რევაზ ინანიშვილი – გუგა და ბუბა
ცხოვრობენ ჩვენს ქალაქში, საბურთალოზე, ძმები – გუგა და ბუბა. ახლა გუგა რვა წლისაა, ბუბა შვიდისა. გუგა მეორე კლასში დადის, ბუბა პირველში. ორივე დედას დაჰყავს სკოლაში. გუგა მარჯვენა მხარეს ამოუდგება ხოლმე დედას, ბუბა მარცხენა მხარეს. მიდიან ასე სამნი და ბიჭები ენას არ აჩერებენ წამით. ათასი რამ აინტერესებთ, ათიათასი.
– დედა, ასწევს იაპონური ამწეკრანი ათსართულიან სახლს თავისი მაცხოვრებლებით? – კითხულობს გუგა.
ბუბა პასუხს არ აცდის დედას, ის უფრო აღელვებული კითხულობს:
– ტროლეიბუსი და ავტობუსი რომ დაეჯახნენ მთელი ძალით ერთმანეთს, რომელი გადაბრუნდება პირველად, ტროლეიბუსი თუ ავტობუსი?
დედას უნდა, რომ ყურებზე ხელები მიიფაროს, მაგრამ ხელები გაკავებული აქვს. ამიტომ, თვალებს დახუჭავს, ფეხებს ხმაურით გადაადგამს და ამბობს.
– არ ვიცი, არ ვიცი, მე ეგეთი სისულელეები არ ვიცი!
ბიჭები აჰყურებენ და თან დანანებით, თანაც ფარული სიამაყით ეღიმებათ.
სკოლაში გუგას კლასიც მეორე სართულზეა, ბუბასიც, მხოლოდ ერთი დერეფნის თავშია, მეორე ბოლოში.
ერთხელ მთელი ამბავი ატყდა სკოლაში. გუგამ ერთ მესამეკლასელ ბიჭს ისეთი შემოსცხო, ორტოტად წამოადინა ცხვირიდან სისხლი. შეათრიეს გუგა სამასწავლებლოში, უმეტესობა თავხედს, ხულიგანს ეძახდა. მაგრამ, ვინც კი გაიგებდა, რატომაც შემოსცხო მესამეკლასელ ბიჭს, ყველა გუგას ამართლებდა.
ადამიანები ვართ და გუგასაც ადამიანური რამ დასჭირდა, – მოიწით ახლოს, ყურში გეტყვით – საპირფარეშო. მესამეკლასელი ბიჭი კი მივიდა და დაუწყო ხელის კვრა, ჩაგდება უნდა გუგასი. გუგამ, როგორც იქნა, შეიკრა შარვალი, გადმოვიდა შემაღლებიდან, გაიზნიქა უკან, გამოაქანა იქიდან მარჯვენა მუშტი და ეს გამოქანება იმით დამთავრდა, რომ გულაღმა გადავარდნილ მესამეკლასელ ბიჭს ორტოტად წამოუვიდა ცხვირიდან სისხლი. თვითონ გუგა იმ დარტყმამდეც ტიროდა, დარტყმის შემდეგ ხომ თითქმის აღრიალდა. ბუბამ კი ვერაფერიც ვერ გაიგო დერეფნის მეორე ბოლოში. სხვებმა უამბეს ძმის ამბავი. ბუბა გიჟდებოდა – თვითონაც რატომ არ შემოსცხო იმ მესამეკლასელს. გუგას გვერდით რომ მიდიოდა, სულ იჭიმებოდა, უნდოდა ყველასთვის ეგრძნობინებინა, რომ ძალიან ღონიერი იყო. მესამეკლასელი ბიჭი თაგვივით ემალებოდათ.
