ბერნჰარდ ჰენენი და ელფების სამყარო
სახელწოდება: ელფები (პირველი ნაწილი)
ავტორი: ბერნჰარდ ჰენენი
ციკლი: ელფები
ქვეყანა: გერმანია
ენა: გერმანული
პირველი გამოცემის წელი: 2004
შეფასება Goodreads-ზე: 3.94/5
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ინტერნეტ ჟურნალმა იმ 51 ფენტეზი-სერიის სია გამოაქვეყნა, რომლის წაკითხვაც ნამდვილად ღირს ჟანრის ნებისმიერი მოყვარულისთვის. აქ შეხვდებოდით თქვენთვის ნაცნობ ყველა ცნობილ საგას – “ბეჭდების მბრძანებელს”, “ყინულისა და ცეცხლის სიმღერას”, “მეფის მკვლელის ქრონიკებს”, “ბნელი ელფის ტრილოგიას” და ა.შ. თუმცა, არც 51-წიგნიან სიაში მოხვდა თანამედროვე გერმანელი ავტორის – ბერნჰარდ ჰენენის საგა ელფების შესახებ (ორიგ. “Die Elfen”). საერთოდ, რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას ამ სერიას, ინგლისურადაც კი არ არის სრულად ნათარგმნი, არადა პირველი ისტორია ელფების შესახებ 2004 წელს გამოიცა. მას შემდეგ, დღემდე, არ ეშვება ჰენენი გრძელყურა არსებებს და მათ შესახებ უფრო და უფრო სიღრმისეულ ქრესტომათიას ქმნის.
ავტორიბერნჰარდ ჰენენი 1966 წელს დაიბადა. პროფესიით – ფილოლოგი-გერმანისტი, არქეოლოგი და ისტორიკოსი გახლავთ. დაამთავრა კიოლნის უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთებსა და რადიო-ჟურნალებში. 1994 წელს ვოლფგანგ ჰოლბაინთან ერთად თავისი პირველი რომანი – “მიღების წელიწადი” (ორიგ. Das Jahr des Greifen) გამოსცა, იმავე წელს ნომინირებულ იქნა საუკეთესო გერმანულ რომანის კატეგორიაში ფენტეზის ჟანრში. დღესდღეობით მის კალამს ეკუთვნის 25-მდე ისტორიულ-ფანტასტიკური რომანი და კიდევ უფრო ბევრი მოთხრობა. ის ძირითადად გერმანულენოვან მკითხველს შორისაა ცნობილი, თუმცა რუსულმა გამოცემებმაც დროულად ითავეს ჰენენის წიგნების თარგმნა. შედეგად, თითქმის სრულად არის ნათარგმნი მისი სერია ელფების შესახებ. პირველი საგა სახელწოდებით “ელფები” (ორიგ. Die Elfen), 5 ნაწილისგან შედგება. მეორე, 2007 წელს დაწყებული სერია სახელწოდებით “ელფების რაინდი” (ორიგ. Elfenritter) ტრილოგიის ფორმითაა შედგენილი, ასეთივეა 2011 წლიდან გამოცემული – “დრაკონის ელფები” (ორიგ. Drachenelfen).
Die Elfenზოგადად, ფენტეზის ჟანრმა განვითარების არც თუ ისე მცირე გზა განვლო და ამ პერიოდში მისმა ძირითადმა ელემენტებმა მრავალგვარი ცვლილება განიცადა. შეიცვალა პერსონაჟების, რასების ხასიათი, ბუნება და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. თუმცა, ძირითადი რასების ტიპაჟები მაინც ერთიანი სტერეოტიპების ქვეშ გაერთიანდა. ასე მაგალითად, ტროლი ყველასთვის დაბალ, სუნიან და უარყოფით არსებად დარჩა, ჯუჯა – მიწისქვეშეთის ბინადარ ჭამა-სმის მოყვარულად, ელფი კი სისპეტაკესთან, წესრიგთან და მშვილდოსნობასთან იქნა ასოცირებული. ცალკეული რასებისადმი სქელტანიანი რომანების დათმობით განსაკუთრებით თავი იჩინეს გერმანულენოვანმა ავტორებმა. ასე მაგალითად, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს კრისტოფ ჰარდბუხის “ტროლები” (ორიგ. Die Trollen) და მარკუს ჰაიცის “ჯუჯები” (ორიგ.. Die Zwerge). აი, ბერნჰარდ ჰენენმა კი ელფების გზა აირჩია და დაიწყო მათი სამყაროს შექმნა. ააგო ძლევამოსილი ალვენმარკი, ფიორლანდია და ფაინგორნი. შექმნა უკვდავ ელფთა ორი შტო – ნათელი და ბნელი ელფები, რომლებიც საერთო წინაპარს – ალვებს მიეკუთვნებიან. აქ, ოდნავ უცნაურობას იწვევს ბნელი ელფების სახე, რომლებიც თავიანთი შორეული ნათესავებისგან ფრიად განსხვავდებიან, ისინი სიმაღლით დაბლები, მუქი კანის მქონენი და მშვილდისგან განსხვავებული საბრძოლო იარაღების ხმარებაში გაწაფულები არიან.
