რევაზ ინანიშვილი – დიდთავა ბიჭი და ცისფერთვალა გოგონა
თოკზე სარეცხი შრებოდა. თოკის ქვეშ პატარა, დიდთავა ბიჭი იდგა და თვალს ადევნებდა, როგორ ბერავდა, მაღლა ეწეოდა და ატკაცუნებდა ნიავი ქათქათა ზეწრებს. გამოიარა ერთმა შავთვალა გოგონამ და იმანაც ყურება დაუწყო ზეწრებს, გამოიარა მეორემ – ჭრელთვალა გოგონამ – და იმანაც ყურება დაუწყო ზეწრებს. გამოიარა მესამემ – პატარა ცისფერთვალა გოგონამ – და იმანაც ყურება დაუწყო ბიჭს, გოგონებს და ზეწრებს. მაშინ ბიჭი მობრუნდა და ღიმილით იკითხა:
– იცით, აქ რა ხდება? ნიავი ამბობს…
– რაო?! – გაკვირვებით წამოიძახეს შავთვალა და ჭრელთვალა გოგონებმა, ერთმანეთს გადახედეს, მერე დიდთავა ბიჭი და პატარა, ცისფერთვალა გოგონაც აათვალ-ჩაათვალიერეს, აქ ჩვენი ადგილი არ არისო, და თავ-თავიანთ გზაზე მოკურცხლეს.
დარჩნენ მარტონი პატარა დიდთავა ბიჭი და ცისფერთვალა გოგონა.
– ნიავი ამბობს… – განაგრძო ბიჭმა. – სად არის ის ლამაზი ხელები, რომლებმაც ასე გაგაქათქათათო. ზეწრები დედას ეძახიან, გამოდი და უჩვენე ნიავს შენი ლამაზი ხელებიო. დედას არ სცალია. თავისი ლამაზი ხელებით ახლა ის ჭურჭელს რეცხავს, მერე მტვრებს დასწმენდს, მერე სადილის კეთებას შეუდგება…
პატარა, ცისფერთვალა გოგონამ მალულად გამოშალა თავისი სიფრიფანა ხელები, დახედა და სწრაფად დამალა ზურგს უკან. ერთხანს ასე იდგნენ გოგონაც და ბიჭიც, ჩუმად. მერე გოგონამ ბიჭს ჰკითხა:
– რა გქვია?
– ადამი.
– მე რომ გავიზრდები, მეც ლამაზი ხელები მექნება, ადამ. ვიყო შენთან?
– იყავი.
და დაიწყო დიდი, დიდი მეგობრობა და გაგრძელდა დიდხანს, დიდხანს, სანამ ნისლივით არ გათეთრდნენ ის გოგონაც და ის ბიჭიც.