ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – შაშაც რევოლუცია, ანუ რევოლუცია ორთაჭალაში, ბამბის რიგზე

შაშა აზაურაშვილი ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა ქვაფენილაყრილ ტროტუარზე, გაშტერებული უყურებდა ამოყრილ ქვებს შუა ჩამდგარ წყალს, ქვების შუაში ლიპი ნაფეხურები ჩანდა, შაშა ცდილობდა შიგ ნაფეხურებში ჩაედგა ფეხი, როცა ამას ვერ ახერხებდა, ნერვიულობისაგან ემანჭებოდა სახე, პატარა, უსიამოვნო სუსხისგან დალურჯებული ცხვირი შუაში გატეხილივით ექცეოდა გვერდზე; ყოველი ასეთი მოძრაობისას შაშას თვალები ხედავდნენ ცხვირის წვერზე გამოსულ, სიცივისაგან გამაგრებულ თეთრ-მომწვანოთავა მუწუკს; უსიამოვნოდ იშმუშნებოდა შაშა, გალიპული ტანისამოსი მხრებზე ეკვრებოდა და ახალ შეგრძნებებს იწვევდა მის ტანში, რომელიც ხან იმართებოდა, ხან თითქმის მიწამდე ეშვებოდა, როცა მთელი ხუთი სანტიმეტრით მოკლე ფეხს ეყრდნობოდა. ყოველი ფეხის გადადგმის შემდეგ ეგონა მას, რომ შემდეგი ნაბიჯი გამოვიდოდა სწორი, ასე ეგონა ბავშვობიდან, როცა დიდებიც კი ეძახდნენ ჩოლახას, ჩოლახას ეძახდა დედაც…
ბავშვობიდანვე იშვიათად ეფერებოდა დედა შაშას და სწორედ ამ იშვიათი მოფერების დროს ეძახდა იგი მას `ჩოლახას~, შაშამ პატარა ბავშვის ინტუიციით იცოდა, რომ ეს ზედმეტი სახელი, რომელიც მის ფიზიკურ ნაკლს გამოხატავდა, მხოლოდ საალერსოდ იყო ნათქვამი და ყველაზე ძალიან ესა სწყინდა, სწყინდა უფრო ძლიერად კიდევ იმიტომ, რომ დედა ამ სიტყვის თქმისას თავზე ხელს უსვამდა და მისი ამ ნაკლით გამოხატავდა მთელ სინაზეს, რაც მისდამი ჰქონდა, და თითქოს ეს ნაკლი რომ არა, საერთოდ არ მოეფერებოდნენ მას, ან კოცნიდა და ის ვერ ახერხებდა მთელი თავისი ბუნებით გაბრაზებულიყო გულში მაინც; როცა, ამ სიტყვის გაგონების დროს, მთლიანად უძაბუნდებოდა ბრაზიანი სევდისგან შიგნით რაღაცა, ყველაზე ძვირფასი, მეორე ნაწილი ამშვიდებდა, ნიღბავდა მის სამართლიან აღშფოთებას იმ მიზეზით, რომ დედა ამ სიტყვას საალერსოდ ეუბნებოდა, და სწორედ ამ სიბრაზის შეკავება აათკეცებდა მის ბრაზს, ნაღველს და მარტო დარჩენილი ჩუმად ტიროდა ამის შემდეგ მთელი ღამე.
როცა სხვები ეძახდნენ შაშას ჩოლახას, ის გულში მათ ათას სამაგიეროს უხდიდა, რაღაცეებს ძებნიდა შეუგნებლად თავისივე თავში ისეთს, რაც მათ არა ჰქონდათ, ეჯიბრებოდა ოცნებით, ამარცხებდა მტრებს და მშვიდდებოდა, მაგრამ დედის მოფერებისას იძულებული იყო ყველა თავისი შინაგანი გრძნობა შეეკავებინა.
დედებმა რომ იცოდნენ, რამდენ საწყენს ეუბნებიან თავიანთ შვილებს და ერთი გაუფრთხილებელი სიტყვითაც რამდენ ნაღველს, ბრაზს იწვევენ მათ პატარა გულებში, მაშინაც კი, როცა პატარებმა გონებით არაფერი იციან თავიანთი ამ გრძნობის შესახებ. დედის მიერ გაუფრთხილებელი სიტყვით გამოწვეულ წყენასთან შედარებით არაფერია მთელი უბნის ბავშვების დაცინვაც კი.
დიდი ხნის წინ, როცა შაშა იყო ათი წლის, მისი ძმა კი რვა წლის, ძალიან, ძალიან აწყენინეს მას: შაშა კედელთან მიგდებულ, ჯდომისაგან თითქოს მიტკეპნილ ქვაზე იჯდა; მისი ძმა სხვებთან ერთად `ქუჩურ ადგილზე~ თამაშობდა. შაშას გული სიხარულით ევსებოდა, როცა გაიოზი თუნუქის ყუთს ქვას მოარტყამდა და წრიდან შორს ისროდა, თვითონაც შედიოდა აზარტში, მაგრამ პატარას უფრო სუსტი ჰქონდა ფეხი, თითქმის კუტი იყო, ძლივს აათრევდა ხოლმე მოკლე ფეხს ხელების დახმარებით კიბეზე, რომლის ბოლოშიაც ახლა იჯდა. გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ბიჭების თამაშს; ხაზიდან ესროლა `ქუჩურს~ ქვა მისმა ძმამ და ააცილა, სალკა შაშას ფეხთან დაეცა, წრეში ჩამდგარი `დედა~ თვალს არ აშორებდა გაიოზის `სალკას~, რომ ხაზის გადმოჭრისთანავე მოწინააღმდეგე ფეხში დაეჭრა. აქლოშინებული დარბოდა გაიოზი ხაზის გასწვრივ, ხან უცებ ფეხს შემოყოფდა, მიიტყუებდა დედას და ისევ უკან გარბოდა, რომ სხვა მხრიდან შემოჭრილიყო. ძმის მაგიერ შიშით, სიხარულით იყო სავსე შაშას გული, თვალებს ხუჭავდა, როცა `დედას~ მისი ძმა ფეხში უნდა დაეჭრა და ისევ ებერებოდა ფილტვები, უბრწყინავდა თვალები, როცა გადარჩენილი ძმა უკან გარბოდა.
უცებ გაიოზმა პირდაპირ გადაჭრა ხაზი, მისკენ გამოქცეულ `დედას~ წინ გაურბინა, ისევ გადავიდა ხაზს იქით და ახალი ძალით გაქანდა ქვისაკენ. ქვა ეგდო შაშას ფეხთან, შაშა წამოიწია, `დედა~ მოსწყდა ადგილს და ისიც ქვისაკენ გაექანა, ცოტაც და გაიოზი ფეხს დაადგამდა ქვას, მაგრამ შაშას მოეჩვენა, რომ `დედა~ დაასწრებდა მის ფეხში დაჭრას. ენერგიული მოძრაობით წამოხტა ჯანსაღ ფეხზე შაშა, მეორე ფეხი ჰაერში დაეკიდა საცოდავად, დაიხარა, ხელებს დაეყრდნო და სამფეხა მოძრაობით გადახტა ქვისკენ, წაიქცა, ძლივს მისწვდა ქვას და ძმას გადაუგდო, მაგრამ ძმამ დაასწრო იმ ადგილას მირბენა, სადაც ადრე იდო ქვა, გაჩერება ვეღარ მოასწრო და `დედამ~ თავისუფლად დაჭრა ის ფეხში; გამოქანებულივე დაეცა გაიოზი წაფორხილებულ შაშას ზევიდან და წაგებისაგან გამწარებულმა დაუწყო ცემა მუშტებით, აღელვებული შაშა უცებ გაბრუვდა. მუშტები ხვდებოდა სახეში, ფერდებში, `უ, შე ჩოლახა, უ, შე ჩოლახა, ჩოლახა, ჩოლახა~, ეძახდა გამწარებული ძმა. `ჩოლახა, თარსო~, იძახდნენ სხვა ბავშვები და გაიოზს აქეზებდნენ, რომელიც ზევიდან ეჯდა და სცემდა. `თავისზე დიდს ერევა~, აღტაცებულები იძახდნენ ისინი, შაშა ფიზიკურ ტკივილს საშინლად გრძნობდა და თითქმის არ ესმოდა სიტყვები, ის მთლიანად გაბრუებული და გაოგნებული იყო მოულოდნელობისგან, ის ძმა, რომლისთვისაც ამდენს ღელავდა და რომელსაც მისაშველებლად წინ გადაუგდო ქვა, ახლა ზევიდან ეჯდა და სცემდა უწყალოდ, შაშამ მლაშე გემო იგრძნო პირში, მერე თვალი აეწირპლა; გარეშემო ყიჟინით დახტოდნენ ბავშვები, `ჯერ არ ტირის, არ ტირის~, ყვიროდნენ ისინი, შაშას დაავიწყდა კიდეც, რომ ასეთ დროს ტიროდნენ. მხოლოდ ბავშვების ხმაზე გაახსენდა, რომ ცემის დროს რაღაც ხდებოდა ხოლმე სამარცხვინო, არაკაცური, ის, რასაც მოითხოვდნენ მისგან და გაკერპდა, არ იტირა მაშინაც, როცა წიხლი მიარტყა ძმამ მუცელში და უცებ სხვა ბავშვებთან ერთად გაიქცა. მთლიანად ძალაგამოლეული, კრიჭაშეკრული აიყვანა დედამ შაშა ხელში, და შინ მიიყვანა. საცოდავი სანახავი იყო იგი ამ დროს, ნაცემი, დალურჯებული, მაგრამ ამაყი გულში, ბავშვურად ამაყი, რომ ის, რასაც მისგან ელოდნენ – ტირილს – ის, რითაც ის დამცირდებოდა, ე.ი. ცრემლები, არ წამოუვიდა თვალებიდან. დედამ მობანა პირი, ცივი კომპრესი დაადო, მერე, უკვე ლოგინში ჩაწოლილს, ხელი მოხვია, ოდნავ აიყვანა, აკოცა თვალებდახუჭულს ლოყაზე და ნაზად ყურში უთხრა, `ჩემი ჩოლახა ბიჭი, ჩემი ჩოლახა ბიჭი~. შაშა უკვე გაანაზა დედის ალერსმა და ახლა უცებ, ამ სიტყვების გაგონებისას, გაივსო, გაივსო რაღაცა დიდი, მძიმე სევდით, გაევსო თვალები ცრემლებით და ატირდა. არ ესმოდა რატომ, მის გონებას არ გამოუყვია ერთმანეთისგან არაფერი, მხოლოდ მისი სხეული გრძნობდა, რომ ის იყო სუსტი, რომ ამ სუსტს ეფერებოდნენ, ეფერებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ შეეძლო ეცემა მეორე – სხვა, და თანაც ამ სხეულს ახსენებდნენ, რომ ის იყო მახინჯი, ის იყო ჩოლახა, ის იყო საცოდავი; შაშა უცებ ჩაეკრა დედას გულში და ატირდა, აქვითინდა. რაც უფრო ტიროდა, უფრო თრთოდა, ტანი და პატარა ფეხი დაეკრუნჩხა, დიდი ფეხი დაუგრძელდა. `ჩემი ჩოლახა ბიჭი, ჩემი ჩოლახა ბიჭი~, იმეორებდა დედა, ეფერებოდა, თავზე ხელს უსვამდა, `ჩოლახა~ ბუნდოვნად ესმოდა ალერსში შაშას, ვერ შორდებოდა დედის ტანს, რცხვენოდა ტირილის, თავს კალთაში მალავდა, იმ კალთაში, რომელმაც ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელმაც აიძულა იგი ეტირა და უფრო მაგრად ჩაკრული, დაღლილი, ფიზიკურად სუსტი და დედის სიტყვებისგან სულითაც დაჯაბნილი, საცოდავადა თრთოდა. უნდოდა გაქცევა შორს, სადღაც, მაგრამ დედის კალთას იქით გზა არსაითა ჰქონდა.
