ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ბასა ჯანიკაშვილი – სველი ძაფები

იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა.
ცელოფნის ნაფლეთში გახვეული \”შავი\” პირით აფხიკეს, ჯამს შეახოცეს და ანჰიდრიდის მძაფრი სუნით ცეცხლზე შემოდგეს. \”შავი\” დუღდებოდა. ჯამის ნაფლეთები ჩემამდე წყვეტილად აღწევდა. …თუხთუხებდა წამალი და ჩემი ძმაკაცები მკლავებს იკაპიწებდნენ. \”მალბოროს\” ფილტრი გამოაძრეს, გაციებულს ჩაუფინეს და ყველაზე გამოცდილმა \”ბაიანი\” შეაყენა. მაშინ მეც გავემზადე და ბლანტი სითხით გაჯერებულმა ერთჯერადმაც დაიწრიპინა.
ჩავიკეცე, თავი ჩამივარდა, პირი დავაფჩინე და მომეჩვენა, რომ ახლა დროა, ყველასათვის ენა გამომეყო.
ბეეეყ… დავიყვირე და არ დაკვირვებიხარ? – წვიმის დროს ყოველთვის ჩქარობ. რეაქცია არ იგვიანებს.
ვიღაცამ ნოლ-სამზე დარეკა; კარები გავაღე და იქვე, იატაკზე წამოვწექი – უკან დაბრუნების თავი აღარ მქონდა. ის იყო, დავიწყე ფიქრი, თუ სად გაქრნენ ჩემი მეგობრები, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი თეთრხალათიანი თავზე წამომადგა. სწორედ წვიმას დავაბრალე მათი ნაუცბათევი გამოჩენა.
მინდოდა მეთქვა, რომ საჩქარო და საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ არ მაცადეს. ორმა წამომწია, ლოგინზე დამაწვინა, მესამე თავზე დამადგა და კითხვები სეტყვასავით დამაყარა. პასუხის გაცემა დავაპირე, მაგრამ შევეშვი – რა აზრი ჰქონდა? შემდეგ შევნიშნე, რომ თეთრხალათიანები გააქტიურდნენ, გახსნეს რკინის თეთრი ყუთები, ამოალაგეს მოციმციმე ხელსაწყოები, ნემსები, ამპულები…
ჰოო… ისე იქცეოდნენ, როგორც საკუთარ სახლში. ერთ-ერთი ისე გატუტუცდა, სახეში რამდენიმეჯერ სილა გამაწნა, მეორემ ქუთუთოები გადამიჭიმა და თვალში მანათობელი ხელსაწყო ჩამიგდო, მესამემ პირში თითი მესროლა. ვერ მივხვდი, რას მოითხოვდნენ ჩემგან, ამიტომ გავუძალიანდი. ასე არ უნდაო და მეცადინეობა გააორმაგეს. განსაკუთრებით მესამე აქტიურობდა. მესროდა და მესროდა თითებს… მეც აღარ გავაწვალე და დავნებდი.
მჟავე რკინის ხელსაწყო პირში ჩამჩარეს. მეგონა, ენას მაჭრიდნენ, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა.
ენას ვერ ვამოძრავებ. მეჩვენება, რომ გალურჯდა, გაიბერა, გადიდდა. მინდოდა, მეყვირა – ენა, ენა-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო. მარცხენა ხელში კიდევ ერთხელ მიჩხვლიტეს და რამდენიმე წამში ყველაფერი სულ ერთი გახდა.
ამწიეს, საკაცეზე დამაწვინეს და სახლიდან სირბილით გამიტანეს. პირველად მაშინ ვიფიქრე, რომ რაღაც მრჩებოდა. ეს ჩვეული გრძნობაა. სახლიდან გასვლისას ყოველთვის მგონია, რომ \”რაღაც დამრჩა\”. \”რაღაცის\” დაკონკრეტება არასდროს ხდება: არც სახლიდან გასვლისას და არც შინ დაბრუნებისას. მთავარია, რომ რაღაც დამრჩა, როგორც საკუთარი თანამგზავრი. მისი აურა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. რაღაც დამრჩა… დამოკიდებულება ყოველთვის პრობლემაა – ვერ გაექცევი.
გარეთ წვიმდა, ექიმები ჩქარობდნენ, ჩემთვის კი სულ ერთი იყო…
სადარბაზოში კიბე ვიწროა, მოაჯირი მაღალი, ასე რომ, ბაქანზე გავლისას ექთნებს საკაცის აწევა უხდებოდათ. ერთხელ, ორჯერ… ბოლოს საკაცის სახელურები მხრებზე ჩამოიდეს და მე მათი თავის სიმაღლეზე აღმოვჩნდი, როგორც ნამდვილი ფადიშაჰი. ამალას მხოლოდ პირადი ექიმი მოსდევდა.
