ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – თეთრი ყანჩა

I

გოგი, მეექვსეკლასელი ფერმკრთალი, მაღალი ბიჭი, ბაღში შევიდა. ბაღი დათოვლილი იყო, თანაც ისევ თოვდა: მშრალი, მსუბუქი ფიფქები უწესრიგოდ ბორიალობდნენ ბურუსიან ჰაერში. გაზონებს შორის ჯერ არავის გაევლო.

გოგის ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეყო. ნიკაპზე ლურჯი ფუმფულა კაშნე შემოეხვია, მაღალყელიან შავ ფეხსაცმელებს ფრთხილად ადგამდა თოვლზე და კაკლის მურაბასავით პრიალა თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა. ფიფქები ეცემოდნენ ფეტრის რუხ კეპზე, მხრებზე, სახელოებზე. ზოგი გორდებოდა და მიწაზე დადებულ თოვლს უერთდებოდა, ზოგი ზედვე რჩებოდა. თოვლი მხოლოდ წიწვოვანი ხეების ქვეშ არ იდო, იქ მიგრეხილ-მოგრეხილი ხმელი ფოთლები და ნემსებივით წამახული წიწვები ეყარა. ახლა ის ფოთლები და წიწვები შავად გამოიყურებოდა. ყველაფერს მოწყენილობის იერი დაჰკრავდა, ქუჩიდან შემოსული ავტომობილების ხმაურსაც კი.

უცებ გოგი შედგა და თავი წინ წასწია, რაღაცას დააკვირდა. ხელები ჯიბიდან ამოიღო, რამდენიმე ნაბიჯი კიდევ უფრო ფრთხილად გადადგა, ისევ გაჩერდა, ისევ რაღაცას დააკვირდა და სახე თანდათან გაუნათდა. ერთი გაბარდღული შავი ფიჭვის ძირში, მრგვალად მოხაზულ შავ მიწაზე, მაღალფეხება თეთრი ყანჩა იდგა, თავი ბეჭებზე დაედო, ვარდისფერი ნისკარტი წინ წამოეშვირა და სთვლემდა. გოგიმ ქვას დაუწყო ძებნა. იპოვა გაზონების პირას გაყოლებული ტუიების ძირში, ერთი არ იკმარა, მეორე და მესამეც მოძებნა, ფრთხილად, ფეხისწვერებზე სიარულით ყანჩას გვერდიდან წამოუარა და, ათიოდე ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, ქვა მთელი ძალით ესროლა. ქვა ჯერ ფუნჯივით დაშვებულ წიწვებს მოხვდა, მერე ფიჭვის ძირს და, უკან გადმოვარდნილი, ხტუნვა-ხტუნვით შეგორდა თოვლში. ყანჩა წინ წავარდა, კისერი დაიგრძელა, ფრთები მიწაზე წაათრია, რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა და ისევ შეჩერდა, წვრილ, უსაშველოდ აწოწილ ფეხებზე უმწეოდ ქანაობდა. გოგიმაც რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ და ახლა მეორე ქვა ესროლა. მეორეს მესამეც მიაყოლა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოარტყა. ყანჩა აფლატუნდა, თოვლი ააფორიაქა და ტუიების ღობეში შეიყუჟა. გოგი მიხვდა, ყანჩა ვერ ფრინავდა. კვალში გადახტა. ხელები ფეხბურთელთა მეკარესავით ასწია მკერდთან, უკანასკნელი ნაბიჯები სულ ფრთხილად, ფრთხილად წადგა და, როცა დარწმუნდა, უკვე მისწვდებოდა, უცებ წავარდა თოვლში. ყანჩა აფათქუნდა, გოგიმ ხელებში მისი ცივი, სველი ბუმბული იგრძნო, იმასაც მიხვდა, ყანჩამ ნისკარტი რამდენჯერმე დაჰკრა მაჯაზე, მაგრამ ხელები აღარ გაუშვა. ასევე, თოვლში მწოლიარემ მოიქცია ყანჩის ორივე ფეხი და ერთი ფრთა მარცხენა ხელში, წამოდგა და ახლა აფათქუნებულ მეორე ფრთაში წასწვდა. ყანჩა ნისკარტს სცემდა, მაგრამ იმდენად უნიათოდ, რომ სულ არ სტკიოდა. მეორე ფრთაც რომ დაუჭირა, გახარებული გაიქცა შინისაკენ. ყანჩა ძალიან მსუბუქი აღმოჩნდა თავის ტანთან შედარებით. გოგი შეჩერდა და ბეჭები მოუსინჯა: ხელში მხოლოდ ტყავგადაკ-რული წვრილი ძვლები მოხვდა, გული ეტკინა, მაგრამ მაშინვე გადაწყვიტა, რომ კარგად აჭმევდა და მალე მოაღონიერებდა.
II