გუგასაც ხატვა უყვარს, ბუბასაც. გუგა სულ სპორტსმენებს, რომაელ ჯარისკაცებს და გერმანელ რაინდებს ხატავს, ბუბა – ომებს. გუგას ნახატები მშვიდია. მკვეთრხაზებიანი. ბუბას ნახატები ყოველთვის კორიანტელებს ჰგავს. იმ კორიანტელებში ძლივას გამოარჩევ ტანკებს, თვითმფრინავებს, რაკეტებს, ზარბაზნებს, თან ხატავს ბუბა ომს, თან ახმოვანებს, – ტრა-ტა-ტა! – ტატანებს ტყვიამფრქვევი. – ჭუუ! ჭუუ! ჭუუ! – მიჰქრიან რაკეტები. – ბაახ-ბაახ-ბაახ! – ფეთქდებიან ზარბაზნის ჭურვები. გუგა ერთხანს ითმენს ამ ხმაურს, წყნარად ეუბნება ბუბას, – გაჩუმდიო, ყურები ნუ წაიღეო. ბუბას არ ესმის გუგას ნათქვამი, უფრო აუწევს ხმას, – ჭუუ! ჭუუ! ბაახ! ბაახ! მაშინ გუგა გადმოერევა, დააცხრება ბუბას და გადააგორებს იატაკზე. იატაკზე დიდი ფარდაგია დაფენილი, იბრძვიან ძმები, ხან ერთია ძირს, ხან მეორე, ხან ერთის კვნესა-ხრიალი ისმის, ხან მეორის; გამოენთებათ დედა, დაუშენს ცოცხის ტარს, ცოცხის ტარი მწვავეა, ბუბა საპირფარეშოში შეასწრებს, გუგა სააბაზანოში. დედა იწყევლება. ბუბა იწყებს გმირულ საბრძოლო სიმღერას:
ყველას ვსპობთ, ყველას ვსპობთ,
ძლიერნი, ძლიერნი,
ძლიერნი, ბედნიერნი…
გუგა გადასძახის: – კრეტინო! დებილო! ჭკუამოგრეხილო!
მაგრამ დიდხანს არასოდეს გრძელდება ასეთი შუღლები, ცოტა ხანს არიან ცალ-ცალკე, ერთი ერთ კუთხეში მეცადინეობს, მეორე მეორე კუთხეში. ხან ერთთან მივა დედა, ხან მეორესთან, მერე კვლავ ერთად სხედან, ერთად აგებენ რაღაც რკინებისაგან რკინის მაღალ სახლს და თან იცინიან, ბჟირდებიან სიცილით. გუგა საოცრად კარგად ბაძავს დებილებს, კრეტინებს, დედიკოების დოყლაპია შვილებს, ბუბას კიდევ მეტი რა უნდა, თითის ჩვენებაზე რომ ეცინება ხოლმე, გადაგორდება და აბაკუნებს ფეხებს ჩაბჟირებული.
ჩხუბი ჩხუბია და ამგვარი სიცილითაც ყოველთვის არ ახარებენ მშობლებს, მით უმეტეს – ღამით. მიდი და გაიგე, რომელია მთავარი დამნაშავე! ერთ ოთახში წვანან, ერთმანეთის პირდაპირ. გუგა რომ დებილებს და კრეტინებს ბაძავს, ბუბა მუცელს გამობერავს და ზედ ხელებს დაიწყობს ლუარსაბივით. ჯერ დაეწყებათ ფხაკუნი, მერე ხითხითი, ბოლოს გიჟური ამოძახილებიც. ცოტაც და შეიძლება სულ ნაფოტებად იქცნენ საწოლები.
შემოვარდება ამ დროსაც დედა, არა მარტო დედა, ზოგჯერ მამაც თავისი ბრტყელი ქამრით. ბიჭები შეძვრებიან საბნების ქვეშ, დაუტყაპუნებს საბანზე დედა ცოცხის ტარს, მამა ბრტყელ ქამარს, მაგრამ ეს დატყაპუნება თითქმის არ ითვლება, საბანქვეშ ვერ ატანს. შებუდულ, გატვრენილ ბიჭებს ასევე ეძინებათ. ისევ შემოვა დედა, ის ახლა საბნებს ამოუწევს ბიჭებს, ცხვირებს გამოაყოფინებს გარეთ. თან ეღიმება, თან ჩურჩულით ეფერება, – თქვენი ჭირიმე, თქვენი, თქვენ დაგენაცვლოთ თქვენი დედა! ხდება ხოლმე, რომ ამ დროს რომელიმე ბიჭსაც გაეღიმება.