სადარბაზოსთან შევჩერდით, მოხუც მეზობელ ქალს ჩიტებისთვის საკენკი დაეყარა. რამდენიმე ბეღურა დახტოდა და პურის ნამცეცებს კენკავდა. საკაციდან ჩამოვხტი. ჩავიმუხლე, ჩემს პურს ქერქი მოვატეხე და იქიდან გული გამოვიღე. ჯერ კიდევ თბილი პური თითებით დავშფვენი და ბეღურების საკენკი მიმოვფანტე.
ჩიტებს ვუცქერდი და მეღიმებოდა. ისინი ხომ სულ დახტიან. ერთი, ორი, სამი, ოთხი, სკუპ-სკუპ, სკუპ-სკუპ. დახტიან და დახტიან! წარმოვიდგინე, რომ ბეღურები მიწაზე კი არ დახტიან, არამედ დადიან. მაშინ ასეთი რიტმი იქნებოდა: ერთიორისამიოთხი, ხუთიექვსიშვიდირვა და ჰოპ! წითელჯვრიან მანქანაში აღმოვჩნდი.
ძრავა დაიქოქა – ღმმმ… მაქანავებს.
ექიმს ერთი ხელი ჩემს შუბლზე ედო, მეორეთი მაჯისცემას მისინჯავდა. ძალა მოვიკრიბე და ექიმს ვთხოვე, ერთი წუთით წარმოედგინა ბეღურა, რომელიც დადის და ისე კენკავს საკენკს. ექიმმა არ მიპასუხა. კითხვა გავიმეორე. არც ამას მოჰყოლია პასუხი, ან რაიმე რეაქცია. იგი ჩემს დაკვირვებას განაგრძობდა. გამოდის, რომ არაფერი მითქვამს, ეს მხოლოდ სურვილი ყოფილა.
წარმოიდგინე, ბეღურა ნაბიჯებს ფრთებსაც ააყოლებს და მაშინ პატარა ჩიტი ადამიანივით გაივლის. მარჯვენა ფეხი და მარცხენა ფრთა წინ, მარცხენა ფეხი და მარჯვენა ფრთა უკან და პირიქით და ასე დაუსრულებლად. თუ ამას პურის აკენკვასაც დაურთავ, მაშინ ბეღურა კი არ იქნება სასაცილო, არამედ ადამიანი.
გინახავთ სასაცილო ადამიანი – დავეკითხე ექიმს. მაგრამ ჰოი, საოცრებავ! სასთუმალთან მოხუცი მეზობელი იჯდა, ჩიტებს წყალში დამბალი ობიანი პური რომ დაუყარა.
ბებოს გამხმარი სახე აქვს, შავი, ჭრილობისმაგვარი ნაოჭები, ჩაცვენილი, ამოღამებული თვალები. ცხვირზე ოთხ დიდ ფერიმჭამელას ხანდაზმულობისგან ხალად ქცევის პრეტენზია აქვთ. თავად ცხვირი იმდენად დიდია, რომ ბებოს ცქერისას ორ სრულიად განსხვავებულ ობიექტს დაინახავ: თავად ბებო და მისი ცხვირი. სამფეროვანი, არაეროვნული თმა: ძირში თეთრი, შემდეგ რუხი, ბოლოს კი მელნისფერი, რომელიც შეგახსენებს, რომ მოხუცი ერთ დროს ახალგაზრდაც ყოფილა. ბიბილო შავი ვერცხლის საყურის სიმძიმემ ლამისაა, მხრებამზე მიზიდოს. ყურში ნახვრეტი ქალწულივით მორცხვი და კეკლუცია. ტუჩები, როგორც ყველა ოციანელს – თხელი, ბოროტი და ულვაშებიანი.