გოგი დღიურებს წერდა და ამის შემდეგ, უმჯობესია, მისი ჩანაწერებიდან გავიგოთ, რა დაემართა იმ თეთრ ყანჩას. აი, რა ჩაწერა იმავე საღამოს, ჩვიდმეტ იანვარს, გოგიმ: „ბიჭები ძლივს გავრეკე. ჯერ ერთი, ყველას ტალახიანი და სველი ფეხები შემოაქვს შინ, დედა კი მეუბნება, მერე შენ მოსწმენდავ იატაკსო, მეორეც, ყურთასმენა აღარ არის იმათი ყაყანით; ყველას უნდა, ყანჩას ხელი მოჰკიდოს, აიყვანოს. მე არ ვუშვებ. მაშინ ჩაცუცქდებიან და პირდაპირ თვალებში შეჰყურებენ. გელას კი ჰკრა შიგ შუბლში ის გრძელი ნისკარტი!.. კიდევ კარგი, თვალი არ გამოსთხარა. ზოგი როგორ ეძახდა, ზოგი როგორ: ყან-ყან! ჩა-ჩა! – წერ-წერო, და ვინ იცის, როგორ აღარა. მამა რომ მოვიდა, სახელის დარქმევაში ის მოგვეხმარა. ჩვენ კარგი ვერაფერი მოვიფიქრეთ. დედამ თქვა, თეთრა დავარქვათო, მაგრამ „თეთრა“ ძნელი დასაძახებელია. მამამ გვირჩია: უბრალოდ, ყანჩას „ყან“ ჩამოაცილეთ და მშვენიერი სახელი „ჩა“ დაგრჩებათო. ამაზე გელა ატყდა: „ჩა“ ხომ პირველად მე მოვიგონე, მე არ ვეძახდი, ჩა-ჩასო?!“ შენ ეძახდი და შენი მოგონილი იყოსო, – დაეთანხმა მამა. გელა ცას მოეწია სიხარულით. რაც მართალია, მართალია, „ჩა“ კარგი სახელია. ჩა! ჩა! შეგიძლია მელოდიაც კი ააწყო. გასაოცარია, ჩემს ჩას მდინარის პირებისა და თევზის სუნი ასდის. მეტი ადგილი არა გვაქვს და სამზარეულოში, მაგიდის ქვეშ დავაბით. იდგა სულ დაღონებული, არც კი ინძრეოდა. თვალებში ძალიან დიდი გულგრილობა ეხატებოდა. თითქოს მისთვის ყველაფერი ამაო ყოფილიყოს, დატყვევებაც და არდატყვევებაც. თუ ძალიან არ შეაწუხებდნენ, ნისკარტსაც კი არ გაატოკებდა. მაგრამ ბიჭები რომ წავიდნენ, საოცარი რამ მოხდა. ჩამ მაცივარზე შედგმული აკვარიუმი დაინახა, რომელშიც მე და გელას ორი ოქროს თევზი გვყავს. შიგ წყალმცენარეებიც არის, ფერადი კენჭებიც, ნიჟარებიც. წამოვიდა ჩა, დაიგრძელა კისერი, დაიგრძელა და – ჩხინკ! – მინის კედელს, – ჩხინკ! ჩხინკ! – ხან აქედან ურტყამს ნისკარტს, ხან იქიდან, თევზების დაჭერა უნდა. თევზები დაფრთხნენ, დაბორიალდნენ. გადავირიეთ სუყველანი, აბა, იმ თევზებს ხომ ვერ შევაჭმევდი, თითოში ოთხმოცი კაპიკი მაქვს მიცემული, თან ყოველთვის კი არ იშოვება! აკვარიუმს გაზეთები ჩამოვაფარეთ, თორემ ჩა არც თვითონ მოისვენებდა და არც თევზებს მოასვენებდა. ტაშტით წყალი დავუდგით, შიგ პურისგულები და ხორცის პაწაწინა ნაჭრები ჩავუყარეთ, მაგრამ ჩამ პირი არაფერს არ ახლო. მამამ თქვა: ქაფშია თევზი უნდა მოვუტანოთ, იმას შეჭამსო. წავედით, სულ შემოვიარეთ თევზის მაღაზიები, მაგრამ ქაფშია ვერ ვიშოვეთ. მაშინ თავწაჭრილი ვირთევზა ვიყიდეთ. პატარ-პატარა ნაკუწებად დავუჭერით და ისე მივეცით, მაგრამ არც ის შეჭამა ჩამ. მამა ამბობს, მოშივდება და შეჭამსო. საკვირველია, როგორც კი შებინდდა, ჩამ თავი ფრთის ქვეშ ამოიდო და დაიძინა. სძინავს დგომელას, ვერაფერს შეატყობ, თავი საერთოდ თუ აქვს. აი, ახლაც გავედი სამზარეულოში, თერთმეტის ნახევარზე, დგას მაგიდის ქვეშ ქანდაკებასავით უძრავი და სძინავს. როგორ მოხვდა ამ შუა ქალაქში, საიდან გადმოვარდა, რა მტაცებელს დაუსხლტა, – რა უნდა გაიგო! მამა ამბობს, მთავარია, დაისვენოსო. დაისვენოს.

