განხილვალიტერატურაწიგნები

მიმართულება: დედამიწა – Neverwhere

როდესაც კითხულობ ნილ გეიმანისა და ტერი პრეტჩეტის “კარგ წინასწარმეტყველებას” (ორიგ.: Good Omens), სურვილი გიჩნდება, ბოლო გვერდის დახურვისთანავე ორად გაიყო, ერთი ნაწილი სენდმენის ავტორის წიგნების საკითხად მომართო, მეორეს კი დისკვორლდი გააცნო. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს და არც ჩვენ ვართ აზიმოვები, რომ ერთდროულად სხეულის რამდენიმე კიდურით ვწეროთ/ვიკითხოთ. სწორედ ამიტომ, მე და ჩემნაირებს დღემდე ბოლომდე შეუსწავლელ მოვლენად გვრჩება ტერი პრეტჩეტი. ამასობაში კი, ტერიმ 66 წლის ასაკში დაგვტოვა და ამან კიდევ უფრო გაგვიძნელა “ტერათონის” დაწყება. თითქოს ყველამ აქამდეც ვიცოდით, რომ სერი მძიმე სნეულებას ებრძოდა და ესეც რომ არა, ქართველი მკითხველის უმეტესობას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მაინც არასდროს გვექნებოდა, მაგრამ მისმა სიკვდილმა მაინც განსაკუთრებული სევდა დაგვიტოვა. არა იმიტომ, რომ დაიღუპა დიდი მწერალი ან დიდი ადამიანი, არც იმიტომ, რომ ჩვენ მის ახალ ნაწარმოებებს ვეღარ წავიკითხავთ. არა, რაღაც სხვა, ამოუცნობი სევდა. თუნდაც იმიტომ, რომ ნილი რაღაც მომენტში მარტო დარჩა და ვინ იცის, ეს მის წიგნებსაც დაეტყოს მომავალში. მანამ კი, სანამ მარტო დარჩებოდა, მეოცე საუკუნის მიწურულს გეიმანმა გამოსცა ნოველა – Neverwhere, რომლის ქართულ თარგმანშიც დარწმუნებული არ ვარ. შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც “არსად”, “არსადერთი” ან რაიმე მსგავსი.
წიგნი, გრაფიკული ნოველის დარად, ერთ საინტერესო სიუჟეტს მიჰყვება, რომელიც ერთდროულად სათავგადასავლო ალტერნატიული რეალობის ამსახველია და ამასთან, დაჰკრავს დიდი დოზით სატირა. სატირა – პირველ რიგში ადამიანთა არასწორი შეხედულებებისა და ფასეულობების მიმართ. წიგნის მთავარი გმირი ცხოვრობს ლონდონში, უფრო სწორად კი, იმ ლონდონში, რომელშიც ის და მის ნაირები ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობენ. თუმცა, ლონდონი ბევრად დიდია. დიდი და საინტერესო. თუმცა, მისი მცხოვრებლები ამას ვერ ამჩნევენ. ჩვენს გმირს კი გაუმართლებს და აღმოაჩენს ლონდონის მეტროს იდუმალებას. მეტრო, რომელიც გარდა სატრანსპორტო დანიშნულებისა, ერთიანად წარმოადგენს სხვა, ალტერნატიულ ლონდონს. აქაც, რეზნიკისეულად ერთმანეთთანაა შეპირისპირებული ხილული და ნაწილობრივ უხილავი ქალაქის თავისებურებები. თუმცა, გეიმანი ბევრად უფრო მსუყე შინაარსს გვთავაზობს, თავისი საყვარელი მითიურ-რეალური პერსონაჟებითა და თემატიკით.
Neverwhere საინტერესოდ ეხება მეგობრობის, ერთგულების და ადამიანთა შორის არსებული განსხვავებების საკითხს. ქვედა ლონდონი კი, რომელშიც ძირითადად “ბომჟისეული” პერსონები სახლობენ, მკითხველს ჰპირდება დაუვიწყარ მოგზაურობას ბრიტანულ ნესტიან გვირაბებში, რომელშიც მართალია, ვერ შევხვდებით მეტრო 2033-ისეულ იდუმალებასა და სიმძაფრეს, თუმცა აქ გეიმანი ცოტა სხვა მომენტებზე აკეთებს აქცენტს. ის ფაქტი, რომ ქვემოთ მცხოვრებლები ზედა ლონდონელებისთვის თითქმის შეუმჩნევლები არიან და რომ არა რიჩარდ მეიუს (მთავარი გმირი) სამარიტანისეული კეთილშობილება, ვერც ის გაიცნობდა ოდესმე ლედი დორს, ანგელოზ იზლინგტონს და მარკიზ დე კარაბასს, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც დილით სუფთა პერანგებით და ხელში რძიანი ყავით თავმოწონებულები სუფთა მანქანის სუფთა სავარძლებზე მოკალათებული არ მოძრაობენ, ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც სხვები. თუმცა, იმ სხვათა დამახინჯებული აზროვნების “წყალობით” ისინი პრაქტიკულად გაუჩინარებულები არიან. თითქოს არც არსებობენ. ან ოდესმე არსებობდნენ და ახლა აღარავის ახსოვს.

ტერი პრეტჩეტიც წავიდა. წავიდა, სადღაც არსებულ, ან არარსებულ სამყაროში. სადღაც იქ, ლონდონის მიწისქვეშეთში, იქ, სადაც Neverwhere-ის პერსონაჟები დახვდებიან და იქაურობას უკეთ გააცნობენ. ტერიც გახდება ერთ-ერთი შეუმჩნეველი ლონდონელი და ივლის რიგითი ინგლისელების გვერდიგვერდ, რიგითი ინგლისელები კი, (ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მაინც) იმ გაცვეთილი ქართული ანეკდოტის არ იყოს, მეტროში ჩასვლის დროს, ესკავატორზე დგომისას წამიერად მაინც მოძებნიან თვალებით მეტროს გვირაბებს შორის მოხითხითე ბერეტიან წვეროსანს.

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button