შინაურობაში ცოტა გაყოფილნი არიან, გუგა უფრო დედისაა, ბუბა მამისა. მამა ზოგჯერ ღვინოს სვამს, ნასვამი მამა დედას აუხირდება, – ბავშვებს ნუ სწყევლი, ნუ სცემო, კრეტინებს და დეგენერატებს ნუ ეძახი, კრეტინები და დეგენერატები თქვენს ნათესაობაში მოიკითხეო. დედა ატირდება. გუგა ვერ ბედავს და ბუბა ემუქრება მამას, – გავიზრდები და მაშინ ნახავ, როგორღა წაეჩხუბები დედასო! მამა თავზე დაადებს ხელს და წკიპურტსაც დაარტყამს, ბუბა წითლდება და ბოღმით სივდება, იბერება. ამ დროს ძალიან მტრულად უყურებს მამას.
ოი, ეს როგორ დაგვავიწყდა! გუგა და ბუბა რომ წაიჩხუბებიან, ხომ ისე ჩანს, დასაკლავად გაიმეტებენ ერთმანეთსო, გამოენთებათ დედა და, თუ გუგას მიიმწყვდევს, ბუბა ეხვეწება, – მე მცემე, დედიკო, მაგას თავი გაანებე და მე მცემე, დედიკოო. თუ ბუბას უნდა მოუწიოს ღრიალმა, მაშინ გუგას აქვს გაწეული ყელი – მე მცემე, გენაცვალე, დედაო!
სკოლაშიც ძალიან კარგი სახელი აქვთ ძმებს, ხუთოსნებიც არიან და ძალიან წესიერებიც, ეზოშიც პირველობენ – ჩამოვიდნენ ალალიძეები, აბა, მიხედეთ, ან როგორ სუფთად აცვიათ, ან რა წესიერად იქცევიანო, – ამბობენ მეზობლები. თუ სასეირნოდ მიდიან დედასთან ერთად, შეუძლებელია დაინახო და არ დალოცო მოდგმა, რომელსაც ისინი ეკუთვნიან.
და აი, რა მოხდა ამ მშვენიერ ოჯახში ერთხელ.
ძველი ახალი წლის მეორე დღეს გუგამ როგორღაც მოიწყინა. დედამ რამდენჯერმე მიადო შუბლზე ხელი და ჰკითხა – ვაიმე, სიცხე ხომ არა გაქვს შენაო? – სიცხე არაო! – აგდებით თქვა გუგამ. მაგრამ ხუთი საათისთვის თერმომეტრი ჩაუდეს და ოცდაჩვიდმეტი გრადუსი და ხუთი ხაზი ჰქონდა. ახლავე უნდა დაწვეო. მაგრამ გუგა ჯიუტობდა, – არაო, არაო. დაბნელება რომ დაიწყო, კიდევ გაუსინჯეს სიცხე, ოცდათვრამეტი ჰქონდა, ცოტა უფრო მეტიც. მაშინ კი სასწრაფოდ ჩააწვინეს ლოგინში. ბუბა კიდევ გააფრთხილეს, ახლოს აღარ მოსულიყო გუგასთან, მაგრამ გუგა ახლა უკვე მშვენიერ გუნებაზე იყო, ეცინებოდა. ბუბას კიდევ რა გაფრთხილება დაიჭერდა, იდგა და, თვითონაც გაცინებული, გვერდით ხეხავდა გუგას საწოლს. გამოაგდებდნენ, ისევ მასთან იყო.
დილით ისევ ჰქონდა სიცხე გუგას, გულდაწყვეტილი ბუბა მარტო წავიდა სკოლაში. გაკვეთილებზე სულ დაღრუბლული იჯდა. მერი მასწავლებელმაც შეამჩნია ეს და ჰკითხა, – რა არის, რატომა ხარ რაღაც უგუნებოდ, ბუბაო? ბუბამ უთხრა, – ჩემი ძმა ავად არის, სიცხე აქვსო! – კარგად იქნება, კაცო, მაგაზე რა გადარდებსო! – რა ვიციო! – ბუბამ. მერი მასწავლებელმა ალერსით შეუსწორა ქოჩორი ბუბას.