თვრამეტი იანვარი: წუხელ სულ ჩაზე ვფიქრობდი. მძინარესაც კი თვალწინ სულ ის მედგა. სიზმარში ვნახე, გამფრენოდა. დადიოდა ჩვენს სოფელთან, ივრის ჭალებში, ჭაობებში, ჩაყოფდა თავს წყალში, დაიჭერდა თევზს, ასწევდა კისერს მაღლა, თევზს გადაყლაპავდა და ეშმაკურად ჩამიკრავდა თვალს. გათენებული არ იყო, რომ წამოვხტი, გავედი სამზარეულოში და დავხედე. ისევ ისე უძრავად იდგა, ფრთისქვეშ თავამოდებული, და თითქოს არც სუნთქავდა. კარგად რომ გათენდა, მაშინ გამოყო თავი, გაიზმორა, ცალი ფეხი გვერდზე გასწია და კვლავ გაშტერდა. თვალებში ისევ გულგრილი გამომეტყველება ედგა. თევზის ნაჭრები წყლიან ტაშტში ჩავუყარე, ის გაჯიჯგნილი ვირთევზაც მივუტანე ნისკარტთან, მაგრამ პირი მაინც არაფერს ახლო. გელა დავარიგე, არ ეწვალებინა. თუმცა დარიგება ზედმეტი იყო, იმას ჩემზე ნაკლებად არ უყვარს. სკოლაში ბოტანიკის მასწავლებელს ვუამბე, ჩა რომ მყავდა, თან ვკითხე, რა უნდა ვაჭამო-მეთქი. ბაყაყებს და თაგვებს გეახლებათ დიდი სიამოვნებითო. ორი სათაგური დავუგე საკუჭნაოში, იქ თაგვები ბლომად არიან, თუ დავიჭირე, გვეშველება.

ცხრამეტი იანვარი: ორი წრუწუნა დავიჭირე. ჩავუყარე ტაშტში. ეცა, ერთიც იმწამსვე გადაყლაპა, მეორეც. მაგრამ საოცარი რამ მოხდა, ყელში გაეჩხირა, ვერ ჩაყლაპა ვერც ერთი, ვერც მეორე. უმწეოდ აჭყეტდა თვალებს და ნისკარტს ხან იქით მიიღებდა, ხან აქეთ. ბოლოს უკანვე ამოიღო თაგვები და დაღვრემილი გაჩერდა. მეორედ არც უცდია გადაყლაპვა. მესამე დღეა, მშიერია. გადავწყვიტეთ, აივანზე გაგვეყვანა და იქ დაგვესვა, სამზარეულოში გაზის სუნი თუ აწუხებსო. გავიყვანეთ. ტაშტიც იქ დავუდგით. ხან ყურძენი დავუყარეთ, ხან ვაშლის ნაჭრები და ნაფცქვენები, მაინც არაფერს მიეკარა.

ოცი იანვარი: ჩამ დღესაც არაფერი ჭამა. დგას გაშტერებული. ყველაფრის მიმართ გულგრილი. არ ვიცით, რა უნდა ვქნათ.

ოცდაერთი იანვარი: არც დღეს ჭამა ჩამ არაფერი. ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, ცოცხალი თევზები მივცეთ, ოქროს თევზები, მაგრამ დედაც გაწყრა და მამაც: თქვენ გიჟები ხომ არა ხართ, თითო ოთხმოცი კაპიკი ღირს, მაგას კი დღეში ათი ცალი არ ეყოფა, მთელმა ოჯახმა უნდა ვიშიმშილოთ, ეგ რომ გამოვკვებოთო. გელა ტირის. მეც მეტირება. რა ვქნათ, არ ვიცით. თანაც თოვს. ყინვაა, ამ დილას ცივი ქარიც იყო. ჩემი ჩა კი დგას და ფიქრობს გულგრილად, თითქოს არ უნდა, რომ შეწუხებულად გვეჩვენოს.