დედის გახსენებაზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა შაშა, აქამდე არ ესმოდა, რატომ ეძახდა დედაც ჩოლახას, ის დედა, რომლისთვისაც ახლა თავისი ხელით მიჰქონდა წამალი, `მიჰქონდა წამალი~ – ამ ორ სიტყვაზე მახვილი გააკეთა მისმა გონებამ, პატარა ფეხმა უბიძგა მთელ ტანს, გაიმართა, ისევ დაეშვა და ისევ გააკეთა ნერვიული მოძრაობა, ისევ გაიმეორა – `მიჰქონდა წამალი~, მერე ეს ორი სიტყვა რიტმში ჩაუჯდა მუსიკასავით და თითქმის ხტუნაობით წავიდა. იქით, ქუჩის ბოლო ნისლში იჯდა, ქუჩა ცარიელი, ანგრეული იყო, მის შუაში მთლიანად საკუთარი თავით დატვირთული მიდიოდა საშა, ახლა თითოეული ბიძგის მიცემისას მისი გონება სამ ნაწილად იმეორებდა: `ჩო-ლა-ხა, ჩო-ლა-ხა~, ბოლო `ხა~ და წინა `ჩო~ მოდიოდა მარცხენა მოკლე ფეხზე, მერე ხმები გაიზარდნენ, ახლა ნისლიდან ისმოდნენ ისინი, `ჩო-ლა-ხა!~ შაშა მოულოდნელად გამხიარულდა და უცებ სრულიად მოულოდნელად დაასკვნა, რომ თავის ძმას სწორედ იმით სჯობდა, რომ იყო ჩოლახა, თანაც უფრო სჯობდა, რაც უფრო მაგარი ჩოლახა იყო, უცებ შეეცვალა დაძაბული ტანი, რომელიც კოჭლობის დამალვას ცდილობდა, მთლიანად მოეშვა, მთელ ბუქნზე ჩაჯდა და გაიმართა, ჩაჯდა და გაიმართა, გამომწვევად ააყოლა ტანი, მხრები; `აბა, რომელი ხართ ჩემსავით ჩოლახა, ა, ა?~ იმეორებდა მისი გონება, თვალები აენთო, ხელები მოძრაობაში მოვიდნენ, გაყინული ცხვირი გაუხურდა, გალხვა და მოეშვა. ჟინჟვლა წვიმაში გადავიდა, შაშამ გული ჩაიხსნა, თვალები უფრო გაუელვარდა, აენთო, გახურებული მკერდით ცდილობდა თვითონ დასჯახებოდა წვიმას, განგებ მაგრად ედებოდა მოსახვევებში გალიპულ თიხის კედლებს, ჯაგარივით თმა დაუსველდა, წყლით გაევსო, შუბლზე წურწურით წამოუვიდა წვიმის წყალი, გაბრუებული წავიდა წინ. მოსახვევთან გაჩერდა, სუნთქვაც შეაჩერა, ამოსული ჰაერი სახეში მიაწვა, `ფუუ~ დაიძახა უცებ, ბავშვივით აენთო ისევ თვალები, მთელი მისი ტანი მოძრაობაში მოვიდა. ნისლით ჩაგუბებულ, უფერულ, გალიპულ ქუჩაში საოცრად აღელვებული და ამინდისთვის შეუფერებელი მოძრაობით მიდიოდა შაშა.
არიან ნატურები, განსაკუთრებით ფიზიკურად მახინჯები, რომლებშიაც ასეთი ამინდი უკუშეგრძნებას იწვევს, ისინი თითქოს არღვევენ ტრადიციულ დამოკიდებულებას ბუნების ზემოქმედებასა და საკუთარ განწყობას შორის, და რაღაც სიმეტრიულობაში რჩებიან მასთან, თუ ამინდი ცუდია, თვითონ კარგ ხასიათზე დგებიან, ხოლო თუ ამინდი კარგია, იწყენენ, ეშვებიან, შესაძლოა, ეს იმიტომაც ხდება, რომ სხვები კარგ ხასიათზე არიან ამ უკანასკნელ შემთხვევაში და მას, როგორც საერთოდ დაჩაგრულს, ე.ი. მათგან გამორჩეულს ცუდი მხრით, ისეთივე განწყობილების საშუალებას არ აძლევენ თავიანთი გარეგნობით, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად, ქვეშეცნეულად მოქმედებს მგრძნობიარე ნატურაზე და რომელმაც ამ შემთხვევაში იმოქმედა შაშაზე.
რაღაც სიტყვების ლუღლუღით დაეშვა შაშა ვიწრო, დაქანებულ შუკაში, ყოველი ნახტომ-ნაბიჯით სულ უფრო ხურდებოდა ის, თითქმის გაბრუვდა, უჩვეულო სიმედგრე შეიგრძნო, ვაჟკაცური მელოდია დაიბადა მის გულში, რომელიც მისი ტანის არიტმულ მოძრაობას აჰყვა, აყეფდა; წინ გადაგდებულ მოკლე ფეხს დაღმართზე გალიპულ თიხაში აცურებდა და ტლაპოს წყვეტილ ხაზებსა ტოვებდა. `ჩვენ და ჩვენ ეეენ, წავაააალთ იქ~, `მოვალთ და მოვააალთ~, დუდუნებდა მისთვისვე აზრით გაუგებარ სიტყვებს, მაგრამ არაჩვეულებრივად ნაცნობს ფიზიკურად, რადგან ამ სიტყვებში თვითონ სიტყვებს კი არა ჰქონდათ მნიშვნელობა, არამედ მელოდიას, რომელიც მასში იბადებოდა, მისთვისვე უჩვეულო სიმედგრეს, რომელსაც არავითარი საბაბი არა ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ის იყო თავის თავში სხვა, ამაღლებულ ხასიათზე და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ასეთი გახურებული, აღგზნებული შევიდა თავიანთ ვიწრო ქუჩაში შაშა, ეს ქუჩა ორ პარალელურ დიდ ქუჩას აერთებდა, შუაში შეგრეხილი იყო პატარა მოედნად, რაც მას დამოუკიდებელ სახეს უქმნიდა. ქუჩა ცნობილი იყო `ბამბის რიგის~ სახელით.
რამდენიმე ნაბიჯი კიდევ ისეთივე აღგზნებით გაიარა შაშამ და უცებ მოეშვა, რაღაც უხერხული გაუხდა მოძრაობა, წყლის წვეთები საცოდავად დაეკიდნენ შუბლზე, მკერდის შესაკრავად წაიღო ხელი, ქვაფენილისკენ გადაუხვია, კედლებს მიეკრა და შეეცადა რაც შეიძლება შეუმჩნევლად გაევლო თავისი ქუჩა. აქ, ამ ქუჩაზე, სადაც ის გაიზარდა, ყველა იცნობდა მას და ყველაფრის ეუხერხულებოდა თვითონაც. აქ ყველამ იცოდა, რომ ის კოჭლი იყო და `ს~-ს მაგიერ `შ~-ს ამბობდა, აქვე იცოდნენ, რომ რამდენჯერმე სცემეს უსამართლოდ, მას კი თავის დაცვა არ შეეძლო, ამ ქუჩაზე მიჰქონდა ნაგავი შაშას გადასაყრელად და ყოველდღე გრძნობდა, როგორ უყურებდნენ და დასცინოდნენ თვალები მას, ეძახდნენ უკნიდან რაღაცეებს.
ამიტომ შეეცადა ის, რაც შეიძლება ჩუმად გაევლო ქუჩის ეს მონაკვეთი, რომ არავინ არ შეხვედროდა; სულ ახლანდელი აღგზნებული ხასიათის შემდეგ განსაკუთრებით მძიმე იქნებოდა ეს მისთვის, მით უმეტეს, რომ კარგს არავინ არაფერს ეტყოდა, ეტყოდნენ გაემეორებინა რამე, უკვე ათასჯერ ნათქვამი, ისიც უარს ვერ ეტყოდა, იმდენად იყო დამოკიდებული სხვებზე, ყოველი მისი გამეორებული სიტყვის შემდეგ დაიწყებოდა ხარხარი, რომელსაც პირდაღებული უყურებდა თვითონ, სიცილი მატულობდა – `შუ~, `შუ~, ეუბნებოდნენ პირზე თითის მიდებით მოცინარენი ერთმანეთს, თვალებს აპაჭუნებდნენ და ახალი ძალით იგუდებოდნენ სიცილისაგან.
შაშას უცებ წამოახურა, წამლის შუშა საწვიმარ მილს წამოსდო, ფეხი აუცდა და ძლივს შეიკავა თავი. აივნიდან ძაგანია, ქერა, გაწრუპული მეგრელი შუშის მოძრავი თვალებით იყურებოდა ქუჩაში, განსაკუთრებით არ სიამოვნებდა შაშას ამ თვალების დანახვა, მაგრამ ისე იყო დამოკიდებული მათზე, რომ ავადმყოფურად უჯერებდა მათ პატრონს ყველაფერს, რის შემდეგაც დამცირებისა და სირცხვილის გრძნობისგან მთელი ღამე აღარ ეძინა, მეორე დღეს კი ისევ ეძებდა მათ, ცდილობდა ახლოს ყოფილიყო მათთან, ყოველთვის ეშინოდა არ დაეკარგა ისინი მხედველობიდან.