პერსონაჟებიჰენენის ელფების მონარქი დიდებული ემერელია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მართავს ელფებს და მათი ბედ-იღბლის მთავარ განმგებლად რჩება. აქვე არსებობს ადამიანთა რასაც, რომლებიც პარალელურად, მათთვის ჩვეულ სამყაროში ცხოვრობენ. რომან – “ელფების” მთავარი გმირი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ადამიანია. უფრო სწორად, ადამიანთა ყველა დროის ყველაზე ბრწყინვალე მეფე – მანდრედი. მანდრედი, რომელმაც ლეგენდების თანახმად, საუკუნეებს გადააბიჯა და თავის ელფ მეგობრებთან – ნურამონთან და ფაროდინთან ერთად ათასგვარ სიძნელეს დაუსხლტა ხელიდან. მანდრედის შვილი – ალფადრასი კი, ალვენმარკში გაზრდილი ადამიანია. მისი წესი და ჩვეულება ელფურია, გული კი ადამიანურად ძგერს. ადამიანების და ელფების გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ ალვების კიდევ ერთი წინაპრები – კენტავრები და მათი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – აიგილაოსი. აიგილაოსის და მანდრედის მეგობრების ისტორია, ალბათ მამაკაცებს შორის არსებულ უერთიერთობაზე მოყოლილი ყველაზე სევდიანი ამბავია ფენტეზის ისტორიაში. “ელფებს” არ აკლია რომანტიკული და ჰეროიკული არომატიც. ამის დასამტკიცებლად ისიც საკმარისია, რომ ნურამონი და ფაროდინი, ერთმანეთის ლამის ძმადნაფიცი მებრძოლები, საერთო სატრფოს – ნოროელის გულის მოგებას ცდილობენ და აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ელიან მისგან პასუხს.
დროჰენენის სამყაროს ალბათ ყველაზე მეტად დამახასიათებელი ტექნიკური მომენტი ისტორიის დროში გაწელვადობაა. თავისუფლად შეიძლება ერთი თავიდან მეორე თავზე გადასვლისას 200-300 წელი გავიდეს, შემდგომ 40-გვერდიანი ისტორია ერთ-ერთი პერსონაჟის 60-წლიან ცხოვრებას დაეთმოს, სიუჟეტის შუაწელზე კი, საუკუნეთა მიჯნაზე გახლეჩილი მებრძოლი ჯგუფის გაერთიანების მოწმენი გავხდეთ. ამ ყველაფრის პარალელურად წინა პლანზე გამოდის რასათა შორის სხვაობა. ელფებისა და ადამიანების თვისობრიობის ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ელემენტად სწორედ დროის ფაქტორი ჩნდება. მხოლოდ მაშინ თუ ესმით უკვდავ არსებებს ადამიანთა ავარდნილობის, სიხარბის, მომხვეჭელობისა და ნაყროვანობის, როდესაც სრული გონებით იაზრებენ მათი ცხოვრების სიმცირეს, მათი სიცოცხლის ხაზის სიმოკლეს. ადამიანები კი, თავის მხრივ, ელფების სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას სწორედ იმ ფაქტს მიაწერენ, რომ მათთვის პრაქტიკულად არ არსებობს “დღეს” და “ხვალ”, რადგან მათთვის საუკუნეებს შორის სხვაობა პრაქტიკულად წაშლილია.