ბუბა რომ სკოლიდან დაბრუნდა, უფრო მაღალი სიცხე ჰქონდა გუგას, გაუხარდა ბუბას დანახვა. ბუბა მივიდა და უცნაურად ჭრელი საშლელი მისცა, – ეს შენაო. – შენ თვითონ გაქვსო? მე არ მინდაო. გუგას ჭრელი საშლელიც გაუხარდა. დედა კი ისევ ჩხუბობდა და გუგასთან ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევდა ბუბას, შენც ავად გახდებიო. ბუბას ავად გახდომისა არ ეშინოდა. როცა ძმები ერთად იყვნენ ავად, უხაროდათ კიდეც. იწვნენ ერთმანეთის პირდაპირ და რეებს არ ლაპარაკობდნენ, რაზე არ იცინოდნენ! გუგას ახლა ის აინტერესებდა, რა იყო სკოლაში დღეს, რა მოხდა. ბუბა ფეხებთან გაუჩერდა და იქიდან მოუყვა, – ვიღაცამ კოხტად გახვეული ვირთაგვა მოიტანა და ხან ვის შეუგდეს მერხში, ხან ვის, ბოლოს ბოსტოღანაშვილს სტაცეს ხელი და ის შეათრიეს სამასწავლებლოში. ბოსტოღანაშვილი კიდევ, შენც იცი, ერთი დედალი ვინმეა, უთუოდ შარვალი ჩაისველა შიშითო. გუგას გულიანად ეცინებოდა, მერე გუგა ხატავდა და ახალი საშლელით ამაყად შლიდა.
ამასობაში კი ექიმიც მოვიდა. ყველანი გაკანკულნი შეჰყურებდნენ, როგორ სინჯავდა იგი გუგას, უსმინა ფონენდოსკოპით, უკაკუნა ზურგზე, კოვზით დააღებინა პირი და ისე ჩახედა ყელში, ორჯერ თითი დაუქნია შორიახლოს გაჩერებულ ბუბას. ბოლოს თქვა, – ჯერ ისეთი არაფერი ჩანს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყოველივეს დავაკვირდეთ, დილას ჩვენი ექთანი მოვა და სისხლს აუღებს თითიდანაო. გუგა მტრულად გამოხედავდა ხოლმე ექიმს.
ექიმი რომ მიდიოდა, ბუბა გააფრთხილა, შენ მოერიდე, ავადმყოფთან ახლოს ნუ მიხვალ ხოლმეო. ბუბა დაჰპირდა, ასე ვიზამო, მაგრამ საათიც არ გასულა და ისევ გუგას საწოლთან იდგა.
იმ ღამეს გუგას ოცდაცხრამეტი გრადუსი ჰქონდა სიცხე, რაღაცებს ლაპარაკობდა სიცხეში, – ბრტყელიო, ბრტყელიო, კუდიო, წითელიო, ჭრელიო. მერე უარესი შფოთვა დაიწყო. კიდევ კარგი, გაფრთხილებულები იყვნენ, თუ ასე მოხდეს, კატაბალახას წვეთები მიეცით, რამდენი წლისაც არის, იმდენი წვეთიო. დაალევინეს კატაბალახას წვეთები, ესიამოვნა გუგას, ტუჩებს ილოკავდა, მერე მალე დამშვიდდა, მალე ჩაეძინა კიდეც.