განსაკუთრებით ულმობელი იყო ძაგანია შაშას მიმართ, ის მეწაღე ალექსასავით გულუბრყვილოდ არ სთხოვდა მას ეთქვა თავისი სახელი `შაშა~, მერე თვითონ გაემეორებინა `შაშა~, `შაშა~ და სიცილი დაეწყო; ძაგანია ყოველთვის წესიერად მიმართავდა – `შაშა, მოდი აქ, გენაცვალე, დღეს მშვენიერი საუზმე მაქვს და დამეწვიე, დედაშენისგან ნებართვა ავიღე, რომ ჩემთან ისაუზმებ.~ მერე უდებდა კერძს, რაც შეიძლება ცხარეს, პირდამწვარი საშა ცრემლებს ყრიდა, სიმწრისაგან კოჭლ ფეხზე დახტოდა – ძაგანია მთელი არსებით ერთობოდა, მაგრამ არ იმჩნევდა, მაშინ, როდესაც მისი სახე აღტაცებული იყო, თავის თავში ვერ ეტეოდა, მისი ხმა ირონიული სერიოზულობით ამბობდა – `ოო, ღმერთო ჩემო, პირი დაგეწვა, ოი, მოვკლავ ქეთოს ასეთი კერძის დამზადებისთვის.~
შაშამ არ იცოდა, რომელ სიტყვაზე უნდა გაბრაზებულიყო, მაგრამ ელოდა რაღაც განსაკუთრებით მკაცრს და დამცინავს მისგან, ელოდა და თითქოს ცნობისმოყვარეობა – სადამდე მივიდოდა ამ კაცის სისაზიზღრე – საშუალებას არ აძლევდა მას უარი ეთქვა და არ გაჰყოლოდა სადილად, ან შეურაცხყოფის მიყენების მეორე დღეს თვითონვე არ დაეწყო მისი ძებნა და რაც უფრო დიდი იყო მისგან მიყენებული შეურაცხყოფა, უფრო გამწარებული ეძებდა მეორე დღეს. იყო წამები, როცა შაშას ეკარგებოდა ამ სიძულვილის ზღვარი, უჩლუნგდებოდა, იმდენად შორს მიდიოდა ძაგანიას დაცინვა, და თითქოს ყველაფერს ეგუებოდა, რაც არ უნდა ექნა იმ კაცს, რადგან იმაზე მეტი შეურაცხყოფის ატანა, რაც მან, შაშამ, ბავშვობაში ნახა მისგან, არ შეიძლებოდა, მაგრამ მან აიტანა ის და აიტანა სრულიად მშვიდად, იმ დროს მას (შეურაცხყოფას) არ ჰქონდა ისეთი მოქმედი ძალა, ხოლო შემდგომში იმ შეურაცხყოფის ყოველი გახსენება გაცილებით მეტად მოქმედებდა შაშაზე, მით უფრო მეტად, რომ ამ შეურაცხყოფაში თანაბარი წვლილი ედოთ როგორც იმ კაცს, ასევე დედამისსაც, მაგრამ დედა დედა იყო, მასზე მხოლოდ მისი გრძნობები ვრცელდებოდა, დედას შეეძლო ეტირებინა იგი, იმ კაცს კი, პირიქით, მხოლოდ მისი გრძნობების გაქვავება შეეძლო სიძულვილისაგან. იმ შორეულ შეურაცხყოფაზე ფიქრს ყოველთვის გაურბოდა შაშა, არასოდეს არ ცდილობდა მთლიანად აესახა ის გონებაში, უბრალო გახსენებაც კი სრულიად საკმარისი იყო მისთვის. ის ამბავი იყო ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ, როდესაც, შაშა იყო სამი-ოთხი წლის და ძლივს დაფორთხავდა ერთი ფეხით და ხელებით.
ერთხელ იმ დროს მივიდა მათთან ძაგანია, შაშა დედის გვერდით რომ იწვა ლოგინში, ძაგანიას სახე დაპრანჭული ჰქონდა, მან ფოჩიანი კანფეტი მისცა შაშას, მერე ხელში აიყვანა და თითქმის გადააგდო კუთხისკენ. შაშას ცრემლები ყელში მოაწვა, მაგრამ ფოჩიანი კანფეტის ლოღნა დაიწყო, სიტკბომ ჯერ ყელი ჩაუწმინდა, მერე მიახმა ჭუჭყთან ერთად ლოყებზე, წინსაფარზე, თითებზე, რომლებსაც ენით ილოკავდა, მთლიანად იტენიდა პატარა მუჭას პირში, მერე შეეცადა ორივე ერთად ჩაეტენა, ბოლოს ფორთხვით მივიდა საწოლთან, სადაც დედის გვერდით, მის ადგილას, ძაგანია იწვა, მხოლოდ შიშველი თავი მოჩანდა მისი, ძაგანიამ ყურებზე ბაწრით მისამაგრებელი სათვალე გაიკეთა, თავი წამოყო საწოლიდან, შაშა კი სულ ეჭიდებოდა და ეჭიდებოდა მის საბანს, უნდოდა ეტირა, ეყვირა, მაგრამ ტკბილი ჰქონდა მიმხმარი ყელზე და არ შეეძლო; გული გაებერა საწყალ ბავშვს, საშინელმა შეურაცხყოფამ შეიპყრო, ხელებზე აიწია და, საბანს მოჭიდებული, ცალ ფეხზე გაიმართა და თათით სცადა მოეპორჭყნა ძაგანიას სახე; დედა, იქით გადაბრუნებული, ჩუმად იწვა, შაშამ ნახა, რომ დედა არ იყო მის მხარეზე, რომ ამ თავტიტველა კაცს არ ეუბნებოდა არაფერს, შაშას ცრემლები ახრჩობდა, როცა დედა გადმობრუნდა, მასაც ცრემლები ჰქონდა სახეზე, შაშას ძალიან მოუნდა ჩაჰკვროდა დედას, ეკოცნა მისთვის, მაგრამ ეს გააკეთა ძაგანიამ, თვითონ ჩაეკრა და კოცნა დაუწყო შაშას დედას უსიამოვნო ცივი ხმით: მწ, მწ. `ბავშვი, ბავშვი, ბავშვთან~, ლუღლუღებდა დედა. `ბავშვს რა ესმის, დღეს ნახა, ხვალ დაავიწყდება~, უმტკიცებდა ძაგანია. რაღაც ძალიან დიდი, უცნობი გრძნობისგან გაბერილი ცრემლებით სავსე უპეებით იჯდა ბავშვი საწოლის ფეხთან და ახლად მიცემულ კანფეტს ლოღნიდა თავის ფოჩებიანად. ისეთივე ჩუმი ნაბიჯებით, როგორითაც მოვიდა, გაიპარა ოთახიდან ძაგანია, ნიკაპში ამოარტყა პატარა, ხმელი ხელი შაშას, მწუ, – უთხრა, მერე ლოყაზე უჩქმიტა, `კოჭლი დაიბადა, არა?~ იკითხა თავისთვის და ოთახიდან გავიდა, დედა საწოლიდან გადმოიწია, ბავშვი ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა, მისი ცრემლები ლოყაზე ეღვრებოდა შაშას და სატირლად იწვევდა, უცებ წავიდა ბუნდოვანში და წარსულში იმ ძიას ამბავი შაშასთვის და მხოლოდ მისი დანახვისას იღვიძებდა უზარმაზარი შეურაცხყოფისა და რაღაცნაირი უსიამოვნო სიტკბოს გრძნობა შაშას გულში, რომელსაც ვერავითარ სახელს ვერ არქმევდა, შემდეგ უკვე მიხვდა, რა მოხდა მაშინ, რატომ ვერ იტანდა საერთოდ ძაგანიას, და რაც უფრო ეზრდებოდა სიძულვილი, მით უფრო დაქვემდებარებული ხდებოდა იმ კაცისგან.
ახლაც ძაგანიას ერთი დაძახება საკმარისი იყო, რომ შაშა მასთან ასულიყო და კიდევ ათასი ახალი შეურაცხყოფა აეტანა, დაეგროვებინა თავის გულში, გაეზარდა საკუთარი სიძულვილი რაღაცისთვის – რისთვის, თვითონაც არ იცოდა კარგად, უბრალოდ, სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო. ძაგანიას კამოდზე ახლაც ეწყო ხოლმე ფოჩებიანი კანფეტები.

2.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უგრძვნია შაშას, რატომ ეჭირა წამლის შუშა ხელში და რატომ მიდიოდა ასე გამალებული სახლისკენ. არაჩვეულებრივად მსუბუქად გაიარა ვიწრო, ბნელი კორიდორი, სადაც უცებ შეუხვია, რათა გაქცეოდა ძაგანიას მზერას. სიბნელეში, როცა არავინ არ უყურებდა, გაცილებით უკეთ ხმარობდა კოჭლ ფეხს, მერე ოთხკუთხა, ცარიელ ეზოში გავიდა, მთელი ქანით მივიდა ონკანთან, საიდანაც ოდნავ წვეთავდა წყალი, ნერვიული მოძრაობით მოუჭირა ონკანი, მერე ამოგდებული აგური ჩასვა ისევ შიგნით მექანიკურად, თითქმის უაზროდ და უკიბეოდ შევიდა ოთახში.
ოთახში შესამჩნევად ბნელოდა, მხოლოდ კარის ფანჯარა იყო გაჭრილი, რომელზედაც ჭუჭყიანი ტილო გააკრა შაშას დედამ, შაშასაც ასე ერჩივნა ბნელში ჯდომა, როცა მისკენ მიქცეულ თვალებს არა გრძნობდა; ახლაც უცებ იგრძნო სამშვიდობოს თავი და, პირველად მთელი გრძელი, ნერვიული გზის შემდეგ, დაისვენა, ის ფეხდგომელა ისვენებდა, როგორც მგელი, რომელიც გრძნობს, იცის, რომ ეს დასვენება მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ამოსუნთქვაა, რის შემდეგაც ყველა კუნთი უნდა დაჭიმოს და გაიქცეს, გაექცეს რაღაც უხილავს, რომელიც უკან მოსდევს მძიმედ, ოღონდ შეუჩერებლივ, საშიშრად. ცოტა ხანს ისვენებდა შაშა ნახევრად ბნელ ოთახში, რომლის ბუნდოვანი განათებაც გარკვეულ დრომდე ამშვიდებდა მას, შემდეგ ისევ ამოძრავდნენ მისი ნერვები – წამლის შუშა მაგიდის კიდეში დადგა, მაშინვე სტაცა ხელი ისევ და მაგიდის შუაში გადაიტანა, ცოტა ხანი დაუდგმელად ეჭირა და რაღაცას ყურს უგდებდა, მერე განგებ ტკაპანით დადგა.