ფონი
ისევე, როგორც ყველა სხვა სათავგადასავლო რომანს, არც ელფების საგას აკლია ქვეტექსტები. მათ, ბუნებრივია, მკითხველი ყველა თავისებურად აღიქვამს, თუმცა ერთი – რაც აშკარაა, არის ის, რომ წიგნში წარმოჩენილ რასებისა და პერსონაჟების თვისებები ძალიან წააგავს თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა დამახასიათებელ ნიშნებს. ალბათ, ქართველი მკითხველი ყველაზე ახლობელად (თავისთავად, ადამიანების გარდა) კენტავრთა რასას მიიჩნევს. კენტავრებს ხომ აგრერიგად უყვართ ჭამა-სმა, ხმაურიანი ღრეობა და მეორე დილით მინიმალური ამუნიციით ბრძოლაში შებმა. ჰენენის მიერ შექმნილი ელფები, რომლებიც ძირითადი შტრიხებით მცირედით თუ განსხვავდება, საზოგადოდ ჩამოყალიბებული შეხედულებებისგან, მკაცრი, ცივი ხასიათის არსებები არიან. მათი წესრიგისა და სიბეჯითისკენ მიდრეკილება სანიმუშოა ყველასთვის. თუმცა, ელფების პრობლემების მთავარი მიზეზიც ხშირ შემთხვევებში მათივე განცალკევებით დგომა და უადგილო შოვინიზმია.
მტერი
ბოროტი ძალის საკითხი ჰენენთან ოდნავ განსხვავებულად დგას. ერთი მხრივ, მთავარი მტერი პირველივე გვერდებზე “თავს გვესხმის”, მეორე მხრივ კი, შემდგომ ასეულობით გვერდის განმავლობაში იკარგება და სიუჟეტი სულ სხვა მიმართულებით ვითარდება. თუმცა, ჰეროიკულობის სრული წესების დაცვით, გერმანელი ავტორი დასასრულისკენ მძიმე ბატალურ სცენას გვთავაზობს, სადაც უკვე “რასობრივი” ომია გაჩაღებული. უნდა
ითქვას ისიც, რომ Die Elfen-ის რუსული თარგმანი დასათაურებულია როგორც – “Во власти девантара“. დევანტერები უძველესი დროის დემონები არიან, რომლებსაც ალვების შთამომავლებთან ათასწლიანი ომის შემდეგ თავიანთი პოზიციები დათმეს. თუმცა, მაშინ როცა ელფებს ყველა დევანტერი განადგურებული ეგონა, ერთ-ერთმა მათგანმა ადამიანთა სამყოფელზე თავდასხმა და ამ გზით ალვენმარკის დაჩოქება გადაწყვიტა. ეპოქალური ომი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ალვების შვილების სამომავლო ბედი და ადამიანთა რასის არსებობა-არარსებობა, უდიდეს მომზადებას საჭიროებს. მოსამზადებლად კი, საკმაო დრო გვაქვს. ალვენმარკში დრო ძალიან ნელა გადის.
ეს დევანტერი არ არის. დევანტერს გარეული ტახის თავი აქვს. ეს ისკანდერიის ბიბლიოთეკაა, – სამყაროს ერთ-ერთი საკვანძო ლოკაცია |
დიდია, მაგრამ ღირს
ჰენენის ელფების საგა იმ რომანთა (რომანთა კრებულის) კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვასაც დიდი ხნით გეგმავ, თვეობით გადადებ მის დაწყებას და როცა დაიწყებ, კითხვაში წინსვლა იმდენად ნელია, რომ თავის დანებების სურვილი გიჩნდება. ყველაფერი კი იმიტომ, რომ გერმანელი ძალიან ვრცლად აღწერს თავის სამყაროს, დეტალურად გვაცნობს თითოეულ პერსონაჟს, ქალაქს და ლოკაციას. სამაგიეროდ, მისი პოეტური თხრობის მანერა, უმაღლესი მხატვრული ოსტატობა და რაც (ჩემთვის) ყველაზე მნიშვნელოვანია – ტოპონიმებისა და საკუთარი სახელების იდეალურად შერჩევის შესაძლებლობა, მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება. შეუძლებელია, პირველი წიგნის დასრულების შემდეგ კვლავაც არ გაგიჩნდეთ ალვენმარკსა და ისკანდერიის ბიბლიოთეკაში მოგზაურობის სურვილი, დევანტერის მალულად თვალთვალი, მისი გამყინავი ხმის მოსმენა და ბრძოლის წინ ნასვამი მანდრედის ცალყბა ხუმრობები.
სასიამოვნოა ისიც, რომ ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. წინ “ელფების ზამთარი” (Elfenwinter) და “ელფების ნათელი” (Elfenlicht) გველის.
ავტორი: ირაკლი სულაძე