დილით გუგას ისევ ეძინა, ექთანი ქალი რომ მოვიდა. გააღვიძეს გუგა. მიხვდა, რასაც უპირებდნენ, ტირილი დაიწყო, – ეეო, დედალოო, – მამამ, – თითიდან სისხლის აღებაზე ვინა ტირისო. გაიღვიძა ბუბამაც – თუ გინდათ მაგას ნუ აუღებთ, მე ამიღეთ, მე არ ვიტირებო. ამან იმოქმედა: ისე აიღო ექთანმა სისხლი, ხმა არ ამოუღია გუგას. ყველა კმაყოფილი იყო. მარტო სისხლი კი არ წაიღო ექთანმა, წაიღო ქაღალდში გახვეული პატარა ბოთლიც. არ გასულა სამი საათი და ატყდა კარზე შემაშფოთებელი ზარის რეკვა, შემოვიდნენ: ის ექიმი, გუშინ რომ იყო, და კიდევ ორი სხვა, ქალები. მოიტანეს რაღაც ქაღალდები, – აი, ნახეთო, ნახეთო, თითით უჩვენებდნენ დედას, – ყველა ნიშანი აქვს ბოტკინის დაავადებისო. დედამ ხელები სახეზე მიიფარა, ცრემლი წამოუვიდა, ექიმმა დამშვიდება დაუწყო, – საავადმყოფოში გაცილებით უკეთესია, რა შედარებაა, საავადმყოფოს ათასი საშუალება აქვს, თანაც – თქვენც იქ იქნებითო. გუგამ აქაც ტირილი მორთო, მაგრამ ისიც დააწყნარეს, – ნუ გეშინია, მარტო დედა კი არ იქნება შენთან, ჩვენც ყოველ დღე მოვალთ, სათამაშოებს მოგიტანთო. ჩააცვეს. აყვანილი წაიყვანეს. ბუბა თავისთვის ტიროდა. გუგა რომ კართან მიიყვანეს, გაიქცა, მამას მკლავი დააწევინა და სამჯერ საჩქაროდ აკოცა გუგას, გუგას არეული ღიმილით გაეღიმა, თითქმის ყველანი გაჰყვნენ გარეთ, სასწრაფო დახმარების მანქანამდე. მანქანა ეზოში იდგა, ქარი უბერავდა, თან თოვლიც მოდიოდა. სხვა დროს აღტაცებულნი შეხვდებოდნენ ასეთ თოვლს.
იმავე დღეს ბებია ჩამოვიდა სოფლიდან, დედის დედა. ახლა სამნი იყვნენ სახლში: ბუბა, მამა და ბებია. მამა დილით მიდიოდა სამსახურში და საღამოს ბრუნდებოდა შინ. სმას თავი ანება, სმას და გვიან დაბრუნებას სახლში. ბებია აკეთებდა საჭმელებს. იმ საჭმელებს აწყობდნენ ჩანთაში და მამა მიდიოდა საავადმყოფოში. მამა დილითაც მიდიოდა, საღამოსაც. საღამოს, თუ მშვიდი ამინდი იყო, ბუბაც მიჰყავდა.
დედა და გუგა ისეთ პალატაში იყვნენ, ასწევდა მამა ბუბას და შეახედებდა ფანჯარაში. დედასაც უხაროდა ბუბას დანახვა, გუგასაც. გუგა ლოგინიდან უღიმოდა და ხელს სასაცილოდ უქნევდა. ბუბაც უქნევდა ხელს, კოცნებს უგზავნიდა დედასაც და გუგასაც. კარგად იყავით, კარგადო! კარგად ვიქნებითო, – ჰპირდებოდა გუგაც. მაგრამ გუგას გამოჯანმრთელების საქმე მაინცადამაინც კარგად არ მიდიოდა. პირიქით, კვირაზე მეტი იყო გასული საავადმყოფოში მიყვანიდან და მაშინ აღმოაჩნდა ორივე ფილტვის ანთება. იწვა საცოდავი ბიჭი, საწოლთან ედგა რაღაც დანადგარი, იმ დანადგარიდან ჩამოდიოდა რეზინის მილები, იმ მილებიდან რაღაც წამალს უშვებდნენ მკლავის ძარღვებში. და ეს გრძელდებოდა დიდხანს, დიდხანს. ბუბას მთელი სხეული სტკიოდა იმის დანახვისას. ტიროდა, მამა ძლივს აწყნარებდა.