– ოო! – მოისმა შირმის უკნიდან, შაშა უცებ დაამშვიდა ამ ხმამ, `შეიძლებოდა მომკვდარიყო აქამდე,~ გაურბინა თავში და სიჩუმეში გაგონილი უაზრო ბგერებიდან ფიზიკურად შეიგრძნო, რომ მართლა შეიძლებოდა საერთოდ არ გაეგონა ეს ბგერები, იმდენად ყრუ და უაზრო იყვნენ ისინი, მაგრამ იმ ამბავმა, რომ საერთოდ მაინც გაიგონა ეს ამოკვნესა, რომელსაც გაბმული ზმუილივით ხმა მოჰყვა – იგი დაამშვიდა, დაარწმუნა, რომ შეუძლებელია ცოცხალი ადამიანი წარმოიდგინო მკვდრად და მას, რასაც აქვს ხმა, ის აღარა ჰქონდეს. ერთხანს ასე უგდებდა გაბმულ კვნესას ყურს და ელოდა, მის გონებაში შექმნილი სიჩუმის მთელი სიმეტრია დაირღვა – დედა ცოცხალი იყო და კვნესოდა, კვნესის ხმა მოდიოდა შირმის უკნიდან და ავსებდა მთელ ოთახს, ავსებდა შაშას უსიამოვნო შიშით, რომ ეს კვნესა არ გათავდება არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება შაშა მშვიდად, თავისთვის, როგორც იყო სულ რამდენიმე წუთის წინ, როცა ოთახში იდგა სიჩუმე; ასეთი წუთები იშვიათი იყო მის ცხოვრებაში – როცა სულ მარტოა, მაშინ მშვიდად არ არის, როცა ვინმე წევს და ხმას არ იღებს, სიმშვიდე მაშინაა. ცოტა ხნის შემდეგ კვნესა ისევ მიწყდა და ოთახი განსაკუთრებით ჩაჩუმდა, შაშა დაჭიმული იდგა ჯანსაღ ფეხზე, ბარძაყზე საცოდავად ჩამოკიდებული მოკლე ფეხი უაზროდ უქანავებდა, პირველად თავის დაჩაგრულ, უფერულ ცხოვრებაში შაშამ შეიგრძნო, რომ ცრემლები აწვებოდა ყელში და თვითონაც იბერებოდა რაღაცა დიდი, მძიმე დარდისაგან, რომელიც თითქოს მისგან დამოუკიდებლად, საერთოდ არსებობდა უხილავად, მუდმივად და რომელიც მხოლოდ ახლა შეიგრძნო მან, ეს ცრემლები არა ჰგავნდნენ იმათ, რომლებსაც ის კარგად იცნობდა, რომლებსაც ის მალავდა სხვებისაგან, ისინი არ ჰგავდნენ სხვაზე წყენისაგან გამოწვეულებს, რომლებითაც ის ტიროდა ჩუმად, მორიდებით, რომლებითაც ის სამაგიეროს უხდიდა ვიღაცეებს, რომლებმაც მას პირადად აწყენინეს;
ეს ახალი დიდი ცრემლები არ იყო ჯავრი, არც წყენა, ამიტომ არ მალავდა მას შაშა, ამიტომ არ მალავდა ის თავის ხმას, თავის სიცოცხლეში პირველად ხმამაღლა, ზმუილით ტიროდა შაშა, დიდ თავს უაზროდ აქანავებდა ცალ ფეხზე დამდგარი, საცოდავად ეხლებოდა მაგიდას მისი ავადმყოფი, მოკლე ფეხი, თრთოდნენ და `უჰუ, უჰუ, უჰუ~, ზრიალით, ყეფისნაირად იძახდნენ მისი დიდი, ოთხკუთხა მხრები. ერთხანს ასე იდგა, ის ვერ არჩევდა თავის ხმას, იმდენად ერთი იყო ის მის გრძნობასთან, შემდეგ სადღაც იგრძნო, რომ ის, რაც აწვალებდა, შეუმჩნევლად გაქრა, მარტო, უცრემლოდ მხოლოდ მყიფე ხმა დარჩა, რომელიც მას გამოეყო და შორიდან მოესმა თვითონაც, `უჰუჰ, უჰუჰ~ – გააკეთეს მისმა ფილტვებმა, მან მშრალ თვალებზე მოისვა ხელი და გაუკვირდა, რომ ეს ხმა მას ეკუთვნოდა, ახლა ის, რასაც ელოდა, შეიგრძნო ერთი სიტყვით `მოკვდა~, ახლა იგი ამ სიტყვაში ვეღარა ხედავდა ვერავითარ უაზრობას, რასაც რაიმე გრძნობა შეიძლებოდა გამოეწვია მასში, გრძნობებიც, განცდებიც სადღაც შორს, უკან დარჩნენ, წინ კი იდო ცარიელა სიკვდილის გაგება, ოთახი დედის სხეულით.
შაშამ ოთკუთხა თავი მხრებში ჩააგდო, ტუჩები მოებრიცა და მოულოდნელი უცნაური ირონია გამოეხატა ზედ, მერე ისევ ამოსწია თავი მხრებიდან და უკანვე ჩააგდო შიგ. `ჰფი~ დაუსტვინა ნელა, ხმა ყურისმომჭრელი სიმკვეთრით გაისმა ოთახში. `ჰფი~, გაიმეორა საშამ და თვითონვე გაუკვირდა, რომ ამ ხმამ არავითარი ზემოქმედება არ მოახდინა მასზე, ისევ დაუელამდა ტუჩები, თმები ჩამოეწეწა შუბლზე, გაეღიმა და არაჩვეულებრივი სიმსუბუქე იგრძნო ტანში.
– შვილო, მე ვკვდები, – მოისმა შირმის უკნიდან დედის ჯანსაღი, გაუყოფელი ხმა.
– წამალი ვერ ვიშოვე, – ისეთივე ტონით უპასუხა შაშამ. მთელი მისი ადრინდელი განცდები უკვალოდ გაქრნენ, მხოლოდ იმ განცდის მშრალი მოგონებები ჩარჩა მას გონებაში.
– წეღან შენ რატომ ტიროდი? – ცივად იკითხა დედის ხმამ.
შაშას გაახსენდა, რომ ის მაშინ ატირდა, როცა იგრძნო, რომ დედის ხმას ვეღარასოდეს გაიგონებდა და მშვიდად უპასუხა – მე მეგონა მოკვდი, კვნესა როცა შეწყვიტე, მას შემდეგ.
– მაგას მნიშვნელობა არა აქვს, მოიტანე სამფეხა საწოლთან, ან არა, ჯობია იდგე! სად არის, ა?
– ვინ? – უფიქრელად იკითხა შაშამ და მაშინვე დაავიწყდა დედის კითხვა. მივიდა საწოლთან, დადგა, ისევ ჩააგდო თავი მხრებს შუაში და ირონიულად დაუწყო დედას ყურება, თვალები გაუცოცხლდნენ, აუმოძრავდნენ, `სულ ეგ იყო სიკვდილი~, ფიქრობდა ის და უცებ შეშინდა, უნებურად დაიხია უკან, თავი ვეღარ შეიკავა, შირმა გადაყირავდა, ის ზედ დაეცა, მერე ცალ ფეხზე აიწია, ისევ დასუსტდა და დაეცა; მთელმა იმ სიმშვიდემ, რომლითაც ის ელაპარაკებოდა მკვდარ დედას, რომელიც თითქოს გამოიგლოვა, თავისი გავლენა იქონია მის მგრძნობიარე ნატურაზე და უცებ გამოაცალა მთელი ენერგია; შირმაზე დავარდნილი, საცოდავად, გამდნარი სანთლისაგან გაკეთებული ჭადრაკის ცხენივით წელში მოხრილი, თრთოდა, ისედაც დიდი თავი შიშისა და გაოცებისაგან სულ გაეზარდა, პირზე ლორწო მოადგა და კანკალი დაიწყო. ნელა, ფორთხვით სცადა უკან გახოხება, მაგრამ დედის ცივმა ხმამ შეაჩერა.
– რას კანკალებ? ახლავე დაჯექი სკამზე, თუ დგომა არ შეგიძლია მაგ ჩოლახა ფეხზე.
– მე?! – თავისთვისვე მოულოდნელად ამოუშვა საკმარისზე ძლიერი ბგერები საშამ და უფრო შეიშმუშნა.
– შაშა! – მოისმა დედის ცივი, მბრძანებლური ხმა.
შაშა სკამთან მიფორთხდა, წინ გაწეული თავით და დაღებული პირით მიაშტერდა დედას.
– შაშა, მე შენ ყოველთვის მეჯავრებოდი შენი სიმახინჯისთვის, ახლაც მძულხარ, იცოდე, არ გეგონოს, რომ ვტყუი, იმიტომ რომ ახლა მოვკვდები და თუ ასე, კარგად მყოფივით ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს ვახსოვდე სუსტი, – დედას თვალები უბრწყინავდა, ხელებზე დაყრდნობილმა წამოიწია, მთელი სახე მოეკრუნჩხა ბოროტად, თვალებიდან სიცივე მოდიოდა, ყველას შეაშინებდა მისი იერი, გარდა შაშასი, რომელიც იმდენად იყო გაბრუებული ამ რამდენიმე წამში მომხდარი ამბებით, რომ მეტს ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა.
– შაშა, – განაგრძობდა დედა, – მე არ ვიცი ვინ იყო მამაშენი, – შაშა .იმდენად გამოფიტული იყო ამ წამში, რომ ვერაფრით ვერ მიხვდა, რა საჭირო იყო საერთოდ ასეთი ამბის ცოდნა დედამისისთვის, როცა მისთვისაც არ ჰქონდა ამას არავითარი მნიშვნელობა.