ოცდაორი იანვარი: ჩა ისევ არ ჭამს. გვინდოდა, ძალით ჩაგვეყლაპებინა თევზის ნაჭრები, ნისკარტი გავუღეთ და ყელში თითით ჩავტენეთ, მაგრამ არ ქნა, უკანვე ამოიღო. ზოგი რას გვირჩევს, ზოგი რას, მაგრამ არაფერი შველის, ჩას თვალები რაღაცნაირად ცუდად შეემღვრა.

ოცდასამი იანვარი: ჩას ისევ არაფერი უჭამია. დედა და მამა ბრაზობენ, თქვენ თუ მაგას გადაყევით, ოხრადაც დარჩენილა მთელი საფრინველეთიო. მეშინია, ჩუმად არ გაუშვან.

ოცდახუთი იანვარი: დღეს ჩა მე თვითონ წავიყვანე და, სადაც დავიჭირე, ისევ იქ დავსვი. ან თვითონ შეეცდება რამეს, ან იქნებ ისეთმა ვინმემ წაიყვანოს, რომელსაც ცოცხალი თევზებით გამოკვება შეეძლება. ყოველ შემთხვევაში, არ გვინდოდა, ჩვენს ხელში მომკვდარიყო. გელა ტიროდა, დედაც შეწუხებული იყო, მამაც, მე ხომ… ზოოპარკი მაინც გვქონდეს ამ ჩვენს უხეირო ქალაქში, იქ ჩავაბარებდი. შევაჭერი კანაფის ნაწყვეტი ფეხზე, დავსვი ფიჭვის ქვეშ და წამოვედი. გელაც წამოვიყვანე. მე უკან აღარ მიმიხედავს. გელა იყურებოდა. ერთი საათიც არ გასულა. გულმა აღარ მომითმინა და ჩავედი. ჩემი ჩა იქ აღარ იყო. სულ შემოვიარე ბაღი, აღარსად იყო. ალბათ, ვინმემ თუ წაიყვანა. ნეტავ ისეთმა ვინმემ მაინც თუ წაიყვანა, ცოცხალი თევზებით გამოკვება შეეძლოს! იქნებ გაფრინდა კიდეც. არ ვიცი“.
III

გავიდა იანვარი, დადგა თებერვალი, მაგრამ ზამთარი მაინც გრძელდებოდა, ხან თოვდა, ხან ცივი ქარი უბერავდა და ყინავდა, და მხოლოდ ხანდახან თუ გამოიჭვრიტებოდა ბურუსიდან ზამთრის ძალმილეული მზე. ისე ჩანდა, ჩა თითქოს ყველას დაავიწყდა, დაავიწყდა პატარა გელას და თვით გოგისაც კი. მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ იყო. სკოლაში, შინ, საწერ მაგიდასთან თუ ლოგინში, გოგი ხშირად ფიქრობდა ჩაზე. გაიხსენებდა და გულზე მაშინვე მძიმე სევდა შემოაწვებოდა. ბევრი ფული რომ ჰქონოდათ და ცოცხალი თევზებით ეკვებათ, ჩა ისევ მათთან იქნებოდა. ნეტავი იმ ოჯახს თუ მაინც აქვს ამის საშუალება, ვისთანაც ჩა მათს შემდეგ მოხვდა. თუ გაფრინდა და თავის წყალ-ჭალას დაუბრუნდა?! სულ ეჩვენებოდა, რომ კარგად ვერ მოიქცა. ვერც ის მოიქცა კარგად, ვერც დედა და ვერც მამა. გელას რა უნდა ექნა, გელა პატარაა. გოგი მას არავითარ ბრალს არ სდებდა.

ერთხელ სიზმარში ნახა: ჩა თავის ჭალებს დაბრუნებოდა. ეს ისევ ივრის ის ჭალები იყო, ჩვიდმეტ იანვარს რომ ნახა სიზმარში. ჩა დინჯად, გაბრწყინებული თვალებით მოდიოდა მისკენ, თავის გრძელ, კრიალა ფეხებს ნელ-ნელა სწევდა მაღლა და ნელ-ნელავე უშვებდა წყალში. მოუახლოვდა. თვალები ზედ თვალებთან მიუტანა და გოგიმ უცებ დაინახა, რომ ეს ყანჩასი კი არა, გელას თვალები იყო, დიდი, თბილი, საყვარელი თვალები. და გამოეღვიძა.

გარეთ თოვდა, ოთახში თეთრი სინათლე შემოდიოდა. გოგიმ გელას გადახედა. ის არხეინად იწვა, მარჯვენა ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და ოდნავ პირგაღებულს ეძინა. გოგი გადაიწია და შუბლზე აკოცა. მერე საბანში გაეხვია და დაიძინა, მაგრამ ძილში ისევ ჭალებს, ჭაობებს, ზედაპირგაპრიალებულ გუბეებს და თეთრად გაელვებულ ყანჩის ზურგს ხედავდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button