მე და ბებო ერთმანეთს დიდხანს ვუცქერდით, ბოლოს დავიღალე და თვალი დავხუჭე. უეცრად ვიღაცამ თითები ჩემი ცხვირის ნესტოებს დაჭიდა, ნიკაპი ჩამოსწია და ტუჩებზე სხვისი ტუჩები ვიგრძენი. ახლა კი სრულად შევიგრძენი ის შეშფოთება და მოულოდნელობა, რასაც გრძნობს ქალი, როდესაც ულვაშიანი მამაკაცი ეხება. მე, ალბათ, პირველი მამაკაცი ვარ პლანეტაზე, ვისაც ულვაშიანი ქალი კოცნის, მაგრამ ტუჩების ჩვეული ცმაცუნის და ენის ხახუნის ნაცვლად, პარტნიორი ჩემი ფილტვების ჰაერით გამოტუმბვას ცდილობდა. აქ რაღაც სხვა ამბავია. დავუშვათ ბებო ხანდაზმულობისგან ჭკუიდან არის გადამცდარი, რას აკეთებენ თეთრხალათიანები?
თვალები გავახილე და ბებოს შერცხვა – შემეშვა. მინდოდა ერთი კარგად მეყვირა, მაგრამ გადავიფიქრე.
მოდით, ასე შევხედოთ საკითხს: ბებო მარტოხელაა. ცხოვრობს ერთოთახიან, გაურემონტებელ ბინაში. მის სახლში მასავით მოხუცი ავეჯი დგას. ხის საწოლს ფეხების ამპუტაცია ჯერ კიდევ მაშინ ჩაუტარდა, როდესაც ბებოს ქმარი ბალზაკის ასაკში იყო. შავ-თეთრი გადამწვარი ტელევიზორი ისეთ ფეხებზე დგას, ტოპმოდელსაც შეშურდება. თავზე ჟამისგან გაყვითლებული, ხელით ნაქსოვი ქუდი ჩამოუფხატავს და სდუმს.
ბებოსთან ერთად ფართობს იზიარებენ ტარაკნები, ვირთხები და თაგვები. ჭიანჭველა მასთან ცოტაა – ალბათ საჭმლის უქონლობის გამო. ტარაკნები კი, ტარაკნები უბრალოდ შემოივლიან, დახედავენ ნაცნობს, მოიკითხავენ და წავლენ. აი, რა ესაქმებათ თაგვებს, ვერ გამიგია.
გამეღიმა ფიქრში, რომ ბებოც ტარაკანას ჰგავს. სხვაობა ისაა, რომ ბებოს ვერცხლის საყურეები უკეთია, ტარაკანას კი არა. მსგავსება ბევრია: ბებოც ტარაკანასავით შავია, შავი ულვაშებით და შავი ცხოვრების წესით… ბებოსაც კოჭებამდე ჩავარდნილი უკანალი და მუცელზე ნაკეცები აქვს, როგორც მცოცავს, მხრები და თავი უკისროდაა გადახლართული. მერე რა, რომ ბებოს ორი ფეხი აქვს, ტარაკანას კი ექვსი? მიუხედავად ასაკისა, ბებოც მარდია, გარბის და გამორბის. აბა სად გინახავთ მოსიარულე ტარაკანა? ის სულ გაქცევაშია. არიქა, არიქა, არიქა არ გაგასწროს, მოკალი მაგის..! მაგრამ ბებო ტარაკანებს არ ხოცავს…
საიდან მეცნობა ეს სახე? თუმცა, მის ასაკში ყველანი ერთმანეთს ჰგვანან.
მანქანა გაჩერდა. უკანა კარი გაიღო. მანქანიდან პირველი ბებო გადახტა, შემდეგ ორმა თეთრხალათიანმა ტარაკანამ საკაცეს ხელი მოჰკიდა და ვიგრძენი, წვიმის ცივი წვეთები როგორ მცემდა სახეზე.
ოდესმე თუ შეგიხედავთ წვიმისთვის? გინახავთ, როგორ ვარდება იგი ზესკნელიდან? წვიმის წვეთი ძაფია დედადმიწასა და ზეცას შორის – უბიწო, ნეტარი და გაურყვნელი. უსიტყვო წერილი, მინიშნება, წერტილს მოწყვეტილი…
როგორ მინდოდა, რომ ვყოფილიყავით დედამიწასა და ცას შორის მხოლოდ მე და წვიმის წვეთები.
…მაშინ, როდესაც ყველაფერი სულ ერთია. მხოლოდ მე და ცივი, კეთილი წვიმის წვეთები!
წვიმა, როგორც მადლიერი ნაცნობი, ტაშით გამაცილებს. ის ხომ დაუღალავად აპლოდირებს, მაგრამ წვიმის დროს ყველას ეჩქარება.
ჰეი, ტარაკნებო! დამტოვეთ წვიმის წვეთებთან! წვიმის წვეთებთან, ფეხაკრეფით რომ ჩამიარეს. დამტოვეთ!

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button