– შაშა! – ხმას აუწია დედამ. – შენმა გაჩენამ მე გამაწამა, მომაყენა აუარებელი უსიამოვნება, შაშა, მე შენ მძულხარ, გესმის შენ! ხი, ხი, ხი, – უცებ მოეშვა დედის სხეული მოკლე, ხველებისნაირი ხითხითისაგან და ისევ შეიკრა ბოროტად. – მე ვამბობ, შაშა, გესმის? – ხმა დაუწვრილა, გასცინა ვიღაცას, უფრო ნაზ გამოთქმას, და გაიმეორა: – შაშიკო, საყვარელო, გესმის? შაშუნი, ჰა? ხი, ხი, ხი, – შაშა აბსოლუტურად გაუგებრად, უაზროდ უყურებდა, თითქმის არ ესმოდა რა ხდებოდა მის გარშემო, იგი მხოლოდ გრძნობდა, რომ ის, ვინც ყველაზე ძალიან აწვალებდა მთელი სიცოცხლე და ვინც ეგონა რომ სძულდა, მაგრამ ვისაც მაინც ემორჩილებოდა, იყო მისი დედა და ეს დედა, მიუხედავად თავისი მოჩვენებითი სიყოჩაღისა, ჩქარა მოკვდებოდა, შაშას მხოლოდ უკვირდა, რომ ეს არსება კიდევ ლაპარაკობდა, თანაც, მისი ჭკუით, რაღაც საწყენს და ისეთს, რასაც უნდა ემოქმედა შაშაზე, ამან სულ მთლად უაზრო გახადა შაშას შეგრძნება. მის გამოხედვას უაზრობას მატებდა კიდევ ის, რომ ის, რასაც ერქვა დედის სიკვდილი, უკვე გამოიგლოვა, იტირა, გულიდან მოიშორა, ყოველი ახალი გამეორება იმ დიდ განცდაზე პატარა იყო მის თვალში და, უაზრო გაკვირვების გარდა, არავითარ შეგრძნებას არ იწვევდა.
დედა უფრო წამოიწია, ბოროტად დაკრუნჩხული თითები წაიღო ნახევრად ბნელში შაშას თვალებისკენ, რომლის უაზრო იერის ყურება მართლა აუტანელი იყო ამ წუთში და მოშვებული დაეცა საწოლზე, `ბუმპ~ დაიძახა ძველმა საწოლმა, შაშაში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა, `ნეტა რა იქნება ახლა,~ გაიფიქრა მან, ეს იყო პირველი აქტიური გრძნობა, რომელიც მან გამოამჟღავნა დედის დალაპარაკების შემდეგ. შაშა ზევიდან უყურებდა დედის თავს, რომელიც ღრმად ჩაეფლო ბალიშში, დაპატარავდა, მოიკრუნჩხა, მოეშვა. შაშას თვალები გაუფართოვდა, დედის სახე მიდიოდა სიღრმეში, ქრებოდა, ამ მუნჯმა, მოძრავმა სცენამ ახლებურად იმოქმედა მასზე, სუსტი დედის დანახვამ აამოძრავა გაკვირვებისგან მოდუნებული გრძნობა, დედის თვალებიდან თავისით იღვრებოდნენ ცრემლები. ამ გამხმარი, მთლიანად დაშრეტილი სახიდან ასეთი სავსე ცრემლები ისეთივე საოცარი იყო, როგორც ენერგიული ხმები, რომლითაც წეღან ლაპარაკობდა დედის მისუსტებული სხეული.
– შაშა, – მოულოდნელად შეაშრა დედას ცრემლები თვალებზე, ღაწვებზე, თითქოს ბალიშიც კი გაშრა და, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რომ ეს სხეული საერთოდ ცრემლებს ღვრიდა, სამაგიეროდ, ახლა იგი უცრემლოდ სლუკუნებდა – შა-შა, შა-შა, შვილო, მაპატიე, რომ ასე დავსუსტდი, – ძლივს გამოთქვამდა ბგერებს, ყოველი სიტყვის შემდეგ ხშირად სუნთქავდა, ცდილობდა ხელში დაეჭირა შაშას თმა, თითები გაეტარებინა შიგ, მაგრამ შაშა ისევ უმოძრაოდ იჯდა, საოცრად აშორებდა მას ბგერების გაგონება იმ სხეულიდან, რომელიც მან უკვე გამოიტირა, ბგერები და სიცოცხლის ყველა სხვა ნიშანი საიდანღაც შორიდან მოდიოდა, ყოველივე ამაში მხოლოდ დედის უმოძრაო სხეული იყო ნამდვილი, დანარჩენი მას (ამ სხეულს) არ ეკუთვნოდა და ამიტომ იყო შაშასთვის უცხო.
– შაშა, შვილო …… მე ბევრი ჭირი ვნახე, მე ბევრჯერ მაწყენინეს… შენ ეგ არ იცი ან იცი… შაშა, შენ ყველაფერი იცი… შაშა, ბევრი შეურაცხყოფა მომაყენეს… შენი გაჩენაც ჩემი შეურაცხყოფა იყო… შაშა, შენ ეგ არ იცი, შაშა, შენ ეგეც იცი, ალბათ… შაშა, მაპატიე, მე შენ გიხდიდი სამაგიეროს, სხვა არავინ არ იყო ჩვენს გარშემო, სანამ გაიოზი ცოცხალი იყო, მას შენზე მეტად ვცემდი, მერე შენ…. შენ მაპატიებ, ვიცი, შაშა, მე ბევრი შეურაცხყოფა მომაყენეს… მე… საწყალი გაიოზი, შაშა…
შაშა გაშტერებით უყურებდა ჩარჩოს, სადაც გაიოზის სურათი უნდა ყოფილიყო ჩასმული, მაგრამ უფულობის გამო ვერ გააკეთეს, შაშა უყურებდა გაიოზის სურათს, მაგრამ არ ფიქრობდა გაიოზზე, ის არ ფიქრობდა დედაზეც, ორივენი დიდი ხანია მოკვდნენ მისთვის, ორივე გამოიგლოვა მან თავის გუნებაში, ძველი, ნაცნობი დაგროვილი გრძნობით ივსებოდა მისი არსება, იბერებოდა, ეწყობოდა, ერთ გარკვეულ ფორმას იღებდა და უცებ იპოვა, ის ადრევე ჰქონდა ნაპოვნი, ისიც იცოდა, რა ერქვა მას, იცოდა, რომ ეს იყო შეურაცხყოფა, რომელსაც იტანდა ის სხვებისგან, რომელსაც იტანდა ის საკუთარი დედისგან, ძმისაგან, მაგრამ ამ სახელს ყველანი უმალავდნენ, ახლა კი აშკარად გაიგო დედისგან, რომ მის დედასაც აყენებდნენ შეურაცხყოფას, ეს დიდი ხანია იცოდა შაშამ, მაგრამ ის შეურაცხყოფას მხოლოდ საკუთარ შეურაცხყოფას არქმევდა, ახლა კი სხვისიც გახდა, სხვამაც გაიყო მასთან ერთად, მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას, მას, მის დედასაც, მის ძმასაც, მან იცოდა კიდეც, რომლებს ერქვათ ეს სახელი, ისიც იცოდა, რა უნდა ექნა, მაგრამ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა შაშა, სანამ დედა სულ შეწყვეტდა სუნთქვას, მერე ნელა დაიწყო გამართვა, ჯერ საღი ფეხი ავადმყოფის სიგრძეზე გაჭიმა, მერე მოულოდნელად სულ გაიმართა, თითქმის თითის წვერზეც კი აიწია და უცებ მიხვდა რაღაცას, `ძაგანია, ძაგანია, ძაგანია, ძაგანია, ძაგანია, ძაგანია, ძაგანია~, ტყვიამფრქვევივით მიაყარა მისმა გონებამ. ის სულ დაიძაბა და უცებ მოეშვა. `ჰო, ძაგანია~, თქვა ხმამაღლა, საკუთარი ხმის გაგონებამ დაამშვიდა და ძალა მისცა. `ჰო, ძაგანია~, გაიმეორა, საოცრად ცხადი და გასაგები იყო ყველაფერი, ანთებული თვალებით გადახტა მაგიდისაკენ, წაიბორძიკა, ხელებით დაეყრდნო იატაკს და რამდენიმე ნახტომი გააკეთა ქლოშინით მაგიდის ირგვლივ. დაჯდა პირდაპირ იატაკზე და მძიმედ, მაგრამ საღად დაიწყო სუნთქვა. აქამდე რუხმა ცამ ოდნავ დაკარგა გარეთ ფერი, მზემ გამოანათა და სხივი შაშას ოთახთან დაეცა, ნელა შეიპარა მის შეგრძნებაში სინათლის გრძნობა და სამარისებურ სიჩუმეში მოესმა თავისივე ხმა – `ვინ?~ ერთხანს ყური მიუგდო და მერე ხმის მოსვლას თვითონ დაასწრო, ხმამაღლა იკითხა – ვინ? რა ვინ? – შეეკითხა საკუთარ თავს და ვერაფრით ვერ აღიქვა საიდან მოდიოდა ეს კითხვა. ნელა გაიმართა, ოთახში გამოდარებულზე შემოსულ ცივ, ჯანსაღ ჰაერს ხარბად იწოვდნენ მისი ფილტვები. ის გარინდული, დაძაბული და შინაგანად სიცოცხლით ავსილი იდგა. `ვინ უნდა მოსულიყო?~ ცხადად გამოხატა მისმა გონებამ მთელი მისი `ვინ~ – ის აზრი, რომელიც პირველად მოუვიდა დედის კითხვაზე `არ მოსულა ის?~ მაშინ ყურადღება არ მიუქცევია იმ სიტყვებისათვის და ახლა სადღაც სიღრმიდან ამოხეთქა – `თუ არ მოსულა, მოვა~ დაასკვნა მისმა სხეულმა. შაშამ დანა გამოიღო, რომელსაც ბავშვობიდან ლესავდა, დანის პირი ბევრი ლესვისგან თითქმის სულ დაწვრილებული იყო, ელავდა. შაშამ ნაცნობი მოძრაობით მოუსინჯა პირი მთელ თავის წლების ნაშრომს (ის მას ლესავდა იმიტომ, რომ არა ჰქონდა სხვა საქმე, ე.ი. არ შეეძლო ემუშავა და ლესვა გახდა მისი საქმე), სიამოვნებით შეიგრძნო ფხა და მაგიდაზე დადო. ახლა უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ის, ვინც იკითხა დედამ სიკვდილის დროს, მოვიდოდა აქ, მოვიდოდა თავისი ფეხით. დანარჩენს აღარ ეუბნებოდა საშა თავისთავს, დანარჩენს მხოლოდ მისი სხეული გრძნობდა და დანარჩენი მის სხეულს სწამდა.
