განხილვაკინემატოგრაფია

სერიალის მიმოხილვა: Sense8

როცა თეოდორ სტარჯენის „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანს“ ვკითხულობდი, მიჩნდებოდა ლოგიკური კითხვა, თუ რატომ არ იღებდნენ სამეცნიერო ფანტასტიკის ამ კლასიკის მიხედვით სატელევიზიო სერიალს ან თუნდაც კარგ ფსიქოლოგიურ სამეცნიერო ფანტასტიკას. წიგნი მოგვითხრობს ადამიანის ევოლუციის მორიგ საფეხურზე, როდესაც რამდენიმე ინდივიდი ქმნის კოლექტიურ არსებას, რომელშიც თითოეული მათგანი არის „ყველა“ და რომელიც უფრო მეტია, ვიდრე თითოეული ინდივიდის „ჯამი“. თუ კი ასეთ ორგანიზმს დავუმატებდით ფილიპ დიკის კოლექტიური ემპათიის ფენომენს ნაწარმოებიდან „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, მივიღებდით რაღაც განსაკუთრებულს, მაგალითად… თუმცა აქ წყდებოდა ჩემი ამ საკითხით დაინტერესებაც და, სავარაუდოდ, ჩემი წარმოსახვის ფარგლებიც.
არ ვიცი, რამდენად იცნობენ ვაჩოვსკები და მაიკლ სტრაზინსკი სტარჯენის  ან დიკის შემოქმედებას, თუმცა ფაქტია, ჩემს ცნობიერში დალექილ კითხვას საკმაოდ ხოშიანი პასუხი გაეცა ამ ზაფხულს Netflix-ის ახალი სერიალის – Sense8-ის ნახვის შემდეგ, რომლის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაჩოვსკებში გარკვეულწილად კვლავ გაიღვიძა იმ შემოქმედებითმა პოტენციალმა, რომელიც საერთოდ ჩამკვდარი იყო Jupiter Ascending-ის გადაღებების პერიოდში. 
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაშინ ძმები და ახლა და-ძმა ვაჩოვსკები ერთ მშვენიერ დღეს ემპათიისა და ადამიანის ევოლუციის ურთიერთმიმართებაზე დაფიქრდნენ  და ამ ორთავიანი რეჟისორის თავზე დიდი ყვითელი ნათურა აინთო, რომლის ჩაქრობამდე მაიკლ სტრაზინკის დაუძახეს და მუშაობა დაიწყეს ისეთ პროექტზე, რომლისგანაც ისეთივე გავლენას ელოდნენ სატელევიზიო და კინო კულტურაზე, როგორიც „მატრიცას“ ჰქონდა („ნეტავ ეს მაიკლ სტრაზინსკი ვინ არის“ კითხვას რაც შეეხება, ეს კაცი თითქმის ყველა სახის მედიაში (ტელევიზია, რადიო, ტელესერიალები, კომიქსები, წიგნები…) მუშაობს, არის რამდენიმე სერიალის პროდიუსერი და წერდა ისეთი კომიქსებისთვის, როგორებიცაა The Amazing Spider-Man, Thor, Superman, the Superman: Earth One, Before Watchmen and Wonder Woman).

არ ვიცი რამდენს უდრის იმის ალბათობა, რომ ვაჩოვსკების ხსენებაზე პირველად Sense8 გამახსენდეს და არა – „მატრიცა“, თუმცა პროექტზე მომუშავე კოლექტივმა ნამდვილად კარგი შედეგი დადო: 12 სერიაში ჩვენ ვნახავთ როგორ იბადება ახალი ორგანიზმი მსოფლიოს სხვადასხვა 8 ქალაქში მცხოვრები ადამიანების ემოციური და ტელეპათიური დაკავშირების გზით; როგორ ნადირობს მათზე გენეტიკის შესწავლით დაინტერესებული ორგანიზაცია და რა სირთულეების წინაშე დგას ეს რვა ადამიანი, რომელთა გენომში ერთი ქრომოსომა ისე არ განვითარდა, როგორც წესი და რიგი იყო.

