National Geographic: კარბონული პერიოდი
კარბონული ჭაობი. კარბონული პერიოდის (360-300 მილიონი წლის წინ) მახასიათებლები სქელი, ხშირი და ჭაობიანი ტყეები იყო, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტორფის წარმოშობასა და დაგროვებას. დროთა განმავლობაში ტორფი გარდაიქმნა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვანახშირის მდიდარ მარაგად. კარბონული პერიოდიც (ლათ. carbo/carbonis – ნახშირი) სწორედ ამიტომ ეწოდა.
კარბონული ლანდშაფტი. კარბონულ პერიოდში ისტორიაში პირველად მოხდა დედამიწაზე ფართო ტყეების მასიური გავრცელება. ამან შედეგად გამოიწვია ატმოსფეროში ნახშიროჟანგის წილის მკვეთრი შემცირება და ჟანგბადის უხვად მიწოდება. ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა 35%-მდე ავიდა, დღევანდელი მაჩვენებელი კი 21%-ია.
რანდლის მთა. რანდლის მთა კანადაში, ალბერტას ოლქში, ბანფის ეროვნულ პარკში 2999 მეტრი სიმაღლისაა და ძირითადად მისისიპური ეპოქის დროინდელი კირქვისგან შედგება. ჩრდილო ამერიკაში კარბონული პერიოდი იყოფა მისისიპურ (359-318 მილიონი წლის წინ) ანუ ქვედა კარბონულ და პენსილვანიურ (318-299 მილიონი წლის წინ) ანუ ზედა კარბონულ საფეხურებად. ეს სისტემა იმისთვის შემოიღეს, რომ გეოლოგიურ შრეებში ერთმანეთისგან გამოყოფილიყო პენსილვანიური პერიოდი ქვანახშირით და მისისიპური პერიოდი კირქვებით.
კარბონული გვიმრები. ბოტანიკოსი რობინ მორანი შეისწავლის კარბონული პერიოდის გვიმრებს მისურის ბოტანიკურ ბაღში მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში. კარბონულ პერიოდში დედამიწის მცენარეული საფარის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ გვიმრები შეადგენდნენ. გიგანტური გვიმრის ხეების განამარხება იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რამაც ამ პერიოდში ქვანახშირის დიდი მარაგების შექმნას შეუწყო ხელი.
რიფის ზვიგენი. ზვიგენის მსგავსი ცხოველებიდან ყველაზე ადრეული წარმომადგენლები სილურულ პერიოდში (443-416 მილიონი წლის წინ) გამოჩნდნენ, მაგრამ კარბონულ პერიოდში დადგა “ზვიგენების ოქროს ხანა”. ამ დროს თევზების რაოდენობამ მკვეთრად იმატა, მათი ნაწილი კი გარდაიქმნა დღევანდელი ზვიგენების, მაგალითად რიფის ზვიგენის, მსგავს სახეობებად.
კალამიტების ნამარხი. კალამიტები, პრიმიტიული უთესლო მცენარეები, 300 წლის წინ იზრდებოდნენ კარბონული პერიოდის ჭაობებში. ეს ნამარხი, რომელიც სიგრძეში 15 სმ-ია, კოლექციის ნაწილია და ინახება სმითსონიანის ინსტიტუტის ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, ვაშინგტონში.
შვიტას ნამარხი. სრულყოფილად შემონახული 300 მილიონ წელზე მეტი ხნის შვიტას ნამარხი კარბონული პერიოდის შესახებ ბევრ ინფორმაციას ინახავს. ამ პრიმიტიულ ძარღვოვან მცენარეებს Equisetum-ს გვარიდან ხშირად პოულობენ ქვანახშირის მარაგებში.
ზღვის შროშნების ნამარხი. ზღვის უხერხემლო ცხოველებმა, სახელად ზღვის შროშნებმა, კარბონულ ეპოქაში და უფრო ადრეც მარილიანი წყლის სივრცეები შეავსეს. მათ ნამარხებს ხშირად პოულობენ ამ პერიოდის კირქვებში, რის გამოც კარბონულ პერიოდს უწოდებენ “ზღვის შროშნების ეპოქას”.
ტარაკანი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დომინანტი სახეობა მწერებიდან კარბონულ პერიოდში იყო ტარაკანი, რომელიც მას მერე დიდად არ შეცვლილა და დღესაც მსგავსი გარეგნობა აქვს. ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ნამარხები გვიჩვენებს იმ დროის 9 სმ სიგრძის ტარაკნებს, რომლებიც დღევანდელ შთამომავლებს ორჯერ აღემატებოდნენ ზომით.
წყნარი ოკეანის სალამურა. სალამურები უძველესი ხერხემლიანი ცხოველები არიან, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს, კარბონული პერიოდის შემდეგ მათ მხოლოდ მცირეოდენი ცვლილება განიცადეს. ამჟამად მათი 35 ჯიში არსებობს, სურათზე კი ერთ-ერთი მათგანი, წყნარი ოკეანის სალამურაა.