ასე გარინდული, თითქმის უაზროდ იჯდა საშა მაგიდაზე, დედის ცხედართან ზურგით და ელოდებოდა ძაგანიას მოსვლას.

აივანზე მდგარი ძაგანია, რომელმაც ასე იმოქმედა შაშაზე, არანაკლებ აღელვებული იყო თვითონაც. საერთოდ, ბოლო დღეებში ვერაფრით ვერ ეტეოდა მეორე სართულზე გამოკეტილ თავის ორ ოთახში. ცდილობდა უმეტესად აივანზე მდგარიყო, ან დილაადრიანვე იცვამდა იმაზე უბრალოდ და ცუდად, ვიდრე საშუალება ჰქონდა, მიდიოდა შუკის ბოლოში, დიდი ქუჩის კუთხესთან, და იქ, კედელთან ატუზული, საეჭვო სახით იდგა, როცა ვინმეს დაინახავდა, დაიწყებდა წინ და უკან სიარულს, თან უსტვენდა არაჩვეულებრივად საეჭვო სახით, მთელი მისი არსება ლაპარაკობდა, რომ ის რაღაცას მალავს;
ზედიზედ მიეწყო ნესტიანი ამინდები, დაბლა დაწოლილი ნისლი ბოლს არ უშვებდა ქალაქიდან, თვალები ეწვოდა ძაგანიას, ერთიბეწო გუგები წირპლისაგან უფრო ეკრობოდნენ ერთმანეთს, ძველ შლიაპას შუბლზე იფხატავდა. ტროსტი, რომელიც თვითონ არ იცოდა რატომ ეჭირა ხელში, შარვლის ტოტთან დამალა, მერე ზემოდან მომავალ ბადრაგს თავი აარიდა და პოდიეზდში დაიმალა; ერთი პოლიციელი დაწინაურდა.
– ვინ არის მანდ! – დაიყვირა ხმამაღლა, ძაგანიას სუნთქვა შეეკრა, ხმის ამოღება სცადა, მაგრამ ბგერა ხრინწიანი და უხმო გამოუვიდა.
– გამოდი, გამოდი! – მხარში სტაცეს ხელი, პოდიეზდის სიბნელის შემდეგ უფრო მოჭუტა თვალები ძაგანიამ და აშკარად ჩავარდნილი კაცის სახე მიიღო.
– შენი პასპორტი.
– მე, მე ძაგანია ვარ. აი, აქ ვცხოვრობ, შუკაში.
– ვიცი.
– აი, ჩემი პასპორტი, იმედია ყველაფერი რიგზე იქნება, თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, არა?
პოლიციელმა უკან გაუწოდა პასპორტი. ძაგანიას ესიამოვნა, პოლიციელი გამოცოცხლდა, ლაპარაკის გაჭიანურება სცადა.
– ნეტავ ვის ემალება, ა? – მიუბრუნდა ამხანაგს.
– თავისი ჩრდილის ეშინია მაგ უბედურს, – გაიცინა მეორემ.
ტროტუარზე მარტო დარჩენილი ძაგანია უფრო მოიბუზა, ახლა მართლა ეშინოდა მას, ეშინოდა სიმარტოვის, სიცივის, რომელიც ჩქარა დაიწყებოდა და კიდევ რაღაცის. ძაგანიამ, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვამ, იცოდა, რომ დღეს უნდა დაწყებულიყო სროლა, გამოსვლა, დღეს უნდა დაწყებულიყო მდიდრების ხოცვა. ძაგანია შიშმა აიტანა, მას საჭმლის ფულზე მეტი არასოდეს არა ჰქონია, მაგრამ ეშინოდა, ეშინოდა ყველაზე ძალიან, ხომ შეიძლებოდა ისიც მდიდრად მიეჩნიათ, ამიტომ იდგა ახლა აქ დახეულ შარვალ-ხალათში, რათა ყველას დაენახა, რომ ის ღარიბი იყო, ბოგანო და არაფერი არა ჰქონდა წასართმევი. ქუჩის იქით ცხოვრობდა მექარხნე. იქ დარაბა ღია იყო – იყო თუ გააღეს, ფიქრობდა ძაგანია.
ისევ შეიშმუშნა ძაგანია, ქუჩას გამალებული ჭრიდა, შორიდანვე იცნო ამქრის უფროსი, ის ძაგანიაზე ძველ ტანისამოსში იყო გამოწყობილი და პირდაპირ მისკენ მოდიოდა თავდახრილი, მერე უცებ შეამჩნია, რომ მის წინ კაცი დგას, წამით დააშტერდა, გვერდზე გაუხვია და მიიმალა.
ძაგანიას გააჟრჟოლა. `ღმერთო ჩემო, შენ უშველე საწყალ კაცს,~ გადაიწერა გულში პირჯვარი, აშკარად ვერ გაბედა, რადგან მოაგონდა, რომ ისინი, ვინც დღეს გამოსვლას დაიწყებენ, ღმერთს არ ცნობენ, პირჯვარს არ იწერენ და ეკლესიაში არ დადიან. `ღმერთო ჩემო,~ განაგრძობდა მისი გონება მუშაობას, `ხომ შეიძლება მაგათ გაიმარჯვონ, მდიდრებმა, მაშინ, მაშინ, მაშინ რა იქნება… მაშინ ხომ იტყვიან, რომ ძაგანია დახეულია, ღარიბი, რომ ძაგანია იმათ მხარეზეა, ძაგანია იმათი მზვერავია~.
ძაგანიამ ვერც კი შეამჩნია თვითონ, ისე მოსწყდა ქუჩის კუთხეს და სირბილით გაუყვა თავის სახლისკენ ქვაფენილაყრილ გზას, მისი გონება ათას ლანძღვას უგონებდა საკუთარ თავს, რომ სახლში ჯდომა ვერ აიტანა და გარეთ გამოვარდა, რა მისი საქმე იყო ასეთ დროში ხეტიალი.
მორჩა, სისულელეს აღარ ჩაიდენს, მივა სახლში, გამოიკეტება და სანამ ყველაფერი არ დამთავრდება, არ გამოვა, არაფრის გულისთვის არ გამოვა, პური საკმარისი აქვს, ახლა, მივა თუ არა, წყალსაც აიტანს და შეიკეტება. `ხი, ხი~, ესიამოვნა გულში საკუთარი ფიქრები. რა უბრალო და ადვილი ყოფილა ყველაფერი, ის კი დარბოდა, რაღაცეებს იძახდა, ხან ვისთვის, ხან ვისთვის, რასაკვირველია, ტყუილად აეჭვებდა ხალხს, ვაითუ, უკვე სჯერათ, რომ ის, ის… რა ის – ვერაფრით ვერ აუხსნა თავის თავს; `მე ჩემთვისა ვარ, მე ჩემთვის~, დუდუნებდა თავისთვის;
სახლთან ახლოს შეჩერდა, გუნებაში ტანსაცმელი გაისწორა, მერე ტუჩები მოკუმა, როგორც სტვენის დროს, ისე, ხელი მოამზადა ვითომ ტროსტის სატრიალებლად, ვიღაცას სრულიად დამშვიდებული მიესალმა გუნებაში და არხეინი ნაბიჯით წავიდა პოდიეზდისკენ, ყოველნაირად ცდილობდა არაფრით არ აეჩქარებინა ნაბიჯი, წინ წასულ ფეხებს ძალით იკავებდა, რის გამოც ეჩვენებოდა, რომ უფრო უკან მიდის, ვიდრე წინ, ის რატომღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სახლში შესვლის მომენტს, მთელი მისი არსება სავსე იყო ათასი თვალით, რომლებიც ქუთუთოს დაუხამხამებლად უყურებდნენ მას და საკმარისი იყო მისი ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯი ან აჩქარება, რომ ამოეცნოთ `ის~, `რაღაც~, რასაც ასე მალავდა, რისთვისაც ამდენს იმცირებდა თავს, რა იყო `ის რაღაც~, არ იცოდა ძაგანიამ, არც სხვამ არავინ იცოდა ის, ოღონდ `იმის~ ამოცნობა სხვებს აბსოლუტურად არ აინტერესებდათ, ისევე როგორც მთლიანად ძაგანია, ძაგანიას კი, პირიქით, ტანჯავდა მისთვის შეუცნობელი ძალა, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა დაემალა სხვებისგან, ამ `საიდუმლოებამ~ მისცა გასაოცარი გამძლეობა და დარჩენილი ათი ნაბიჯი გარეგნულად სრულიად მშვიდად გაიარა, ტროსტიც კი შეათამაშა ჰაერში და ოდნავ დაუსტვინა, აი, ის გაუსწორდა პოდიეზდს, უცებ მოატრიალა თავი, განსაკუთრებულად საშიშად ეცა თვალში ცარიელი, ნისლში ჩაწოლილი ქუჩა თავისი სიჩუმით. ბოლო ძალებმა უღალატეს ძაგანიას, ის მოსწყდა ადგილს და სირბილით ავარდა კიბეზე და უცებ რაღაცა ძალამ შეაჩერა შუა საფეხურზე. ძაგანია მთელ ქანზე შეაჩერა ვიღაცის ხელმა, თვალები გაუფართოვდა, სიბნელეში პოდიეზდის კედელზე გამოხატული ხე ნამდვილ ხედ აღიქვა, მძიმე რაღაცა დააწვა გონებაზე, ერთი წამით მოეჩვენა, რომ მოჩვენებები გაქრნენ და `ის რაღაც~ ცხადი გახდა ყველასათვის, ცხადი გახდა მისთვისაც; `ოოო~, ამოიძახა ძაგანიამ და წინ გასაქცევად გაიწია, უხილავმა ძალამ ისევ დაქაჩა ისეთივე ძალით, როგორითაც თვითონ მოინდომა წინ გაქცევა, ის მთელ სვლაზე შემოტრიალდა, ხელები გაასავსავა და უკან გადმოვარდა კიბეზე გასწორებული. `ჰი, ჰი, ხი~, ალმაცერად უყურებდა კარს და იცინოდა ძაგანია. `მაინც არ ვარგოდა ეს პლაშჩი, თანაც ახალი იყო და ასეთ დროში კი არ ვარგა~, ლაპარაკობდა თითქმის ხმამაღლა, მერე უცებ გაჩერდა, მოაჯირს წამოდებული პლაშჩი მოხსნა, სწრაფად დაახვია და ჩქარი ნაბიჯებით ავიდა კიბეზე, უწვალებლად გააღო კარი, შევიდა ოთახში, იმავე გასაღებით ჩაკეტა, მერე ურდულით გადარაზა, მაგიდა მიადგა და უცებ მოეშვა, პირდაპირ ჩაჯდა შუა იატაკზე, წელში მოიკუნტა მისი სხეული, სულ დაპატარავდა და სხვებთან ბრძოლაში გამოვლილი ამდენი განცდის მერე მარტომ საცოდავად დაიწყო კანკალი.