დედა გახდა, გაფითრდა, თვალები ჩაუწითლდა. თითქოს სულ კანკალებდა და ბუბას დანახვისას, კანკალებდა და ლოცულობდა. მამაც სულ გაწამაწიაში იყო, სულ წამლების საშოვნელად დარბოდა. ექიმები ანუგეშებდნენ, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ იმათაც რაღაც სევდა და შიში ემჩნეოდათ თვალებში. შეშინებული იყურებოდა ხოლმე საბნიდან გუგაც. თვალები იმასაც უკვე სხვანაირი ჰქონდა, უსიამოვნოდ ლაპლაპა, ხშირად უბრაზდებოდა დედასაც, ექიმებსაც, დაიწყებდა ფეხების ქნევას, გადააგდებდა საბანს. დედა დაიჩოქებდა და ისე ეხვეწებოდა, – შენი ჭირიმე, გუგა! შენს თვალებს ენაცვალოს დედა! ასე ეხვეწებოდა ხშირად ჭამისასაც. გუგა კედლისკენ გადაბრუნდებოდა და ტიროდა.
ერთ ნისლიან საღამოსაც წაიყვანა საავადმყოფოში მამამ ბუბა. მოვიდა თუ არა ფანჯარასთან დედა, ბუბამ მაშინვე იგრძნო, გუგა არ იყო კარგად. დედა თან ტიროდა, თან რუსულად ელაპარაკებოდა მამას, მამასაც წამოუვიდა ცრემლი. ცხვირსახოცს რომ იღებდა, მაშინ დახედა ბუბას, – ამიყვანეო, შემახედეო, – რომ ექაჩებოდა. აიყვანა, შეახედა ფანჯარაში. გუგა თავით ფეხამდე საბანში იყო გახვეული და მარტო თვალები მოუჩანდა. ის თვალები თითქოს შორს იყო, ძალიან შორს, ბუბამაც ტირილი დაიწყო.
ძალიან დადარდიანებულები დაბრუნდნენ შინ. მამა ამხანაგთან წავიდა რაღაც წამლისთვის, ბებიამ აჭამა, გაჭირვებით აჭამა ბუბას ვახშამი, გაკვეთილები მომზადებული ჰქონდა, ერთხანს უყურებდა ტელევიზორში რაღაც ზღაპარს, თვითონ ბუბას მობეზრდა ის ზღაპარი, გამორთო ტელევიზორი, იბორიალა ბუბამ ობლად. ბებიამ ლოგინი გაუშალა, დააწვინა, თვითონაც თავით დაუჯდა, წიგნი გადაშალა, ბუბა წამდაუწუმ ეკითხებოდა ბებიას, ხომ კარგად იქნება გუგაო? – კარგადო, შვილო, კარგადო! მაგრამ ბუბას ისევ ძალიან დადარდიანებული თვალები ჰქონდა. ბებიამ კითხვა დაიწყო, ბუბა ჩუმად იყო, მაგრამ არ უსმენდა, ის სულ გუგაზე ფიქრობდა. რა იყო, რატომ ჰქონდა ისეთი თვალები ამ საღამოს?! ბებიას ჯდომელას დაეძინა, ღრმად ფშვინავდა, ბუბა ერთხანს იწვა, მერე ფრთხილად წამოდგა, გადმოვიდა ლოგინიდან, წინა ოთახში ჩამქრალი სინათლე არ აუნთია, არაფერი ჩაუცვია, ქუჩიდან შემოსულ შუქში მივიდა სერვანტთან. იქ, ერთ კუთხეში სანთლები ინახებოდა. იმ სანთლებიდან შაბათ საღამოს ორ-ორ ცალს ანთებდა ხოლმე დედა. თვითონაც ორი სანთელი გამოიღო, სამზარეულოდან ასანთი გამოიტანა, ლოჯიის მაგიდასთან მივიდა, იქ რკინის დიდი საფერფლე იდო, ამ საფერფლეზე ამაგრებდა ხოლმე ანთებულ სანთლებს დედა. თვითონაც მოუკიდა, გაულღო ბოლოც, იწვალა, მაინც მიაწება სანთელი საფერფლეზე, მიაწება მეორეც, გადაიწერა პირჯვარი და დაიწყო ლოცვა:
– ღმერთო, ღმერთო, გენაცვალე შენ, უშველე ჩემს ძმას გუგას, გამოაჯანმრთელე, კარგად მიმყოფე. გუგა ძალიან კარგი ბიჭია, გუგა ოქროს ბიჭია, ის ყველას უყვარს, მასწავლებელსაც ძალიან უყვარს. ღმერთო, ღმერთო, გენაცვალე, შენი ჭირიმე, გამოაჯანმრთელე ჩემი გუგა!..
