ზღაპარისაბავშვო

ხოხობი და მელია

ერთი ჯაგის ძირში ხოხობი იჯდა და ხორბალს კენკავდა. ისე იყო თავის საქმით გართული, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ წამოეპარა მელია. მელიამ ერთი ნახტომით მოიგდო პირში საბრალო ხოხობი და იქვე ჯაგის ძირშივე დაუპირა შეჭმა. ხოხობმა რომ დაინახა ჩემი საქმე გათავებულია და მელიას კბილების წერა ვხდებიო, ერთი გაიფართხალა და საყვედურით მიმართა მელიას: – არც კი გრცხვენია, ხომ დამიჭირე და შეჭმასაც ისე მიპირებ, რომ ღმერთს არც კი ახსენებო. განა სადღა გაგექცევი? ადიდე ღმერთი და საქმეს ისე შეუდექიო!

მელას ჭკუაში დაუჯდა ხოხობის რჩევა. ნაშოვრით გათამამებულმა გაიფიქრა: ამ ხოხობს მერეც ხომ შევჭამ, კარგი იქნება ღმერთი ვადიდოო, და მართლაც შესთხოვა: – სხვა კიდევ ბევრჯერ შემეწიეო და ასეთი ლუკმა მრავალი მაშოვნინეო.

ისარგებლა ხოხობმა, პირიდან გაუსხლტა მელას და გაფრინდა. რომ დაინახა მელიამ ეს ამბავი, დაიწყო მოთქმა და თავში ცემა:

ხოხობის მოტყუებულსა თვალი დაუდგეს მელსაო,

პირში მეჭირა ხოხობი, რაღა დიდება ღმერთსაო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button