კანკალებდა ძაგანია, ტიროდა ძაგანია, მას ეცოდებოდა საკუთარი თავი, რომელიც სულ მარტო იყო, რომელსაც სულ ვიღაცის ეშინოდა და რომელიც გრძნობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტიურად, მას არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული, მაინც აგებს პასუხს, ვის წინაშე უნდა აგოს პასუხი, არ იცოდა მან, ეს გაურკვევლობა უფრო ზრდიდა მის შიშს.
იჯდა მარტო, კარზე მიდგმულ მაგიდის ფეხთან შლიაპაჩამოფხატული ძაგანია და კანკალებდა, ნელა გადაუარა კანკალმა, გარეთ არავითარი ხმაური არ ისმოდა, შეუმჩნევლად დაიწყო გათენება, ოთახმა საკუთარი სინათლის შუქი დაკარგა და გარედან შემოვიდა რუხი, ნესტიანი სინათლე.
მაგიდის ფეხზე მიყუდებული თვლემდა დაღლილი ძაგანია. ოთახში გაღებული ფანჯრიდან სინათლესთან ერთად ნესტიანი ნისლი შემოვიდა და დაგუბდა, უფრო მიელიპა ტანისამოსი ძაგანიას, მთლიანად აიტანა კანკალმა მისი სხეული; ნისლიან ჰაერში ქუჩის თავში შემოსული დროგის ბორბლებისა და ცხენის ფლოქვების ხმა ყრუდ შეიჭრა, შიგ დაგუბდა და უფრო დაამძიმა ჰაერი, ძაგანიამ კანკალი შეწყვიტა, ნახევარძილში გული გაიხსნა, ნახევრადღია პირიდან ორთქლი წამოუვიდა, შესამჩნევად დაუწითლდა საფეთქლები, მოკლე, თხელი ფეხები სულ მოეკუმშა ტანის ქვეშ, სამაგიეროდ თავი გაეზარდა, საფეთქლების შემდეგ ცხვირი გაულურჯდა, დაუწითლდა, მერე მთელი სახე აუჭრელდა. `აჩ, აჩ, აჩ~, აღგზნებული იძახდნენ მისი ტუჩები, უზარმაზარი დარდი ეხატებოდათ ზედ, რომელსაც შესამჩნევად ცვლიდა საკუთარი უძლურების შეგრძნება. `აჩ, აჩ … უუჰ, იჰჰო~, ისმოდა ქუჩიდან ცხენის ყრუ ხვიხვინი, რომელიც გარედან აწვებოდა ოთახს და კიდევ უფრო აგუბებდა.
ნახევრად მძინარე ძაგანია ხედავდა სიზმარს: მისი სხეული მიფორთხავდა თხელ ჭაობში, სველი შალაფა უსერავდა ხელებს, სახეს და წითელ ზოლებად აჩნდებოდა ზედ, წამოსული სისხლი ჩადიოდა ჭაობში და ჭაობი ხურდებოდა, ორთქლი ასდიოდა, იწვოდა სიცხისაგან ძაგანია, წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი, მერე ოფლი წყდებოდა, შალაფისგან დასერილი სახიდან მარტო მშრალი სისხლი მოდიოდა, მშრალი სისხლი ისეთი იყო, როგორიც ფხვნილი, ის იყრებოდა ჭაობში, წითელ მტვერს უშვებდა და მის ოფლიან სახეს ეკვროდა, სახე იხრუკებოდა სიცხისგან, ყელი უხმებოდა წყურვილისგან, მაგრამ მის ქვევით სისხლის ფხვნილი კრავდა ჭაობს და წყლის დალევა შეუძლებელი იყო, წინ კი მოჩანდა სუფთა ჭაობის წყალი, რომლის ნაპირებზეც მშვიდად ისხდნენ ბაყაყები; ძაგანია მთელ სხეულს ძაბავდა, რომ როგორმე მიესწრო იმ ადგილისთვის, სანამ ისიც შეიკვრებოდა, ის აღარ ზოგავდა თავის სხეულს, ხელებს, სახეს, შალაფა იჭრებოდა მის ხორცში და ღრმად აჯდებოდა შიგ. `კიდე ცოტაც, კიდე ჩქარა…~, ~აჩ, აჩ~, ესმოდა ხმები, `ააა~, უცებ გაიმართა ის, მის მარცხნივ მშვენიერი ცხენი ება, შვებით ამოისუნთქა მიწაზე გაწოლილმა, ახლა ვეღარსად გაექცეოდა წყალი, ხოხვით წავიდა მისკენ, აქამდე უზომოდ მძიმე ბეჭები, რომლებიც ხოხვაში ხელს უშლიდნენ, გაიშალნენ ფრთებივით და ის მაღლა აიყვანეს, როგორ დაჯდა ცხენზე, არ უგრძვნია. `აჩუუ~, დასძახა ძაგანიამ და უცებ გადაუარა წყურვილმა, `აჩუუ~, დასძახა ძაგანიამ და მუხლამდე ჭაობში საკუთარ ფეხებზე ხტუნაობით გავარდა, `აჩუუ~, იძახდა ის და მირბოდა, ხელში აღვირი ეჭირა და მათრახს მხედრულად იქნევდა, `აჩუ!~ იძახდა უფრო ხმამაღლა, ოღონდ უკვე ყელში მოწოლილი ბოღმით. ეშინოდა თავისთავს გამოსტყდომოდა, რომ ის, რასაც მიაჭენებდა, იყო საკუთარი ფეხები და არა ცხენი, ეშინოდა დაეკარგა ეს საბოლოო იმედიც, `აჩუ, აჩუ, უუ~, იძახდა გამწარებული უაზროდ, საკუთარი ხელით იცემდა თავში მათრახს, იბრუებდა საფეთქლებს, ოღონდ არ შეეგრძნო სიმართლე, ოღონდ არ გამტყუნებოდა ეს უკანასკნელი იმედიც. ისევ გაიღვარა ოფლში და ვერ მიაღწია წყალს, წყალი იყო ახლა მისი ერთადერთი მიზანი, ფეხებმა უღალატეს, მოკრუნჩხულს დაუბუჟდა ისინი, ერთიც შემოჰკრა ძილში თავს მათრახი და მუხლმოსხლეტით დაეცა წყლის პირზე, სველ ჭაობში.
უკან გადავარდნილმა ძაგანიამ წყლის სურას თავი დაარტყა, სისხლი შიგ ჩაგუბდა ქალაში და მხოლოდ ცოტათი გამოჟონა გარეთ, სურის მოტეხილი თავიდან წამოსული წყალი ქვეშ შეუდგა; გამოღვიძებულმა უსიამოვნოდ შეიგრძნო სისველე, გაცილებით უფრო უსიამოვნოდ, ვიდრე სიზმარში – სიზმარში ადამიანს ქვეშეცნეულად კიდევა აქვს იმედი, რომ გაიღვიძებს, ეს იმედი ყოველთვის დევს გონების კუნჭულში სიზმრის გვერდით.