ხელები მაგიდაზე დააწყო, ზედ ნიკაპი დაადო და ასე უყურებდა სანთლების პარპალს, თან მალ-მალე იმეორებდა გუნებაში, – ღმერთო, ღმერთო, კარგად მიმყოფე ჩემი გუგა!..
რაღაც შუქში შევიდა, რაღაც სითბოში შევიდა. კარგი იყო იქ, ო, ძალიან კარგი. ვიღაცამ კი ყვირილით დასტაცა ხელი და აიტაცა მაღლა, ყვიროდა ბუბა, გარბოდნენ, გამორბოდნენ. მიარბენინებდნენ ვედროებით წყალს, მწარე ბოლი შემოდიოდა მეზობელთანაც, სადაც ბუბა იჯდა და აკანკალებული ბებია უკოცნიდა ფეხებს. შემოვიდა მამაც, ისიც აკანკალებული, სველი. იმანაც დაუწყო კოცნა. ბუბა ტიროდა, მამა ეკითხებოდა:
– რას აკეთებდი, რას?
ბუბა ისევ ტიროდა, მაგრამ მაინც თქვა:
– გუგასთვის ვლოცულობდი, ღმერთს ვეხვეწებოდი…
ყველანი გაოცებულნი იყვენ, ზოგიერთი დიდი პირჯვარსაც იწერდა, – რა არის, რა ბედმა დააბრუნა ბადრი სწორედ იმ დროსო! ბადრი ცოტა ნასვამი იყო.
თავიანთთან რომ დაბრუნდნენ, იქაურობა ბოლის, სისველისა და პლასტმასის სუნით იყო სავსე. მაგიდა, რომელზეც სანთლები დაანთო ბუბამ, ამომწვარი იყო დიდი ტაშტის ოდენად. ბუბა მიხვდა, რა ხიფათსაც გადაურჩა. დადიდებული თვალებით იყურებოდა თავისი ლოგინიდან სველი ლოჯიისაკენ. როდის-როდის დაეძინა ათასნაირი ფიქრებით სავსეს.
დილით სკოლაში წასასვლელად არ გაუღვიძებიათ. დილით ნახეს, რომ ერთ ადგილას ქოჩორი შეტრუსული ჰქონდა ბუბას.
იმავე დღეს კი უკეთესად გახდა გუგა, მეორე დღეს კიდევ უფრო უკეთესად, მესამე დღეს მთლად კარგად. სულ მალე კი ჯანმრთელი, გახარებული დაუბრუნდა ოჯახს.
მაგრამ სანთლების დანთების ამბავი აქ არ დამთავრებულა. დედაც გამოიძახეს სკოლაში და მამაც. მარტო დედა წავიდა. დაუწყეს დედას სამასწავლებლოში სასტიკი კიცხვა, ვერ ზრდით თქვენ ბავშვებს, როგორც საჭიროა, უნერგავთ ცრურწმენებს, ცრუ შეხედულებებს, და ხომ ნახეთ, კინაღამ ემსხვერპლა ამ შეხედულებებს თქვენივე ბავშვიო. დედამ ვერ იმართლა თავი, ტიროდა და თითქოს ეთანხმებოდა ყველას.
რაც შეეხება ბუბას: ბუბას იმ დღეებიდან სხვა თვალით უყურებდა დიდი და პატარა, ერთმანეთს უჯიკავებდნენ ქუჩაში, – აგერ ის ბიჭი, რომ ლოცულობდა და კინაღამ დაიწვაო. ცოტა თავს ღუნავდა ქუჩაში ბუბა, მაგრამ მისთვის მთავარი სხვა იყო. მთავარი იყო, გუგა რომ კარგად ჰყავდა, გვერდით ჰყავდა და ხანა ჩხუბობდნენ, ხან კიდევ ერთად იცინოდნენ ძველებურად.
თანდათანობით, თანდათანობით და ფიქრებშიაც კი სულ აღარ ეშინოდა სხვებისთვის საშინელი იმ ღამისა ბუბას.