სერიალის ნახვისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სერიალის შემქნელებს თითქოს მომენტებში ავიწყდებათ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას იღებდნენ, თუმცა მათი ჩანაფიქრიც სწორედ ესაა: მათ უნდოდათ ერთგვარი „რბილი“ სამეცნიერო ფანტასტიკის შექმნის გზით გამოეკვლიათ ის თემები, რომლებიც ტრადიციული სამეცნიერო ფანტასტიკისთვის არ არის დამახასიათებელი: ინდოელი ქალის საქორწილო მზადების ფონზე ნაჩვენებია გერმანული მაფიის ოჯახის ცხოვრება, ორი ლესბოსელის ცხოვრების პარალელურად ორი მექსიკელი გეის „ოჯახური ურთიერთობანი“, კენიაში მცხოვრები ავტობუსის ახალგაზრდა მძღოლის თავგადასავლებთან ერთად სამხრეთ კორეული კორპორაციის შიდა სკანდალები, ასევე ისლანდიელი დიჯეისა და ჩიკაგოელი პოლიციელის ცხოვრება. სწორედ ისინი შეადგენენ კლასტერს, ანუ მუტაციური ქრომოსომის მქონე ადამიანთა კოლექტიური ემპათიის სისტემას. ასეთი უნარი მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ ერთმანეთის უნარები, გაიზიარონ გრძნობები და ემოციები და ა.შ.

სერიალი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მაყურებელს დაუტოვოს რეალობის მაქსიმალური შეგრძნება, დაწყებული ეპიზოდების შესავლით (რომლის ნახვისას უფრო მეტად იმის შთაბეჭდილება შეგემქნებათ, რომ დოკუმენტურ ფილმს უყურებთ Discovery-ზე), დამთავრებული ყოველდღიური თემების წინ წამოწევით. მაგრამ სწორედ ასეთი ლაიტმოტივის გამო არის ჩავარდნები ზოგიერთ მომენტში, რაც დამახასიათებელია ექშენ სცენებისთვის: ქრება ყველა იარაღი, რატომღაც ყველას ხელჩართული ბრძოლა უნდა (იმიტომ, რომ პროტაგონისტს არ აქვს იარაღი), პერსონაჟები არ კვდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ა.შ. მოკლედ კინომატოგრაფიული deus ex machina-ების ნაკლებობაც არ იგრძნობა, თუმცა სერიალში, რომელშიც ჟან-კლოდ ვანდამის კულტია შექმნილი, ასეთი მომენტები უფრო მეტად სიამოვნებას იწვევს, ვიდრე – სკეპტიკურ დამოკიდებულებას.

ცალკე აღნიშვნის ღირის ჰომოსექსუალური სცენები. ამ მხრივ გენდერული ბალანსიც დაცულია. ორი ლესბოსელი და ორი გეი, თუმცა ლესბოსელების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ერთ-ერთი ქალი კაცად დაიბადა და შემდეგ იპოვა რეალური „მე“. სცენები ისეა დადგმული, რომ ჰომოფობსაც შეიძლება, პირველ რიგში, რეჟისორული მიდგომა დავასებოდა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მსახიობი, რომელიც „კაცად დაბადებულ ქალს“ თამაშობს, რეალურ ცხოვრებაშიც იგივე გამოცადა. რადგან ქასტზე ჩამოვარდა სიტყვა, ფართო საზოგადოებამ შეიძლება იცნოს დერილ ჰანა, საიდი სერიალ Lost-დან და კორეელი რობოტი გოგო ასევე ვაჩოვსკების Cloud Atlas-დან.

Sense8  არის „უნდა ნახო“ სერიალი, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით დატვირთული რეალური ცხოვრების ხედვა ადამიანის ევოლუციის კონტექსტში: კარგად დადგმული სცენები ლოკაციების დიდი ტერიტორიული მასშტაბით; სხვადასხვა კულტურის გავლენა მორალურ და ეთიკურ საკითხებზე, ნარატივის თანმიმდევრულად განვითარებადი დინამიკა და 4 Non Blonde-ის What’s Up მე-4 ეპიზოდის ბოლოს. 12 სერიის ბოლოს თქვენს ცნობიერებაში დალექილ კითხვას „what’s up“-ს კი პასუხს სავარაუდოდ მეორე სეზონი გასცემს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button