ცივ ოთახში, სველში ჩამჯდარმა, გამოღვიძებულმა ძაგანიამ განსაკუთრებით კარგად შეიგრძნო ეს, უცებ გაასწორა დაბუჟებული ფეხები, სისხლი მიაწყდა კიდურებს და ჩხვლეტა დაუწყო, თავისდა სამწუხაროდ, ძაგანიამ იგრძნო, რომ ძალა უბრუნდებოდა ფეხებში, რომ ისევ უნდა ამდგარიყო და საკუთარი თავისთვის თვითონ მოევლო. ო! რა კარგი იქნებოდა, რომ ფეხები წართმეოდა საერთოდ და სულ უძლური ყოფილიყო ყველაფრის წინაშე, მაშინ მარტო იოცნებებდა, მის მაგიერ სხვა რაღაცა იზრუნებდა მისი სიკვდილ-სიცოცხლისათვის, მაგრამ დიდი ხნის დაბუჟებულმა ფეხებმა იგრძნეს თუ არა ძალა, ფეხზე ადგომაც მოითხოვეს; ძაგანია უსიამოვნოდ აიზლაზნა. რამდენიმე ნაბიჯი გააკეთა კედლისკენ და მოულოდნელად სწრაფად დაიწყო წინ და უკან სიარული, უცებ მთლიანობაში აღდგა მის თავში ცოტახნის წინ ნანახი სიზმარი და ისე აღიქვა, როგორც ფიზიკური წყურვილი, ახლა მართლა მოსწყურდა წყალი ძაგანიას, თვალები გაუფართოვდა, ნაბიჯს მოუმატა, წყალი თავწამტვრეულ სურაში იდგა, რომელსაც თავი დაარტყა, კეფაზე ამოსულმა კოპმა უფრო შეაწუხა და კიდევ უფრო მოაწყურა, რატომღაც პირდაპირ არ მივიდა წყალთან, კიდევ რამდენჯერმე გაიარა კუთხიდან კუთხემდე, ახლა მთელი მისი არსება გამსჭვალული იყო ერთი გრძნობით: დაელია წყალი, დაელია წყალი, ოღონდ ცივი, გემრიელი და რაც შეიძლება მეტი, თვითონ არ იცოდა რატომ ყოყმანობდა, როცა თითქმის სავსე სურა იდგა კუთხეში. `მეყოფა კი?~ გაუელვა თავში, უცებ გაქრა ყველა სხვა შიში, გრძნობა, `თურმე წყალი ნდომებია ძაგანიას, წყალი~, ატაცებულმა გააკეთა აღმოჩენა, აღგზნებული მივარდა კუთხეში, თავწამტვრეული სურა აიტაცა, ხარბად დახედა წყალს, რატომღაც კიდევ შეისვენა და უცებ სულმოუთქმელად დაეწაფა, პირველი ხუთი ყლუპი ისე გადაყლაპა, რომ არავითარი სიამოვნება არ უგრძვნია, ნაწლავები ხარბად იწოვდნენ სითხეს, ძაგანიამ ამოისუნთქა და სიამოვნებით, სვენებით, ოღონდ ტუჩმოუშორებლივ განაგრძო სმა, წყალი მძიმედ გადადიოდა ყელში და უცებ დაკარგა გემო, ძაგანიამ პირიდან მოიშორა სურა, ყელში ისევ იგრძნო რაღაცა სიგამხმრე. `კიდევ გდომებია~, აღმოჩენით გახარებულმა, ისევ მიიყუდა და დადგა, უაზროდ დახედა სურას, რომელსაც წყლის ნახევარიც არ აკლდა. `წყალი კიდევ არის~, აღიქვა თავისთვის და უაზროდ წავიდა კედლისკენ. `ესეც ასე, ახლა აღარა მწყურია~, რაღაცნაირი ნერვიულობით გააკეთა დასკვნა და უცებ ინანა, ინანა, რომ ასე დაუფიქრებლად, პირდაპირ მოიყუდა წყალი და წყურვილი მოიკლა, ახლა ყველაზე ტკბილად წარმოუდგა ის წუთები, როცა სწყუროდა და როცა თავისი თვალით ხედავდა, როგორ იდგა კუთხეში წყლით სავსე სურა, რომელსაც ყოველ წამში შეეძლო მოეკლა მისთვის წყურვილი, ახლა ძაგანია ისევ ცახცახმა აიტანა, მთლიანად დაეკარგა შიშის რაიმე კონკრეტული შეგრძნება, ისიც აღარ ახსოვდა, რაზეც დილით ფიქრობდა მისი გონება; მექანიკურად იმეორებდა `ესეც ასე… წყალი დავლიე უკვე~. ახლა, ახლა ფეხებს რიტმულად დაჰქონდათ იგი აღგზნებული თვალებით და ნერვიულობისგან აფერადებული ტიტველა თავის ქალით, რომელიც შუბლთან ერთად თითქმის მთლიანად იპყრობდა მის სახეს და მხოლოდ ქვევით, უმნიშვნელო ნაწილი ჰქონდა დათმობილი უფერულ, თხელ ცხვირ-პირსა და თვალებს, ისეთივე პატარა ნიკაპით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძირს, იატაკს უყურებდა ძაგანია, მერე უცებ ასწია თავი მაღლა, ჭერისკენ, ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს მისი თვალები მისსავე ზევიდან წამომდგარ შუბლს უყურებდნენ, ძაგანია შუა ოთახში იდგა, მერე ნელა მოტრიალდა და სწრაფად წავიდა კარებთან მიდგმული მაგიდისაკენ, ორივე ხელით დაეჭიდა მას, უნდოდა ხელში აეღო და ისე გადაედგა უკან, მაგრამ ფეხები იატაკს ვერ ააცილა, მაგიდა ჭრიალით გაცურდა უკან, ის ტახტის წინ დადგა, ძველ ადგილზე. `ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ვინ ჩამიდო ეს აზრი თავში, რომ მაგიდა მიმედგა კარისათვის, ანდა ურდული დამედო~, ის ანთებული მივარდა, უცებ ამოაძრო ურდული კარიდან; მერე ნელა, უხმაუროდ დაუშვა ადგილზე, `ღმერთო ჩემო, ვინმე რომ მოსულიყო და დაეკაკუნებინა, ხომ შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ ძაგანია განგებ ჩაიკეტა, რომ ძაგანიას რამე აქვს, რომ ძაგანია ცუდი კაცია და მალავს, ყველაფერს მალავს~. მან გასაღები გადაატრიალა, კარი თავისით გამოიღო და პოდიეზდიდან შმორის სუნი შემოიტანა, ძაგანიამ ოდნავ გაყო თავი შიგ, იქ დილანდელივით ბნელოდა, მხოლოდ ქუჩისპირა ფანჯარა იყო თავისთვის, დღის სინათლით განათებული, ისე რომ შიგ პოდიეზდში შუქის ნატამალსაც არ უშვებდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ფანჯარა შეღებილი იყო ბაც რუხად და მიკერებული ბნელი პოდიეზდის კედელზე.
`ჰფი~, უცებ გაყო თავი, ტუჩები ეშმაკურად დააელმა ძაგანიამ და შეუსტვინა, სანამ ექოს გაიგონებდა, სწრაფად მიხურა კარი. გასაღები ორჯერ გადაატრიალა, კარს მიაწვა. `ეს იყოს ჩაკეტილი~, დაასაბუთა ჩაკეტვა საკუთარ გონებაში, `ეს იყოს ჩაკეტილი, საერთოდ კარს ერთი საკეტით ყველა კეტავს~. ამ დასკვნამ ცოტა დაამშვიდა ის და რაღაც ხუმრობის მსგავსიც კი მოუვიდა თავში, რამაც საგრძნობლად აამსუბუქა, მის ძალად მოჭმუხნილ სახეზე მხოლოდ ფარული შიშიღა დარჩა, რომელმაც დროებით მიიძინა, ძაგანიამ შუბლი გახსნა და კარადას მიეყუდა. `რა უცნაურია პეტრე, პეტრე რომ ყოველთვის პეტრეა~. თავისთვისვე გასაოცარი მსუბუქი აზრები მოსდიოდა თავში. `არა, მაინც რას მოყვა გუშინწინ, ხი, ხი, ხი, ნეტა ვინ იყო ის სულელი, რაც მართალია მართალია, კარგი ანეგდოტი იყო, რა სულელი ხალხია ქვეყანაზე, ა?~. ძაგანიას ჩვეულებად ჰქონდა ყველაფერი მოყოლილი ცხოვრებაში გადაეტანა, ის ანეგდოტს ნამდვილ ამბად აღიქვამდა და მერე დიდხანს აწვალებდა ფიქრი, ვინ იყო ის სულელი, რომელსაც ანეგდოტი დასცინოდა, აფასებდა თავის ნაცნობებს და ვინმეს ადარებდა მას, ახლაც იმ ანეგდოტის გმირად თავად მისი მომგონი პეტრე დაისახა, `მარტო პეტრეს შეეძლო მაგის გაკეთება, სხვა ვინ იზამდა მაგ სისულელეს. ხი, ხი,~ ფიქრობდა თავისთვის.
ის გუშინწინ იყო, დაახლოებით ერთი-ორი წლის წინ, და მაშინ პეტრე მოჰყვა ანეგდოტს, რომელიც ახლა გაახსენდა ძაგანიას და რომლის შინაარსიც ასეთი იყო: ერთხელ თურმე (ძაგანიამ მაშინვე წარმოიდგინა ის `თურმე~ რა დროს იყო) ხიდის თავში (ძაგანიას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ის ხიდი იყო ვირის ხიდი) ერთი კაცი იხრჩობოდა და ყვიროდა, `არიქა, მიშველეთ, მიშველეთო~, მეორე თურმე მივარდა და ვედროთი დაიწყო მდინარიდან წყლის ამოღება (უეჭველად პეტრე იქნებოდა, აბა სხვა ვინაა ისეთი მოხერხებული, რომ მტკვარი ვედრით დაშრიტოს; არ ვიცი, სწორე გითხრა, პეტრე კი უჭკუოა, მაგრამ ეგ იმან იკითხოს, ვინც იხრჩობოდა). ძაგანიას თვალწინ წარმოუდგა დახრჩობა, როგორ იბრძვის კაცი და ვერ აღწევს ნაპირს. `ნეტა ვინ იყო? ნეტა ვინ იყო?~ შეუჩნდნენ კითხვები, `ა?!~ თქვა თავისდა მოულოდნელად და კარისაკენ დაიხია. `ღმერთმა დამიფაროს~, სამჯერ გადაიწერა პირჯვარი ზედიზედ. `პეტრე ხო კაცი არ არის,~ მოულოდნელად, გადაანთხია მთელი ჯავრი პეტრეს, რომელსაც შეეძლო მისი ამოყვანა წყლიდან (წარმოიდგინა, რომ თვითონ იხრჩობოდა უეჭველად), პეტრემ კი, ხალხის გასაცინებლად და ანეგდოტის მოსაგონებლად, ვედროთი დაიწყო წყლის ამოღება მტკვრიდან, `ღმერთო დიდებულო, მტკვარს რა დაშრეტს~, ისევ წამოახურა სახეზე ძაგანიას და მთელი არსებით შეზიზღდა პეტრე, რომელიც გულგრილად უყურებდა მის დახრჩობას, წარმოიდგინა, ვირის ხიდის მოაჯირზე თოკზე გამობმული ვედროთი როგორ იდგა პეტრე, მერე ვედროს წყალში უშვებდა, ავსებდა, თქაფანით აჰქონდა მაღლა, ის კი, ძაგანია, იხრჩობოდა ქვევით. – აფსუს– ვედროდან წყალი იღვრებოდა და ერთიათად ემატებოდა მტკვრის წყალს, ზევით კი იდგა ხალხი ხიდზე, ემატებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ, ხითხითებდნენ, ხარხარებდნენ, ერთმანეთს ასხდებოდნენ მხრებზე, რომ უფრო კარგად დაენახათ მისი, ძაგანიას, საცოდაობა და პეტრეს უხამსი ოხუნჯობა, ძაგანიას ოფლმა დაასხა, რამდენჯერმე სწრაფად გაზომა ოთახი, ასეთი აზრების გასაფანტავად თავი გააქნია და აივანზე გავარდა.

სწორედ ამ დროს მოდიოდა ზევიდან შაშა, თავის შუკაში შემოსული ის კედელს აეკრა და მიპარვით დაიწყო მოძრაობა თავისი სახლისკენ, თან ცალი თვალი ძაგანიას ფანჯრებისკენ ეჭირა, ოთახიდან გამოვარდნილი ძაგანიას დამფრთხალი მზერა შეეფეთა მისას, წამით ორივენი გაჩერდნენ, მერე შაშამ ისეთი სახე მიიღო, ვითომ არც დაუნახავს ის და პოდიეზდში მიიმალა.
ძაგანია დიდხანს დაშტერებით უყურებდა იმ შავ ხვრელს, რომელშიაც შაშა გაქრა. ქუჩაზე სრული სიწყნარე იდგა, ჯერ ისევ ძალიან ადრე იყო, მარტო, უკაცურ ქუჩაში, თანაც მეორე სართულის აივანზე დარჩენილი ძაგანია შიშმა აიტანა, ამ სიმაღლეზე, სიცარიელეში, ის ისე იყო გამოკიდული, როგორც სამიზნე, სწორედ ასე დალაგდა მის გონებაში ახალი შიში. ერთხელ კიდევ სცადა მოპირდაპირე პოდიეზდის სიბნელეში რამე დაენახა, მერე თვალები ზევით ასწია.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button