სათამაშო ზინზილებს გარდა არაფერს ვპირდებით. არც ნათელ მომავალს, არც სიმდიდრეს, არც სულიერ კეთილდღეობას, არც ფორმალურ თუ არაფორმალურ დამოუკიდებლობას, არც მშვიდობას. მხოლოდ რამდენიმე წელიწად დამატებით სიცოცხლეს, სამადლოდ ქცეულ ლუკმას და შემდეგ _ სამუდამო ღამეს, უბნელეს მიწისქვეშეთსა და უდაბურ წყვდიადს. და მაინც სრულიად დარწმუნებული ვარ: ჩვენი გაჭრის. ისინი დაიხევენ, დათანხმდებიან, წამოვლენ მონობაში, ვინც ვერ წამოვა, ის უფრო ადრე დაიღუპება, ესაა და ეს. იქნებ… იქნებ მონობაა ადამიანის, _ ნებისმიერისა, და არა მარტო ლეთიქობელის, _ ბუნებრივი მდგომარეობა, ყველაფერი დანარჩენი კი ლიტონ სიტყვათა რახარუხია მხოლოდ? ნუთუ მხოლოდ ჩვენ, შიდსის რაინდები, ვართ გონიერ არსებათა ღირსეული წარმომადგენლები, თუ ჩვენშიაც იმალება რაღაც სხვანაირი, ჯერ შეუცნობელი, საშინელი შიდსის ვირუსი, რომელიც ოდესმე ისეთივე ენით დაგველაპარაკება, როგორითაც დღეს ჩვენ ველაპარაკებით დაბეჩავებულ კაცობრიობას? ნუთუ მართლა შეიძლება ჩვენც… თუმცა, გთხოვთ მომიტევოთ, _ ყოველივე ეს უადგილო ლირიკული გადახვევაა, ჩვენ ხომ მომავალი მტკიცე მოკავშირეები ვართ და არ გვეკადრება… უპირველესად ხომ მომავალი ნადავლის გაყოფის საკითხი გვაინტერესებს, სხვა ყოველივე კი მტკნარი სიცრუე და თვალთმაქცობაა. საბოლოოდ უნდა შევიგნოთ: მთელი კაცობრიობა, ლეთიქობის ჩათვლით, ჩვენი დაუძინებელი მტერია, დედამიწაზე ჩვენი თანაარსებობა გამორიცხულია, ერთ-ერთი ჩვენთაგანი უნდა მოისპოს. ჩვენ მათ მოვისყიდით, დავამცირებთ, არარაობად ვაქცევთ და მაინც მართლები ვიქნებით, რადგან არაფერს ვპირდებით უკიდეგანო სიბნელისა და ტყვეობაში სიკვდილის გარდა. ჩვენ არ ვტყუით, ჩვენ პატიოსნები ვართ.
და ამიტომ ჩვენ გველის ტრიუმფი.